გვანცა ზანგალაძის კონცერტი ნიუ იორკში

ამას წინათ American Irish Historical Society (AIHS)–ის დარბაზში ქართველი პიანისტისა და პედაგოგის გვანცა ზანგალაძის კონცერტი გაიმართა. გვანცას CV – ში ისეთი საკონცერტო სივრცეებია აღნიშნული, როგორიცაა Carnegie Hall, Kennedy Center for Performing Arts, Tishman Auditorium, Subclutrue, American Yacht Club. გვანცა აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებში, სადაც შესარჩევ ტურებში უდიდესი კონკურენციაა. მაგალითად, იგი Hilton Head-ის საერთაშორისო კონკურსზე ოცი მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 160 აპლიკანტისგან შეარჩიეს. რამდენიმე თვის წინათ გამართულ Heida Hermanns სახელობის საერთაშორისო კონკურსზე კი გვანცა ზანგალაძემ მესამე პრემია მოიპოვა.

გვანცა ზანგალაძე

გვანცა ზანგალაძე


“პედაგოგებში ყოველთვის ძალიან მიმართლებდა, რაც დედის ძალისხმევის დამსახურებაცაა. სამუსიკო სკოლა რუსთავში პედაგოგ ჯულია ანთიასთან დავამთავრე, ნიჭიერთა ათწლედში და კონსერვატორიაში კი ჩემი პედაგოგი სვეტლანა კორსანტია იყო. მასთან სწავლის პერიოდში განებივრებული ვიყავი საშა კორსანტიას გაკვეთილებითაც. ნიუ იორკში ეთერი ანჯაფარიძის დახმარებით მოვხვდი, ვისთანაც Mannes College the New School for Music მაგისტრატურა დავამთავრე. ამ ადამიანების სამუდამოდ მადლიერი ვიქნები, რადგანაც იმის გარდა, რომ არაჩვეულებრივი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე, მათგან ძალიან დიდი სიყვარული და მზრუნველობა მახსოვს, რაც დღეს საკმაოდ იშვიათია” – ამბობს გვანცა.

ამბობენ, რომ თქვენ ძალიან კარგი პედაგოგიც ხართ.

პედაგოგიური მოღვაწეობა რამდენიმე წლის წინ დავიწყე და მიხარია, რომ ურთიერთობა ძალიან საინტერესო ადამიანებთან მიწევს. პატარებთან ერთად ჩემს მოსწავლეებს შორის არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორისაა ლიზა გრანიკი, ღვინის ექსპერტი, რომელიც საქართველოს ხშირი სტუმარია. ფორტეპიანოს გაკვეთილები შარშან დავიწყეთ და მას მერე დავმეგობრდით.

როგორ აღმოჩნდით ირალნდიელებთან?

AIHS –ის დირექტორი კრისტოფერ კეიჰილი (Christpher Cahill) სრულიად შემთხვევით გავიცანი. ორი წლის წინათ ნიუ იორკში ბერლინის ფილარმონიულმა ორკესტრმა “მათეს ვნებანი” შეასრულა. კონცერტზე სრულიად დაუგეგმავად, მარტო წავედი და პარტერში კრისტოფერის გვერდით მოვხვდი. საუბარი გავაბით და აღმოჩნდა, რომ იგი მუსიკის დიდი მოყვარულია, AIHS-ი კი სხადასხვა კონცერტსა თუ გამოფენას ხშირად მასპინძლობს. რამდენიმე დღეში Steinway Hall-ში სკრიაბინის მესამე სონატა შევასრულე, კრისტოფერი კონცერტს დაესწრო და სურვილი გამოთქვა, რომ დაგვეგეგმა კონცერტი, სადაც მხოლოდ სკრიაბინის ნაწარმოებებს შევასრულებდი. დიდი ხნის ფიქრისა და მზადების შემდეგ კონცერტი შედგა. სკრიაბინის სონატები სპეციალური განათების ფონზე შევასრულე, რომელზეც ჯონ ჰოულემ იმუშავა. ეს იდეა სკრიაბინის ცნობილ “ფერად სმენას” უკავშირდება. ნაწარმოების შთაგონებით შევეცადეთ, რომ ამ კომპოზიტორის მუსიკა ფერების ფონზე გადმოგვეცა. კონცერტი ძალიან საინტერესო გამოვიდა.

გვანცა ზანგალაძე

გვანცა ზანგალაძე

თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და ისევ საშემსრულებლო მოღვაწეობას უკავშირდება. სექტემბრიდან რამდენიმე კონცერტი მაქვს დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი ჯორჯიის შტატში, რომლის შემოთავაზება Hilton Head-ის საერთაშორისო კონკურსიდან მივიღე. ასევე სწავლას ვიწყებ დოქტორანტურაში სტონი ბრუკის უნივერსიტეტში, სადაც სწავლის მთლიანი დაფინანსება შემომთავაზეს. მანამდე კი მოუთმენლად ველოდები ამ ზაფხულს საქართველოში ჩემს ოჯახთან დროის გატარებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე