ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

კაქტუსები, ფრიდა კალო, La Casa Azul–ი და მექსიკურის გაკვეთილები

კაქტუსები, ფრიდა კალო,  La Casa Azul–ი    და  მექსიკურის გაკვეთილები

რა შეიძლება იმაზე უფრო მეტად გრილიცა და ცხელიც, მზესუმზირისფერა და ქათქათა მწვანე იყოს, ვიდრე ნიუ იორკის ბოტანიკური ბაღის ზამთარ–ზაფხული და მოგონებები ფრიდა კალოზე, მექსიკურ ცეკვებზე, გიგანტურ – ლილიპუტ, ეკლიან–უეკლო, გამხდარ–მსუქან, მომღიმარ–სევდიან კაქტუსებსა და კიდევ ერთ მილიონამდე მცენარის მშვიდ, ჭრელა–ჭრულა სამოთხეზე. ნიუ იორკის

12516524_10208366965679676_1098150019_n

ფოტო: ია მერკვილაძე

ბოტანიკური ბაღი (1891), რომელიც ბრონქსში მდებარეობს და რომელიც წელს დაბადებიდან 125 წელს ზეიმობს (კერძოდ კი, 28 აპრილს), ორმოცდაათი ბაღისგან შედგება, მათ შორისაა დერდარიუმი, აზალია, ვარდის, მაგნოლიების, შროშანებისა და ორქიდეების კოლექცია, დეკორატიული წიწვოვანი, მრავალწლოვანთა და ქვების ბაღიც კი. აქაა ჩანჩქერიცა და ჭაობიც, ტროპიკებიცაა და უდაბნოც, სამეცნიერო ინსტიტუტი და დაქორიწინების ადგილიც, ბიბლიოთეკაცა და რესტორანიც, საბავშვო–საგანმანათლებლო და მდგრადი განვითარების/ კლიმატის ცვლილების პროგრამების ცენტრიც.

ფოტო: ია მერკვილაძე

ფოტო: ია მერკვილაძე

ზოგიერთ ყვავილს წყალზე მშვიდად ეძინა, ზოგიერთი ხე (გრანდიოზულობის გამო მცენარედ მოხსენიება რომ მოგერიდება) კი დიდი სასახლესავით აღმართულა, გზად მწვერვალისკენ გარშემო სპირალური კიბეებით რომ უნდა იტრიალო და ბოლოს მაინც ვერ გაიგებ, ეს ხედ შენიღბული ყავისფერქერქიან–აგურიანი, პუტკუნა ცათამბჯენია თუ ოდესღაც ციცქნა მარცვლიდან ამოზრდილი, ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული ფლორა, რომლის გარშემო მწვანე “ინფრასტრუქტურა” განვითარდა. ერთგვარი ბოტანიკური ჯენტრიფიკაცია. ფოთლები, ყვავილები, ბუჩქები, ლიანები, ჩამოკიდებული და მიწას შეზრდილი, პატარა და დიდ ცხოველებსა და უცხოპლანეტელებს დამსგავსებული; წყალქვეშა ნავიდან ამოზრდილი, ჭოგრიტივით მზვერავი; ბუსუსებიანი და უბუსუსო, მშრალი და წებოვანი არსებები; ბილიკებად გაშლილი რბილი ხავსი და მცენარეებს შორის მორაკრაკე რუ; “ავეჯად” გარდაქმნილი ხის კონტურები და უცნაური განცდა, რომ მთლად ალისა საოცრებათა სამყაროში არა ხარ, მაგრამ ამ გაუთავებელ–უსასრულო მცენარეულ ლაბირინთებში აუცილებლად რაღაც უცნაური ქმნილება გამოგიხტება. ამ შემთხვევაში, არა თეთრი კურდღლის ნაცნობ–უცნობი, არამედ იშვიათი ფორმის და (ალბათ, შინაარსის) მცენარე, რომელიც არასოდეს გინახავს და რომლის “გვარისა და ჯილაგის” აღმნიშვნელს მობილურის კამერით იღებ. მცენარეების სასაცილო და სერიოზული სახელ–გვარები… მაგალითად, ერთ ხეზე (ბაღის ტერიტორიაზე ოცდაათ ათასზე მეტი სხვადასხვა ხეა) დახვეული, დიდი, გორგოლაჭა, მწვანე, გაშლილი, ბრაზილიური წარმოშობისა და ტემპერამენტის ცვარდადებული ფოთლები სახელად Aechmea Fasciata (Bromeliaceae), სამი ცალი პატარა, მუქი, ვარდისფერი ყვავილით. წყალში კი სუფრა გაშლილა თავისი თეფშებით, ჩაის სერვიზით, პირის ვეგეტარიანული გემოთი და ცა, რომელიც თუ ამ დამაჰიპნოზებელი აურიდან არ გამოხვედი, რომელიღაცა მცენარის თეთრკოპლებიანი ცისფერი გაგრძელება ანდა დასასრული გეგონება.

ფოტო: ია მერკვილაძე

ფოტო: ია მერკვილაძე

ამ ას ჰექტარზე გადაჭიმულ ბოტანიკურ ბაღში უცნაური რამ ნამდვილად შეიძლება შეგხვდეს. ეს არის ფრიდა კალოს სამუშაო მაგიდა, დაწნული სკამი (რომლის კიდეზეც სულ რამდენიმე წამით ჩამოჯდომა გავბედე), პალიტრა, საღებავები, ფუნჯები, ფანქრები, ყუთები, გლობუსი… გაცრეცილი ავეჯიდან ოდნავ შფოთიანმა სიმშვიდემ, ატკივებულმა ხერხემალმა და სიცარიელემ დაჰბერა. თითქოს მხატვარი ახლახან ადგა, რომ ტკვილგამაყუჩებელი მიიღოს. “კომპოზიცია” კი La Casa Azul – იდანაა (1904), ფრიდა კალოს კობალტის ცისფრად შეღებილი სახლიდან (ჩრდილოეთ მექსიკა), სადაც ის დაიბადა, გაიზარდა, ხატავდა, ტკივილს ებრძოდა და იტანდა თავის მწვალებელ მეუღლეს დიეგო რივერას; სადაც გარდაიცვალა ორმოცდაშვიდი წლის ასაკში და სადაც ახლა მუზეუმია უამრავი ეთნოარტეფაქტებით… ერთი საუკუნის შემდეგ კი ნიუ იორკის ბოტანიკურმა ბაღმა მექსიკის პატარა ნაწილი დიდი ვაშლის ქალაქის მიწაზე გადმოიტანა და ოდნავ მაინც შეარყია სტერეოტიპული ფრიდაკალომანია – მხატვარი მხოლოდ დამსხვრეულ სხეულს, დატანჯულ სულს ანდა სისხლში ამოთხვრილ ავტოპორტრეტებს ქმნიდაო. არა, ფრიდა ნატურმორტების შესანიშნავი მხატვარიცაა. პირადად მე, მაგალითად, მისი საზამთროები მიყვარს. საზამთრო ისედაც მიყვარს და ფრიდას ეს წითელი ნახევარრკალები გემოსაღმძვრელად გამოიყურება. და საერთოდაც, ჩემთვის მოვინიშნე ის მცენარეები, რომელიც ფრიდას მასზე თექვსმეტი წლით უფროს ბოტანიკურ ბაღში შეიძლება აღმოეჩინა და ტილოზე გადაეტანა. მაგალითად, პატარა შროშანები – ჯერ მჭახე იისფერები, წამოჩიტვის მერე კი აყვავებული ყველანაირი სპექტრის ყვითლით, ნარინჯისფრით, ვარდისფრითა და წითლით. ერთი შეხედვით, თვალისამჭრელებელი მცენარეების სამყაროში მისი ნამუშევრების გამოფენამ გარკვეულწილად ფრიდასეული ქრონიკული ტანჯვის კულტი თითქოს “დააბალანსა”. თუმცა კალოს ნახატს “ლუთერ ბურბანკის პორტრეტი” (1931) მაშინვე შეუძლია ორდინარულ რეალობაში დაგაბრუნოთ. ბურბანკი ცნობილი ამერიკელი ბოტანიკოსი და მეცნიერ–ექსპერიმენტატორი იყო. ნახატზე ხეში ჩაზრდილი თუ ხიდან ამოზრდილი ჰიბრიდი – ბურბანკია, რომელიც მიწისქვეშეთიდან ფესვებით ადამიანის გვამის ნივთიერებებისგან საზრდოობს. ლუთერ ბურბანკი, მისი ანდერძის თანახმად, ხის ქვეშ დაწვეს.

ფოტო: ია მერკვილაძე

ფოტო: ია მერკვილაძე

 

***

თუ იცი, რას გულისხმობს მექსიკური ფერები, მაშინ კაქტუსების ფერადოვანმა პირამიდა – კვარცხლბეკმაც უნდა გაგრძნობინოს, ვისი სტუმარი ხარ. განვმარტავ, რასაც ვგულისხმობ: ესაა ყვითელ–ცისფერ–წითლის ფონზე თიხის საყვავილეში მწვანე კაქტუსის დანახვისთანავე ფრიდა კალოს წერბებისა და მის შავ თმებში ჩაწნული ყვავილებისა და პეპლების წარმოდგენა; ყურებში კი მექსიკური საქორწინო მუსიკის, მარიაჩის აჟღერება.

ფრიდა ნიუ იორკის ბოტანიკურ ბაღში იქ კი არ დაიწყო, სადაც მისი თოთხმეტი ორიგინალური ნაშრომი, მათ შორის “ავტოპორტრეტი ეკლიანი გვირვინითა და კალიბრით” (1940) დაცულ დარბაზში წარადგინეს, არამედ იქ, სადაც მცენარეებით გარშემორტყმულ ლურჯ კედელზე ღია ყავისფერ ჩარჩოში თეთრად წერია: “ფრიდა და დიეგო ამ სახლში ცხოვრობდნენ. 1929–1954”. ამ “მემორიალური დაფის” გარშემო თიხის მაღალ–დაბალ ჯამებში კაქტუსები ისე წამოსკუპულან, თითქოს პატრონის მოსვლასა და ერთ ყლუპ წყალს ელოდებიან.

 

სამი წლის წინათ, როცა ნიუ იორკის ბოტანიკურმა ბაღმა ყვავილების შოუ მოაწყო და კლოდ მონეს ნახატები გამოფინა (პროექტის სახელწოდება ” მონეს ბაღი”), ბოტანიკურის მესვეურებს ეგონათ, რომ ბაღმა თავის ვიზიტორების რაოდენობის მაქსიმუმს მიაღწია. ასე არ აღმოჩნდა. ფრიდა კალოს “მექსიკურმა ყვავილებმა” მონეს რეკორდი მოხსნა. ამ მიწაზე ფრანგიცა და მექსიკელიც ბოტანიკამ და მცენარეულმა იდილიამ გააერთიანა. ექსპოზიციისადმი “ფრიდა კალო – ხელოვნება. ბაღი. ცხოვრება” (დამფინანსებელი – კაროლინა ჰერერა, კურატორი –ადრიანა ზავალა, თეატრალური მხატვარი–სკოტ პასკი) დიდი ინტერესის გამო ორგანიზატორებმა მისი წარმოდგენის ვადა გააგრძელეს.

ფოტო: ია მერკვილაძე

ფოტო: ია მერკვილაძე

ბაღის ტერიტორიაზე მდებარე სამი ისტორიული შენობიდან ერთ–ერთის Enid A. Haupt Conservatory–ის (1902) კარზე აწერია – ” მცენარეების სამყარო”. ამ ტოტალურ სიმწვანეში ფრიდა კალოს ნახატებისა და ცხოვრების ამსახველი დისპლეები განლაგდა. გუმბათოვანი შენობის შიგნით “ჭერს” ლამის მიბჯენილი მცენარეების გადამკიდე კითხვა გიჩნდება, დაამსგავსებენ თუ არა ამ ვიქტორიანული ეპოქის არქიტექტურულ ძეგლს ორდინარულ ცათამჯენს “მოხსნადი” სახურავით? მეორე კი გახლავთ “მუზეუმის შენობა” (1901), სადაც ბიბლიოთეკაცაა განლაგებული (იქ ბრინჯის ათასგვარი ნაირსახეობა ვნახე), სადაც ფრიდას ნახატები გამოიფინა. ქვედა სართულზე კი კალოს ფერწერული ტილოს “ორი ფრიდას” (1939) შთაგონებით შექმნილი “უგულო” და “უმაკრატლო–უსისხლო” ორი კაბა დგას. ფაქტობრივად, ყველა შენობა, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს, ისევე როგორ თავად ბოტანიკური ბაღი, კულტურული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.

“მუზეუმის შენობაში” და მის გარეთ ფრიდასთან ერთად ლამის მთელი მექსიკა ემიგრირდა: ლექციები მექსიკის კულტურაზე, ათასგვარი მექსიკური კერძის დაგემოვნება, მექსიკური ტექსტილისა და, რა თქმა უნდა, სომბრეროების გამოფენა; ცოცხალი მუსიკა, მექსიკური ფილმების ფესტივალი, კალოს ორეულის არჩევა და ღამის გასართობი ღონისძიებები. ის კი არა, ისინი, ვინც სცენაზე მექსიკურ ცეცხლოვან–შეკივლებებიან ცეკვებს თვალს პარტერში, ფეხზე წამოხტომის სურვილით ვადევნებდით, უეცრად კონფერანსიეს ბრძანებით ფეხზე მართლა წამოგვყარეს, მოძრაობები გვასწავლეს, იატაკზე ფეხები გვაბაკუნებინეს, გვახტუნეს, სცენაზე გამოგვიყვანეს, გვამღერეს, გვატრიალეს, ტაქიკარდია დაგვმართეს და მერე საკუთარი თავისთვის ტაშიც დაგვაკვრევინეს. გამოფინეს პონჩო, რებოსო, სერაპე და, რასაკვირველია, მექსიკური გუარაჩი – ძალიან მოსახერხებელი, უქუსლო სანდლები. და, რა თქმა უნდა – ტეკილა, აგავის წვენის სასმელები, მექსიკური ლუდი და Aqua Fresca.

 

როცა გარეთ გამოვედით, მახსოვს, გავიფიქრე, რა კარგია, რომ აქ მაინც დაანებეს თავი ფრიდას და არ შეახსენეს მისი იდეოლოგიზირებული გარემოცვა თავისი ლევ ტროცკით, ისამუ ნოგუჩით თუ ჟაკლინ ლამბათი… აქ ფრიდა მჩხვლეტავ – მოგრძო–თავკომბალა კაქტუსებში ისე იყო ჩაფლული, როგორც “მექსიკურ ნაციონალიზმში”. ფრიდა და მექსიკა. უფრო სწორად, ფრიდა, მექსიკა და მარტოობა. აკი ამბობდა კიდეც: “მე ავტოპორტრეტებს იმის გამო ვხატავ, რომ ხშირად მარტო ვარ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობ”…

ფოტო: ია მერკვილაძე

ფოტო: ია მერკვილაძე