კლასიკური და ახალი მუსიკის საღამო – ქართველები “კარნეგი ჰოლში”

ოქტომბერში “კარნეგი ჰოლის” Weill Recital Hall-მა ბეთჰოვენისა და შუმანის გარდა ქართველი კომპოზიტორის, გიორგი ოუკლის ორ ნაწარმოებსაც უმასპინძლა, კლასიკური და ახალი მუსიკის შემსრულებლებად კი წარსდგნენ პიანისტი ინგა ქაშაკაშვილი და ჩელისტი ლიზი რამიშვილი. სახელგანთქმულ დარბაზში გიორგი ოუკლის ორი ნაწარმოების: სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის და “Stabat Mater” (“მწუხარე დედა”) გუნდისთვის და არფისთვის მსოფლიო პრემიერა შედგა. კონცერტი ორგანიზებული იყო კომპანიის Concerto Novo–მიერ, რომლის დამფუძნებელია ცნობილი ამერიკელი მათემატიკოსი და იუტას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი ჯეიმს კარლსონი.

გიორგი უოკლი (რომლის გვარი ირლანდიული წარმოშობისაა) თბილისის ნიჭიერთა ათწლედისა და კონსერვატორიის კურსდამთავრებულია. 2001 წელს ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ეთერ ანჯაფარიძემ გიორგი აშშ–ში ნიუ პალტსის სამუსიკო ფესტივალზე მიიწვია და იმავე წელს ჯეიკობ ფლიერის საერთაშორისო კონკურსზეც, სადაც გიორგიმ მეორე ქართველი კონკურსანტი – მომავალი მეუღლე, ინგა ქაშაკაშვილი გაიცნო. იმ კონკურსში ორივემ გაიმარჯვა.

2003-ში ოუკლი დეპოლის უნივესტიტეტში (აშშ) ისევ ეთერ ანჯაფარიძის მოწვევით ჩავიდა და, როგორც თავად ამბობს, ეს პერიოდი მხოლოდ მის პიანისტურ მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული. გიორგი ეთერ ანჯაფარიძის მიერ ორგანიზებულ არაერთ საკონცერტო პროექტში მონაწილეობდა, შემდეგი ეტაპი კი უკვე მსოფლიო დედაქალაქს დაუკავშირდა. სწავლობდა ნიუ იორკის უნივერსიტეტში, სადაც კომპოზიციის კურსს კომპოზიტორ ჯასტინ დელა ჯოიოსთან გადიოდა, ხოლო კინომუსიკის ხელოვნებას – კომპოზიტორ აირა ნიუბორნის კლასში. განსაკუთრებული გავლენა მასზე ამერიკელ კომპოზიტორ რიჩარდ დანიელპურთან ურთიერთობამ იქონია. ამ ადამიანს ოუკლი თავის მენტორად, მასწავლებლად და მეგობრად მიიჩნევს.

“ჩემთვის მუსიკალურ ნაწარმოებზე მუშაობა ყოველთვის დაკავშირებულია რაიმე ამბავთან, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა”. – ამბობს გიორგი, “ეს შეიძლება იყოს ლიტერატურული ან პირადი ცხოვრებიდან აღებული ისტორია ან განცდა. როგორც რეჟისორი ეძებს სცენარს თავისი ფილმისთვის, ასევე მეც ვეძებ შთაგონების წყაროს ჩემი მუსიკისთვის. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მუსიკა, ძირითადად, პროგრამულია. ჩემი პირველი ნაწარმოები, “დიქტატორი”, რომელიც ოფიციალურად ნიუ იორკში, Steinway Hall-ში შესრულდა, სიმებიანი კვარტეტისთვის დაიწერა და მიეძღვნა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომს.
2011 წელს “კარნეგი ჰოლში” შედგა ჩემი პირველი საავტორო კონცერტი, რომელზეც შესრულდა საფორტეპიანო სონატა – ფანტაზია, არაჩვეულებრივი პიანისტის, თამარ მიქელაძის შესრულებით. აგრეთვე სიმღერები ფორტეპიანოსა და სოპრანოსთვის შექსპირის სონეტების მიხედვით, რომელიც სოპრანომ, ნიკა ლეონმა შემიკვეთა და პირველად თავადვე შეასრულა. ამავე საღამოს ასევე პირველად შესრულდა ჩემი კონცერტი ფორტეპიანოსა და გუნდისთვის, რომელიც ინგა ქაშაკაშვილს მიეძღვნა და რომელიც, ბუნებრივია, მანვე შეასრულა. სწორედ ამ პერიოდში გავიცანი ჯეიმს კარლსონი, რომელიც შემდგომში ჩემი პროდიუსერიც გახდა. იგი არაჩვეულებრივი პიროვნება, დიდი მათემატიკოსი და ნიჭიერი კომპოზიტორია. ბედნიერი ვარ, რომ მისი საკომპოზიტორო მოღვაწეობა სწორედ მე მიკავშირდება. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესოა და, იმედია, თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ.

სხვათაშორის, ჩემი “სონატა ფორტეპიანოსა და ვიოლინოსთვის” სწორედ კარლსონთანაა დაკავშირებული. კერძოდ კი, კომპოზიცია მისი შვილის, დილან კარლსონის სევდიან, მაგრამ ოპტიმისტურ ისტორიას მივუძღვენი. ჯეიმსთან ჩვენი მეგობრობა კი ერთმა საინტერესო შემთხვევამ განაპირობა. 2011 წელს კონცერტის შემდეგ, რომელიც ინგასა და მე “კარნეგი ჰოლში” გვქონდა, ანონიმისგან საჩუქრად საკმაოდ დიდი თანხის ჩეკი მივიღეთ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეს თანხა ჯეიმსმა გამოგვიგზავნა. მადლიერების გამოსახატად მისთვის ნაწარმოების დაწერა გადავწყვიტე. სონატის პრემიერა 2014 წელს ნიუ იორკის ერთ–ერთ პრესტიჟულ Merkin Concert Hall-ში შედგა: უკრავდნენ გამოჩენილი ამერიკელი ჩელისტი ჯეი ქემბელი და ინგა ქაშაკაშვილი. რაც შეეხება 2016 წლის “კარნეგი ჰოლის” კონცერტზე გაჟღერებულ ახალ ნაშრომს: ჩემი იდეა ის იყო, რომ ცენტრალური ნაწარმოები ყოფილიყო სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის; დავიწყე ქართველი შემსრულებელის, ჩელისტის ძიება იმის გამო, რომ ჩემს სონატაში ძალიან ბევრი ქართული ხალხური მუსიკის ელემენტია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს თემა ქართველი შემსრულებლისთვის უფრო ახლობელი იქნებოდა. აშშ–ში მოღვაწე ბარიტონმა ზურაბ ნინუამ ახალგაზრდა ჩელისტ ლიზი რამიშვილთან დაკავშირება მირჩია. ლიზიმ ეს ნაწარმოები მართლად შესანიშნავად შეასრულა და ბედნიერი ვარ, რომ “კარნეგი ჰოლში” მისმა დებიუტმა წარმატებით ჩაიარა.

ინგა ქაშაკაშვილი, გიორგი უოკლი, დილან კარლსონი და ჯეიმს კარლსონი

ინგა ქაშაკაშვილი, გიორგი ოუკლი, დილან კარლსონი და ჯეიმს კარლსონი

“მწუხარე დედის” იდეა მოგვიანებით გაჩნდა. ყოველთვის მინდოდა მუსიკა გუნდისთვის დამეწერა, კერძოდ კი, არაჩვეულებრივი მუსიკოსისთვის, ნიკოლაი კაჩანოვისთვის და მისი ანსამბლისთვის. ის დიდი ხელოვანია და აშშ–ში ერთ–ერთი წარმატებული ვოკალური გუნდის დამაარსებელი, რომელიც უკვე ოცდაათი წელია განსაკუთრებული რეპუტაციით სარგებლობს. მასთან თანამშრომლობა სასიამოვნო შემოქმედებითი პროცესი გახლდათ. ოქტომბრის ბოლოს წმინდა იგნატე ანტიოქიელის აპისკოპალურმა ეკლესიამ კაჩანოვი და მისი თექვსმეტი მომღერლისგან შემდგარი კამერული გუნდი ჩემი მუსიკის შესასრულებლად მიიწვია. მსმენელს წარუდგინეს უნიკალური და მრავალფეროვანი პროგრამა სახელწოდებით – “ამაღლებული ძეგლები, თანამედროვე განძი” – რენესანსიდან დაწყებული ვიდრე XX-XXI საუკუნის მუსიკამდე და, მათ შორის, ჩემი “მწუხარე დედაც”, რომელიც წმინდა მარიამ ღვთისმშობლის მიერ ქრისტეს დატირებაა. ჩემთვის მართლაც დიდი პატივია, რომ ისეთ კლასიკოსებთან ერთად, როგორიცაა კლაუდიო მონტევერდი, ოლივიე მესიანი, არვო პიარტი, ჩემი კომპოზიციაც აჟღერდა.”

* * *

ქუთაისის სამუსიკო სასაწვლებლისა და თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული ინგა ქაშაკაშვილი ამბობს, რომ მისი მუსიკისადმი სიყვარული ადრეულ ასაკში დაიწყო. დაიბადა მუსიკოსის ოჯახში და პატარაობიდანვე ფორტეპიანო შეუყვარდა. ინგასა და გიორგის დიდი გულშემატკივარი ჰყავთ, მათი შვილი, თორმეტი წლის ალექსი, რომელიც პატარაობიდანვე ჯერ ამერიკულ უნივერსიტეტში დედ–მამასთან ერთად ლექციებს, მერე ყველა რეპეტიცია–კონცერტებს ესწრებოდა და ესწრება; პრემიერებზე ყველაზე მეტად სწორედ ალექსი ნერვიულობს და ყველაზე მეტად მშობლების წარმატება სწორედ მას უხარია.

ინგა ქაშაკაშვილი, გიორგი უოკლი და ლიზი რამიშვილი

ინგა ქაშაკაშვილი, გიორგი ოუკლი და ლიზი რამიშვილი

2003 წელს ინგა ქაშაკაშვილი აშშ–ში გაემგზავრა, მერე კი იღბალმა გამოჩენილ პიანისტებსა და პედაგოგებს ეთერ ანჯაფარიძესა და ვლადიმირ ფელცმანს დააკავშირა. ინგასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მისი და უკრაინელი პიანისტის ანგელინა გადელიას საერთო ძალისხმევითა და მონაწილეობით 2008-ში “სტეინუეი ჰოლში” ორგანიზებული კონცერტი, სადაც შეგროვებული თანხა ომით დაზარალებულ ოჯახებს საქართველოში გადაეგზავნა. საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ზურაბ ნინუა, გიორგი ოუკლი, პიანისტები: ნათია ასტახაშვილი და ალექსანდრე ბერიძე, მეცო – სოპრანო მზია ნიორაძე.

“მეამაყება, რომ ჩემი საშემსრულებლო კარიერა მსოფლიოს ცნობილ დარბაზ “კარნეგი ჰოლს” უკავშირდება, სადაც 2009 წელს ჩემი დებიუტი შედგა. პირველად სწორედ მაშინ შევასრულე გიორგი ოუკლის საფორტეპიანო პიესა “ტოკატა და ნოსტალგია” – მიყვება ინგა, “განსაკუთრებით მახარებს ქართული მუსიკის წარდგენაში უშუალო მონაწილეობის მიღება. ზოგადად დიდ დროსა და ენერგიას ახალი მუსიკის შესწავლასა და მის შესრულებას ვუთმობ. მუსიკალური ნაწარმოების პრემიერა ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ, ასე ვთქვათ, მე ვქმნი მის პირველ ინტერპრეტაციას და ეს ფსიქოლოგიურად უდიდესი თავისუფლების განცდას მჩუქნის”.

* * *
“მუსიკა ბავშვობიდან მიყვარდა. როცა შვიდი წლის ვიყავი, გერმანიაში ჩემმა მშობლებმა რესტორანში წამიყვანეს, სადაც მევიოლინე უკრავდა. რასაკვირველია, მე არ მახსოვს რას უკრავდა იგი, მაგრამ ტირილი დავიწყე. დედამ მკითხა, რატომ ვიყავი ცუდ ხასიათზე. მე კი ვუპასუხე, რომ სულაც არ ვიყავი ცუდ ხასიათზე, უბრალოდ, მუსიკა ისეთი ლამაზი იყო, რომ ამატირა.” – მიყვება ჯეიმს კარლსონი.

მათემატიკისა და მუსიკის განსაკუთრებული კავშირი საიდუმლო არაა …

მუსიკა ისეთი რამაა, რომ საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს უყვარს. თუმცა შესაძლებელია, რომ მათემატიკოსებს მუსიკა განსაკუთრებით იზიდავთ, რადგანაც როგორც მათემატიკაში, ასევე მუსიკაში, პატერნებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

თქვენს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მუსიკის სწავლა არასოდესაა გვიან.

გიორგი ოუკლი მაშინ გავიცანი, როცა ფორტეპიანოზე დაკვრა და კომპოზიციის შესწავლა გადავწყვიტე. ჩემი სხვა პედაგოგებისგან განსხვავებით, გიორგი სიტყვა “კარგის” მაგივრად “მშვენიერს” ხმარობს და კიდევ: მას უფრო მეტად აინტერესებს მუსიკის სული, ვიდრე სხვა რამ… ინგა კი მაშინ გავიცანი, როცა “კარნეგი ჰოლში” მის კონცერტს დავესწარი. იგი შესანიშნავი პიანისტია, რომელიც მთლიანად მუსიკას ეძლევა.

ასე ვთქვათ, სწორი პედაგოგის ძიებისას გიორგის, როგორც პროფესიონალ პედაგოგს, რეკომენდაცია დაჟინებით გაუწიეს. როცა მას “კარნეგი ჰოლში” მოვუსმინე, მისი მუსიკა მაშინვე შემიყვარდა. თუდაც იმიტომ, რომ თანამედროვე მუსიკის დიდი ნაწილი მშრალია და ემოციებს არ ეხება, აი, გიორგის მუსიკას ორივე აქვს – სულიცა და სიღრმეც. მე გიორგისგან კომპოზიციის გაკვეთილებს ისე აღვიქვამ, როგორც ბევრ სხვა რამეს ცხოვრებისგან. გიორგის, როგორც პედაგოგის პოვნა ჩემთვის იღბლის ხელის ჩარევა იყო. ჩემთვის მართლაც დიდი პატივია ვიყო მისი სტუდენტი.

როგორ შეაფასებდით “კარნეგი ჰოლში” ქართველი მუსიკოსებისა და მათი კოლეგების კონცერტს?

კონცერტმა “კარნეგი ჰოლში” მართლაც საოცარი წარმატებითა და ანშლაგით ჩაიარა. შესანიშნავები იყვნენ ინგა ქაშაკაშვილი და ჩელისტი ლიზი რამიშვილი, დირიჟორი ნიკოლაი კაჩანოვი და მისი მომღერლების გუნდი. კონცერტის შემდეგ ხანგრძლივი ოვაციები იყო, რაც მე ძალიან მახარებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ის აღფრთოვანებული სიტყვები იყო, რომლითაც გიორგი ოუკლის შემოქმედება და მისი ახალი ნაწარმოებები შეაფასეს. იმ საღამოს ბეთჰოვენი და შუმანი აჟღერნენ. ამავე დროს მსმენელებს ახალხანს შექმნილი მუსიკის მოსმენის შანსიც მიეცათ, მე კი სწორედ ამას მინდა მხარი დავუჭირო: თანამედროვეობის უდიდეს მუსიკას.

კონცერტი "კარნეგი ჰოლში"

კონცერტი “კარნეგი ჰოლში”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე