ანრი კიკნაველიძის ბლოგი

ცხოველთა მილიონები

ცხოველთა მილიონები

რატომ წავედით კანოსაში?

ჩვენ ინფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ – ამ გამოთქმას ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. მისი მთავარი აზრი ჩემთვის ასეთია – ესაა ეპოქა, რომელშიც ინფორმაციის დინების კონტროლი ძნელი ან შეუძლებელია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ეპოქაში „ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს“ (ლუკა 8:17).

32,019,399 (2014) და 31,153,900 (2015) – ვერ ვიტყვი, რომ რეალურად ეს რიცხვები დამალული იყო, რადგან „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ შეძლეს მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება თავიანთ კვლევაში, თუმცა, უნდა უნდა ითქვას ისიც, რომ ეკლესიის დაფინანსების თემა თავად ეკლესიის შიგნით არცთუ ხშირად განხილვადი საკითხია. დიახ, 63 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა სახელმწიფომ ეკლესიას 2014-2015 წლებში.

ეკლესიის საამებლად მიმდინარე ვირთხების რბოლაში (რომელშიც ლამის მთელი საქართველო მონაწილეობს, პოლიტიკოსების, განათლების და კულტურის მოღვაწეების და მეცნიერების ჩათვლითაც კი) პირველად 2002 წელს მოქმედი მთავრობა და პარლამეტი დაწინაურდა, რომელმაც ეკლესიასთან ე.წ. კონკორდატიკაბალური კონსტიტუციური შეთანხმება გააფორმა, რითიც, გარდა იმისა, რომ საფლავი გაუთხარა სეკულარიზმს და ეჭვქვეშ დააყენა რეალური რელიგიური თანასწორობა ქვეყანაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის და სტატუსის აღიარებით, მწვანე შუქი აუნთო ეკლესიის მიერ სახელწიფოს ძარცვას, მის დაუბეგრავ ეკონომიკურ საქმიანობას, რელიგიური და ფსევდოპატრიოტული ინდოქტრინაციის გზით ბავშვთათვის ტვინის გამორეცხვას (ალბათ, უმძიმესს ჩამოთვლილ დანაშაულთაგან) და ამასთან, აიღო ვალდებულება, აუნაზღაუროს ეკლესიას ის ზარალი, რომელიც მას „XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში)“ კომუნისტური მმართველობის დროს მიადგა.

მე მახსოვს 2002 წლის საქართველო – არშემდგარი, ღატაკი ქვეყანა. მაშინაც, ისევე როგორც დღეს, ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ორგანიზაცია ეკლესია იყო. ამ ორგანიზაციამ სახელმწოფოსთან გააფორმა ხელშეკრულება, სადაც არცერთი ვალდებულება არ აუღია არც ხალხის, არც ქვეყნის წინაშე და პირიქით, სამარადჟამოდ, კონსტიტუციის გზით გაინაღდა მათი ძარცვის უფლება. ამ ქმედების მორალურ-ეთიკურ მხარეზე მაშინ არავის გაუმახვილებია ყურადღება. მსგავსი სიტუაციაა დღესაც, როცა ამ შეთანხმების შედეგს რიცხვებში გამოხატულს ვხედავთ.

როგორც ჩანს, ინფორმაციის არსებობა და ხელმისაწვდომობა საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი შეგნების არარსებობის პირობებში არაფერს ნიშნავს. ამიტომაა, რომ ამ ფაქტს არავინ აძლევს რეალურ შეფასებას. ამიტომაც, საფიქრებელია, რომ გადასახადების გადამხდელთა ფულის მასშტაბური ფლანგვა მთლად კონსტიტუციური შეთანხმებით არ იყოს განპირობებული და მას სხვა, უფრო სავალალო მიზეზები ჰქონდეს.

როცა მავანი ჩინოვნიკი მავან მღვდელს თუ ეპისკოპოსს ეკლესიის ეზოს მოსაპირკეთებლად ათასობით ლარს ურიცხავს, ან მიწის ნაკვეთს ჩუქნის, ის მაინცდამაინც კონკორდატზე არ ფიქრობს. მის თავში უფრო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის (ალბათ თავისიც) განწყობა ტრიალებს, რომ ეკლესიისთვის კომუნისტების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება ჩვენი ეროვნული ვალდებულებაა. თითქოს, კომუნისტური მმართველობის დროს საქართველოს დანარჩენ ნაწილს, განსაკუთრებით, კულტურულ და საზოგადოებრივ ელიტას, ზარალი არ მიდგომია. კომუნისტური რეჟიმის დანგრევის შემდეგ (და მანამდეც) ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია სწორედ ეკლესია იყო. რეალური ზარალი სწორედ სახელმწიფოს და სახელმწიფოებრივ შეგნებას მიადგა. რეალური მსხვერპლი ქართველი ხალხია და არა ეკლესია.

თუ მაინც ჩავთვლით ეკლესიას მსხვერპლად, მაინც გაუგებარია, რატომ უნდა მოსთხოვოს ერთმა მსხვერპლმა მეორეს იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც ერთი და იმავე მოძალადისგან მიადგათ და ამ დროს, მოძალადესთან მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნოს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეკლესიის და მისი საჭეთმპყრობელის დამოკიდებულებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე, კომუნისტურ ეპოქაში ყველაზე ცუდი ავტოკეფალიის დაკარგვა და ათეისტური მმართველობა იყო. ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა და საზოგადოების საუკეთესო ნაწილის განადგურება მეორეხარისხოვანი დანაშაულებებია. დარწმუნებული ვარ, ისინი უმალ რეპრესიებს შეუნდობენ კომუნისტებს, ვიდრე ეკლესიების დანგრევას. აკი ერთმორწმუნეობა დღემდე ბინდავს ეკლესიის მესვეურთა გონებას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ადეკვატური შეფასებისას.

სახეზე საზოგადოების საოცრად არაადეკვატური დამოკიდებულებაა საკითხის მიმართ. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ სახელმწიფომ წელიწადში 30 მილიონი გადაურიცხა რომელიმე კერძო ორგანიზაციას, მაგალითად, გაზეთს. რა პოლიტიკური, ეთიკური თუ ეკონომიკური შეფასებები მოჰყვება ამას, ალბათ, იოლი წარმოსადგენია. აღშფოთების გამოხატვის ნებისმიერი (კანონიერი) ფორმა ამ შემთხვევაში ბუნებრივი და დასაშვები იქნება. რა ხდება, როცა იგივეს ეკლესიასთან მიმართებაში ვხედავთ? საზოგადოებაში თვითკმაყოფილი მორჩილებაა.

ყველაზე დამღუპველი სწორედ ეს კმაყოფილებაა. კმაყოფილება მამის, რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავს სარჩენი და მათ ლუკმას ეკლესიას უყოფს; კმაყოფილება დიასახლისის, რომელიც მასზე უფრო გაჭირვებულ ადამიანს ბოსტნეულის ფასზე ევაჭრება და ამ დროს, მისი შვილების ულუფიდან დაზოგილი ფულით ნაშენებ ეკლესიაში ეჩქარება; კმაყოფილება სტუდენტის, რომლის სწავლის გაგრძელება ეჭვის ქვეშ დგას, რადგან ფინანსური პრობლემები აქვს და სიამოვნებით ხარჯავს თავის ენერგიას ეკლესიის დასაცავად, რომელმაც მისი სწავლის ფული შეჭამა; კმაყოფილება მასწავლებლის, რომელსაც უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს, ვიდრე მათ, ვინც მის მთელი კვირის ნაწვალებს ბავშვის გონებიდან კვირის ბოლოს, ამბიონიდან ამოშლის.

ჩვენ წავედით კანოსაში. ჩვენი ნებით. იმ დანაშაულის გამოსასყიდად, რომელიც არ ჩაგვიდენია, მაგრამ რომელზეც ვალდებულება აგვაღებინეს (კანონშიც ჩაგვიწერეს) და ჯერაც იქ ვართ.

ამ ფონზე, უკიდურესად შეურაცხმყოფელი და ცინიკურია საპატრიარქოს ტელეარხით ეკლესიაში არ (ან ვერ) მოსიარულეთა ცხოველებად წოდება. ამ სიუჟეტის თეოლოგიურ (და არა მხოლოდ) მხარეზე მირიან გამრეკელაშვილმა უკვე დაწერა. მე სხვა მხარე მაინტერესებს.

დასაფიქრებელია, რომ ამ ადამიანებში მარტო არჩევანით არაეკლესიური ან ათეისტი ადამიანები არ იგულისმებიან, არამედ ისინიც, რომელიც წირვებზე იმიტომ არ არიან, რომ ძვირფას ორ და სამ საათს ვერ გააცდენენ. ამ დროს, ვისაც გაუმართლა და სამსახური აქვს, სამსახურში უნდა იყოს, ან სადმე სხვაგან უნდა ეძებოს პურის ფული, რათა მან და მისმა ოჯახმა შეძლოს ის, რასაც საპატრიარქო ასე უდიერად იხსენიებს ცხოველთა თვისებებად – იკვებოს და იარსებოს. დღევანდელ საქართველოში ადამიანთა სერიოზული ნაწილისთვის იმ მდგომარეობის მიღწევა და შენარჩუნებაც კი ძნელია, რომლითაც ეკლესიის თვალში ცხოველებად მაინც გამოჩნდებიან.

როგორც ჩანს, კანოსაში ყოფნა, „სული შემუსვრილი და გული შემუსვრილი“ საკმარისი არაა და ეკლესია მხოლოდ ვალუტაში კონვერტირებულ მონანიებას აღიარებს. ამიტომ, ამ „ცხოველებმა“ ეკლესიისთვის 2014-2015 წლებში 63 მილიონი გაიღეს.

ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება კანოსაში ყოფნაც კი არაა. უბედურება ისაა, რომ იქიდან წამოსვლას არც კი ვფიქრობთ.