რას გვეტყვი, მემეო?

მემე – ინფორმაციის ერთეული. მემედ შეიძლება ჩაითვალოს ვიზუალური ხმოვანი ნაბეჭდი თუ ზეპირი სახით გავრცელებული იდეა, სიმბოლო,  ფრაზა, პერსონაჟი,  მისი ჟესტიკულაცია, მიმიკა და ა.შ.

მემეტიკის კონცეფციის ავტორად ბრიტანელი მეცნიერი რიჩარდ დოკინზი ითვლება. დოკინზის აზრით პოპულარული მემეები საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ფაქტორად გვევლინებიან და ამა თუ იმ მოვლენების მიმართ ადამიანების დამოკიდებულებებს აყალიბებენ. 

არსებობს გასართობი  -‘’საღადაო’’, პროპაგანდისტული, პოლიტიკური, არტისტული, ყოფითი და სხვა ტიპის მემეები. არსებობს ე.წ. დესტრუქციული მემეებიც. ეს ბოლო ჩვენთვიის უფრო აქტუალური და საინტერესოა. 

ფართოდ გავრცელებული საღლაბუცო მემები: ‘’ჩემი გჯერა?’’, ‘’მე რა ვქნა მეე?’’, ‘’განიხუნეს’’, ‘’ბრბო შემოტეხვას ლამობდა კარების’’, ‘’ოღონდაცა რაა’’ და ა.შ. რა თქმა უნდა, კულტურაში არავითარ გრძელვადიან კვალს არ ტოვებენ.  ასეთი მემები სპონტანურად  ჩნდებიან გვახალისებენ და ცოტა ხანშივე ქრებიან . ზემოთხსენებული დესტრუქციული მემეები კი დოკინზის თეორიას დამაჯერებელს ხდიან – მათ საზოგადოებრივი აზრის (უფრო სწორედ უაზრობის) ჩამოყალიბებაში წვლილი შეაქვთ.

ერთ-ერთი ‘’ვეტერანი’’ მემე, რომელიც ჯერ კიდევ ინტერნეტის ეპოქამდე გაჩნდა და მაგალითისთვის გახსენების ღირსია ‘’იყიდება საქართველოა’’. მისი ავტორი მომღერალი თემურ წიკლაური გახლავთ. ამ ფრაზას ბატონი წიკლაური 90-იანებში ტრაგიკული გამომეტყველებით მღეროდა. მემედ ქცეული ფრაზა ხალხმა აიტაცა და ფსევდოპოეტური სიმაღლეებიდან სამეურნეო სფერომდეც კი დაიყვანა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი მსხვილი ინვესტიცია ენერგეტიკის სფეროში განხორციელდა.  ამერიკულმა კომპანიამ ‘’თელასი’’ იყიდა. ენერგეტიკის პრივატიზების დაწყება წესით კრიზისის და უშუქობის დაძლევის შანსი იყო, მაგრამ პრაგმატიზმს ‘’წიკლაურმა’’ აჯობა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პრივატიზაციას  ეჭვის თვალით შეხედა. ამ აქტუალურ საკითხზე „პირველმა არხმა“ ქუჩაში მოსიარულეთა შორის სახელდახელო გამოკითხვა მოაწყო.ადამიანების დიდი ნაწილი აცხადებდა რომ თელასი ‘’მაინც არ უნდა გაყიდულიყო’’. მათი ეჭვის საბაბი იოლი ამოსაცნობია – მამულიშვილებს ახსოვდათ რომ  ‘’იყიდება საქართველო’’. 

წიკლაურის მიერ დამკვიდრებულმა მემემ დროს გაუძლო ‘’ბენდუქიძე იუდად’’ ტრანსფორმირდა და დღემდე მოაღწია. ბენდუქიძის მიერ მდინარეების, ტყეების, ჩიტის ბუდეების, ღრუბლების, ნიავის და ა.შ გაყიდვას  მედგრად ებრძოლა. დღეს კი უცხოელებზე მიწის მიყიდვის წინააღმდეგ იბრძვის.

დესტრუციული მემეების დიდი სამეული: ‘’ქართველობას გვართმევენ’’, ‘’მართლმადიდებლობას ებრძვიან’’ და ‘’ტრადიციებს გვინგრევენ’’ უკვე კლასიკად იქცა და ქართულ კულტურაში საკადრისი ადგილი დაიმკვიდრა. ამ მემეების გაჩენის მიზეზების კვლევას დრო კვალიფიციური კულტუროლოგები და  ფსიქიატრები სჭირდება. 

ბოლო წლებში გავრცელებული დესტრუქციული მემეების წარმომავლობაზე ფიქრი კი ახლავეა საჭირო. უნდა აღინიშნოს, რომ მემეები ყოველთვის სპონტანურად არ იბადებიან. ზოგჯერ მათ გარკვეული მიზნებისთვის ხელოვნურად იგონებენ.  ასევე საკვლევია ამ ხელოვნურად შექმნილი მემეების პოპულარობის მიზეზები. მემე  ადამიანების ტვინებში ფესვს ვერ გაიდგამს თუ ფართო მასების მზაობა და ნოყიერი ნიადაგი არ დახვდა. მზაობა  და განწყობები კი ასევე  თავისთავად არ ჩნდება. ნიადაგს გარკვეული ტიპის ‘’მიწადმოქმედნი’’  მიზანმიმართულად ამზადებენ.

„რუსეთი თუ ოკუპანტია თურქეთი ოკუპანტი არ არის?!’’

‘„რუსეთი ჩვენი ტერიტორიის, ამერიკა კი სულის ოკუპაციას ახდენს’’

„ამერიკა და რუსეთი საქართველოს იყოფენ, ჩვენ კი იმპერიების დაპირისპირების გამო ვიჭყლიტებით’’ 

 

 ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტთან ერთად უყურებს სამხედრო აღლუმს. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015
ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტთან ერთად უყურებს სამხედრო აღლუმს. რუსეთი, მოსკოვი. ©EPA 09.05.2015

ამ გამონათქვამებს მკითხველი ალბათ იცნობს. ტელევიზორებში, გაზეთებში, ვებ-გვერდებსა თუ სოციალურ ქსელებში მსგავსი შინაარსის ქადაგებები აშკარად გახშირდა. მოკლედ ეს ფრაზები მემეებად იქცა. ამ მემეებს, როგორც წესი, პრორუსული ყაიდის პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, არტისტები და სხვა ე.წ. ცნობადი სახეები ამკვიდრებენ. შესაბამისად, ძნელი მისახვედრი არ არის, ამ გამონათქვამების კულტივირება რომელი სახელმწიფოს ინტერესს ემსახურება. როგორც იტყვიან Cuiprodest? Cui bono?- ანუ ვის აწყობს?

ზემოთნახსენები დესტრუქციული მემეების პოპულარობის მიზეზი მათი უკიდურესი პრიმიტიულობაა. მარტივი ‘’სიმეტრიის’’ წყალობით (რუსეთი-ამერიკა, რუსეთი- თურქეთი, ტერიტორია-სული) მემეების მომხმარებელს დასრულებული აზრისა და სიმრთელის განცდა უჩნდება. რთული ასიმეტრიის აღქმას გონების დაძაბვა სჭირდება და არა შიშველი ემოციები. ეს მემეები კი სწორედ ემოციებისა და ინსტინქტების გაღიზიანებაზეა გათვლილი. ასეთი პროპაგანდის მთავარი თვისება ზედაპირულობა, შეფერილობებისა და ნიუანსების არდანახვა, მრავლობითობისა და სირთულის ერთგვაროვნებამდე დაყვანაა.

როგორც აღვნიშნე დესტრუქციული მემე მხოლოდ შესაფერის სოციო-კულტურულ გარემოში მუშაობს. სამამულო იდეოლოგიურ ბაზარზე ცრურწმენებსა და შეთქმულების თეორიებზე მაღალი მოთხოვნა ობიექტური მიზეზებითაც არის გამოწვეული – არაერთხელ განცდილი კოლექტიური მარცხი, იმედგაცრუება, ქრონიკული წარუმატებლობა, თავისუფლებით დაღლა და  შედეგად რეალობიდან გაქცევის სურვილი.

უცხოს და ახალის მიმართ ალერგიული დამოკიდებულება, ათასგვარი ფობიები, კონსპიროლოგიური თეორიები და უხილავი მტრების ძიება სწორედ  კოლექტიური უმწეობის განცდის და საკუთარ ძალებში დაეჭვების ბრალია. თავის თავში დარწმუნებული ერი, როგორც წესი, ამ სისულელეებისთვის ვერ იცლის. ფობიებს, შეთქმულების თეორიებს და ვირტუალურ მტრებს კი ზემოთ ნახსენები პრორუსული ჯგუფები უხვად ქმნიან.

ობიექტური მიზეზებით თუ ხელოვნურად გამოწვეულ მორალური პანიკით დამძიმებულ გარემოს რუსული გავლენის ცენტრები სათავისოდ იყენებენ და კოლაბორაციონიზმის შხამით გარემოს წამლავენ. მათ მიერ გაჩაღებული პრორუსული პროპაგანდა და დასავლეთის დემონიზება პრაქტიკულ მიზნებს ემსახურება – ამ გზით ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ – „არაფერი პირადული მხოლოლდ ბიზნესი’’.

ჩრდილოელი მეზობლის მიერ ჰიბრიდული ომის ფარგლებში წარმოებული პროპაგანდა მიზნად რუსეთის ‘’გაპრავებას’’ არ ისახავს. ამ მემეებში რუსეთი ცალსახა სიკეთედ არ ცხადდება. ჩვენდამი არაერთხელ გამოვლენილი აგრესიის შემდეგ ძნელია ეს ქვეყანა კეთილ და კარგ მეზობლად წარმოაჩინო. პროპაგანდის მიზანი რუსეთის და დასავლეთის (ასევე თურქეთის) თანაბარ ბოროტებად წარმოჩენაა.


ოკუპანტი თურქეთი


თურქეთის ოკუპანტ სახელმწიფოდ მონათვლა მიზნად რეალური რუსული ოკუპაციის ევფემიზებას, მტრის  მიმართ ყურადღების მოდუნებას და ენერგიის გაფანტვას ისახავს. რა ლოგიკითაა თურქეთი ოკუპანტი? ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დიდი ხნის წინ ვაღიარეთ. დღევანდელ მსოფლიოში ამა თუ იმ ტერიტორიის ისტორიული კუთვნილება საზღვრების დასადგენად საკმარისი არგუმენტი არ არის. უამრავი ქვეყანა მიიჩნევს, რომ მისი ისტორიული მიწა მეზობელი სახელმწიფოს ფარგლებში მოხვდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ტერიტორიების კუთვნილების საკითხები საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე გვარდება და არა ისტორიული სენტიმენტებით. შენს მიერ სხვა ქვეყნის კუთვნილებად აღიარებული ტერიტორია შენი აღარ არის – ეს აქსიომაა.

თურქეთის შემადგენლობაში ქართული მიწები  რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების საფუძველზე მოხვდა. დღეს ამ ქვეყნის საზღვრებს მთელი მსფლიო აღიარებს(მათ შორის ჩვენც) და მისი ოკუპანტად მოხსენიება სისულელეა. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის საკუთრებად არ გვიღიარებია (და იმედია ეს არასოდეს მოხდება).

ცოტა ხნით ფანტაზიას გაქანება მივცეთ და  წარმოვიდგინოთ, რომ თურქეთი მიწებს თავისი ნებით გვიბრუნებს. ამ შემთხვევაში  რა მოხდებოდა? ისტორიულად ქართულ მიწებზე დღეს მილიონობით ადამიანი ცხოვრობს და ყველა მათგანი მუსლიმია. ამ მიწების შემოერთების შემთხვევაში საქართველო ისლამური სახელმწიფო გახდებოდა და მართლმადიდებლები უმცირესობაში აღმოჩნდებოდნენ. ამ შემთხვევაში პოპულარული მემე ‘’საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა’’ ძალას დაკარგავდა. ამავე დროს  უმცირესობაში გადაბარგებული მართლმადიდებელი ეკლესია ადამიანის უფლებებს მეტად დააფასებდა და ლიბერალური დემოკრატიის გულმხურვალე დამცველი გახდებოდა რაც თავისთავად ცუდი ფაქტი არ არის.


სულის ოკუპაცია


ჯერჯერობით უცნობია ქართული სულის რა ნაწილის ოკუპაცია მოახერხა ამერიკამ. ალბათ ასევე 20 %-ის. საკითხის პრიმიტივიზება ამ მემეში კიდე უფრო თვალსაჩინოა. პროპაგანდისტები ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციურ ფასეულობებს ექსკლუზიურად ამერიკულად ნათლავენ და მათ ქართულ ფასეულობებს უპირისპირებენ. თუმცა, იგივე ცივილიზაციის მიერ შექმნილი სიკეთეებით აქტიურად სარგებლობენ. სამეცნიერო პროგრესის მიღწევებს – მობილურ კავშირს, ინტერნეტს, ავტომობილებს, ბრენდებს და ა.შ. აქტიურად მოიხმარენ.  უარს მედიცინის მიღწევებზეც არ ამბობენ  მკურნალობენ, სიცოცხლეს იხანგრძლივებენ გაახალგაზრდავების პროცედურებს იტარებენ და საერთოდ კარგი ცხოვრება უყვართ. ამავე დროს ფეოდალურ ცნობიერებას და იერარქიულ საზოგადოებას ქართულ ფასეულობებად აცხადებენ  დასავლეთისგან იცავენ.

ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იდეათა და ფასეულობათა თავისუფალი კონკურენციაა. სინამდვილეში კონფლიქტი მითიურ ‘’ამერიკულ ფასეულობებსა’’ და ‘’ქართულ სულს’’ შორის კი არა ქართველობის განსხვავებულ გაგებაშია. მსოფლხედვითი დაპირისპირება გარედან იმპორტირებულ ფასეულობებს არ გამოუწვევია. დაპირისპირება ჩვენსავე წიაღში ბუნებრივად ჩნდება, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეებს ქართველობის განმსაზღვრელი ეთიკური ფასეულობები და ზოგადად ქართველობა განსხვავებულად ესმით.  თუ ვიღაცის მიერ ‘’ქართულად’’ მონათლული ფასეულობა დროს და კონკურენციას ვერ უძლებს  ის გაქრება და აორთქლდება.

პრორუსული მემეს გამავრცელებლებს ამ კონკურენციაში მონაწილეობა და ‘’ქართული ფასეულობების’’ მათეული გაგების არგუმენტებით დაცვა არ შეუძლიათ. მათ საზრისებზე მონოპოლიის დამყარება და საკუთარი  მცდარი წარმოდგენების ზოგადქართულ სტანდარტად გამოცხადება უნდათ. საწინააღმდეგო აზრის   ამერიკიდან შემოტანილად მონათვლა კი ოპონენტების დისკრედიტაციის საშუალებაა.  არანაირი დასავლური თუ ამერიკული ფასეულობები ქართულ სულს საფრთხეს ვერ შეუქმნის თუ საქმე ავთენტურ საქართველოს და არა ინტრიგანი მედროვეების გონებაში შეთხზულ სიმულაკრებს ეხება. სინამდვილეში ამ ადამიანებს საკუთარი პრივილეგიების დაცვა და შთამომავლობისთვის გადაცემა ადარდებთ და არა ქართული სული.


საქართველოს იყოფენ 

ჯერ უახლესი ისტორია გავიხსენოთ. პირველი – საქართველო დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის ნაწილი -კოლონია იყო. მეორე-1990 იანი წლების დასაწყისში თავისუფლება (თუ მემეს ფორმით ვიტყვით ‘’ნანატრი თავისუფლება’’ ) მოვიპოვეთ. მესამე –  რუსეთი ჩვენს მიწებს დაკარგულ ტერიტორიებად მიიჩნევს (დაახლოებით ისე როგორც ჩვენ აფხაზეთს და სამაჩაბლოს) და დაკარგულის დაბრუნებას ცდილობს.  მეოთხე – დამოუკიდებლობის შენარჩუნების და იმპერიისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ძლიერი ქვეყნებისგან დახმარების მიღება და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაა. მეხუთე -დასავლეთს ჩვენს  მიმართ  მხოლოდ სახელმწიფოს შენების პროცესში  დახმარების გაწევის მორალური ვალდებულება ეკისრება. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა,ქართველ ხალხზე ზრუნვა, ჩვენი დაპურება და გაძღომა და ა.შ. მათი საფიქრალი არ არის.

ჰოდა რაში გამოიხატება აშშ-ს მიერ რუსეთთან ერთად საქართველოს გაყოფა? რუსეთმა ტერიტორიების 20% წაგვართვა. რუსული სამხედრო ბაზები ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ საქართველოს ტერიტორიაზე დგანან. ამის საპირისპიროდ ვხედავთ, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად  ამერიკა ჩვენს ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებს არ ათავსებს.  აშშ-ს გლობალური ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შემადგენელი ელემენტის საქართველოში  განთავსების შესახებ ჩვენი თხოვნა ასევე არ დაკმაყოფილდა. ამერიკა ჩვენს ტერიტორიას სამხედრო მიზნებით არ იყენებს. ამ ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები საქართველოში ასევე სუსტადაა წარმოდგენილი. წესით ნებისმიერი შერაცხადი ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ აშშ-ს მიერ საქართველოს გაყოფაზე საუბარი აფსურდია. 

„საქართველოს გაყოფის’’ მონაჩმახი მემე თავმოყვარე ადამიანისთვის შეურაცხმყოფელიც უნდა იყოს. გამოდის, რომ ჩვენ თავისუფლების ნება არ გვქონია. სახელმწიფოებრიობა ვიღაცამ თავს მოგვახვია და მის შენარჩუნებას დღემდე გვაძალებს. თითქოს ქართული სახელმწიფო  ჩვენი სურვილის განხორციელება კი არა აშშ-ს მიერ რუსეთის ჯიბრზე შექმნილი პროექტი ყოფილიყოს. ცხადზე ცხადია, რომ საქართველო  დასავლეთის დახმარების გარეშე სახელმწიფოს ვერ  შეინარჩუნებს. აშშ-სგან „გათავისუფლების’’ მოწოდებები სინამდვილეში დამოუკიდებლობაზე უარის თქმისკენ მოწოდებაა. 

რუსეთი თავის გეოპოლიტიკურ მიზნებს ძალადობრივი მეთოდებით ახორციელებს და საკუთარ გავლენებს თავს ძალით გვახვევს. აშშ-ს საქართველოზე გავლენა მხოლოდ ჩვენი სურვილის პირდაპირპროპორციულია. დღესვე შეგვიძლია ამ ქვეყანასთან ყოველგვარი ურთიერთობები გავწყვიტოთ და სანაცვლოდ მხოლოდ მემედ ქცეულ ‘„შეშფოთებას’’ მივიღებთ. ამერიკული მეხუთე ფლოტის შემოტევა და ქართული მიწების ოკუპაცია მოსალოდნელი არ არის. აბა რაში გამოიხატება კლოუნი დეპუტატების, სასულიერო პირების და ნაირ- ნაირი არტისტების ტვინებიდან გამოჟონილი საქართველოს გაყოფის თუ ვერ გაყოფის ეპოპეა?! ალბათ იმაში, რომ ამერიკა ჩვენი სულის ოკუპაციას ეწევა. თუმცა ამაზე ზემოთ უკვე ვილაპარაკე. სულის ოკუპაცია სისულელეა. ის ბუნებაში არ არსებობს. ამგვარი ოკუპაციის ობიექტივაცია, აზომვა, დაკვირვების წარმოება და ვერიფიკაცია შეუძლებელია. რეალური აზომვადი და ვერიფიცირებადი ოკუპაცია კი ასევე მემედ ქცეულ ფრაზას თუ მოვიშველიებთ ‘’თბილისიდან ორმოც კილომეტრშია’’.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გია მარიამიძე