ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

გიორგი გაგნიძის ბარიტონი და ლას ვეგასელი რიგოლეტო

გიორგი გაგნიძის ბარიტონი და ლას ვეგასელი რიგოლეტო

“გიორგი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ხმაა. “რიგოლეტო” ხომ ნახეთ? სასწაულია!” – სამჯერ აღფრთოვანებით გამიმეორა ნიუ იორკის “მეტროპოლიტენ ოპერის”, როგორც აქ ამბობენ, ყველაზე კომპეტენტურმა და გავლენიანმა კონცერტმეისტერმა, როცა ოპერის სარეპეტიციო ოთახიდან გამოვედით. მასტერკლასი, სადაც “მასწავლებელი” ჯონ ფიშერი იყო, ხოლო “მოსწავლე” მსოფლიოს ერთ–ერთი პირველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე, შეიძლება ითქვას, რომ ერთ–ერთი უნიკალური “ქიმიური პროცესი” იყო, რომლის ცოცხალი მოწმე ოდესმე გავმხდარვარ: კედელზე – ვერდის “დონ კარლოსის” სპექტაკლის ძველი პოსტერის თანხლებით: ორი სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულის კრეატივი და ერთ საათში მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სამუსიკო დარბაზის “ფესვებში” (სარეპეტიციო დარბაზები შენობის მიწისქვეშაა) მოსმენილი ვერდის “ფალსტაფი”. უბრალოდ, გაგნიძეს სასცენო პარტნიორები, თეატრალური ანტურაჟი და ორკესტრირებაღა აკლდა, თორემ პარტიას მისი ჩვეული ემოციურობითა და ვერდისეული მოდუსით ასრულებდა.

“ეს ჩემი ახალი როლია” – მითხრა გიორგი გაგნიძემ – „რადგანაც ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, ვცდილობ თავისუფალი დრო მაქსიმალურად გამოვიყენო და ახალი როლის შესწავალას დავახარჯო”.

“ეს უნიკალური ხმაა” – გვითხრა გიორგის ერთ–ერთმა თაყვანისმცემელმა, როცა მე და ჩემი მეგობარი “რიგოლეტოს” სპექტაკლის შემდეგ მისი საგრიმიოროს კარებთან წარმატების მისალოცად მოსულ ფანებთან ერთად ვიდექით. “შემიძლია ვთქვა, რომ მან რიგოლეტოს როლის ადრეული შემსრულებელი, ლეგენდარული კორნელი მაკლეინი გააცოცხლა. დიახ, გიორგის უნიკალური ხმა აქვს”.

სცენა სპექტაკლიდან

სცენა სპექტაკლიდან

“მეტოპერის” გელერეაში, სადაც ცნობილი კომპოზიტორებისა და მომღერლების ფერწერული პორტრეტებია, კედელზე ტრადიციული “რიგოლეტოცაა” მასხარას ფორმაში. ამ სეზონზე კი სცენაზე სულ სხვა რიგოლეტო იყო: Pioneer Club Las Vegas–ისა და სტრიპტიზ–ბარების მსგავსი დაწესებულების ვიზიტორი, რომლის ტრაგიკული ცხოვრება არაჰოლივუდურად, „არა ჰეფი ენდურად”, წინა საუკუნის იმ ლას ვეგასის ღამის ცხოვრების ფონზე ვითარდება, როცა ქალაქი შოუ ბიზნესის, გასართობი ინდუსტრიის ციებ–ცხელებამ მოიცვა და ბონვივანები თუ მარგინალები მთელი ამერიკიდან კი არა, მთელი მსოფლიოდან აქ იყრიდნენ თავს. სცენაზე მოქმედება XVI საუკუნის იტალიის პროვინციული მანტუადან XX საუკუნის ამერიკული ნევადას შტატის ყველაზე ცნობილ ალაგს, ღამის გართობის დედაქალაქში, Vegas Vic- ში ინაცვლებს. სამეფო არისტოკრატიის მაგივრად ფრენკ სინატრასა და მერილინ მონროს პერიოდია; აკი ჩნდებიან კიდეც ისინი სცენაზე, გარშემო კი ნეონის ნათების სარეკლამო წარწერები, სათამაშო აპარატები, კაზინოები ლიფტებით, მკერდშიშველი სტრიპტიზიორები და “ფლეიბოებია”. ლიბრეტოს ავტორი, ფრანჩესკო მარია პიავე, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა მისი ნარატივის ამგვარ თავისუფალ ინტერპრეტაციას და, მითუმეტეს, ვერც ვიქტორ ჰიუგო. მწერლის დრამა “მეფე ერთობა” ოპერის ლიბრეტოს საფუძველს დაედო, თუმცა მისი ფრანგულ სცენაზე გადატანა მაშინდელმა ცენზურამ აკრძალა. 2015 წლის ნოემბერში კი ამერიკელი დიუკი Questa o quella –ს სამორინეში, ბურლესკ–კაბარეს ჭრელა–ჭრულა ტრუსებიანი გოგონების ცეკვის ფონზე ასრულებდა.

“მეტოპერის” იმავე გალერეაში ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად, იატაკიდან ვიდრე ჭერამდე ყველა იმ არტისტის შავ–თეთრი ფოტოა, ვინც “მეტროპოლიტენ ოპერამ” საოპერო ხელოვნების განვითარებაში სოლიდური წვლილის შემტანად მიიჩნია და, მათ შორის, ერთადერთი ქართველის – სკარპიას (“ტოსკა”) როლში გიორგი გაგნიძის ფოტოცაა.

იმ დღეს, გიორგი გაგნიძე გაზეთს “ნიუ იორკ თაიმსი” აძლევდა ინტერვიუს და ჟურნალისტს რამდენჯერმე უკითხავს, 1990 –იანების ცივ და გაყინულ დარბაზში როგორ მეცადინეობდით, როგორ მღეროდითო?…”აი, ასე ვმღეროდი… თუ გინდა რაიმეს მიაღწიო, ყველანაირი სიძნელე უნდა გადალახო”. – უპასუხა მომღერალმა.

გიორგი გაგნიძე

გიორგი გაგნიძე

ამერიკელი რეჟისორის მაიკლ მეიერის მიერ დადგმული “რიგოლეტო” “მეტროპოლიტენ ოპერის” 2015–16 სეზონის ვერდის ამ შედევრის 870–ე სპექტაკლია, რომლის დირიჟორიც გახლდათ ესპანელი პაბლო ჰერას–კასადო, სასცენო დიზაინერი კი – ბროდვეის არაერთი შოუს ავტორი ქრისტინა ჯოუნსი. გიორგი გაგნიძისთვის კი “რიგოლეტო” არახალი როლია, რადგანაც იგი ამერიკელების წინაშე 2009 წელს პირველად “მეტოპერის” სცენაზე ზუსტად ამ როლით წარსდგა. და მაშინაც, ისევე როგორც ახლა, ტრიუმფით.

გიორგი გაგნიძე რეპეტიციაზე

გიორგი გაგნიძე რეპეტიციაზე

– “ტოსკაში” ახლაც უნდა მემღერა – ამბობს გიორგი, „– მაგრამ ნოემბერი ძალიან გადატვირთული თვე მქონდა და ჩემთვის რთული იქნებოდა მონაწილეობის ორივეგან მიღება. ავირჩიე “რიგოლეტო”, რომელიც ნოემბერში თერთმეტჯერ უნდა მემღერა. 2015 – ის იანვარში “მეტროპოლიტენ ოპერაში” მასკანის ოპერაში “სოფლის პატიოსნება” და ამავე დროს ლეონკავალოს “ჯამბაზებში” ვითამაშე და ისე გამოვიდა, რომ ერთ საღამოს ერთ სცენაზე ორ სხვადასხა როლს ვთამაშობდი. სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ პირველი როლი დრამატულია, მეორე კი – ლირიული. ამ სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად და აქაურ პრესაში დაიწერა, რომ ეს ჩემი როლები განსაკუთრებულად გამორჩეული იყო. სხვათა შორის, იმავე სპექტაკლებში მარჩელო ალვარესსაც ორი სხვადასხვა როლის შესრულება მოუწია.

“მეტროპოლიტენ ოპერა”, ფაქტობრივად, ყოველ წელს გიწვევთ…

კი, აქ ე.წ. “პერმანენტ არტისტის” სტატუსით ვიმყოფები და 2008 – დან “მეტოპერის” სცენზე გამოვდივარ. პირველი “რიგოლეტო” (ოტო შანკის დადგმა) იყო, მაგრამ არა ასეთ მოდერნისტულ სტილში; მეორე 2009 – ში “ტოსკა”, მერე – “ხოვანშჩინა”, “აიდა” და ისევ “რიგოლეტო”.

გიორგი გაგნიძე

გიორგი გაგნიძე

თქვენთვის რომელი “რიგოლეტოა” უფრო ახლობელი: ტრადიციული თუ ახლებური გადაწყვეტით?

კონსერვატორი არა ვარ. დღეს ისეთი დროა, რომ არტისტს კონსერვატორული დამოკიდებულება ჩიხში აქცევს. ცხადია, ტრადიციული დადგმები ძალიან მიყვარს, სადაც მუსიკას ტექსტი და მოქმედება ჰარმონიულად მიჰყვება და მსმენელი ხვდება თუ რაზეა საუბარი. რაც შეეხება მაიკლ მეიერის სპექტაკლს: მისეული “რიგოლეტოს” ჩანაფიქრი ბროდვეის შოუს სტილშია განხორციელებული. ლიბრეტო მოგვითხრობს, თითქოს ეს ყველაფერი ფრენკ სინატრას მეგობარს, ამერიკელ კომიკოსს დონ რიკლესს გადახდა. აქ, ამერიკაში ძალიან ფასობს ვიზუალურად ეფექტური სანახაობა, გარშემო ამდენი შოუა, სატელევიზიო სანახაობა… ასი წლის წინათ ოპერას სხვა დანიშნულება ჰქონდა და იმდენი კონკურენტი არ ჰყავდა, რამდენიც – დღეს. ჩვენი თაობის არტისტები ამ გარდატეხის ეპიცენტრში აღმოვჩნდით. მე გერმანიში გავიზარდე და უკვე ჩემი კარიერის დასაწყისშივე იქ ბევრი მოდერნისტული სპექტაკლი იდგმებოდა. თბილისის საოპერო სცენაზე შვიდი სეზონი ვიყავი და ვერ ვიტყვი, რომ ყველა დადგმა ტრადიციული რეჟისურით წარიმართა. მაგალითად, “სიყვარულის ნექტარი” ანდა “სევილიელი დალაქი”.

ეს უკვე ნაცადი ტრენდია, როცა სცენა მაყურებლის, დროის გემოვნებას ერგება.

გარდა ამისა, სპექტაკლის მენეჯერს უნდა, რომ მომღერალი ლამის კინოს თანამედროვე მსახიობს გაუთანაბრდეს, რაც, ცხადია, ძალიან რთულია. რადგანაც ფიზიკური მოძრაობები უნდა იყოს იდეალურად შეხამებული არიის შესრულებასთან, ოპერის მომღერალი კი ვერ იქნება ესტრადის მომღელის ანალოგი, რომელსაც შეუძლია ფონოგრამა ჩაწეროს და მის ფონზე იმოძრაოს, იცეკვოს. სცენაზე მე ყურადღებით ვარ, რომ სუნთქვა არ ამეწიოს ანდა ოდნავ არ გადავაჭარბო. “რიგოლეტოს” და ზოგადად სხვა საოპერო არიებსაც კარგად ვერ შეასრულებ თუ სუნთქვა აგიჩქარდა. ზედმეტი ფიზიკური მოძრაობები, რომელიც უწინდელ საოპერო დადგმებში არ იყო, მომღერალს ზედმეტ პრობლემას უქმნის. ამიტომ ვცდილობ ფიზიკურად ვივარჯიშო და დიეტაც დავიცვა. რაც ჩემთვის უცხო არაა. მე ხომ ადრე რაგბისტი და მოჭიდავე ვიყავი.

გიორგი გაგნიძე

გიორგი გაგნიძე

როცა საოპერო თეატრი როლზე გიწვევთ, დადგმის სტილთან დაკავშირებით კონტრაქტში თავიდანვეა მითითება?

არა, ამას კონტრაქტში არ უთითებენ. თუმცა ვიცი თუ რა დამხვდება, მაგალითად, იაპონიაში, სადაც “ფალსტაფის” ჯონათან მილერისეულ სპექტაკლში ლასკალას მომღერლებთან ერთად უნდა ვითამაშო. მე მთავარ პარტიას შევასრულებ. რაც შეეხება ევროპულ ტურს: მივემგზავრები პარიზში და მერე – ბერლინში. პარიზში “აიდაში” ამონას როლს ანიტა რაჭველიშვილთან ერთად ვიმღერებ. გული მწყდება, როცა ქართველი მომღერლები ხანდახან თავის ქართველ კოლეგებს არ მოიხსენიებენ ხოლმე… მიხარია, როცა შანსი მეძლევა სცენაზე ქართველთან ერთად ვიდგე. ბერლინში კი ისევ “რიგოლეტოში” ვიმღერებ. ეს დადგმაც მოდერნისტული იქნება, მაგრამ იქ ლას ვეგასი არ ფიგურირებს. ჯერ არ ვიცი როგორია. ჩავალ და ადგილზე გავარკვევ. ყოველთვის მიხარია ახალი პარტნიორები, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებთანაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მაგალითად: რობერტო ალანია, მარჩელო ალვარესი, ნინო მაჩაიძე (თუმცაღა სპექტაკლისთვის ავად გახდა და ვერ იმღერა), ქეთევან ქემოკლიძე. ახლა ანიტა რაჭველიშვილთან ერთად მომიწევს მუშაობა და გულწრფელად მიხარია.

საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

ბათუმში ვერდის ოპერაში “სიმონ ბოკანეგრა” მონაწილეობა მაქვს დაგეგმილი. რაც შეხება თბილისის ოპერასთან (რომელიც, ფაქტობრივად, ჩემი მშობლიური სცენაა) დაკავშირებულ გეგმებს. სამწუხაროდ, ცოტა უცნაური სიტუაცია შეიქმნა. ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა სექტემბერში მომწერა, რომ სეზონს ხსნიდა და მეპატიჟებოდა. ამას შემდეგ მოჰყვა … დუმილი. მერე კი ტელევიზიით ვგებულობ, რომ “აბესალომ და ეთერით” იხსნება, თუმცა მონაწილეთა შორის არა ვარ. არადა, კარგი იქნებოდა სამშობლოში ერთი გალა – კონცერტის მოწყობა, სადაც საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ვარსკვლავები ერთად შეიკრიბებოდნენ.

გიორგი გაგნიძე

გიორგი გაგნიძე