ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ნინო სანიკიძე: როცა ოპერას ვუსმენ, ძალიან მიხარია, რომ ვარ მუსიკოსი

ნინო სანიკიძე:  როცა ოპერას ვუსმენ, ძალიან მიხარია, რომ ვარ მუსიკოსი

გუშინ ნიუ იორკის ტრადიციულ საზაფხულო არტფორუმზე – “ლინკოლნ ცენტრის ფესტივალის” პირველ ღონისძიებაზე, ჩინურ ოპერაზე “შეწყვეტილი სამოთხე”  გახლდით. ერთ–ერთი შემსრულებელი იყო კონტრატენორი ჯონ ჰოლიდეი, რომელმაც, როგორც კი ვუთხარი სადაური ვარ, მაშინვე ლოს ანჯელესის ოპერაში მოღვაწე ნინო სანიკიძე ახსენა და ის პროფესიონალიზმი, რომლითაც მას ქართველი კონცერტმეისტერი დაამახსოვრდა.

ლოს ანჯელესის ოპერის პიანისტი, დირიჟორის ასისტენტი და სუფლიორი ნინო სანიკიძე ახლა მადრიდშია და ვერდის “ორ ფისკარზე” მუშაობს. როცა ზაფხულში ლოს ანჯელესის ოპერა იხურება, იგი სხვა თეატრებსა და საერთაშორისო ფესტივალებისთვის მუშაობს; ისეთებისთვის, როგორიცაა კალიფორნიაშიMusic Academy of the West,  მადრიდშიTeatro Real,ჩილეშიTeatro Municipal de Santiago და ა.შ. ნინო თავისუფალ დროსაც ცდილობს, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობას გაუზიაროს – იგი კანზასის უნივერსიტეტისმთავარი მოწვეული პედაგოგია და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ატარებს.

13734618_10210859765956440_1849383137_n (1)

ნინო სანიკიძემ მუსიკის შესწავლა “ნიჭიერთა ათწლედში” (ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა) ხუთი წლის ასაკში დაიწყო. მისი დედა, დოდო ცინცაძე დღემდე იქ ასწავლის და არაერთი ცნობილი პიანისტის პედაგოგია, მათ შორის, ნიუ იორკში მოღვაწის – დავით ალადაშვილის. საფორტეპიანო ფაკულტეტისა და ასპირანტურის (საკონცერტმეისტერო დახელოვნების დარგი) დასრულების შემდეგ, 1996 წელს  ნინო თავის დასთან, პიანისტ თამარ სანიკიძესთან ერთად იტალიაში, ქალაქ რაგუსა იბლაში, მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე  გაემგზავრა, სადაც ორივემ მთავარი პრიზი – ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტში  სწავლის სრული დაფინანსება მიიღო. დებმა  ამ უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი  დაიცვეს; მოგვიანებით სწავლა მერილენდის უნივერსიტეტში გააგრძელეს, სადაც სადოქტოროც დაიცვეს. ნინომ მერილენდში სწავლისას ვაშინგტონის ნაციონალური ოპერის “ახალგაზრდა არტისტების პროგრამაზე” ჩააბარა და, როგორც თავად ამბობს, სწორედ მაშინ დაიწყო მისი პროფესიული კარიერაც. მან სწორედ იქ გაიცნო პლასიდო დომინგოდა ცნობილი რეჟისორი ფრანჩესკა ზამბელო. დომინგო იმ პერიოდში ვაშინგტონის ოპერის  გენერალური დირექტორი გახლდათ და ამავდროულად სოლისტიცა და დირიჟორიც. მალევე ნინოს ორივე სახელგანთქმულმა ხელოვანმა, რომელთანაც ერთად იგი ვაგნერის “ვალკირიაზე” 2003 წელს მუშაობდა, ქართველ მუსიკოსს  სამსახური შესთავაზა და  სხვა რეჟისორებთან და დირიჟორებთან რეკომენდაციაც გაუწია. ჯერ კიდევ სტუდენტობისას ნინო სანიკიძემ პროფესიული საქმიანობა ისეთ საოპერო თეატრებთან დაიწყო, როგორიცაა კანზასისა და კლივლენდის ოპერა და  Teatro Di San Carloნეაპოლში;  ზაფხულობით კი ნიუ იორკში Bard Summer Scape ფესტივალისთვის მუშაობდა.

13705324_10210859765876438_1797343208_n

“მაესტრო  დომინგომ შემომთავაზა, რომ ლოს ანჯელესის ოპერაში “ახალგაზრდა არტისტების პროგრამა” (ევროპაში იგი “ახალგაზრდა არტისტების აკადემიადაა” ცნობილი) გამეხსნა  და სასწავლო პროცესისთვისაც მეხელმძღვანელა. ამგვარი პროგრამა ისეთ ოპერებში არსებობს, როგორიცაა მეტროპოლიტენის, ჰიუსტონის, ჩიკაგოს, სან ფრანცისკოს, ვაშინგტონის; ევროპაში კი – ლა სკალაში, ვენაში, ციურიხში, მიუნჰენსა და ფრანკფურტში”. – მიყვება ნინო.  –  “მე ეს შეთავაზება მივიღე. ძალიან პრესტიჟულია აქ მუშაობდა. ჰოდა, 2006 წლიდან  ვაშინგტონიდან ლოს ანჯელესში გადავედი. ლოს ანჯელესი საქართველოს  ბუნებითა და ადამიანებით მაგონებს და ამიტომ ახალ სიტუაციასთან შეგუება არ გამჭირვებია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალგაზრდული პროგრამა სულ ათი წელია რაც არსებობს, იგი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამ პროგრამაში მოსახვედრად ადამიანმა საკმაოდ სერიოზული კონკურსი უნდა გაიაროს: 550 პრეტენდენტიდან მხოლოდ ოთხი–ხუთი უნდა შეირჩეს. ჩვენი კურსდამთავრებულები  მსოფლიოში საუკეთესო  საოპერო თეატრებში მუშაობენ და არაერთი პრესტიჟული სამუსიკო კონკურსის ლაურეატებიც არიან: მაგალითად, მექსიკელი ქართველი მარია ქაცარავა, რომელიც ახლა მარია ალეხანდრეს სახელითაა ცნობილი. სულ ახლახანს ჩვენმა კურსდამთავრებულმა ნიკოლას ბროულიმ ბელვედერის საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია მიიღო”.

2008 წელს დომინგოს თხოვნით ნინო სანიკიძე საერთაშორისო კონკურსის  “ოპერალიას” ოფიციალური კონცერტმეისტერი გახდა და მას მერე იგი ყოველ წელს ამ პრესტიჟული კონკურსისთვის მუშაობს (სადაც 2014 წელს ჯონ ჰოლიდეიც გაიცნო). ეს ღონისძიება, რომელიც ყოველ წელს მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში ტარდებ, 2016–ში გუადალახარასTeatro Deggolado-ში   19–25 ივლისს  გაიმართება.

13713405_10210859766116444_504224966_n

“ლოს ანჯელესის ოპერაში მუშაობა ძალიან მომწონს და მიყვარს”.  – მიყვება ნინო,– “არაჩვეულებრივი კოლექტივია, რომელიც ისე მოქმედებს, როგორც კარგად შეკრული ოჯახი. ლოს ანჯელესის თეატრი განსხვავებით ისეთი ტრადიციული თეატრებისგან, როგორიცაა მეტროპლიტენისა და სან ფრანცისკოს ოპერა,  ძალიან ახალგაზრდული და ავანგარდულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ კლასიკა არ იდგმება. გაისად საოპერო სეზონში აჟღერდება ვერდის, მოცარტისა და პუჩინის ოპერები, ასევე ფილიპ გლასისა და ლეონარდ ბერნსტაინის ნაწარმოებები. ეს საოპერო თეატრი სულ ოცდაათი წლისაა, მაგრამ სიდიდით უკვე აშშ––ში მეოთხეა, სადაც სპექტაკლებზე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან. ოპერის მოყვარულებს საინტერესო რეპერტუარი, დადგმები და მაღალი კლასის საშემსრულებლო ხელოვნება იზიდავთ. რაც შეეხება საქართველოში საოპერო ხელოვნებას: ქართველი მომღერლები მთელს მსოფლიოში სახელგანთქმულნი არიან თავინთი ნიჭისა და  განათლების გამო. უბრალოდ ვისურვებდი, რომ ქართველ სტუდენტებს თავინთი ხელოვნების დასახვეწად ისეთივე ფუფუნება ჰქონდეთ, როგორიც – ამერიკელ სტუდეტებს. კერძოდ კი: გერმანულ რეპერტუარს გერმანელი მაესტრო ასწავლიდეთ; იტალიურ ოპერას – იტალიელი  და ა.შ.

როგორია თქვენი ერთი დღის რუტინა? – ვკითხე ნინოს.

– თითოეული დღე განსხვავებულია. ცხრილი წინა საღამოს მოგვდის და იქ შეიძლება ჩანიშნული იყოს  სარეჟისორო რეპეტიცია, ან  შეხვედრა მაესტროსთან ან გაკვეთილები ან კონცერტისთვის მზადება ან ეს ყველაფერი ერთად. სამუშაოს დილის ათ საათზე ვიწყებთ  და  თეატრში გვიან საღამომდე  ვართ.

ლოს ანჯელესის ოპერაში ბევრი ქართველი მომღერალი – მოწვეული ვარსკვლავი მუშაობს: ნინო მაჩაიძე, გიორგი გაგნიძე, ქეთი ქემოკლიძე, ლადო ათანელი. ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან და მათთან მუშაობა ძალიან მიყვარს. ბავშვობაში დედას ყოველთვის დავყავდი თეატრში: რუსთაველის, მარჯანიშვილის, კინომსახიობის, მოზარდ მაყურებლის, მარიონეტების – არაფერს ვტოვებდით. თეატრი სწორედ ასე შემიყვარდა.

ჩემთვის  ოპერის თეატრში მუშაობა ოცნების მწვერვალია, რადგანაც იმის საშუალება მაქვს, რომ ჩემს ორ სიყვარულს – მუსიკასა და თეატრს  ერთდროულად ვემსახურო.  ხშირად ფიქრობენ, რომ კონცერტმეისტერი წარუმატებელ პიანისტს ნიშნავს. მე ამ შეხედულებას არ ვიზიარებ. ჩემი აზრით, ეს სრულიად განსხვავებული ორი პროფესიაა. სოლო პიანისტისა და კონცერტმეისტერის საქმიანობას მხოლოდ მათთვის დამახსიათებელი სირთულე და სპეციფიკა აქვს. ყოველთვის, როცა ოპერას ვუსმენ, განსაკუთრებით კი ვერდისა და მოცარტის, ძალიან მიხარია, რომ ვარ მუსიკოსი, რომ შემიძლია მუსიკის სიდიადე აღვიქვა და  მის ჟღერადობაში ჩემი პატარა წვლილიც შევიტანო”.