კონსტიტუცია

საკონსტიტუციო უმრავლესობა, როგორც საფრთხე

საპარლამენტო არჩევნების შედეგი უკვე ვიცით – “ქართული ოცნება” 48%, “ნაციონალური მოძრაობა” 27% ‘’, პატრიოტთა ალიანსი’’ 5%.

პარლამენტში სულ სამი პოლიტიკური ძალა გავიდა. 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება და პარლამენტში მოსახვედრად კიდევ 50  მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი იბრძოლებს. პროპორციული სიით პირველ ადგილზე გასულმაქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, მაგრამ უსამართლო საარჩევნო სისტემის წყალობით საკონსტიტუციო უმრალესობის მოპოვების შანსი მაინც აქვს. ასეთი შედეგი, მეორე ტურში,  მის მიერ წარგდნენილი 50  კანდიდატიდან 46-ის  გამარჯვების შემთხვევაში დადგება.

საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის მართვის საფრთხეზე არა ერთი ექსპერტი და პოლიტიკურ პროცესებზე დამკვირვებელი ალაპარაკდა. ‘’ქართული ოცნება’’ ირწმუნება, რომ საფრთხე არ არსებობს. ძალაუფლების სრულად  ხელში ჩაგდების შემთხვევაში ‘’კარგად მოქცევას’’ გვპირდებიან. ‘’ნაციონალური მოძრაობა’’ კი საარჩევნო კამპანიას აგებს ‘’ქართული ოცნების’’  საკონსტიტუციო უმრალესობით ხელისუფლებაში შესაძლო მოსვლის  საფრთხეზე  და დამატებით ხმების მოპოვებას ცდილობს.

არის თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნისთვის საფრთხე

‘’ქართული ოცნების’’ წარმომადგენლები კონსტიტუციაში  ცვლილებების შეტანაზე უკვე ლაპარაკობენ. დაანონსებული  შესაძლო ცვლილებები,  პოპულისტურ  ‘’ოჯახის შესახებ’’ კანონს, პარლამენტის თბილისში გადმოტანას და  პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესს ეხება. ეს ბოლო განსაკუთრებით საყურადღებოა.  ივანიშვილის ოთხწლიანი არაფორმალური მმართველოიბის პერიოდში მცირე უფლებამოსილებების მქონე პრეზიდენტი  დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.  რეალური ძალაუფლების არ ქონის მიუხედავად, პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების (იგივე ივანიშვილის) დამაბალანსებელ ინსტანციად იქცა. სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების არ ქონის პირობებში პრეზიდენტი ქვეყნისთვის გარკვეული შეღავათი იყო

დასაწყისში ივანიშვილის ხელდასმული და მორჩილი მარგველაშვილის  შემდგომში ურჩ და დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ტრანსფორმირება, თავისთავად საინტერესო და ჭკუის სასწავლებელი ისტორიაა. მარგველაშვილის შემთხვევაში პოლიტიკური ამბიციის (ამ სიტყვის კარგი გაგებით)  ქონა და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებამოსილებები  შედარებით დამოუკიდებელ ფიგურად ჩამოყალიბებისთვის საკმარისი პირობა აღმოჩნდა. ქართულ პოლიტიკაში არსებული პრობლემები დიდწილად ინსტიტუციური გაუმართაობის შედეგია. ინსტიტუტების შექმნის შემთხვევაში დამოუკიდებელი პოლიტიკოსები თავისთავად გაჩნდებიან. ქვეყნის არაფორმალურად მმართველ ივანიშვილს პრეზიდენტზე ზემოქმედების კანონიერი ბერკეტი არ გააჩნდა და შედეგად შედარებით ნეიტრალური და დამოუკიდებელი პრეზიდენტის ინსტიტუტი მივიღეთ.

მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში ეს ვითარება შეიცვლება. პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. ამ პოსტზე შესაძლო კანდიდატად ყოფილი პრემიერი, ღარიბაშვილი სახელდება. მარგველაშვილისგან განსხვავებით, ღარიბაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ აქვს და თავიდან ფეხებამდე ბიძინა ივანიშვილის მორჩილი ადამიანია, თუმცა პატრონყმური მორჩილება საკმარისი გარანტია არ არის. ივანიშვილს პრეზიდენტის ინსტიტუტზე არაფორმალური და კანონმდებლობით გარანტირებული ზემოქმედების ბერკეტი სჭირდება. ასეთი კი პარლამენტია.

ეს მაგალითი საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეს კარგად წარმოაჩენს. მთელი ძალაუფლების  ერთ ხელში  კონცენტრირების შემთხვევაში ქვეყანას სრული დეინსტიტუტიზაციის საფრთხე ემუქრება. სახელმწიფო ინსტიტუტები (სასამართლო, პროკურატურა და ა..) ისედაც თითქმის ‘’ქართული ოცნების’’ ხელშია. ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა და სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებლობას ბოლომდე დაკარგავენ. თუმცა  დეინსტიტუტიზაციის პროცესი უფრო შორს წავა და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ძალა, ახლა უკვე  საზოგადოებრივი ინსტიტუტების დამორჩილებას შეეცდება. ასეთებია: არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მასმედიის საშუალებები, კერძო სამოქალაქო ინიციატივით გაერთიანებული ჯგუფები და ა..  ივანიშვილის დევიზი ‘’შუა უნდა გაიკრიფოს’’ ისევ ძალაშია და ახლა უკვე პოლიტიკური სუბიექტების გარდა, სამოქალაქო სექტორზეც ვრცელდება. დეინსტიტუტიზაციის პროცესი ალბათ წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი ბრუტალური ფორმებით ვერ განხორციელდება, თუმცა სტილისტური სხვაობები ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის.

საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეს მხოლოდ საშინაო პოლიტიკას არ შეუქმნის და გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ვრცელდება. კარასინაბაშიძის ბოლო შეხვედრის შემდეგ საზეიმოდ გვამცნეს, რომ რუსულქართული ურთიერთობების ‘’დალაგების’’  პროცესი წარმატებით გრძელდება. ერთერთი მიღწევა თურმე ტურისტულ სფეროს ეხება. საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების რაოდენობა მალე მილიონ ადამიანს მიაღწევსო. ამასთან ერთად მთავრობა  სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში ექსპორტის გაზრდაზეც  მუშაობს.  შედეგად რას ვიღებთ? სულ უფრო მეტი ქართველი მოქალაქე რუსი ტურისტების მიერ შემოტანილ ფულზე  ხდება დამოკიდებული. კიდევ უფრო მეტი ფერმერი და მიწათმოქმედი რუსეთში პროდუქციის გაყიდვით მიღებული ფულით იცხოვრებს. პრორუსულმა პოლიტიკურმა ძალებმა (ნინო ბურჯანაძის და ირმა ინაშვილის გაერთიანებები) ყველაზე მეტი ხმები აჭარაში და კახეთის რაიონებში მიიღეს. აჭარა ტურიზმის ხარჯზე ცხოვრობს, კახეთში კი ყურძენი მოყავთ და ღვინო რუსეთში ექსპორტზე გადის.

ამავე დროს ქართული სახელმწიფო დასავლეთთან ინტეგრაციის შესაძლო მაქსიმუმს მიუახლოვდა. ევროკავშირის ასოცირებული წევრი გავხდით. მალე ალბათ ე.. ვიზალიბერალიზაციასაც მივიღებთ. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა უკვე გვაქვს. ახლო და საშუალო დროით პერსპექტივაში ამ მიმართულებით წინსვლა შეუძლებელია. ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა კიდევ დიდ ხანს ვერ გავხდებით. დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე საეტაპო მოვლენები წინ აღარ გველის. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები რუტინული  ვიზიტებით და პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება. ასეთ შუალეურ მდგომარეობაში ცხოვრება კიდევ არა ერთი და ორი წელიწადი მოგვიწევს.  თუმცა დასავლეთთან ინტეგრაციის ამ საფეხურზეც კი, თავისუფალი ვაჭრობიდან შესაძლო სიკეთეების მიღებას ეფექტურად მაინც ვერ ვახერხებთ.  სოფლის მეურნეობის ხარისხიანი პროდუქციის მასობრივად წარმოება, სტანდარტების მიღწევა და ევროპის ბაზარზე შესვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ქართველი  მწარმოებლები ევროპის ბაზრისგან  მყისიერ ხეირს ვერ ხედავენ.  პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას კიდევ დიდი დრო დასჭირდება.

ამ ვითარების გათვალისწინებით, ქართული სოფელი რუსულ ბაზარზე  კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება. ტურიზმში დასაქმებული მოქალაქეები კიდევ უფრო მეტ რუსულ ფულს მიიღებენ. რუსული პროპაგანდა და საინფორმაციო შემოტევები კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ ყველაფერს ‘’ქართული ოცნების’’ მიერ რუსეთის არ შეწუხების და არ შეწინააღმდეგების საგარეო პოლიტიკური კურსიც ემატება. შედეგად, საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიმიტივიზებას  და მსოფლიო  აქტუალური პროცესებიდან ნელნელა ჩამოცილებას მივიღებთ. პროაქტიური საგარეო პოლიტიკის და დასავლეთთან რეალური ინტეგრაციის არქონის პირობებში ქვეყანა მიყრუებულ  პროვინციად გადაიქცევა. საკონსტიტუციო უმრავლესობის და ქვეყნის დეინსტიტუტიზაციის პირობებში რეალური პოლიტიკური ოპოზიცია დეკორაციის ფუნქციას შეიძენს. ოთხი წლის შემდეგ ‘’ქართული ოცნება’’ ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ შეეცდება. დეგრადირებული პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო საზოგადოების პირობებში  გამარჯვება არ გაუჭირდება. კიდევ ოთხი წლის შემდეგ, რა თქმა უნდა იმავეს გაიმეორებს.  ყოფილი სსრკს რამდენიმე რესპუბლკების მსგავსად აქაც სამუდამო მმართვლობას მივიღებთ. თუმცა, მათგან განსხვავებით ოფიციალური და კანონიერი მმართველიც კი არ გვეყოლება.

და ბოლოს, ჩვენნაირი გარდამავალი და ინსტიტუტების არ მქონე ქვეყნისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა ცალსახა საფრთხეა. სასურველი და აუცილებელია განმეორებით არჩევნებზე ‘’ქართულმა ოცნებამ’’ პარლამენტში  დამატებით 50 ხმა ვერ მოიპოვოს.  30 ან 40-იც საკმარისზე მეტი იქნებოდა.  50-დან 4 ოლქში წაგების  შემთხვევაშიქართული ოცნებასაკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მიიღებს. ამგვარი შედეგის შემთხვევაში გაიმარჯვებს არა ნაცონალური მოძრაობა, ან რომელიმე სხვა პარტიის  კანდიდატი, არამედ სამოქალაქო საზოგადოება. ამით გამოჩნებოდა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ერთი ადამიანის ხელში სრული ძალაუფლების კონცენტრირებას და ხელისუფლების უზურპირებას არ შეეგუებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი