წარღვნა, როგორც ხეირი

ლეგენდის მიხედვით, ღმერთმა ერთ დღეს მიწის საკუთრების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა განიზრახა. მოიწვია მის მიერ შექმნილი ხალხები და დედამიწის მთელი ფართობის პრივატიზების პროცესი დაიწყო. ყველა ერს კუთვნილი არგუნა. 

თუმცა თავისი თავიც არ დაივიწყა და პლანეტის ყველაზე ლამაზი ნაწილი სამუდამო მფლობელობაში დაიტოვა. ამ ამბის გაგრძელება ყველამ იცის: ქართველები ქეიფს გადაყვნენ და მიწის დენაციონალიზაციის პროცესი გამოტოვეს. ღმერთი კეთილია, ქართველები ზღვაში ცხოვრებისთვის არ გაიმეტა და გადანახული მიწის ნაკვეთი უბოძა. ამ ისტორიას ორი უსიამოვნო მომენტი ახლავს. პირველი – ქართველების არაპუნქტუალურობა და მეორე – ის, რომ ღმერთმა რუსები ჩვენგან შორს ავსტრალიაში, ან თუნდაც გრენლანდიაში არ დაასახლა.

 

მიუხდავად იმისა რომ “ღმერთის მიწაზე” ვცხოვრობთ, აქაურობა არკადია არ არის. ამ ტერიტორიაზე ცხოვრებას ათასგვარი საფრთხე ახლავს. სეტყვა გლეხებს მოსავალს უნადგურებს, ქარიშხალი ბინებს სახურავს ხდის, სეისმოაქტივობაც თავს ხშირად გვახსენებს, ზამთარში ზვავი ჩამოდის, ზაფხულში კოღოები იკბინებიან და საერთოდ ამ მიწაში ნახშირბადების დიდი მარაგები არ ინახება, თორემ ხომ ვიცხოვრებდით არხეინად ახლა. მოკლედ, როგორც „სვეცკ“ საზოგადოებაში იტყვიან ხოლმე, პრობლემები “ვიშე კრიში” გვაქვს. ამ პრობლემებს კი მოგვარება სჭირდება. უნდა მივიხედ-მოვიხედოთ და იმ ქვეყნებისგან, სადაც ამგვარ პრობლემებს წარმატებით აგვარებენ, გამოცდილება გავიზიაროთ. გაზიარების პროცესში ეგებ იმასაც მივხვდეთ, რომ მითებზე აყოლით შორს ვერ წავალთ. ღმერთის მიერ მიწების  ჩამორიგების მსგავსი მითი ბევრ  ქვეყანაშია გავრცელებული. იმ განსხვავებით, რომ ღმერთი თავის მიწას სხვა ხალხს უთმობს. ერები, რომლებმაც მითის, ზღაპრის და უტყუარი ფაქტის ერთმანეთისგან გარჩევა ისწავლეს, პრობლემებს უკეთ აგვარებენ. 

 

სახალისო არქაიკიდან მწარე დღევანდელობას დავუბრუნდეთ. ცოტა ხნის წინ თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველოში მითების წარმოების ფაბრიკა ორ ცვლაში მუშაობს და წარმოების მოცულობას ზრდის. ქვეყანაში მომხდარ ნებისმიერ მოვლენას, თუ ამბავს ორიგინალურ მითს უგონებენ. მიწისძვრის მიზეზი ტელევიზიით გაშვებული მკრეხელური ფილმია. სალოცავში, სადაც მხოლოდ მამაკაცები დაიშვებიან, შარვალ-კოსტუმში გადაცმული ქალი შეპარულა და გენდერული ბალანსის დაცვის გამო განრისხებულ ღმერთს დედაკაცის მიმართულებით მეხი უტყორცნია. კომუნისტების მიერ ეკლესიის საცხოვრებელ ბინად გადაკეთებულ შენობაში მცხოვრები ხალხი დედაბუდიანად კიბოთი ავადდებიან. კაზანტიპის ფესტივალის გამო განრისხებულმა ღმერთმა ანაკლიიდან მოშორებით მეწყერი მოაწყო. ფესტივალის მიმდინარეობისას წვიმიანი ამინდის მოწყობა და ღონისძიების ჩაშლა ვერ მოიფიქრა. მითოპოეტები ჰუმანურ ნაწარმოებებს ვერ ქმნიან. ჟანრის კანონის მიხედვით ღმერთმა აუცილებლად ვინმე უნდა იმსხვერპლოს. მსხვერპლი და ტრაგედია აუცილებელია მის გარეშე ადამიანებს ვერ დააშინებ და დაიმორჩილებ. 

 

არავის გაკვირვებია ის, რომ პატრიარქმა თბილისში მომხდარი წარღვნა ღვთის სასჯელად გამოაცხადა. თურმე ზოოპარკის ტერიტორიაზე კომუნისტების მიერ ჩადენილი ცოდვების გამო ღმერთმა 2015 წელს დაგვსაჯა. მითების ფაბრიკა საწვავად რელიგიას იყენებს და პოლიტიკურ პროდუქციას აწარმოებს. ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა მრავალი ბოროტი მითის წარმოება პოლიტიკური მიზნებით ხდება. მითოლოგიური ცნობიერების ადამიანების ფარა იოლი სამწყემსია. მათი გონება მწყემსთა საქციელში შეუსაბამობებს, არათანმიმდევრულობას, ტყუილს, ფარისევლობას, თვალთმაქცობას, მომხვეჭელობას და ათას სხვა უმსგავსობას ვერასოდეს  ჩაიჭერს. მწყემსები ყოველგვარი მიწიერის უარყოფას მოგვიწოდებენ და თვითონ ფუფუნებაში ცხოვრობენ. ფარა კი ამაზე იტყვის: მეუფეს 100 ათას დოლარიანი ჯიპი მთებში მრევლის მოსანახულებლად სჭირდება. არადა, მთებში 10 ათას დოლარად ღირებული ავტომობილითაც ივლი ადამიანი. ფარას ჰგონია, რომ ღმერთი ჩვენს ცოდვებს მიწისძვრებით პასუხობს. ფარა სტიქიის პრევენციის მიზნით მზად არის (მათი აზრით) ცოდვილები ჩაქოლოს და მოსაკლავად გაიმეტოს. მღვდლის მიერ ჩადენილ უმსგავსობაზე კი იტყვის: ნუ განიკითხავ! სიყვარულის რელიგიის (და ქრისტიანობის მთავარი იდეა მართლაც სიყვარულია) დაცვის სახელით ადამიანები მზად არიან მთელი ძალით სძულდეთ და ინტერნეტსივრცეში უბინძურესი სიტყვებით იგინონ. ფარა სასულიერო პირების თუ საერო მოღვაწეებისგან ისმენს  ქადაგებებს მასონებზე, ქართველთყლაპიებზე, ყოველგვარ ქართულთან მებრძოლ ანტიეროვნულ ადამიანებზე და ამ “ლექციებზე” იღგზნება. მაგრამ იგივე სასულიერო პირების მიერ დამახინჯებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე (ვარძიის მღვიმეების ჩაბეტონებაზე და ა.შ.) იტყვის: ბერს სცივა და აბა, რა უნდა ქნას? ეკლესიაში ცივა და “კარმის” დადგმა მოსულა. ფარა იმ ზომამდე მწყემსეს, რომ ჰალუცინაციები დამართეს. ბერი გაბრიელის გვამს უხრწნელად აცხადებენ, არადა, რეალობა სულ სხვაა. ხედავენ იმას, რაც არ არსებობს და არსებულის დანახვის უნარი დაკარგეს. 

 

მითების ფაბრიკა მარტო არ მუშაობს. მითებს ინდმეწარმეები, შპს-ები, კოოპერატივები და კაპიტალისტური წარმოების სხვა ფორმებიც ქმნიან. 

ამ დღეებში ერთ-ერთი ცნობილი მითოპოეტი სპორტსმენი, გენდერული საკითხების სპეციალისტი, ოჯახის სიწმინდის ექსპერტი, არანორმატიულ სექსთან მებრძოლი რაინდი, ჩოხოსანი, დემოგრაფი, ურბანისტი, სოფლის ქომაგი, ლიბერასტების რისხვა თბილისში მომხდარ წარღვნას გამოეხმაურა. წერილი “წარღვნა, როგორც ნიშანი” სტიქიურ უბედურებას ტრანსცენდენტურ ძალებს უკავშირებს. ღმერთმა დაგვსაჯა ერთი სიტყვით. ამაში ახალი არაფერია. არც იმაში, რომ დასავლეთის მიერ დაქირავებული ფემინისტები ქართულ ოჯახს პირდაპირ დედაბოძში ძირს უთხრიან. არც ჰომოფობია და სექსუალური უმცირესობების ლანძღვაა ცინცხალი სიახლე. დასავლეთი რომ “გვაპიდარასტებს”, ეგეც ძირძველი ამბავია. სხვათაშორის, არც ბატონი ვასაძის მიერ პრემიერ-მინისტრის მიმართ მიძღვნილი ქება-დიდებაა ახალი. ამავე დროს პრემიერ-მინისტრის ხელქვეით ჩინოვნიკებს საზიზღარ პარაზიტებად თვლის. ესეც ძველია – კარგი მეფე და ცუდი ნაზირ-ვეზირების ამბავი. მთავარი განსაცვიფრებელი სიახლე ის არის, რომ ბატონი ვასაძის აზრით დასავლეთი არა მარტო ქართველობას გვართმევს (ანუ სულიერების სფეროში გვიტევს), არამედ ქალაქ-დაგეგმარების, ურბანიზაციის და სოფლის მოწყობის  არქიტექტურული  და კომუნალური მეურნეობის საკითხებსაც განაგებს. ერთი სირტვით მატერიალურზე მატერიალური და ყოფითზე ყოფითი წვრილმანების ამბავიც აშშ-ს საელჩოში წყდება. მაგრამ ასეთი ფანტასტიკურად მოღალატე მთავრობის თავმჯდომარე მაინც კარგი კაცი ყოფილა. 

 

ზემოთ აღვნიშნე, რომ მთელი ეს მითოპროპაგანდა პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი. ბატონი ვასაძის შემთხვევაში პოლიტიკა უკვე გეოპოლიტიკით იცვლება. მისი მოღვაწეობის სფერო და მიზნები გეოპოლიტიკურია. ბატონი ვასაძე წერს, რომ ის ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საქმიანობით უკმაყოფილო არ არის, მაგრამ:

 

“დანარჩენი სახელისუფლებო ხუთივე შტო კი (ორი ოფიციალური – სასამართლო და პარლამენტი და სამი არაოფიციალური – ტელევიზიები, არასამთავრობოები და ზოგიერთი უცხოური საელჩო) მხოლოდ ხელს უშლიან ჩვენს მთავრობას ქვეყნის ნამდვილი პრობლემების გადაწყვეტაში.”

 

შემდეგ:

 

“შეადარეთ რამდენი ფული, დრო და ყურადღება იხარჯება მათი მხრიდან ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე და მიხვდებით, რატომ ვამბობ დაუღალავად, რომ მათ საქმიანობას ჩვენი საზოგადოების მხრიდან მათრახი და მკაცრი კონტროლი სჭირდება.”

 

“მაგრამ რა ჰქნას ამ ჩვენმა ვითომ დამოუკიდებელმა ქვეყანამ, გაჩხერილმა ორი ერთმანეთზე დაჯახებული იმპერიის კბილებში, როგორ გამონახოს საკმარისი სიბრძნე და სიყოჩაღე, რომ ამ ჯოჯოხეთიდან გამოძვრეს და ცოტა მაინც აიმაღლოს ნამდვილი დამოუკიდებლობის ხარისხი?!”

 

მსგავსი რამ ბატონ ვასაძეს არაერთხელ უთქვამს. მართლაც დაუღალავად იმეორებს, რომ დასავლეთი შენიღბული მტერია. ამერიკა და რუსეთი ჩვენთვის თანაზომადი საფრთხეა. ფაქტობრივად, სახელმწიფო აშშ-ს საელჩოდან იმართება და ეს უღელი თავიდან უნდა მოვიცილოთ. 

 

პროპაგანდა გვარწმუნებს, რომ ქართული სახელმწიფო რუსეთზე ორიენტირების შემთხვევაში იგივე ხარისხის  სუვერენიტეტს შეინარჩუნებს, რაც დასავლეთთან მოკავშირეობის პირობებში გვაქვს. გეოპოლიტიკური მითოლოგია ადამიანებს არწმუნებს, რომ ჩვენი დღევანდელი სუვერენიტეტის ხარისხი ნულთან ახლოსაა. ლოგიკის ყველა კანონის მიხედვით ეს პროპაგანდა აბსოლუტური ტყუილია. რუსეთი ქართული სახელმწიფოს გაუქმებას და ახალი ევრაზიული იმპერიის საზღვრებში მოქცევას გვიპირებს. 2015 წლის მონაცემით კი, ქართული სახელმწიფოს არსებობა მეცნიერული ფაქტია და რომც მოვინდომოთ, აშშ თავის 51-ე შტატად არ მიგვიღებს.  “დასავლეთისგან გათავისუფლების” მოწოდებებში მარტივი თაღლითობა დევს – ქვეყანა პარტნიორების გარეშე დარჩეს და რუსეთმა იოლად შეგვახრამუნოს.

 

ვასაძის მიერ წერილის დასასრულს ნათქვამი: “ისევ „რუსეთუმეობაში” დამადანაშაულებენ” – ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებაა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გია მარიამიძე