ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

“ბერდლენდის” ქართველები

“ბერდლენდის” ქართველები

ნიუ იორკის ცნობილი ჯაზ კლუბი Birdland (1949) ქალაქის ცენტრში, ყველაზე თეატრალურ უბანში მდებარეობს. მისი სახელი ლეგენდარული საქსოფონისტისა და კომპოზიტორის ჩარლი პარკერის ზედმეტსახელების Yardbird–სა (ახალწვეული) და Bird (ჩიტი) -ისგანაა ნასესხები.

ჩარლი პარკერი, რომლის სიტყვები “ბერდლენდი” – მსოფლიოს ჯაზის კუთხე” კლუბის შესასვლელთან შემოგეგებებათ, აქაურობის არც ისე ხშირი სტუმარი იყო, აი, სხვები – ჯონ კოლტრეინი, დიზი გილესპი, თელონიუს მონკი, სტენ გეცი, მაილს დეივისი, ჯონ სმითი, ლენი ტრისტანო, ლესტერ იანგი, არტ ბლეიკი, ჰარი ბელაფონტე კი ამ ადგილს ხშირად სტუმრობდნენ.

კლუბის ჯაზსიმყუდროვის მოყვარულები იყვნენ და აქ საღამოებს ატარებდნენ ფრენკ სინატრა, ავა გარდნერი, რეი რობინსონი, ჯო ლუისი, გერი კუპერი, მერილინ მონრო, ჯუდი გარლანდი და მარლენ დიტრიხი. ერთ მშვენიერ საღამოს კი იმ სცენაზე, რომელსაც ჯეკ კერუაკი თავის ნაწარმოებში “გზაზე” ახსენებს, ქართველებიც გამოვიდნენ.

პიანისტი, კომპოზიტორი, ბერკლის სამუსიკო კოლეჯის კურსდამთავრებული ბაჩა მძინარაშვილი თავის ბენდთან ერთად უკრავდა და თან თავის პედაგოგთან, მესაყვირე დარენ ბარეტთან ერთად ჩაწერილ ალბომს “ღიმილი” წარადგენდა. ხუთასადგილიან არტსივრცეში ქართველების სიმრავლე იყო. ბაჩა მძინარაშვილთან ერთად ქართველმა მომღერალმა, ჯულიარდის სტუდენტმა ნატალია ქუთათელაძემ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა “ორღანი 78” შეასრულა.

„საქართველოში ჩემი პედაგოგი იყო ქალბატონი ნათელა ცაგარეიშვილი; აშშ-ში კი ჩემი მასწავლებლები დარენ ბარეტი, რეი სანტისი, ალან მალეტი არიან“ – მიყვება ბაჩა, „2015 წლიდან საცხოვრებლად ნიუ იორკში გადმოვედი, რადგან მიმაჩნია, რომ ჯაზის მუსიკოსისთვის ეს ქალაქი საცხოვრებლად ყველაზე შესაფერისი ადგილია. ბავშვობიდან ყველა ჟანრის მუსიკას ვუსმენ, ყველა კარგ მუსიკოსთან ერთად სიამოვნებით დავუკრავდი. მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად გადაიქცა, ჯაზი კი – აზროვნების თავისუფლებად. ჯაზის შესრულებისას ჩემთვის მთავარია მსმენელში ის ემოციები და განცდები აღვძრა, რასაც დაკვრისას თავად ვგრძნობ. მინდა, რომ აუდიტორია ჯაზის ინტონაციებთან ცოცხალ კონტაქტს გრძნობდეს.“

თქვენი ბენდი როგორ შეკრიბეთ?

ჩვენი ბენდი ჩემი კოლეჯში სწვლისას შეიქმნა. პირველად ერთად კი 2011 წელს “შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე” დავუკარით. შემდეგ ჩავწერეთ ჩემი სადებიუტო ალბომი “ღიმილი”, რომლის პრეზენტაციაც Birdland-ში შედგა. ჯაზის მუსიკოსებს ერთმანეთთან კომუნიკაცია უნდა შეეძლოთ და თუ ეს ურთიერთობა შედგა, მაშინ ბენდი, როგორც ერთი ინსტრუმენტი, ისე აჟღერდება. ახლო მომავალში მინდა კიდევ ერთი ბენდი – ტრიო ჩამოვაყალიბო. “ბერდლენდში” კი ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ბატონმა დიმიტრი ტვილდიანმა წარმადგინა. იქ დავტოვე ალბომი, რათა მოესმინათ და ჩვენზე გარკვეული წარმოდგენა შექმნოდათ. მოწვევა კონცერტის ჩატარების წინადადებით კი მალევე მომივიდა. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის მამუკა ცაგარელს, ვლადიმირ გუგუშვილს, გივი გიგინეიშვილსა და ნინო წილოსანს.

ბაჩა მძინარაშვილი თავის ბენდთან ერთად

ბაჩა მძინარაშვილი თავის ბენდთან ერთად

1

***
“ჩემთვის “ბერდლენდი” უპირველესად პასუხისმგებლობაა და დიდი ინტერესი იმისა, თუ როგორ ვიგრძნობდი თავს მსგავს გარემოში, რომელიც ძალიან კამერულია, ინტიმურიც“, – ამბობს ნატალია ქუთათელაძე, „– რა თქმა უნდა შესანიშნავია, როცა იმას წარმოიდგენ, რომ შენამდე ან შენს მერე აქ მსოფლიოს გენიოსი მუსიკოსები იდგნენ და დადგებიან. ამის შეგრძნება გულს სხვაგვარად გიჩქარებს”.

ნატალია ქუთათელაძემ ზ.ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა სამუსიკო ათწლედი ფორტეპიანოს განხრით დაამთავრა. უმაღლესში ჩაბარების დრო რომ დადგა, უნდა გადაეწყვიტა იყო თუ არა მზად პიანისტის პროფესიის გასაგრძლებლად ან საერთოდ უნდოდა თუ არა დროის უმეტესი ნაწილი ინსტუმენტთან გაეტარებინა. სწორედ მაშინ დაებადა აზრი იმის თაობაზე, რომ იქნებ მომღერლობაზე დაფიქრებულიყო და საკუთარი თავი საოპერო ჟანრში გამოეცადა.

„ყველაზე უცნაური კი იყო, რომ აშკარა საოპერო მონაცემები არ მქონდა და შესაბამისად იმის გარანტიასაც არ ვიძლეოდი, რომ მომავალში რამეს შევძლებდი“ – ამბობს ნატალია, „– მიუხედავად ამისა, ჩემი ოჯახის წევრები მენდნენ და ჩემი პედაგოგის მეშვეობით მოკლე პერიოდში საკმაოდ დიდი ცვლილება მოხდა. ამიტომ საკუთარ თავში მეტი თავდაჯერება გამიჩნდა და ჩემს პროფესიას ძალიან სერიოზულად მოვეკიდე. დავამთავრე სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და მაშინვე გავაგზავნე საბუთები ჯულიარდში. ნიუ იორკში ცოცხალ მოსმენაზე მიმიწვიეს, რის შემდეგაც სრული დაფინანსებით მაგისტრატურის პროგრამაზე ჩავირიცხე.

ნატალია ქუთათელაძე

ნატალია ქუთათელაძე

ჩემს ოჯახში სიმღერა ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და ამიტომ ბავშვობიდან სიმღერას არ ვთვლი რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარე ჩემს პედაგოგთან, ქალბატონ დოდო დიასამიძესთან. მან ჩამომიყალიბა ის ტექნიკა, რომლითაც სიმღერას მთელი ცხოვრება გავაგრძელებ. ვცდილობ შევეგუო და გავუგო აქაურ პედაგოგებს, მაგრამ ძალიან მიჭირს, რადგან მიჩვეული ვარ ნაკლებ ახსნას. ლაპარაკს და მეტ ჯადოქრული ხერხებით მიღწეულ საოცარ შედეგს. ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ჩემს მასწავლებელზე, რადგან აღფრთოვანებული ვარ ყველა მომღერლის მიმართ დოდო დიასამიძის ინდივიდუალური მიდგომით. მე მომწონს მუშაობის ამდაგვარი მეთოდი. დღეს ჯულიარდში ჩემი პედაგოგია კანადელი წარმოშობის ძალიან კარგი მომღერალი ედით უიენსი და ვთვლი, რომ აქაც ძალიან გამიმართლა.

სწავლების სისტემების განსხვავებულობაც, ალბათ, აშკარაა…

ასეა. იმდენად განსხვავებულია ყველაფერი, რომ არც კი ვიცი საიდან დავიწყო. თუნდა ის, რომ “დო”-ს აქ სხვა სახელი ჰქვია და ა.შ. აქაური სისტემა მეტად ორიენტირებულია თეორიულ საგნებზე და ნაკლები აქცენტია შემოქმედებით მხარეზე, თბილისის კონსერვატორიაში კი პირიქითაა. ძალიან ბევრი რამ უფრო დავაფასე და სხვანაირად დავინახე ამ გადმოსახედიდან და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენს კონსერვატორიაში ასწავლიან ძალიან მაღალი დონის პროფესორები და ასევე სტუდენტების მონაცემები ძალიან საამაყოა. ყველა დანარჩენი არსებული პრობლემა შეიძლება არ მოგვწონდეს: ხელისუფლების, მწირი დაფინანსებისა და ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობის პრობლემები. თუ ჩემი სიტყვები ვინმესთვის რთული დასაჯერებელია, უბრალოდ გადავხედოთ მსოფლიოს წამყვან თეატრებში დღეს ქართველებს თუ რა ადგილი უჭირავთ, მე არა მხოლოდ ოპერის მომღერლებს ვგულისხმობ, ზოგადად ხელოვნების სფეროში ქართველების დიდ რაოდენობასაც. რაც მთავარია, ძალიან კარგი ხელოვანები გვყავს და ეს სწორედ საქართველოში მიღებული განათლების დამსახურებაა.

ერთად “ბერდლენდში” გამოსვლა როგორ დაგეგმეთ?

მე და ბაჩა ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობთ, ჯერ კიდევ თბილისიდან. ამერიკაში ჩამოსვლისთანავე მეგობრობა აქაც გავაგრძეთ და ძალიან მიხარია, რომ ბაჩას სახით ამ ქალაქში არსებობს ადამიანი, რომელიც დახმარებისთვის ყოველთვის მზად არის, რისთვისაც მადლიერი ვარ. რაც შეეხება შემოქმედებით ურთიერთობას: ერთად გმოსვლა პირველი იყო და თანაც ძალიან მოულოდნელი ჩემთვის. დიდი ხნის წინ ვიცოდით, რომ “ბერდლენდში” ბაჩას ალბომის პრეზენტაცია იგეგმებოდა და, ბუნებრივია, ამ დღისთვის ვემზადებოდით. ნამდვილად არ ველოდი ბაჩას შემოთავაზებას იმის თაობაზე, რომ მეც უნდა მემღერა. ძალიან გამიხარდა. თავიდან ვფიქრობდით რაიმე ჯაზური სტანდარტის არჩევას და ჩვენი ინტერპრეტაციით შესრულებას, თუმცა მეგობრების რჩევითა და ასევე ჩვენი ინტუიციით მივხვდით, რომ ჯობდა რაიმე ქართული შეგვესრულებინა. ვთვლი, რომ მსმენელისთვის ენას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მუსიკა არის სწორედ ის, რაც ყველა ეროვნების, რასის თუ კულტურის წარმომადგენლისთვის გასაგებია. ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა “ორღანი 78” კი ძალიან მარტივი მელოდიისგან შედგება, ბევრი ვარიაციის საშუალებას გაძლევს და იგი ამავე დროს ჩემთვის ძალიან საყვარელი სიმღერაა.

ჩემი უახლოესი გეგმები მხოლოდ საქართველოს, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებსა და თბილისს უკავშირდება. მალე პირველი სასწავლო წელი დასრულდება და მეორე დღესვე თბილისში მივემგზავრები, ხოლო ივლისის დასაწყისში გერმანიაში ხუთი კვირით მივფრინავ, ფესტივალზე სახელად – Meistersinger Akademie. სექტემბრიდან კი ისევ შევუდგები ჯულიარდში მეორე სასწავლო წლის გაგრძელებას და მინდა უკვე ვიცოდე შემდეგი უახლოესი წლების გეგმა. დრო ისე მალე მიფრინავს.

***

რამდენიმე ხნის შემდეგ კი “ბერდლენდში” ჯაზმომღერლმა, ნუცა ნებიერიძემ ჯემ სეიშენზე თელონიუს მონკის კომპოზიცია შეასრულა. ნუცა New School –ის ჯაზის ფაკულტეტზე ისწავლის და მალე “ბერდლენდში” მისი დებიუტიც შედგება. ლეგენდარული კლუბის ხელმძღვანელობამ მას კონცერტის ჩატარება შესთავაზა.