ვლადიმერ პუტინი და ნინო ბურჯანაძე. ფოტო: tacc

უბლოკო სტატუსის, რაკეტების და სხვა ტყუილების ამბავი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, წლევანდელი წინასაარჩევნო პოლიტიკური ლანდშაფტი პრინციპულად შეცვლილია. ორი ძირითადი მოთამაშის (ნაციონალური მოძრაობა  და ქართული ოცნება)  გარდა, პოლიტიკურ ველზე სხვა ძალებიც გამოჩდნენ. ‘’ბაზარი’’ უფრო  მრავალფეროვნი  გახდა.

პოლიტიკური ძალების დაყოფა-დაჯგუფება ამჯერად ნაკლებად ქაოტური და სიტუაციურია. გაერთიანებები ძირითადად გემოვნებისა და საერთო ხედვების მიხედვით ყალიბდებიან.  პოლიტიკური კლასის ერთ ნაწილში პრორუსული განწყობების კრისტალიზება დასრულდა და საბოლოო სახე მიიღო. ამ საარჩევნო წლის მთავარი სიახლე სწორედ ეს არის.

პოლიტიკური სუბიექტები ორ ძირითად ბანაკად, ე.წ. პროდასავლელებად  და  პრორუსულებად დაიყო. კონკრეტული ადამიანების ამგვარად  დაყოფა, რა თქმა უნდა, პირობითია.  გუშინდელი მედასავლეთეები დღეს პუტინის თაყვანისმცემლებად გვევლინებიან ხოლმე და პირიქით. ცალკეული პოლიტიკოსები ნირს კიდევ  არაერთხელ შეიცვლიან.  ამის მიუხედავად, რუსეთი, როგორც პრობლემა, როგორც ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი  ერთ-ერთი ფაქტორი, არსად გაქრება.  რუსული პროპაგანდა და პრორუსული განწყობების მატება  ქართული სახელმწიფოსთვის გამოწვევად კიდევ დიდ ხანს დარჩება.

წინასაარჩევნო გამოსვლებში რუსეთთან ერთხელ და სამუდამო მოლაპარაკებებზე,  პუტინთან კაცურად დალაპარაკებაზე, ‘’ნატოს’’ რაკეტებზე და ათას სისულელეზე, რამდენიმე პარტია  დიდი ხანია  საუბრობს. მათგან ყველაზე მოხეხებულად ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იტყუება.

ერთ-ერთი ტყუილი .საქართველოში ‘’ნატოს’’ სამხედრო ბაზების და რაკეტების განთავსებას ეხება.  თითქოსდა ეს საკითხი რუსეთს  სამართლიანად აშფოთებს. შესაბამისად, მისი აგრესია გამართლებული ყოფილა.

საინტერესოა, რა რაკეტებზეა საუბარი? ბუნებაში სულ სამი ტიპის: მოკლე, საშუალო და გრძელ მანძილზე წვდომის სარაკეტო სისტემები არსებობს. ‘’ნატოს’’ ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში არსებული მოკლე სიშორის რაკეტების საქართველოში განლაგებას აზრი არა აქვს. რუსეთის ტერიტორიამდე ვერც კი მიაღწევს. საშუალო სიშორის რაკეტები (ფრენის მანძილი 4 500 კმ), სსრკ-სა და აშშ-ს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, განადგურდა. ევროპის ტერიტორიაზე ასეთი რაკეტების განლაგება აკრძალულია. ამ ტიპის სახმელეთო ბაზირების რაკეტები, აშშ-ის და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, უბრალოდ, არ აქვთ.  ხელშეკრულება მათ წარმოებასა და განთავსებას კრძალავს.  გარდა ამისა გაუგებარია, რაში სჭირდება  ‘’ნატოს’’ ჩვენს ტერიტორიაზე ამ მითიური რაკეტების განლაგება, როდესაც ბალტიისპირეთი და ნორვეგია ისედაც ‘’ნატოს’’ წევრები არიან.  მათი ტერიტორია კი რუსეთის მთავარ ქალაქებთან თუ სტრატეგიულ ობიექტებთან გაცილებით ახლოსაა. რაც შეეხება შორი მანძილის, ანუ საკონტინენტთაშორისო რაკეტებს, სახელწოდება  ‘‘კონტინენტთაშორისი’’ თავისთავად გვეუბნება, რომ რაკეტები კონტინენტიდან კონტინენტზე გასაშვებად გამოიყენება (ფრენის მანძილი 16 000 კმ).

რაც შეეხება საქართველოში ‘’ნატოს’’ ჯარების განთავსებას და  რუსეთისათვის საფრთხის შექმნას, ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) უკვე ათწლეულზე მეტია ‘’ნატოს’’ წევრები არიან. ამ ქვეყნებში ბოლო დრომდე არ იყო განთავსებული არც ერთი ტანკი და არც ერთი თვითმფრინავი. ფაქტიურად, ამ ქვეყნებს შეიარაღებული ძალები არ ჰქონდათ.  ეს ფაქტი რუსეთის მიმარ, ‘’ნატოს’’ და აშშ-ის ‘’აგრესიულ’’ გეგმებზე თავისთავად მეტყველებს. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის და ტერიტორიის  წართმევის შემდეგ, ‘’ნატომ’’ ყური შეიბერტყა და ბალტიისპირეთის ქვენებში თითო-თითო ბატალიონი განათავსა (სულ 3 000 კაცი), რაც სინამდვილეში,  სიმბოლური აქტია და რუსეთს არანაირ საფრთხეს არ უქმნის.  გაუგებარია, ჩვენებური რუსეთუმეები საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის მიმართ რა საფრთხებს პროგნოზირებენ და რომელ რაკეტებზე საუბრობენ. როდის აქეთ გახდა ლუდის მწარმოებელი თოფაძე სარაკეტო ტექნოლოგიების სპეციალისტი.

შემდეგი ტყუილი რუსეთის და აშშ-ის საქართველოზე გავლენებს ეხება. რუსეთის  საგარეო საქმეთა მინისტრების  პირიდან არაერთხელ  გვსმენია, რომ საქართველო მათი ექსკლუზიური და პრივილეგირებული გავლენის სფეროა. ადამიანურ ენაზე ეს სიტყვები ნიშნავს, რომ რუსეთის გარდა, სხვა გავლენიან სახელმწიფოსთან ურთიერთობა გვეკრძალება. საგარეო პარტნიორების არჩევის უფლება არ გვაქვს. ფაქტიურად, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა უნდა გავაუქმოთ და რუსული დათვის კუდში ვიჩანჩალოთ. ასეთ უსამართლო და არათანასწორ თამაშის წესებს არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო  არ დათანხმდება. მაგრამ  ‘’საბედნიეროდ’’, ქვეყანაში რუსეთის მიერ დაქირავებული პროპაგანდისტები ბლომად გვყვავს. სწრაფად და იაფად გვიხსნიან, რომ ‘’რას იზამ, მსოფლიო ასეთია, ექსკლუზიური გავლენის სფერო აშშ-საც აქვს. რუსეთი და ამერიკა მსოფლიოს იყოფენ.  საქართველო რუსეთთან ახლოს მდებარეობს და, შესაბამისად, მის ხელში უნდა ვიყოთ’’.  არადა, ბოლო ათწლულის განმავლობაში აშშ-ის მახლობლად არაერთი ანტიამერიკულად განწყობილი სახელმწიფო აღმოცენდა და ‘’გაიფურჩქნა’’- ვენესუელა, ბოლივია, ნიკარაგუა და ა.შ..

ამ ქვეყნებს ამერიკის ექსკლუზიური გავლენის ზონად დიდი ხანია აღარავინ აცხადებს. პრეზიდენტი ობამა კუბაში ჩადის და რაულ კასტროსთან დამეგობრებას ცდილობს. ექსკლუზიური გავლენის სფეროებად მსოფლიოს დაყოფა გუშინდელი დღეა. ამ მოძველებულ გეოპოლიტიკურ დოქტრინას მხოლოდ რუსეთი და მისი პროპაგანდისტები ქადაგებენ.

რაც შეეხება საქართველოზე ამერიკის შეერთებული შტატების გავლენას, ამ  ყბადაღებული გავლენის ხარისხი და მასშტაბი ზუსტად ჩვენი სურვილის პირდაპირპროპორციულია. არც მეტი, არც ნაკლები. ამ შემთხვვაში, ექსკლუზიურობასა და პრივილეგირებულობაზე საუბარიც ზედმეტია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ნაკლებად ადარდებს, საქართველო სხვა ქვეყნებთან რა ინტენსივობით თანამშრომლობს.

კიდევ ერთი ტყუილი უბლოკო სტატუსს ეხება. თითქოსდა ამ სტატუსის გამოაცხადებით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას მივაღწევთ. ეს ტყუილი მთლად სულელებზეა გათვლილი და მის უარყოფაზე დროის ხარჯვაც კი ზედმეტია. ქალბატონი ნინო საკუთარი ამომრჩევლის გონებრივ შესაძლებლობებზე ზედმეტად დაბალი წარმოდგენისა გახლავთ. კავკასიაში რუსეთს სულ სამი ორგანული მოკავშირე ჰყავს. ორი ეთნიკური ჯგუფი და ერთი სახელმწიფო-აფხაზები, ოსები და სომხეთის რესპუბლიკა. აფხაზებისა და ოსების რუსეთზე ორიენტაციის მიზეზი გასაგებია. აფხაზები ქართველებს საფრთხედ მიიჩნევენ (დემოგრაფიული მიზეზის გამო). ოსებს ინგუშებთან ტერიტორიული დავა აქვთ. ასევე, საქართველოს ტერიტორიის მიტაცება და რუსეთისთვის მიერთება სურთ.  რუსეთი მათი ერთადერთი დამცველია. კავკასიაში სხვა  ეთნიკური ჯგუფები თუ სახელმწიფოები რუსეთისთვის დროებითი და სიტუაციური პარტნიორები არიან. რუსეთი საკუთარ ორგანულ მოკავშირეებს არასოდეს მიატოვებს. არანაირი უბლოკო სტატუსის გამო აფხაზებს და ოსებს ჩვენში არ გაცვლის. რუსეთის ტერიტორიაზე ოსები (ჩრდილოეთ ოსეთი) და აფხაზეთის მონათესავე ხალხები (ჩერქეზები, ადიღები და ა.შ.)  სახლობენ. მათ უკმაყოფილებას არაფრის სანაცვლოდ არ  გამოიწვევს და საკუთარ ტერიტორიაზე საფრთხეებს არ შეიქმნის.

ახლო და საშუალო დროის პერსპექტივაში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება შეუძლებელია. ეს კარგად უნდა გვესმოდეს. წინასაარჩევნოდ ტერიტორიების დაბრუნების თემებით სპეკლირება და  არარეალისტური დაპირებების გაცემა ჩვეულებრივი თაღლითობაა. წართმეულ მიწებს ადრე თუ გვიან აუცილებლად დავიბრუნებთ. რუსეთს იმპერიულ პროექტზე უარის თქმა და  ნაციონალური სახელმწიფოს ფორმატზე გადასვლა ადრე თუ გვიან  აუცილებლად მოუწევს. ისტორიის განვითარების ლოგიკა ასეთია. მაგრამ ეს დღეს და ხვალ არ მოხდება. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანა ძლიერი სახელმწიფოს შექმნა უნდა იყოს. წართმეულის დაბრუნება მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება.

უბლოკო სტატუსის გამოცხადება იოლია. სულ ცოტა რამ-პარლამენტში საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება სჭირდება. ასევე იოლია ამ სტატუსის გაუქმებაც. რუსეთის ხელისუფლება ჩვენს პარლამენტს ალბათ ნაკლებად  ენდობა და ქართველი დეპუტატების გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ვერ გახდება. საქართველოში ხელისუფლებები იცვლება. შესაბამისად, უბლოკო სტატუსის საკითხიც  გადახედვას ექვემდებარება. ლოგიკურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ რაღაცის გამოცხადება საკმარისი არ არის. რუსეთს მეტი გარანტიები დასჭირდება. ასეთი კი მხოლოდ საქართველოს სრული ტერიტორიის სამხედრო ბაზებით  კონტროლია. გამოდის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების ნაცვლად მთელ ქვეყანას დავკარგავთ. რუსეთი საქართველოში მისთვის სასურველ რეჟიმს ბოლომდე დაიცავს და არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელი გახდება.  ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმი დამყარდება. აიკრძალება  ალტერნატიული პარტიები, მასმედიის საშუალებები სიტყვის შეკრების და ა.შ. თავისუფლებები. ჩამოყალიბდება მართველი კლანები და იერარქიული საზოგადოება.  ერთი პროვინციული შუა აზიის მსგავსი ქვეყანა გავხდებით, სადაც ძალაუფლება, პრივილეგიები, გავლენები, თანამდებობები და ა.შ. დამსაურების მიხედვით არ ნაწილდება. სადაც ნებისმიერი საზოგადოებრივი სიკეთე პრივილეგირებული კლანის წევრებს შორის შთამომავლობით გადადის. ნინო ბურჯანაძემ თავისი შვილი საარჩევნო სიაში ალბათ ტყუილად არ ჩასვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი