5

ანჟელას თავისუფლება

ბუნებრივია, პირველი, რაც ვკითხე, იყოს ის, თუ რატომ შეიცვალა მისი დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მიმართ და რას ფიქრობს იგი მის ადრინდელ სიმპათიაზე აწ უკვე არარსებული ქვეყნის მიმართ. მან  მშვიდად და მოკლედ მიპასუხა: “რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ კაპიტალიზმი უნდა დავამარცხოთ”. ამ რამდენიმე სიტყვიან პასაჟში იყო მისი ყავლგასული პრინციპულობა, ინფანტილური სიჯიუტე, სასაცილო არქაიზმიცა და ამერიკული კონტექსტის უიმედო დისიდენტობაც. ბავშვბისდროინდელი მოგონებები ცოცხლად დამიდგა თვალწინ, როცა სცენაზე და მოგვიანებით სცენის მიღმაცა და ლიფტშიც ჩემს პირდაპირ ანჟელა დევისს ვხედავდი. ისეთივე თმებით, ოღონდ გაჭაღარავებული და საკუთარი მითის მშვიდი მეგობარი კი არა, არამედ ერთგვარი ფერმკრთალი მოგონება. კართან აფრო–ამერიკელი თინეიჯერი გოგონა დედას უეცრად მოშორდა, ანჟელას მივარდა, უსიტყვოდ ჩაეხუტა და ატირდა. ასე ვიდექით, და ველოდებოდით, როდის დაამთავრებდა ქვითინს. ანჟელა კი ეფერებოდა და ამშვიდებდა.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

დარწმუნებული ვარ, რომ იქ მდგომების 99 პროცენტი ამ სენტიმენტალური სცენის ისტორიულ ფესვებზე ფიქრობდა. მეც თითქმის იგივემ გამიელვა: ორი პოლუსი – “ბიძია თომას ქოხი” მონათმფლობელობის ლამის არქეტიპული ხატებითა და აფროამერიკელი მილიარდერი ოფრა უინფრი, რომელმაც სამხრეთ აფრიკელი გოგონებისთვის “ლიდერობის აკადემია” გახსნა, რომელზეც იგი ოცნებობდა და რომელიც სწავლის დაწყებისთანავე ბავშვთა უფლებების (მათ შორის სექსუალური ძალადობა) უხეში დარღვევის გამო დიდ სკანდალში გაეხვა, სკოლის დამფინანსებელი კი მედიის წინაშე გაწბილებული და ატირებული წარსდგა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა უინფრის ათჯერ უფრო მეტი თანხა დაუჯდა, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო, სასწავლო დაწესებულება არ დახურულა, ნელსონ მანდელამ კი ოფრას “თავისი გმირი” უწოდა. დღეს ბრუკლინის მუზეუმის მაღაზიაში მანდელასა და მალალას წიგნები ერთად იყიდება.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ღმერთო, ვინ მოთვლის, რამდენნაირი კომუნისტური ლოზუნგი, “ბოროტების იმპერიისა”  და ცივი ომის დროინდელი სოცრეალიზმის წარმოდგენა უკავშირდებოდა ამ ქალის სახელს. ” სსრკ სასიამოვნო სახელმწიფო იყო” – ამბობდა დევისი და ამერიკულ კომუნიზმსა და მსოფლიო რევოლუციაზე  ოცნებობდა. მაშინ, შორეულ 1970 – იანებში თითქოს სრულად ვიცოდით ვინ იყო ანჟელა, რას აკეთებდა, რას უპირებდნენ მას “კაპიტალიზმის ბოროტი ძალები”.  ჩვენს წარმოდგენებზე კი საბჭოური გადაცემები: “ვრემია”, გაზეთი “პრავდა” თუ “კამსომოლკა” გულმოდგინედ ზრუნავდნენ.  თუმცა მაშინ ერთხელაც კი არ უხსენებიათ, რომ ანჟელა დევისი ფემინისტი იყო. არადა იგი, ასე ვთქვათ,  “კლასიკური ფემინიზმის” ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა – იყო ქალი, იყო აფრო–ამერიკელი და ულტრამემარცხენე აქტივისტი. მოკლედ, მაშინდელი და არა ახლანდელი ამერიკის მარგინალი.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ახლა ანჟელა დევისი სცენაზე გლორია სტეინემს მშვიდად ესაუბრება, ხელში პრიზი აქვს, თავი კი ისე უჭირავს, თითქოს ოდესღაც პარატერორისტული “შავი პანტერების” წევრი არ ყოფილიყოს; ორგანიზაციის, რომელიც სოციალური თანასწორობისთვის შეიარაღებული ბრძოლისკენ მოუწოდებდა და რომელსაც მართინ ლუთერ კინგის იდეოლოგიის ერთგვარ მოწინააღმდეგედ აღიქვამდნენ. პრინციპში, ფემინისტური ხელოვნების პრიზი – ჯუდი ჩიკაგოს მიერ შექმნილი ბროლის ორიგინალური პირამიდა, ანჟელას, ფაქტობრივად, სწორედაც ამისთვის გადასცეს – სოციალური სამართლიანობის სარანგობისთვის… თუ არ ჩავთვლით მისი ბიოგრაფიის ამ სკანდალურ ეპიზოდს, რომელიც დევისისთვის უფრო რომანტიკული შინაარსის იყო, კრიმინალად ანდა ტერორისტების თანამზრახველად  მას სერიოზულად არც მაშინ და არც ახლა არ მიიჩნევდნენ/ მიიჩნევენ (თუმცაღა აშშ–ის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომობის გამო იგი FBI – ის შავ სიაშიც მოიხსენიბოდა) და ამის მიზეზიც ცნობილია.  ანჟელა დევისს, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემური სფეროს წარმომადგენლის იმუნიტეტი იცავდა. ალბათ, ისევე, როგორც ფილოსოფოსსა და დეკოლონიზატორს ფრანც ფენონს მისივე აკადემიურობა – ჩეგევარობის სრული კომპლექტისგან. აგერ აშშ–ის ერთ–ერთი ულტრამემარცხენე, ტერორისტული ორგანიზაციის (მიზანი აშშ–ის მთავრობის დამხობა) წევრი კათი ბოუდინი, რომლის ხელშეწყობით განხორციელებული თავდასხმის დროს ორი პოლიციელი მოკლეს, ბანკი გაქურდეს და რომელიც დღეს კოლუმბიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, ოცდაორწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხეში ქალების უფლებების დაცვისა და პატიმრობის დროს გამოქვეყნებული ნამუშევრების საფუძველზე აკადემიურ სფეროში მიიღეს. თუმცა, როგორც ანჟელას შემთხვევაში, კათი ბოუდინის დესტრუქციული ქმედებაც, სავადაუდოდ, ამ ორგანიზაციის წევრი  მამაკაცებისადმი სიყვარულით იყო გამოწვეული. თუმცა, ვინ იცის…

ცნობილია ისიც, რომ ანჟელა დევისმა ცრუჩვენების საფუძველზე ციხეში თექვსმეტი თვე გაატარა და სწორედ ამ პერიოდში მიიპყრო სოციალისტური ბანაკის, კომუნისტების, კომკავშირლების, პიონერებისა და ოქტომბრელების ყურადღება – მთელს მსოფლიოში სოლიდარობის უპრეცედენტო კამპანია აგორდა სახელწოდებით – “თავისუფლება ანჟელა დევისს!”.  ცხადია, ანჟელა არც თავგამოდებული მაოისტი იყო, არც ჩე გევარა და არც ჯენის ჯოპლინი. ის იყო კონტრკულტურული ქარიზმა, რომელიც სტილისტურად წინა საუკუნის მემარცხენე სოციალურ ფილოსოფიაში კომფორტულად ჯდებოდა და ამავე დროს იყო საშინლად ტრადიციული, მთლად ვერკონტრკულტურული “გზააბნეული კრავი”, რომელიც  სსრკ – ის სოციალურ–პოლიტიკურ ესთეტიკას თაყვანს სცემდა. საბჭოთა გულაგებისადმი აშშ–ისა და ზოგადად დასავლეთის არაადაკვატური დამოკიდებულების საიდუმლო სწორედ ამაშია.  დარწმუნებული ვარ, რომ დევისს სიმპათიები კუ–კლუს–კლანისთვის ანდა გერმანელი ნაცისტებისადმი აშკარად რომ გამომჟღავნებია, მის რენომეს არც მისი საუნივერსიტეტო სანი და არც აშშ–ის დემპარტიის მხარდაჭერა უშველიდა. ფაქტია, რომ საერთაშორისო დონეზე ნიურბერგს მიუღწეველი გულაგის მიმღებლობა ჯერ კიდევ ამოუხსნელი “პროგრესულობის” ერთგვარი მარკერის სტატუსს დღესაც ინარჩუნებს.

2012 წლიდან ბრუკლინის მუზეუმის ელიზაბეთ ა. საკლერის  ფემინისტური არტ-ცენტრის დაჯილდოვებას ვესწრები.  2012- დან მუზეუმის ეს დეპარტამენტი პრიზს გადასცემს იმ ქალებს, რომლებიც თავიანთ სფეროში უპირობო ლიდერები არიან.  2012 წელს ასეთი თორმეტი ამერიკელი შეარჩიეს და მათ შორის – დირიჟორი და მევიოლინე მარინ ალსოფი, ტელეჟურნალისტი კონი ჩანგი, მწერალი ტონი მორისონი,  ისტორიკოსი ლინდა ნოჩლინი, ქორეოგრაფი სიუზან სტრომენი, ბიზნესვუმენი და ფილანტროპი სენდი ლერნერი; 2013 ში – თეატრის, ოპერისა და კინოს რეჟისორი ჯული ტეიმორი; 2014 ში – იურისტი და მეცნიერი ანიტა ჰილი, რომელმაც თავისი ბოსი სექსუალურ მაძიებლობაში  დაადანაშაულა;  2015 ში – მის პიგი, The Muppet Show-ს (სათოჯინო პერსონაჟებისგან შემდგარი სამსახიობო ანსამბლის წარმოდგენა) ფემინისტი გმირი, ლამაზმანი ღორი (კნინობითი “გოჭი” გამოუსადეგარია), რომლის სასაცილო  სკეჩები  საპრეზიდენტო კანდიდატი ქალის ბიოგრაფიის ჩათვლით, კაცების სამყაროში მცხოვრებ დიასახლისებს თუ “ნასას” ასტრონავტ ქალებს ტელეეკრანიდან უფრო მეტს ასწავლიდა, ვიდრე რომელიმე უნივერსიტეტის “ჯენდერ სტადის”.  ბრუკლინის მუზეუმის ბუკლეტზე, სადაც ყველა ამ “პირველის” ნომინანტების სია მარცხვნივაა, ანჟელა დევისმა თავისი ავტოგრაფი მისახსოვრა და თავად შემომთავაზა სელფის გადაღება. არ ვიცი რატომ, ალბათ, იმიტომ, რომ ერთადერთი ვიყავი, ვინც მას მისი ძველი ცოდვა – სსრკ შეახსენა.

ანჟელა დევისი ჯერ კიდევ  სკოლის მერხიდან იყო სოციალურად აქტიური, თუმცა პოლიტიკოსებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მხოლოდ მას მერე მოექცა, როცა იგი ლოს ანჯელესის ფილოსოფიის კათედრის პროფესორობიდან გაათავისუფლეს. ანჟელა XXI  საუკუნის აბოლიციონისტური მოძრაობის ლიდერია, რომელიც ციხეების არსებობის წინააღმდეგ იღწვის და დღემდე აქტიურობს პროფკავშირების შექმნა–გაძლიერებისთვის, რომლებიც, მისი აზრით, უკეთ შეძლებენ ეკონომიკური, რასობრივი თუ გენდერული ჩაგვრის აღმოფხვრას, ვიდრე სხვა ინსტიტუციები.

ანჟელა ყოველთვის პრესტიჟულ კოლეჯ – უნივერსიტეტებში ასწავლიდა: სან ფრანცისკოს უნივერსიტეტი (სადაც მცირე ხნით მეც გახდლით და ვნანობ, რომ ვერ შევხვდი), ბერკლი, მილს  და ვასარის კოლეჯები, სირაკუზისა და  სტენფორდის უნივერსიტეტები; ბოლო წლები კი კალიფორნიის უნივერსიტეტი, სადაც უკვე დამსახურებული პროფესორის წოდება მიიღო, მათ შორის, სწორედ ფემინისტური კვლევების გამო. გარდა აშშ–ისა, სამოცდათორმეტი წლის აქტივისტი ლექციებს კითხულობს ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ ამერიკაში.

დევისი ცხრა წიგნის ავტორია, მათ შორის, დემოკრატიის მართვის საკითხებსა და მისთვის ერთ–ერთი საკვანძო და მტკივნეულ თემებზე – ციხეებსა და თავისუფლებაზე. აკი ჰქვია კიდეც მისი ესეიების კრებულს “თავისუფლების საზრისი”. სტატიების უმეტესობა პენიტენციალურ – სამრეწველო სისტემის დემონტაჟის მეთოდებს ეხება. ანჟელა აშშ–ში სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის მომუშავე ორაგნიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს და ზოგადად სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლთა სოლიდარულია. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ბრუკლინის მუზეუმში მისი დაჯილდოვება  დაიწყო აფრო–ამერიკელებისა და ზოგადად არა მარტო მათი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ჰიმნით “ჩვენ დავძლევთ” (We Shall Overcome), რომელსაც ოდესღაც პიტ სიგერი და ჯოან ბაეზი ასრულებდნენ.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

დარბაზში მწყობრად შემოვიდნენ, მერე კი სცენაზე მომღერალი შავი და თეთრი (ამგავრი დაყოფა აქაურ სასაუბრო ლექსიონში მიღებულია) ბავშვები ამოვიდნენ. სიტყვით გამოვიდა ნიუ იორკის პირველი ლედი ჩირლეინ მაკგრეი (ქალაქის მერის ბილ დე ბლაზიოს ცოლი), ისაუბრა სამოქალაქო უფლებების დაცვასა და ტრამპის დამარცხების აუცილებლობაზე; მას ელიზაბეთ საკლერი,  გლორია სტეინემიცა და ანჟელა დევისი აჰყვნენ და რაღაც მომენტში ისეთი განცდა დამეუფლა, რომ  დემპარტიის ყრილობას ვესწრებოდი. და რადგანაც ამ ცისქვეშეთში ყველაფერი პოლიტიკურია  და არა მარტო დაჯილდოვების ცერემონიებზე,  არავის გაკვირვებია ტრამპის მისამართით ღია ანტიპათიის გამომჟღავნებისა, რაც, ფაქტობრივად, საჯარო მოწოდება იყო, რომ ხმა ჰილარი კლინტონისთვის უნდა მიგვეცა. თუმცა, კლინტონების მრავალმილიონიანი ფონდი, რომელიც კორუფციულ გარიგებებშია შემჩნეული,  მათ შორის, რუსეთთან, არავის უხსენებია. არც ბენგაზის ტრაგედია და არც “ემეილების სკანდალი”. არც პირველი ლედის ბიოგრაფიის  “მონიკა ლევინსკის ეპიზოდი” გახსენებიათ, როცა ჰილარი კლინტონი, რომელიც თავის თავს ფემინისტად პოზიციონირებს, “დონ ჟუანი” ქმრის ერთგულ მხარამჭერად დარჩა და არც – ბილ კლინტონის სხვა ცნობილი საქსუალური მაძიებლობის (მათ შოროს, გაუპატიურების) “ქეისები”. იმპიჩმენტის მცდელობის მიუხედავად აშშ–მ ბილი მეორე ვადით აირჩია, წელს კი დემპარტიის “ნაციონალურ კონვეტნზე” მას აუდიტორია ხანგრძლივი ოვაციებით შეეგება.  ბილ კლინტონი თავისი ძველი თანაპარტიელის, ჯონ კენედის “რომანტიკული ცხოვრების” ღირსეული გამგრძელებლი აღმოჩნდა. მგონი, ბილ კლინთონს “გაუმართლა”, რომ მას გზაზე ანიტა ჰილი არა გადაეყარა და მაშინ არც სექსულაური მაძიებლობის შესახებ კანონი იყო მეინსტრიმული… როგორც ჩანს, პოლიტიკური კონიუნქტურა ასეთია –  ჯერ “ცუდი მემარჯვენეები” უნდა დამარცხდნენ და მერე ვნახავთ, რა და როგორო. ასე, რომ ჩემი აზრით და არამარტო, ამ ჯერზე ქალი პრეზიდენტის (რომელიც თავისი შემოსავლით ტრამპს არც ისე დიდი თანხით ჩამოუვარდება) ყოლა სულაც არ ნიშნავს იმას, რასაც ამერიკული ღირებულებებისთვის რვა წლის წინათ აფრო–ამერიკელი ბარაკ ობამას არჩევა მოიაზრებდა – მარგინალი ჯგუფებისადმი ისტორიული და ფორმალური კომპენსაციის ჟესტს. ტრამპის გამარჯვება კი  აშშ–ისთვის ერთგვარი ტესტი – შოკი იქნება: სექსიზმის მედროშე  სიმბოლოს – “სილამაზის კონკურსის” ყოფილი მფლობელი მილიარდერის ბიოგრაფია სექსისტური გზავნილების სიმცირეს არ განიცდის.  თუმცა  ვისაც ოდესმე ქალებზე საშუალო სტატისტიკური მაჩოების ჭორაობა მოუსმენია, ტრამპის სექსისტური მარგალიტები, რომელიც მედიამ სააშკარაოზე გამოიტანა, ჩიტების ჟღურტულად შეიძლება მოეჩვენოს.

ბუკლეტის ტექსტი გვამცნობს, რომ ანჟელა დევისის გულშემატკივართა რიგებში არიან ისეთი„ მძიმეწონიანები“, როგორებიც: მარინა აბრამოვიჩი, ჰარი ბელაფონტე,  ჰანდა ამერი, ტონი ბენეტი,  ჯეინ ფონდა, ალან გილბერტი, ტონი მორისონი, შირინ ნეშატი,  იოკო ონო,  კიკი სმითი,  ფრედ ტომასელი, კეთლინ ტერნერი,  მართა უილსონი, რეი ჩარლს უაიტი, მერილინ მინტერი და სხვები. ეკრანზე შოლა ლინჩის “თავისუფლება ანჟელას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს” (2012) აჩვენეს.  საინტერესო დოკუმენტური ფილმი – აშშ–ის ერთგვარი ისტორიოგრაფია ამერიკულ 1970 – 80 – იანებზე, ეპოქის პორტრეტი, სადაც რესპუბლიკელების – ნიქსონისა და რეიგანის გამოჩენა იმთავითვე სახელმწიფოს რეპრესიულ არსზე პირდაპირი მინიშნება იყო და წინასაარჩევნო პერიოდის ციებ–ცხელებას თუ გავითვალისწინებთ, რესპუბლიკელების თანამედროვეობასთან შეუსაბამობაზეც; ჩემთვის კი ჯერ კიდევ სსრკ–ის მეხსიერებიდან პირველი  მეგამედიასკანდალის გამო თავისი ნებით გადამდგარი ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტია, მეორე  –  ბერლინის კედლისა და შესაბამისად საბჭოეთის დამანგრეველი.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

ანჟელა დევისი მისი და მისი კოლეგების აქტივიზმმა გადააქცია სოციალური მოძრაობის, მათ შორის, ფემინიზმის ხატად, რომლის სულისკვეთება    შედეგის გამომღები აღმოჩნდა. არა სახელმწიფოს რეპრესიული მექანიზმის სისუსტის გამო, არამედ – სამოქალაქო სოლიდარობის სიძლიერის გამო. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ის დროა, როცა რადიკალიზმი, როგორც კონტრკულტურა, თავის კუთვნილ ნიშას იკავებდა. თუმცაღა ერთი ჩვეულებრივი ამბის რეზონანსულ მოვლენად გადაქცევა არსებული კონტექსტის გარდა, თანამოაზრეების მძლავრ ნებისყოფასა და ბრძოლის თანმიმდევრულობის უნარ–ჩვევასაც მოითხოვს. სსრკ –სა და სოციალისტური ბანაკში ანჟელას მხარდამჭერები შავი ფემინიზმისა და ამერიკულ აკადემიურ წრეებში მიმდინარე პროცესების წიაღსვლების გარეშეც უთანაგრძნობდნენ –  იმიტომ, რომ ანჟელა  ანტიამერიკელობის სიმბოლო გახდა. ისტორიკოსები კი ნაკლებად აქცევენ ყურადღებას იმასაც, რომ მას ქალის სხეულის განმანთავისუფლებლის როლიც ერგო  – მოსკოვში ვიზიტისას იგი ბიუსჰალტერის გარეშე დასეირნობდა, რითაც შოკში აგდებდა კომუნისტურ ელიტასაც და მუშათა და გლეხთა კლასსაც.

ბრუკლინის მუზეუმის სცენის უკან გადაჭიმულ ეკრანზე დიდი ასოებით  ანჟელა დევისის სიტყვები ეწერა: “მნიშვნელოვანია შევეწინააღმდეგოთ ისტორიის ისეთ აღწერას, რომელიც მას გმირი ადამიანების შრომად წარადგენს.” (ინტერვიუ, The Nation, 2014).  არადა  ბრუკლინის მუზეუმის ელიზაბეთ ა. საკლერის  ფემინისტური არტის ცენტრის ჯილდოს სწორედ ისეთ  პირველებს აჯილდოვებს, როგორიც ანჟელაა.

ღონისძიება დასრულდა, დარბაზს ვტოვებდით იმ სამკერდე ნიშნებით, რომელიც დარბაზში შესვლამდე შეგეძლო აგერჩია. მე “სამართლიანობის”, “მოსწავლისა” და “აქტივისტის” ნიშნებს შორის წითელი ვარჩიე – წარწერით  “ფემინისტი”. ანჟელასაც ეს ეკეთა. პირველ სართულზე მან VIP სტუმრებისთვის გაჩახჩახებულ, შემინულ რესტორანში გამართულ წვეულებაზე შეუხვია, მე  კი მეტროსკენ გავემართე.

ია მერკვილაძის ფოტო

ია მერკვილაძის ფოტო

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე