ჩერნობილის “ბაბუშკები”, “ოქროს” ქალაქელები და მარტოხელა მამები ნიუ იორკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე

ნიუ იორკის დოკუმენტური ფილმების DOCNYC (HBO-ს, Netflix–ისა და Sony-ის გარდა 25 –ზე მეტი მედია, კინო და სატელევიზიო კომპანიის დამფინანსებელი) მეექვსე ფესტივალის ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმები ქალებს ეძღვნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს ცხადი იყო. სამი ფილმიდან, რომლებიც ქალი მომღერლების სასცენო და სცენის მიღმა ცხოვრებას აღწერენ, ორმა სახელწოდებების წაკითხვისთანავე ახალგაზრდობის ნოსტალგიური ასოციაციები ამიშალა. ესენია: ემი ბერგის “ჯენისი: სევდიანი პატარა გოგონა” და ასიფ კაპადიას “ემი”. ჯენის ჯოპლინის ისტორია შედგება მომღერლის ფოტოებისგან და ვიდეომასალისგან მისი პატარაობიდან, ვიდრე “ღვთისადმი მოვედრე” სიმღერამდე – Mercedes Benz. ნაწყვეტები ჯოპლინის წერილებიდან; მეგობრების, ოჯახის წევრების ინტერვიუები, მოგონებები და ჯენისის რეალური ხმა – ქალის ხმა ჰიპების, რასიზმისა და მამების წინააღმდეგ ამბოხებული თაობისა და ნარკოტიკული პროტესტის მეინსტრიმის ეპოქიდან. ზღვრული ადრენალინისა და უკიდურესი მოწყვლადობის ერთიანობა, რომელიც სხვაგვარად ვერ დასრულდებოდა, თუ არა მკვლელი ნივთიერების მიღებით. უფრო კონკრეტულად, ჰოლივუდის ერთ–ერთ სასტუმროში ზედოზირებული ჰეროინითა და ალკოჰოლით.

ფილმი “ემი” ლონდონში თოთხმეტი წლის ემი უაინჰაუსის სახლიდან იწყება და მთავრდება ლონდონშივე იქ, სადაც ოფიციალური ცნობით, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციით ოცდაშვიდი წლის ცნობილი ბრიტანელი მომღერალი გარდაიცვალა. ფილმის შუაში კი მისი სადებიუტო ალბომი Frank-ი და ხუთი “გრემის” მფლობელი კრებული Black to Black–ია, ემის ქრონიკული დეპრესია და ავტობიოგრაფიული სიმღერების ტექსტებით აგებული “სცენარი”; მხოლოდ ორი სრულფასოვანი ალბომის ავტორის ყოველდღიური, გამომფიტავი რუტინა; პირად პრობლემებთან, ბულიმიასთან, პაპარაცებთან და საკუთარ დემონებთან დამღლელი ბრძოლისა და სიყვარულის დაუოკებელი წყურვილი. მაყურებელს სიურპრიზიც ელის – ემის აქამდე უცნობი ჩანაწერები და ის რეალობაც, რომ უაინჰაუსის მუსიკის შესახებ დაწერილი რეცენზიების რაოდენობა გაცილებით ჩამორჩებოდა ყვითელი პრესის ცნობებს ემის დაპატიმრებებსა და ნარკოდამოკიდებულების შედეგებზე.

რეჟისორ ბარბარა კოუპლის ფილმი “მის შერონ ჯოუნსი” ცნობილ აფროამერიკელ, “ქალ ჯეიმს ბრაუნზე”, სოუილისა და ფანკის შემსრულებელზე მოგვითხრობს. ჯოუნსი ავთვისებიან სიმსივნესთან მებრძოლია, როგორც აშშ-ში უწოდებენ – Cencer Survivor–ია (კიბოსგან გადარჩენილი), რომელმაც მძიმე დაავადების მიუხედავად თავისი ბენდი Dap-Kings არ მიატოვა. შერონ ჯოუნსი გოსპელს ასრულებდა, მერე “ნიჭიერის” შოუშიც მონაწილეობდა, მაგრამ ამას მისი ცხოვრება არ შეუცვლია. მას მერე შერონი ხან ბანკის თანამშრომლად და ხან ბანკის დაჯავშნილი მანქანის მცველად მუშაობდა მანამ, სანამ ერთ დღესაც ფანკის ლეგენდის, ლი ფილდსის “ბექში” არ აღმოჩნდა. შერონ ჯოუნსმა თავისი პირველი ალბომი ორმოცი წლის ასაკში ჩაწერა, ხოლო პირველი “გრემი” სამოც წელს მიტანებულმა მიიღო.

"ჩერნობილის ბაბუშკები" - კადრი ფილმიდან

“ჩერნობილის ბაბუშკები” – კადრი ფილმიდან

“ცხოვრება აპოკალიფსის შემდეგ” – სწორედ ასე დავარქმევდი ჰოლი მორისისა და ენ ბოგარტის ფილმს “ჩერნობილის ბაბუშკები”. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის № 4 რეაქტორის გარშემო მკვდარი ზონაა, მაგრამ არა – ქალებისთვის, რომლებმაც თავისი სახლები არ მიატოვეს და დაბრუნდნენ იქ, სადაც სიკვდილი “რადიაციული კიბოსგან” ჩვეულებრივი ამბავია. ეს ფილმი არაა სვეტლანა ალექსეევიჩის “ჩერნობილის ლოცვა”, ის “ნეკროფილიასთან” გატოლებულ მიზიდულობაზე – საკუთარი მიწის სიმძიმის ძალაზეა. ამ “ბაბუშკებს” ოჯახის წევრები დიდი ხნის წინათ გარდაეცვალათ, მაგრამ ისინი იქიდან განა – ვერ, არამედ – არ მიდიან. “შიმშილით სიკვდილი რადიაციზე უარესია” – ამბობს ფილმის ერთ–ერთი გმირი. ამ ბებიებმა ყველაფერი გადაიტანეს – სტალინის დროინდელი “გოლოდომორი”, მეორე მსოფლიო ომი და ატომური აფეთქებაც. ამ “გამოყოფილ ზონაში” ოფიციალურად აკრძალულია სასოფლო – სამეურნეო პროდუქტების მოყვანა, მით უმეტეს, მათი დაგემოვნება. მაგრამ ბებიები ამ მიწის პროდუქტს არ უშინდებიან, სათევზაოდაც დადიან, თან თავს ირწმუნებენ, რომ ჩერნობილის ჰაერი უფრო სუფთაა, ვიდრე – კიევის, და სწყინთ, როცა “სხვა სამყაროდან” მოვლინებული სტუმრები მათ მიერ მოყვანილი ბოსტნეულის მირთმევაზე უარს ამბობენ… თავიდან ფილმის ავტორებს პოსტსაბჭოთა რეალობის ამსახველი, პოლიტიკური ნარატივის შექმნა უნდოდათ, მაგრამ ჩანაფიქრი ნელ–ნელა ტრანსფორმირდა იმ ქალთა ისტორიებად, რომლებიც სასიკვდილო ზონაშიც არ კარგავენ იუმორის გრძნობასა და, სხვათა შეფასებით, აბსურდულ სიჯიუტეს ავლენენ. მძიმე სნეულებით დაავადების რისკის ქვეშ ყოფნა “ბაბუშკებისთვის” ცხოვრებისეული ორდინარული პრინციპია – მკვლელი, მაგრამ მაინც მშობლიური მიწის სიყვარული.

დილან მაკგრის ფილმი “ერთხელ და სამუდამოდ” 1995 წელს პეკინში გამართული, მსოფლიოში ქალთა ყველაზე დიდი კონფერენციის მიზეზებსა და შედეგებს მიმოიხილავს. ისტორია გვატყობინებს, რომ აქ 189 ქვეყნის 47 ათასი ქალის ხმა გაჟღერდა. შეკრებილები შეჯერდნენ საბოლოო დოკუმენტის 399 პარაგრაფზე და ერთ დეკლარაციაზე. რასაკვირველია, ფილმშია მაშინდელი პირველი ლედი ჰილარი კლინთონიც, რომლის ფრაზა: “ადამიანის უფლებები არის ქალთა უფლებები და ქალთა უფლებები ადამიანის უფლებებია, ერთხელ და სამუდამოდ” 2016 წლის წინასაარჩევნო რბოლაში კლინთონის რესპუბლიკელ კონკურენტს, დონალდ ტრამპს ენაზე აქვს დახვეული… ტრამპმა არაო, ის ქალი, ვინც ქმარს მონიკა ლევინსკისა და მისნაირებს აპატიებსო, ქალთა უფლებების დამცველი არ არისო. ფილმი პეკინის ქალთა კონფერენციიდან ოცი წლისთავს ეძღვნება და მოგვითხრობს იმაზე, თუ რა გაკეთდა და რა–ვერა.

ჯულიეტ ჯორდანის ფილმი “მირიამი: სახლში მშობიარობა” მოგვითხრობს მსოფლიოში მეორე ყველაზე ძველ პროფესიაზე – ბებიაქალზე. დღეისათვის აშშ–ში სახლში მშობიარობის პრაქტიკა (პირადად მე მისი პოპულარობა ძალიან მაკვირვებს) ჩვეულებრივი ამბავი ხდება, მირიამი კი “უნივერსალური ძიძაა”, რომელიც ქალებს მშობიარობისთვის ამზადებს, რჩევებს აძლევს, მედიკამენტებით ამარაგებს და ხშირად ერთადერთი ადამიანია, რომელსაც კრიტიკულ სიტუაციაში ფიზიკური შველა და ფსიქოლოგიური პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია. მაგალითად, როგორც ეს ნიუ იორკის დამანგრეველი ქარიშხლის “სენდი” დროს მოხდა, როცა მშობიარის დასახმარებლად ბრუკლინიდან მანჰეტენისკენ მსუბუქი ავტომანქანით მიმავალი ბებიაქალი თავის სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, რათა ქალს ჩვილის ამქვეყნად მოვლინებაში დაეხმაროს. აქაც იწვევს ჩემს გაკვირვებას ის, რომ “სენდის” აგორებამდე საგანგაშო მდომარეობა–მობილიზაცია ლამის ერთი თვით ადრე იყო გამოცხადებული და რატომ აღმოჩნდა შვილის დაბადების მომლოდინე ოჯახი “დაუგეგმავ” კრიზისულ მდგომარეობაში, ამაზე პასუხს ფილმი არ იძლევა.
მიშელ ნეგროპონტისა და მიშელ მარენის ფილმი “მიშელ მარენის ავტობიოგრაფია” მოგვითხრობს მარენის გაქცევას მოძალადე ოჯახიდან ნიუ იორკის ქუჩებში, სადაც იგი ილუზიონისტის ასისტენტი, სილამაზის დედოფალიცა და პორნოვარსკვლავიც გახდა. ახლა, როცა მიშელი ასაკშია, შეზღუდულუნარიანია, ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს, იგი მარტო დარჩა… ერთხელაც მიშელ მარენმა ნეგროპონტის ფილმი – “იუპიტერის ცოლი” (რომელიც უსახლკარო, ფსიქიკურად დაავადებულ ქალზე მოგვითხრობს, 1995 წ.) ნახა, რეჟისორს დაუკავშირდა და დაარწმუნა, რომ ფილმის გადაღება მის ცხოვრებაზეც ღირდა. ფილმზე პროფესიონალისა და არაპროფესიონალის ერთობლივი ნამუშევარი მიშელ მარენისთვის ერთგვარი ფსიქოთერაპია, პერფორმანსი და საჯარო აღსარებაც გახდა. ეს ყველაფერი კი მთავარ გმირს წარსულის ტრავმებისგან გათავისუფლებაში დაეხმარა.

ჯილიან არმოსტრონგის “ქალები, რომლებსაც იგი ტანსაცმელს ხდიდა” (ფილმი პროგრამის “სცენის მიღმა” აჩვენეს) ჰოლივუდის კინოინდუსტრიის ლეგენდარულ ავსტრალიელ დიზაინერზე, სამი ოსკარის (მათ შორის ფილმისთვის – “ზოგიერთს ეს ცხელი უყვარს”) მფლობელ ორი – კელიზეა. მან 285 ფილმის ქალ მსახიობს (მერლი ობერონი, ოდრი ჰეპბერნი, ბეტ დევისი, ინგრიდ ბერგმანი, ავა გარდნერი, მერლინ მონრო და ა.შ.) ჩააცვა/გახადა და მათი იმიჯები უკვდავყო. ამ გენიალური მხატვრის შესახებ, რომელმაც სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა, მოგვითხობენ ენ როტი, ჯეინ ფონდა და ენჯელა ლანსბური.
ჯენიფერ რედფირნის “შეეხე სინათლეს” სამ კუბელ ქალზეა, რომლებსაც, ერთი შეხედვით, მხოლოდ ის აქვთ საერთო, რომ უსინათლოები არიან. სამი ექსტრაორდინარული, სხვადასხვა ასაკის ადამიანის ცხოვრება კუბის რევოლუციის დოკუმენტალური აღწერილობის ფონზე “თამაშდება”. სიბრმავის გარდა მათ აერთიანებთ ყოველდღიური ბრძოლა და ეს ბრძოლა დამოუკიდებელი არსებობისთვის ბრძოლაა. მაშინაც კი, როცა გარშემო ბევრს, მათ შორის, საკუთარ დედასაც, არ სჯერა, რომ ეს შესაძლებელია.

"შეეხე სინათლეს" - კადრი ფილმიდან

“შეეხე სინათლეს” – კადრი ფილმიდან

ჯეკ უალშის “გრძნობები ფაქტებია: ივონ რეინერის ცხოვრება” მოგვითხრობს რევოლუციონერ ქორეოგრაფზე, ფემინისტზე, “პროფესიულ პროვოკატორზე”, რომელიც დღესაც, ოთხმოცი წლის ასაკში მსოფლიოს ერთ–ერთი აქტიური შემოქმედია. ივონ რეინერი ომისშემდგომი ამერიკის ბალეტის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მოცეკვავეცაა. ფილმის სახელწოდება ივონის ავტობიოგრაფიული წიგნიდანაა ნასესხები, ფრაზა – “გრძობებები ფაქტებია” კი ივონის ფსიქოთერაპევტის ნაამბობიდანაა. “მე მაქვს ჩემი პოტენციის გრძნობა და მე ჩემს გზაზე ვივლი” ამბობს რეინერი, რომელიც არაერთი ავანგარდისტი ქორეოგრაფისთვის შთაგონების წყარო გამხდარა.

ჰიჩკოკი/ტრიუფო

“ჰიჩკოკი/ტრიუფო” – კადრი ფილმიდან

დეივიდ კორნფილდის “წითელი ქოლგის დღიურები” შვიდი ნიუ იორკელი სექსმუშაკის მიერ მოთხრობილი ისტორიებისგან შედგება. “წითელი ქოლგა” ორგანიზაციაა, რომელიც სექს–ინდუსტრიას სწავლობს. ეს ადამიანები მუშაობენ “ექსკორტებში”, სტრიპტიზ–ბარებში, ქუჩაში, ერთ დღეს კი მაყურებლის წინაშე საჯარო თეატრის Joe’s Pub –ის სცენაზე გამოვიდნენ და თავიანთ ცხოვრებაზე ისაუბრეს. პროსტიტუცია ოდითგანვე, გარდა იმისა, რომ უძველესი პროფესიაა, ამავე დროს, სოციალური რეალობის ყველაზე მარგინალიზირებულ – კრიმინალიზირებული სფერო იყო და ამად რჩება. ფილმში ქალი, კაცი და ტრანსგენდერი სექსმუშაკები საუბრობენ ოჯახზე, მეგობრობაზე, რელიგიაზე და მათ მიმართ მასმედიის დამოკიდებულებაზე.
კინოფესტივალის “სპეციალური მოვლენის” ფარგლებში გაიმართა კენტ ჯოუნის “ჰიჩკოკი/ტრიუფოს” (ტრიუფოს ერთკვირიანი ინტერვიუ ჰიჩკოკთან და სხვა ცნობილი რეჟისორების აზრები ჰიჩკოკის ფილმებზე), ლაურა რიჩარდისა და მოირა დემოსის “მკვლელობის შექმნისა” (რეალური კრიმინალური ქეისების სერია იმაზე, თუ რა რჩება გამოუძიებელი) და ჯეიმს კრამფის “სიმშვიდის დამრღვევები: მოთხრობა მიწის ხელოვნებაზე” ( 1960-70 – იანელ ნიუ იორკელ არტისტებზე, რომლებმაც შეცვალეს გალერეის მასშტაბის ცნებები და დედამიწა ექსპოზიციად გადააქციეს) პრეზენტაცია. გარდა ამისა, DOCNYC – მა წარადგინა  “სიურპრიზი ჩვენებაც”, როცა დარბაზში მსხდომებმა ბოლო წუთამდე არ იცოდნენ, ეკრანზე რომელ ფილმს იხილავდნენ.
ფესტივალის კონკურსი Viewfinder (შეიძლება ითარგმნოს, როგორც “შეხედულების მაძიებელი”) დედამიწის გარშემო ერთგვარი პოლიტიკურ–კულტურულ–ეკოლოგიურ–სოციალური მოგზაურობაა, რომელიც მოგვითხრობს იმაზე, რასაც დღევანდელი რეიტინგული მედიიდან ვერასოდეს გაიგებთ. ათი უდავოდ საინტერესო ფილმებიდან ოთხს გამოვყოფდი. ესენია ფრედრიხ მოსერის “კარგი ამერიკელი”, სეთ კრამერის “ანთროპოლოგი”, იან ჩენის “ცისფერი სივრცე” და კოსმო მელენის “სინათლის მწარმოებლები”.

"გრძნობები ფაქტებია - კადრი ფილმიდან

“ქალები, რომლებსაც იგი ტანსაცმელს ხდიდა” – კადრი ფილმიდან

“კარგი ამერიკელი” აქტუალური ნარატივია უპირველესად იმიტომ, რომ ის ტერორისტული აქტების პრევენციის შესაძლებლობაზე, ერთი საჭირო პროფესიის უჩინარ ადამიანზე, ამერიკელ სუპერანალიტიკოსზე, ბილ ბინიზე და მისი მცირერიცხოვანი გუნდის საქმიანობაზე მოგვითხრობს. ეს ადამიანი ხელისუფლებას დაუპირისპირდა, ხოლო ვიწრო პროფესიულ წრეებში იმით გაითქვა სახელი, რომ დღესაც ამტკიცებს – 11 სექტემბრის ტერაქტის პრევენცია სავსებით შესაძლებელი იყოო. “ანთროპოლოგი” გადაღებულია ორი მეცნიერი ქალის მონათხრობის საფუძველზე. ერთია მარგარეტ მიდი, რომელიც ამერიკაში კულტურული ანთროპოლოგიის ცნობილი პოპულარიზატორია და მეორე – ეკოანთროპოლოგი სიუზი კრეიტი, რომელიც კლიმატის ცვლილებებს სწავლობს.

ეკოლოგიურ თემას აგრძელებს “ცისფერი სივრცე”, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას – წყლის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. არც დედამიწაზე და არც მარსზე. “სინათლის მწარმოებლები” ვინს გილიგანის “მძიმე დანაშაულის” დოკუმენტურ მასალად და ჯოპლინსა და უიანჰაუსზე გადაღებული ფილმების ერთგვარ შემაჯამებელ აკორდად მომეჩვენა. უბრალოდ, ეს დოკუმენტური ფილმი პოპულარულ სერიალზე უფრო მეტი მასშტაბისაა, რადგანაც 1960 – იანებში ამერიკულ კონტრკულტურაზე, ნარკოტიკულ თრობაზე, უტოპიურ ოცნებებსა და მათ მტკივნეულ მსხვრევაზე მოგვითხრობს.
ლორა გაბერტის ფილმის სახელწოდება – “გოლდის ქალაქი” – სიტყვების თამაშითაა შერჩეული. “გოლდი” ქართულად ოქროა და ამავე დროს “გოლდი” ცნობილი ამერიკელი კულინარული მიმომხილველისა და რესტორნული კრიტიკოსის, პულიტცერის ჯილდოს მფლობელის ჯონათან გოლდის გემოვნებასა და მის “ტრფობის საგანზე”, “ანგელოზების ქალაქზე” – ლოს ანჯელესზეა. უფრო სწორად, ამ ორის ურთიერთსიყვარულზე. კერძების ექსპერტი თვლის, რომ მსოფლიოში ყველას თავისებური წარმოადგენა აქვს, თუ როგორია მულტიკულტურული ლოს ანჯელესი, რომლის მაგნეტიზმი მითოლოგიურ ზომებისაა. ეს ქალაქი ამერიკული სულისა და ამერიკული ოცნების კოლეიდოსკოპია. ის შედგება მარტივი მამრავლებისგან: ემიგრანტების ეთნოკერძების საიდუმლო რეცეპტებისგან და ეგზისტენციალური სიცარიელისგან, რომელსაც ხანდახან L.A.- ის ხმაური ავსებს.

"მამა, არ წახვიდე" - კადრი ფილმიდან

“მამა, არ წახვიდე” – კადრი ფილმიდან

ემილი აბტის “მამა, არ წახვიდე” იმ აქტუალურ თემას ეხება, რომელსაც კინოდოკუმენტალისტები არც ისე ხშირად მიმართავენ: მარტოხელა მამები (ფილმში ერთ–ერთს მეგობარი ქალი ჰყავს), რომლებსაც მშობლის პროფესიის ათვისება, ფაქტობრივად, მაშინ მოუხდათ, როცა ბავშვის პირისპირ მარტო, შვილის დედის გარეშე დარჩნენ. ფილმი მოგვითხრობს ოთხი ოდნავ განსხვავებული სოციალური სტატუსის მქონე მამის შესახებ, რომელთა გარშემო ბიუროკრატია, უმუშევრობა და მკაცრი კანონია. ემილი აბტი ფილმს ორი წლის განმავლობაში იღებდა, დოკკინოფესტივალზე ჩვენებისას კი ავტორების გარდა რეჟისორი ფილმის მთავარ გმირებთან ერთად წარსდგა. ერთ–ერთი მამა, ქუჩის ბანდის ყოფილი წევრია, მეორეს სწავლისა და სამსახურის პოვნის სიძნელეების გადალახვა უხდება, მესამე მშობლებთან ცხოვრობს და ამ ეტაპზე საცხოვრებლის პოვნის პრობლემა არ აწუხებს, მეოთხის სასამართლო პროცესებზე განიხილავენ მის უუნარობას მანქანის მართვის მოწმობა აიღოს, ხოლო ქალი მოსამართლე კი მას ეჩხუბება. ფილმი სტატისტიკურ მონაცემებს გვთავაზობს: ცხრა აფროამერიკელი ბავშვიდან ერთი უმამოდ იზრდება. თუმცა ამ ოთხი მამიდან მხოლოდ ორია აფროამერიკელი, რაც მოწმობს იმას, რომ მარტოხელა მამისა და მის გარშემო სოციალური ინფრასტრუქტურის არარსებობა არაა მხოლოდ ამ კონკრეტული თემის პრობლემა. ეს საზოგადოების დაბალი შემოსავლის მქონე სტრატას მუდმივი თანმდევია და იმისიც, რომ არც ერთი ამ მამათაგანი არ იყო მზად მშობელი გამხდარიყო. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მათ შვილები არ უყვართ ან არ იბრძვიან იმისთვის, რომ ბავშვი სახელმწიფომ კი არა, თავად აღზარდონ, ანუ არსებული არასახარბიელო სოციალური პირობების მიუხედავად ბავშვზე მეურვეობის უფლება მოიპოვონ.

***

DOCNYC–ის მიმდინარეობისას გაიმართა არაერთი საფესტივალო პროგრამა, მათ შორის, მოკლემეტრაჟიანი, სპორტული და ძველი ფილმების ჩვენებაც. ამ უკანასკნელის ფარგლებში აჩვენეს 1970 წელს გადაღებული “მომეცით თავშესაფარი” (რეჟისორები: ლეგენდარული ამერიკელი დოკუმენტალისტები ძმები მეისლესები) და ჯონ ალფერტის “კრეკის ქუჩის მაღლა: ლოუელში დაკარგული სიცოცხლეები” (1995) ნარკომანების მძიმე და სასოწარკვეთით სავსე ცხოვრებაზე, რომელიც ციხესა და სარეაბილიტაციო დაწესებულებას შორის მუდმივი მიმოსვლისგან შედგება.

12630806_10208454164779599_1270839282_o

“გრძნობები ფაქტებია: ივონ რეინერის ცხოვრება”-კადრი ფილმიდან

დოკუმენტური ფილმების ფესტივალი გარდა კინოსაპრეზენტაციო პროგრამებისა საგანმანათლებლო პროექტებისგანაც შედგებოდა. კინოს პროფესიონალები/ პროდიუსერები ატარებდნენ მასტერკლასებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ანიმაცია, რედაქტირება, დიზაინი, გრაფიკა, გახმოვანება, საერთაშორისო კოპროდუცირება, ფინანსების მოპოვება, მოლაპარაკებების ტექნიკა, არქივირება და აგენტებთან ურთიერთობის უნარ–ჩვევები. დასაწყისში აღვნიშნე, რომ დოკუმენტური ფოლმების ეს ფესტივალი ერთგვარად ქალზე ფოკუსირებული კინოჩვენებებისგან შედგებოდა, თუმცა თვალში საცემი ისიც იყო, რომ ამ კინომოვლენამ ყველაზე მეტი ქალი რეჟისორის ნამუშევარი შეკრიბა. ერთ–ერთმა კვლევამ* აჩვენა, რომ კინოფესტივალებზე წარდგენილი დოკუმენტური კინოს რეჟისორებიდან 28 პროცენტი ქალია, მეექვსე DOCNYC –ზე კი ისინი – 37 პროცენტზე მეტნი იყვნენ, მათ შორის ისინიც, ვინც რეჟისორობის გარდა ფილმის პროდიუსერობაც შეითავსეს.

* Independent Women: Behind-the-ScenesEmployment on Festival Films in 2013-14

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე