გია მარიამიძის ბლოგი

მაიტა რეფერენდუმი!

მაიტა რეფერენდუმი!

თუ წინასაარჩევნო დაპირებებს დავუჯერებთ  პური ჩვენი არსობისა თავზე საყრელად გვექნება. მაგრამ არჩევნები შოუსა და სანახაობის გარეშე სად გაგონილა?! უცხოეთიდან ესტრადის ძვირადღირებული ვარსკვლავები ჩამოჰყავთ და კონცერტებს მართავენ.  ვანესა მეი და კრისტინა აგილერა კარგია, თუმცა არა საკმარისი. სიმღერა და ტაშ-ფანდური მსმენელს ახალისებს და ადუნებს. წინასაარჩევნო პერიოდის  ჟანრის კანონი კი ამომრჩევლის  აღგზნებას და ნერვულ დაძაბულობას გულისხმობს. ისე ხალხს  ურნასთან ვერ მიიზიდავ. “ქართულ ოცნებას” და მისგან განაყარ ერთ ახალბედა პარტიას ველოსიპედის გამოგონება არ უცდიათ. მარადიული თემა გააცოცხლეს და რეფერენდუმზე ქორწინების საკითხის გატანა მოინდომეს.  ურნებთან მისულ ხალხს პოლიტიკური პარტიის შერჩევის და მაჟორიტარი დეპუტატის გვარის გახსენების გარდა  “ერთსქესიანთა ქორწინებაზე ფიქრი   და ცალკე ბიულეტენზე წრეების ხაზვა მოუწევს.

გვინდა თუ არა მომავალი ორი თვის განმავლობაში სოდომ-გომორზე, ქართველობის დაკარგვის საფრთხეზე, მისტიკურ გეი-პარადებზე, რადიაციით თუ ეგზოტიკური ხილით გამოწვეულ მასობრივ “გაპიდარასტებაზე” და ორთავე ყურით მოთრეულ ათას სისულელეზე ფიქრი და მსჯელობა მისჯილი გვაქვს. რეფერენდუმის ერთ– ერთმა ინიციატორმა (ვინმე ბრეგაძემ)  მაგიური სიტყვები უკვე წარმოსთქვა. რეფერენდუმის ჩატარებას ევროპელი ელჩები ეწინააღმდეგებიანო. ამ საეჭვო ღონისძიების წამოწყების მთავარი მიზანი და გზავნილიც სწორედ ესაა: “დასავლეთი გვაპიდარასტებს”.

ხსენებული დიპლომატების გააქტიურების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა. რეფერენდუმის შესახებ საჯაროდ აზრი არც ერთ მათგანს არ გამოუთქვამს, მაგრამ  ბრეგაძეს ჩიტმა ამბავი მიუტანა და იცის.  კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ანალოგიური  ჩანაწერი ზოგიერთ  ევროპულ სახელმწიფოს (ხორვატიას და ლიტვას ) დიდი ხანია აქვთ. ამ ქვეყნებზე ზეწოლა არავის მოუხდენია. ევროკავშირი ჩვენგან სულ ცოტას – ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვს და ვინ ვისზე დაქორწინდება ნაკლებად აინტერესებს. საზაფხულო შვებულებაში  გასული დიპლომატები ალბათ ნაირ– ნაირ კურორტებზე ისვენებენ და ჩვენი რეფერენდუმი სულ გარუჯულ ფეხებზე კიდიათ. მაგრამ  პროვოკატორები ისევ  შეთქმულების თეორიებს გვიყვებიან. თურმე ევროპა ნანატრი რეფერენდუმის ჩაშლას  გეგმავს. ალბათ, ე.წ. მკვდარ სულებსაც გამოიყენებენ  და “კარუსელსაც” დაატრიალებენ.

სინამდვილეში კვაზი შეთქმულების მოწყობის მცდელობებს სულ სხვა მიმართულებიდან ვხედავთ. ამ ბოლო დროს სიტყვა “დამუკიდებლობას” ხშირად ახსენებენ. სოციალურ ქსელში თუ რუსული სერიალებით ეთერდამშვენებულ ტელევიზიებში ამ სიტყვას უშნო კონტექსტში მდუმივად ატრიალებენ. პროფესიონალი ჩოხოსანი და ოჯახის სიწმინდის დამცვლი რაინდი ირწმუნება, რომ “ქვეყანა ამერიკის საელჩოდან იმართება”. ერთ– ერთი პოპულარული სასულიერო პირი ზემოთხსენებულ რაინდთან ერთად ტელესტუდიიდან გვეუბნება, რომ “ისევ სსრკ სჯობდა და იმ დროს უფრო თავისუფლდები ვიყავით”. მოკლედ, ეს ხალხი ძალას არ იშურებენ და გვარწმუნებენ , რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის. რუსეთ-დასავლეთის შედარებითი დახასიათებები მარტივ მიზანს ემსახურება. მოსახლეობას უკიჟინებენ,  რომ ჩვენი  სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარისხი  დაბალია. რომ ახლაც დამოკიდებული და დესუვერენიზებული ქვეყანა ვართ. შესაბამისად, თუ რუსეთს ჩავბარდებით, არც არაფერს დავკარგავთო.

თუმცა გაუგებარია ეს ადამიანები სიტყვა “დამოუკიდებლობაში” საერთოდ რას გულისხმობენ. 100%-ით დამოუკიდებელი სახელმწიფო ბუნებაში არ არსებობს. დანარჩენი მსოფლიოსთვის ანგარიშის გაწევა სუპერსახელმწიფოებსაც კი უწევთ. არადა, ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების  კვალობაზე საკმარისად დამოუკიდებელი ქვეყანა  ვართ. (გაცვლითი კურსით სულ 16 მილიარდი $). ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხარისხი ეკონომიკის მოცულობის პირდაპირპროპორციულია.

სინამდვილეში პრობლემა უსაქმური პოლიტიკოსებისა თუ ზედმეტად საქმიანი რაინდების ქადაგებებში არ არის.  პრობლემა იმაშია, რომ ამ ადამიანებს ბევრი უსმენს და უჯერებს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლების დიდი ნაწილის  წარმოდგენით  საქართველო აპრიორი ვიღაცის მონა -მორჩილი უნდა იყოს. ზედმეტი პათეტიკისა და დიადი წარსულით ტრაბახის უკან ეს მონის კომპლექსი იმალება. ასეთ პროპაგანდაზე აყოლა და პოლიტიკური ჭორების ადვილად დაჯერება წმინდად მონური ფსიქიკის გამოვლინებაა. გმირული წარსულით ამაყობ და გულის სიღრმეში კი გჯერა რომ არარაობა ხარ, არაფერს წარმოადგენ.  მუდმივად გარედან გმართავენ, შენით მანიპულირებენ, შეთქმულებებს გიწყობენ, გატყუებენ და გაბითურებენ.  შენი ქვეყნისადმი ასეთი დამოკიდებულება მუდმივად უხილავი მტრების ძიება და პრობლემების სხვაზე გადაბრალება საკუთარი უსუსურობის აღიარებითი  ჩვენებაა.  გაორებული ცნობიერებით არსებობა – ერთი მხრივ  ყველაზე მაგრები, ნიჭიერები და ვაჟკაცები  ვართ და ამავე  დროს მუდმივად ვიღაცა თავის ჭკუაზე გვატარებს და გვიმორჩილებს, დამღლელია. ადამიანები გამოწვევებს ვერ უძლებენ და მარტივ გამოსავალს ეძებენ. პროვოკატორები  კი ამ ვითარებით ხეირობენ და ხალხს მითების ხაფანგში აბამენ. რეფერენდუმის მოწყობის ინიციატივა სწორედ  ამ რიგის მოვლენაა.

ამ ე.წ. “ერთსქესიანთა ქორწინების” დაკანონებას არავინ ითხოვს.  წინსმწრებად რეფერენდუმის გამართვა ვის ჭირდება გაუგებარია. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარ თავზე  ექსპერიმენტი ჩაატაროს და  სულ რაღაც სამი წუთის განმავლობაში რაციონალურად იაზროვნოს. საქართველოს პარლამენტში  ამ ყბადაღებული “ერთსქესიანთა ქორწინების” მომხრე საჭირო რაოდენობის დეპუტატი ოდესმე მოგროვდება? რა თქმა უნდა არა. აბა ამდენი ხმაურის ატეხვა და საქართველოს ისტორიაში მეორედ რეფერენდუმის გამართვა რა საჭიროა? კითხვა რიტორიკული გამოვიდა… რეფერენდუმის  წამოწყების მიზანი ხმაურის ატეხვაა. ხმაური ხმაურისთვის. აი, ასეთი პოსტ-მოდერნისტი პოლიტიკოსები გვყავს. ზოგადნაციონალური მასშტაბის სიმულაკრი პერფორმანსის მოწყობას ცდილობენ

რეფერენდუმის მოწინააღმდეგეებმა ამ ხმაურს “რუსული ნარატივი” უწოდეს. მოქმედმა მინისტრმა სოზარ სუბარმა მოწინააღმდეგეებს პასუხი გასცა. “რუსული ნარატივი ის არის, როდესაც ყველაფერს რუსულ ნარატივს არქმევო” კარგი იქნებოდა პასუხის პასუხად ვინმეს ეთქვა , რომ რუსული ნარატივია, როდესაც რუსულ ნარატივს “ყველაფერზე რუსული ნარატივის დარქმევას” უწოდებ და თემას “აპრავებ”.

რეფერენდუმის ჩატარება-არჩატარება  პრეზიდენტის გადაწყვეტილებზე იყო დამოკიდებული.  ხელის მოწერის შემთხვევაში ქვეყანა მოჩვენებებთან და გამოგონილ საფრთხეებთან კიდევ ერთ ბრძოლას გამართავდა და გმირულ გაიმარჯვებას მოიპოვებდა. რას იზამ, როცა რეალურ მტერს ვერ ებრძვი და თავს დამცირებულად გრძნობ, გამოგონილი მტრების დამარცხებით თავის მოტყუება გიწევს. თუმცა ამ ბოლო დროს ისიც კი სათუო გახდა ეს ადამიანები რუსული ოკუპაციისა  და მიწების წართმევის გამო თავს შეურაცხყოფილად თუ გრძნობენ. ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილს რუსეთის მიმართ მაზოხისტური ვნება აღეძრა და დამცირებისგან  სიამოვნებას იღებენ.

პრეზიდენტმა რეფერენდუმი არ დანიშნა. თუმცა შოუ გრძელდება. რეფერენდუმისტები ამასაც სათავისოდ გამოიყენებენ. არაფორმალურ, ალტერნატიულ “რეფერენდუმს” გამართავენ. ხელმოწერების  შეგროვებას გააგრძელებენ.  რაიმეს მოიფიქრებენ.

და ბოლოს ორიოდ სიტყვა ამ რუსულ ნარატივზედ. რაში მდგომარეობს ეს ნარატივი? არჩევნებამდე დარჩენილ დროში ტელევიზიით უამრავი დებატი გაიმართება. რა თქმა უნდა  ერთ– ერთი წამყვანი თემა არდანიშნული რეფერენდუმი იქნება. სტუდიაში იყვირებენ, რომ დასავლეთი “გვაპიდარასტებს”. მოწინააღმდეგე ბანაკი ასევე ხმამაღლა განაცხადებს, რომ ჰომოფობიური პოლიტ-ტექნოლოგიები რუსეთის მიერაა თავსმოხვეული და ამით უნებლიედ პუტინის რუსეთს ახეირებს. ადამიანებს  რთული ტერმინებით სტუდიებში წარმოებული კამათიდან  მარტივი დასკვნა გამოაქვთ : დასავლეთი ჰომოსექსუალობას ემხრობა, რუსეთი კი პირიქით… თავად ამ დისკუსიაში ჩაბმა და პროვოკატორებისთვის პასუხის გაცემაც კი წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს. სამწუხარო რეალობა ასეთია.  “ერთსქესიანთა ქორწინების” შემოგდებული თემა ისეთივე ნაღმია, როგორც წარსულში რუსეთის მიერ საქართველოში გაღვივებული სეპარატიზმი და ეთნოკონფლიქტები.  ესაა რუსული ნარატივი.