თეორია და პრაქტიკა

პრაქტიკა-ჭეშმარიტების კრიტერიუმი
ამა წლის 11 თებერვალს მთელი მსოფლიო გრავიტაციული ტალღების აღმოჩენაზე ალაპარაკდა. ამ აღმოჩენის მნიშვნელობაზე არაერთმა ქართველმა თუ უცხოელმა მეცნიერმა ისაუბრა. ყველა მათგანი ასევე აღნიშნავდა, რომ გრავიტაციული ტალღების არსებობა ასი წლის წინ ცნობილმა ფიზიკოსმა ალბერტ აინშტაინმა ივარაუდა. 2016 წლამდე ამ ტალღების არსებობა მხოლოდ ვარაუდი ანუ თეორია იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ობსერვატორია LIGO-ში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად ვარაუდი დადასტურდა. პრაქტიკამ თეორიის სისწორე დაადასტურა.

საზოგადოებრივ პროცესებს ე.წ. სოციალური მეცნიერებები (სოციოლოგია, პოლიტოლოგია, კულტუროლოგია და ა.შ) სწავლობენ. სტიქიური ხასიათისა და დროში განვრცობადობის გამო ამა თუ იმ საზოგადოებაში განვითარებული პროცესების ზუსტად პროგნოზირება რთული ამოცანაა. ფიზიკისგან განსხვავებით, სოციალური პროცესების წარმმართველი კანონზომიერებების აღმოჩენა ჭირს. მთელ საზოგადოებაზე ექსპერიმენტული დაკვირვების ჩატარება შეუძლებელია.

საზოგადოება ურთიერთსაწინააღმდეგო ხედვების მქონე ადამიანებისგან შემდგარი ჭრელი და წინააღმდეგობრივი ორგანიზმია. მასში შემავალი ცალკეული პიროვნებები თუ ჯგუფები ქვეყნის მომავალს განსხვავებულად ხედავენ. მათი მოლოდინები, ვარაუდები და პროგნოზები ერთმანეთს არ ემთხვევა. ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფები საზოგადოების განვითარების განსხვავებულ მოდელებს წარმოგვიდგენენ ხოლმე და საწინააღმდეგო აზრის მიმართ კრიტიკული, ხშირად კი ეჭვიანი დამოკიდებულება აქვთ.

ჩანასახის მდგომარეობაში მყოფი ქართული საზოგადოების მოზრდილი ნაწილი ცვლილებებს ეჭვის თვალით უყურებს და სიახლის შემოტანის თაობაზე შიშებს გამოთქვამს. შიშები და ფობიები, როგორც წესი, შეთქმულების თეორიებითაა გაჯერებული. რეალურ ფაქტებს მითქმა -მოთქმა, ჭორები და საღი გონებისთვის ძნელად აღსაქმელი ინტერპრეტაციები ემატება. შედეგად, მობილიზაციურ – ე.წ. ალყაში მოქცეულ ციხესიმაგრეში მცხოვრები საზოგადოების მოდელს ვიღებთ. სოციალური ტემპერამენტით დაჯილდოებული აქტიური ჯგუფები ხილული და უხილავი მტრისგან შემოტევების მოლოდინში ათენ-აღამებენ და ყველაფერში შეთქმულებებს ხედავენ. ადამიანებს გულწრფელად სჯერათ, რომ ქართველობას გვართმევენ, მართლმადიდებლობას ებრძვიან და ტრადიციებს გვინგრევენ.

ფუნდამენტურ და სოციალურ მეცნიერებებს შორის არსებული უთანასწორობის შესახებ ზემოთ უკვე ვილაპარაკე. საქართველოში შეთქმულების თეორიების უამრავ ადამიანს სჯერა. მათი თეორიული ვარაუდების ექსპერიმენტული მეთოდით შემოწმება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში მეცნიერულ ცდას ვერ ჩაატარებ. ქართველობის წართმევის თუ ტრადიციების დანგრევის შესახებ გამოთქმულ ვარაუდებს ვერც ერთ ლაბორატორიაში ვერ შეამოწმებ. ამ შემთხვევაში სოციალური ექსპერიმენტიც უძლურია.

ჭეშმარიტების დადგენის ერთადერთი გზა უშუალოდ ცხოვრებაზე დაკვირვებაა. ცხოვრება, როგორც პრაქტიკა. ამ შემთხვევაში სიმართლის დასადგენად დროის გარკვეული მონაკვეთის პრიზმიდან საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებზე თვალის შევლება გამოდგება. „ექსპერიმენტის’’ ჩასატარებლად უახლესი ისტორიის გახსენება მოგვიწევს.

ფარული და ღრმად კონსპირირებული ძალების მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის შესახებ მითებმა კონცენტრირებული სახით გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში იჩინა თავი. ჯერ ეს პროცესები ფრაგმენტული და ეპიზოდური იყო. ყველაფერი უწყინარი ცელქობით დაიწყო. ტელევიზიით გადმოიცემოდა ფსევდოდოკუმენტური ფილმები, საიდანაც გვიყვებოდნენ, რომ როკმუსიკა სატანისტურია და როკვარსკვლავთა სიმღერების ტექსტებში ლუციფერის სადიდებელი სიტყვებია დაშიფრული. მაიკლ ჯეკსონი ცეკვის დროს ლათინური ანბანის ასო S-ის პოზას იღებს და ესეც სატანისადმი გზავნილია. შემდეგი ეტაპი დალესის გეგმა, მასონური ლოჟები, მხეცის ნიშნები და საყოველთაო დაცვის პრობლემებზე საუბარი იყო . პარალელურად სასულიერო პირები გვიყვებოდნენ ამბებს ნაირ-ნაირი მართლმადიდებლური სასწაულების შესახებ. დროის მოთხოვნებს აყოლილი ჟურნალისტები ამზადებდნენ რეპორტაჟებს მონასტერში სასწაულებრივად მოქანავე ჭაღებზე, მართლმადიდებლურად მორჩილ გველკუებზე და მსგავს ეგზოტიკაზე. თავიდან ეს ყველაფერი ირონიულ ღიმილს იწვევდა. მაგრამ გავიდა არც ისე ბევრი წელი და აღმოჩნდა, რომ ეს სახალისო მისტიკა ბევრმა დაიჯერა და სასაცილოდ საქმე სულაც არ ყოფილა.

ტვინების გამორეცხვამ შედეგი გამოიღო და ზომბირებულმა მასამ სულ მალე თვითორგანიზებაც დაიწყო. ბასილ მკალავიშვილმა ე.წ. სექტანტებზე ნადირობა გამოაცხადა. თუმცა უფრო ნიშანდობლივი ექსცესი ქართული კულტურული მემკვიდრეობის საზღვარგარეთ გამოფენაზე გატანის ამბავს უკავშირდება. გამოფენის მოწყობა ამერიკის შეერთებულ შტატებში იგეგმებოდა. მომწყობები ხელოვნების სხვა ნიმუშებთან ერთად ეროვნულ მუზეუმში დაცული ხატების გამოფენაზე წაღებასაც გეგმავდნენ. ხმაური სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. ადამიანები ხატების გამოფენაზე გატანას დაუშვებლად მიიჩნევდნენ და საკუთარ პოზიციას ათასგვარი არგუმენტით ამყარებდნენ. დაიწყეს იმით, რომ ამერიკა უკულტურო ქვეყანაა და ისტორია არ აქვთ. შემდეგ ბრძანეს, რომ კათოლიკურ ქვეყანაში ჩვენი ხატები არ უნდა მოხვდეს (აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობა პროტესტანტია. ამავე დროს ამ ქვეყანაში დაახლოებით 5 მილიონი მართლმადიდებელი ცხოვრობს) შემდეგ თქვეს, რომ ამერიკა ხატებს ვალის სანაცვლოდ დაიტოვებს და უკან წამოღებას დაგვიშლის. ბოლო არგუმენტი მისტიკური იყო : ხატები მადლს დაკარგავენ. ალბათ ამერიკული ჰავა მადლს შეიწოვს და ხატები სასწაულმოქმედ ძალას დაკარგავენ. ერთი სიტვით, ის გამოფენა ჩაიშალა და უცხოეთისთვის ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა ვერ მოხერხდა. ეს შემთხვევა შეთქმულებების თეორიებით დამუშავებული ადამიანების საზოგადო ფაქტორად ქცევის ერთ- ერთი პირველი შემთხვევა იყო.

მოსახლეობაში მაგიური ცნობიერების მატებასთან ერთად კონსპიროლოგიის დარგი რაოდენობრივად და ხარისხობრივად გაიზარდა. მოგვიანებით ქვეყანაში რამოდენიმე საეტაპო და მასშტაბური აურზაური მოხდა. პირველი ასეთი მღელვარება პასპორტიდან ეროვნების აღმნიშვნელი ჩანაწერის ამოღებამ გამოიწვია. ამ საკითხზე პარლამენტის დარბაზში დებატებიც კი გაიმართა. ქვეყნის იმდროინდელ მმართველ ედუარდ შევარდნაძეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ერთგული ინტელიგენციის მოხმობაც კი დასჭირდა. უამრავი დებატი და კამათი გაიმართა სხვადასხვა ტელეარხებზეც. შფოთის მიზეზი ე.წ. ეროვნულ საკითხზე შეხება სახელდებოდა. ლოგიკა მარტივი იყო: პასპორტიდან ჩანაწერს იღებენ, ესე იგი ქართველობას გვართმევენ. ‘’ქართველობის დაკარგვის’’ წინააღმდეგ პატრიარქიც კი გამოვიდა თუმცა იმ ხანად ილია მეორეს დღევანდელი რეიტინგი და გავლენა არ ჰქონდა.

პასპორტში მოქალაქეს ეთნიკური წარმომავლობის აღნიშვნის ტრადიცია სსრკ-დან გვერგო. საბჭოთა-სტალინურ ნაციონალურ პოლიტიკაზე დაწვრილებით საუბარი შორს წაგვიყვანს. მოკლედ შეიძლება ის ითქვას, რომ სსრკ-ში ნაციონალური პოლიტიკა მთლიანად რუსულ-იმპერიულ ინტერესებზე იყო მორგებული. ამ დიდი იმპერიის შემქმნელი მაორგანიზებელი და სტრატეგიის განმსაზღვრელი ფუნქცია რუს ერს ჰქონდა თავის თავზე აღებული. სსრკ-ს ბირთვი და ღერძი რუსი ერი იყო. შესაბამისად, სტრატეგიული გეგმარება იდეოლოგიური საფუძველის შემუშავება მართვა- გამგეობა და ზოგადად აზროვნება რუსული ელიტის პრეროგატივა იყო. საბჭოთა კავშირის ნაციონალური პოლიტიკა იმპერიის განაპირა პროვინციებში მცხოვრებ ხალხებს ეთნიკური ჯგუფების და ეგზოტიკური ტომების ფაზაში აკონსერვებდა. რუსი ადამიანი მომავალზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული. ის თავს ზესახელმწიფოს მოქალაქედ მიიჩნევდა და მაღალი მისიის განცდით ამ მომავალს ქმნიდა. სხვა კოლონიზირებულ ხალხებთან ერთად ქართველი ადამიანის მოქმედების მოდუსი დაუსრულებლად წარსულის გახსენება და რეპროდუცირება იყო. მისი სიამაყის და ინსპირიაციის საგანი წარსულში მდებარეობდა. ქართველის ფუნქცია წარსულის რეპრეზენტირება იყო. მის დღის წესრიგს წარსული განსაზღვრავდა. თვითდამკვიდრების და ნაციონალური სენტიმენტის რეალიზების მთავარი ადგილი კი სუფრა იყო. რა თქმა უნდა, საბჭოეთის ხანაში ქართველი მეცნიერები და ორგანიზატორებიც არსებობდნენ, მაგრამ ამ ადამიანების თვითრეალიზაცია მხოლოდ საბჭოურ ანუ რუსულ-იმპერიულ კონტექსტში იყო შესაძლებელი. ქართველებს საკუთარი სახელმწიფო პროექტი არ ჰქონდათ. მათი კოლექტიური საავტორო უფლებები რუსეთის კუთვნილება იყო.

გავიდა დრო, სსრკ დაინგრა და სახელმწიფო დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. დღის წესრიგი რადიკალურად შეიცვალა. ქართველის წინაშე მისთვის კუთვნილი სივრცის ორგანიზების ამოცანა დადგა. სახელმწიფო ინტერესები ამ ქვეყანაში მცხოვრები თითეული მოქალაქის საერთო საქმეში ჩაბმას მოითხოვს. საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეთა სახელმწიფო სივრცეში ინტეგრირება სასიცოცხლო ამოცანაა. პასპორტში ეთნიკური წარმომავლობის ჩაწერა და ამ ნიშნით ადამიანების დაყოფა ქვეყნის ინტერესში არ შედის.

ნაციონალური იდენტობის ბეჭდიანი ქაღალდით დასაბუთება თავისთავად აბსურდია. თუმცა ასეთი ქაღალდის გაუქმება ბევრი ადამიანისთვის არა მხოლოდ სიმბოლური პრივილეგიის დაკარგვას ნიშნავდა. ზოგი თვლიდა, რომ ქართველს კანონით გამყარებული პრივილეგია უნდა ჰქონდეს და ამ პრივილეგიების მისაღებად ბეჭდიანი ქაღალდი უნდა წარადგინოს.

შემდეგი ვნებათაღელვა რელიგიური გაერთიანებების რეგისტრირების კანონს მოჰყვა. ამ კანონით ქვეყანაში ფაქტობრივად არსებულ კონფესიებს ოფიციალურად დარეგისტრირების საშუალება მიეცათ. ბევრმა აქაც ეგზისტენციალური საფრთხე დაინახა და თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობები მოეწყო. ლოზუნგით-მართლმადიდებლობას ებრძვიან. ეს შემთხვევა აქციებში მონაწილე ე.წ. ცნობადი სახეების კარიკატურულ პერსონაჟებად ტრანსფორმირების გარდა საზოგადოებაში არსებულ შიშებზე დაკვირვების კარგი საშუალება იყო. შიშები მეტწილად გაუცნობიერებელი და ირაციონალური გახლდათ. მასების ნევროტული რეაქცია ამ შემთხვევაშიც სიმბოლური უპირატესობის დაკარგვით იყო გამოწვეული. სხვა რელიგიური ორგანიზაციების დარეგისტრირების ფაქტი ადამიანებმა მართლმადიდებლობასთან ბრძოლად მიიჩნიეს. მათთვის თავად კანონის შინაარსი მეორეხარისხოვანია. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ პარლამენტმა კანონი მიიღო. ბოროტი ენები ამბობენ, რომ იმდროინდელ ხელისუფლებას საპატრიარქოს დაშოშმინება რამდენიმე მილიონად გადახდილ ქრთამად თუ ხარკად დაუჯდა.

კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა სულ ახლახან პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს მოხდა. ისტორია აქაც განმეორდა და, როგორც ხდება ხოლმე -ამჯერად უკვე ფარსად. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა იმართლმადიდებელმშობელთაკავშირა. თვითგამოცხადებულმა რაინდმა ლ.ვასაძემ პოეტურ ნიჭს გზა ფართო მისცა და ტელესტუდიიდან მომავალი იწინასწარმეტყველა. ამ კანონის მიღების შემდეგ პერვერტები სკოლაში ვარდისფერი კოლგოტკებით მივლენ და მასწავლებლად მუშაობას მოითხოვენო – რაინდის მიერ დანახული მომავალი დაახლოებით ასეთი იყო. თავად სკოლის მფლობელს დაავიწყდა, რომ განათლების სისტემაში შემავალ სკოლებში შიდა განაწესი მოქმედებს და მასწავლებელს ეტიკეტის დაცვა ევალება. არც ერთ ქვეყანაში მასწავლებლები სკოლაში ბეთმენის, სპაიდერმენის, ოჩოპინტრეს, ჰიტლერის თუ რაინდის ფანტაზიაში დაბადებული ხატსახისებური სამოსით არ დადიან.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ფსევდოარქაიკის დღევანდელობასთან დაპირისპირების შემთხვევები სხვაც ბევრი იყო. ყველას ჩამოთვლა ტექსტს დაამძიმებს. ეს მოვლენები საზოგადოებრივ პროცესებზე დაკვირვების და დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს. ზემოთ მოთხრობილ მოვლენებს უკვე წლები გვაშორებს. საზოგადოების მოზრდილ ჯგუფებში არსებული შიშებისა და მოლოდინების ხანდაზმულობის ვადა დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. დრო საუკეთესო ექსპერიმენტატორი და საზოგადოებაზე დაკვირვების კარგი საშუალებაა. ვნახოთ, ფობიებით შეპყრობილი ადამიანების თეორიების სისწორე პრაქტიკამ რამდენად დაადასტურა.

1.)პასპორტიდან ეროვნების აღმნიშვნელი რეკვიზიტის ამოღებით ქართველობა არავის დაუკარგავს. ასეთ ადამიანს ვერ ვიპოვით. ეროვნების დამადასტურებელი ბეჭდიანი ქაღალდის ფლობის სურვილი დროში აცდენა და იმ ფაქტის ვერგაცნობიერებაა, რომ საკუთარ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. სახელმწიფოს მოქალაქეობა კი გარკვეულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

2.) რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის შედეგად მართლმადიდებლობა არ დაზარალებულა. ეკლესიის ავტორიტეტს რომელიმე კანონი კი არა სასულიერო პირების სიხარბე და აბსურდული გამონათქვამები აზარალებს.

3.) არც რაინდის წინასწარმეტყველება ახდა და ვარდისფერკოლგოტკიანი კაცების პედაგოგებად დასაქმების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ისტორია ამით არ მთავრდება. ადამიანები ფობიების კულტივირებით სიამოვნების მიღებას აგრძელებენ და ახალ- ახალ საფრთხეებს იგონებენ. მათი ყურადღება ამჯერად სასკოლო საგანმა ‘’მე და საზოგადოებამ’’ მიიპყრო. საპატრიარქოში განათლების მინისტრი დაიბარეს და საგნის ტექსტიდან მათთვის მიუღებელი სიტყვები ამოაღებინეს. ‘’რაინდი’’ და მისი ამალა ისევ არ ცხრება და ‘’მე და საზოგადოების’’ საერთოდ გაუქმებას ითხოვენ. ალბათ ეს შემთხვევაც უკვე ჩვეული სცენარით განვითარდება და დასრულდება. წლების შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ მათი შიშები უსაგნო ყოფილა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი