ჰერბი ჰენკოკი და დინი ვირსალაძე

დინი ვირსალაძე ნიუ იორკის “წითელ კომპასში”

ნიუ იორკში მდებარე ქართულმა რესტორანმა – “წითელი კომპასი” – ქართელ ჯაზ მუსიკოსს, კომპოზიტორსა და პიანისტს დინარა (დინი) ვირსალაძეს უმასპინძლა. ოთხი დღის განმავლობაში ქართველმა არტისტმა, რომელიც თავისი ახალი ალბომის ჩასაწერად ნიუ იორკში ჩამოვიდა, მსმნელებისთვის თავისი ძველი და ახალ ნაწარმოებები დაუკრა. სამი ალბომის ავტორი, კლასისკური სამუსიკო განათლების მქონე კინომცოდნე, თბილისის კონსერვატორიის საფორტეპიანო და საორღანო ფაკულტეტების კურსდაამთავრებული დღეს თბილისში “ბიგ ბენდის” სოლისტია. იგი პირველად 1993 წელს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ გალა კონცერტზე გამოვიდა და თავისი კომპოზიციები “ვოიაჟი” და “ჩემი გული მკვდარია” დაუკრა.

“ჯაზს ბავშვობიდან ვუკრავ, თუმცა სცენაზე როგორც ჯაზ პიანისტი და კომპოზიტორი საკმაოდ გვიან წარვსდექი” – მიყვება დინი ვირსალაძე. “არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ ვბედავდი სცენაზე ჯაზი შემესრულებინა. ეს ჩემი სიმორცხვე კი ერთ მშვენიერ დღეს კონცერტში მონაწილეობის მოულოდნელი შეთავაზებით დასრულდა. მითხრეს, რომ ახალ სახეებს ეძებდნენ და მიპოვეს კიდეც. იმ დღემ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ჯაზ ფესტივალებზე მიწვევდნენ – ნოვოსიბირსკში, ალმა–ატაში, ტალინში, ინდოეთში.

1990 –იან წლებში საქართველოში მუსიკოსობა, მითუმეტეს – ჯაზ მუსიკოსობა, ძალიან რთული იყო. ამავე დროს ფესტივალებზე მონაწილეობის შეთავაზება დიდი პასუხიმგებლობაც იყო და ცხადია, სტიმულის მომცემიც, განსაკუთღებით მაშინ (და ახლაც), როცა პროფესიონალიზმი დიდად არ ფასობდა. სხვა საქმეა ამერიკა, სადაც ყველა ჩემი ჩამოსვლა მუსიკალურ პროექტების განხორციელებას უკავშირდება.

ჰერბი ჰენკოკი და დინი ვირსალაძე

ჰერბი ჰენკოკი და დინი ვირსალაძე

აშშ–ს პირველად 1989 წელს ვესტუმრე, როცა თბილისის ხელოვნების სკოლის ბაზაზე არსებულ საბავშვო თეატრი გასტროლებს ატლანტაში, ნეშვილსა და ორლანდოში მართავდა. მაშინ სოლისტი ნინო სურგულაძე იყო. ვუკრავდით ცოცხალ მუსიკას და ჩვენდა სასახარულოდ ამერიკელმა მსმენელმა ძალიან კარგად მიგვიღო. მას მერე გერმანიაში მევიოლინე ანტონ სიარoვთან ერთად დუეტი ჩავწერეთ და მალევე ჩვენი ელბომი “პოპულარული თემები” გამოვიდა, სადაც ჩაპლინის, ლეგრანისა და ჟობიმის მუსიკა ჟღერდა. ამჟამად კი ჩემი მეშვიდე ვიზიტი ამ ქვეყანაში ცნობილ მუსიკოს მანოლო ბადრენასთან (იგი ჯო ზავინულთან ერთად მუშაობდა) ერთად განხორციელებულ პროექტს უკავშირდება და იმედი მაქვს, რომ მომავალში ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად კიდევ არაერთ ერთობლივ ჩანაფიქრს განვახორციელებ.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი