ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

აშშ-ის საემიგრაციო პოლიტიკა ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში

აშშ-ის საემიგრაციო პოლიტიკა ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში

ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ემიგრანტებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის ალბათობა არც ისე უსაფუძვლო შფოთს იწვევდა, კერძოდ კი, იმათში, ვინც “არალეგალია”, ანუ აშშ–ის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი უფლება არა აქვს. სხვადასხვა მონაცემებით აქ ასეთი თერთმეტი მილიონი, ან მეტი ადამიანია. ემიგრანტებზე და სხვა თემებზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ სამართლის დოქტორს, ექსპერტს საემიგრაციო საკითხებში და საადვოკატო ოფისის Bedrdyev Law,P.C. წარმომადგენელს გია ხუროშვილს.

გია ხუროშვილი

გია ხუროშვილი

რამდენად შეესაბამება ე.წ. “არალეგალების მასობრივი დეპორტაციის” მოარული ხმები სინამდვილეს და რეალურად რისი უნდა ეშინოდეთ ქვეყნის ტერიტორიაზე უსტატუსოდ მყოფ ქართველებს?

 

ემიგრანტების მოლოდინი საემიგრაციო რეფორმის განხორციელების შესახებ მაშინ გამძაფრდა, როდესაც ქვეყანაში მყოფ უსაბუთო პირებს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მასშტაბური რეფორმის განხორცილებას დაჰპირდა. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა ფედერალურ დონეზე არასოდეს დაამტკიცა DREAM Act (Development, Relief and Education for Alien Minors Act. არასრულწლოვნების განვითარების, დახმარებისა და განათლების აქტი), პრეზიდენტმა ობამამ გამოიყენა აღმასრულებელი უფლებამოსილება და მიიღო აქტი, რომელიც ცნობილია, როგორც DACA –Deferred Action for Childhood Arrivals. გადავადების აქტი ბავშვობის ასაკში შემოსულთათვის), რაც შემდეგს გულისხმობდა:  ის ახლაგაზრდები, რომლებიც აშშ–ის  ტერიტორიაზე 2007 წლის 15 ივნისამდე, (ასეთია 1 800 000 -მდე) შემოვიდნენ  და ისინი 16 წლის ასაკამდე აყვნენ, მათ დაარღვიეს სავიზო რეჟიმი,აშშ–ის ტერიტორიაზე ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობდნენ და არ ჩაუდენიათ მძიმე დანაშაული, უნდა მომხდარიყო მათი ლეგალიზაცია. კონგრესისგან მიღებული უარის გამო მათი სრული ლეგალიზაცია ვერ მოხერხდა და პრეზიდენტის აქტის შესაბამისად მოხდა მათი დეპორტაციისაგან დროებითი დაცვა. მათ  მუშაობის უფლება და ე.წ. „სოუშელი“ მიიღეს; ასევე, მაგალითად, მართვის მოწმობის აღების საშუალება. ტრამპის განცხადება, იმის შესახებ, რომ ის გააუქმებს ობამას მიერ მიღებულ ამ ანტიკონსტიტუციურ აქტს, ბევრ პრობლემას წარმოშობს და 1 800 000 ადამიანის ბედს გაურკვეველად ტოვებს.
სასამართლო პრაქტიკაში დღეს ხშირად გამოიყენება დეპორტაციის გადავადების პროცედურა. რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ საემიგრაციო რეფორმა არ განხორციელდებოდა, თუ ადამიანი არ იყო კრიმინალი და მას საემიგრაციო სამსახურები დააკავებდა, სასამართლოს დეპორტაციის პროცესის გადავადება შეეძლო. დღეს ტრამპი საუბრობს იმის შესახებ, რომ გააუქმებს დეპორტაციის გადაწყვეტილების შეჩერებისა და გადავადების პროცედურას, რაც თავისთავად გაართულებს არალეგალთა მდგომარეობას. იმედია, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ლოზუნგებს გაჰყვება და შესაბამისი სამსახურები ახლადარჩეულ პრეზიდენტს უფრო სასარგებლო რჩვებს მისცემენ.

როგორია დღევანდელი რეალობა?

დონალდ ტრამპის აქამდე გაკეთებული განცხადებები არალეგალთათვის  აშკარად არ არის დამაიმედებელი, მით უფრო, რომ საუბარია პოლიციელთა რაოდენობის გაზრდაზეც კი და საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზეც. უნდა აღინიშნოს, რომ დეპორტაციის დავალებას ქალაქის მერი გასცემს. თუმცა ნიუ იორკში, სან ფრანცისკოში და ჩიკაგოში და კიდევ რამდენიმე ქალაქში ქალაქის მერების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ ისინი არ ითანამშრომლებენ საემიგრაციო სამსახურებთან და საემიგრაციო კონტროლის გამკაცრების განკარგულებას არ გასცემენ. თუმცა ასეთი სუბიექტური მიდგომებიც არ არის დამაიმედებელი, რადგან ნიუ იორკის მერს უფლებამოსილება ერთ წელიწადში ეწურება, ჩატარდება ახალი არჩევნები და სწორება მაინც მოხდება ფედერალურ საემიგრაციო გადაწყვეტილებებზე და არა ვინმეს სუბიექტურ ნებაზე. ამიტომ ყურადღებით უნდა გავეცნოთ ყველა საემიგრაციო გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაც ბოლო პერიოდში მოხდება.
დღეს განსაკუთრებით ხშირია საემიგრაციო შემოწმებები (რეიდები) ჩრდილოეთ კაროლინაში, ჯორჯიისა და ტეხასის შტატებში, სადაც ასი ათასამდე არალეგალია აღრიცხული და მიმდინარეობს მასობრივი დეპორტაციები. იქ მცხოვრები ადამიანები ტოვებენ საცხოვრებელს და ნაწილი ე.წ. ემიგრაციისათვის ამ ეტაპზე „უსაფრთხო შტატებში“ გადმოდიან, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის გამოსავალი. ყველა ადამიანმა შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეძლოს საკუთარი სტატუსის კანონის ფარგლებში მოქცევა.

 

ნევარკი (ნიუ ჯერსის შტატი) საპოლიციო რეიდი.

ნევარკი (ნიუ ჯერსის შტატი) საპოლიციო რეიდი.

კონკრეტული “არალეგალისთვის” საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება რას ნიშნავს?

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოსალოდნელ თუ არსებულ სირთულეებზე, ეს არამც და არამც ადამიანების დაშინებას არ გულისხმობს. ეს არის სიგნალი იმისა, რომ ამ ადამიანებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია, რომელზეც ხშირად მათ ხელი არ მიუწვდებათ; გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა და მოიძიონ ლეგალიზაციის გზები. იურისტებს რთული პრობლემების მოგვარება გვიწევს, ამიტომ მომიტევონ იმ ადამიანებმა, თუკი ამგვარი ინფორმაცია მათში დისკომფორტს გამოიწვევს. პრინციპულად არასწორად მიმაჩნია იმის ძახილი, რომ საერთოდ არაფერი ხდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სირაქლემის პოზაში ყოფნას ჯობს ყველა ადამიანი საკანონმდებლო/საემიგრაციო სიახლეს ყურადღებით გაეცნოს და გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღოს.

ტრამპი საუბრობდა ორი მილიონი კრიმინალის წარმომავლობის ქვეყანებში დეპორტაციაზე. რამდენად რეალურია ეს გეგმა? საუბარია ციხეში უკვე მყოფ უსაბუთო სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, თუ იმათზე, ვინც, მაგალითად, ეჭვმიტანილია და სასამართლო ამჟამად მათ საქმეებს იხილავს?

რას ნიშნავს იყო არალეგალი? ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი წლების განმავლობაში, განგრძობად რეჟიმში საემიგრაციო სფეროში სამართალდარღვევას სჩადის. 2016 წლის არჩევნების შემდეგ კი ქვეყნის სათავეში მოვიდა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ არალეგალობას აღკვეთს და პოლიტიკას შეცვლის. რა თქმა უნდა, აბსურდია იმის მტკიცება, რომ თერთმეტ მილიონ ადამიანს ვინმე ერთ დღეში იპოვის და გაადეპორტებს, მაგრამ მოსალოდნელია დამსაქმებელთა კონტროლის მექანიზმების გამკაცრება. ამის წინაპირობა კი ისაა, რომ ხდება მონაცემთა ბაზების ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დაკავშირება, რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი დამსაქმებელი ხელფასს გასცემს ჩეკით, ამას გააკონტროლებს საგადასახადო, შრომის დეპარტამენტი და საემიგრაციო სამსახურები ერთიანი ბაზით. ანუ თუ დამსაქმებელი ასაქმებს არალეგალს, ეს ადამიანი კი გადასახადებს არ იხდის, მას ასევე დარღვეული აქვს სავიზო რეჟიმი, ეს საკმაოდ ადვილად კონტროლირებადია. სანქციები დამსაქმებლის მიმართ საკმაოდ მკაცრია: პირველ შემთხვევაში ჯარიმა 2 000 დოლარამდეა, მეორე – 5 000 და მესამე შემთხვევაში –10 000 დოლარი და ციხე. რთულად წარმომიდგენია დამსაქმებელი, რომელიც ამგვარ რისკზე წავა.

ასევე ველოდებით, რომ გამკაცრდება და შეიძლება აიკრძალოს კიდეც ამერიკაში საზღვრის (კანადა, მექსიკა) უკანონო გადაკვეთით შემოსული პირების ლეგალიზაციის პროცედურა. ამიტომ ჩემი რჩევაა, რომ ამ ადამიანებმა შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ადვოკატებს დროულად მიმართონ.

ზოგადად დეპორტაცია შეიძლება შეეხოს საზღვრის უკანონი გადამკვეთს, რომელსაც ვიზა არა აქვს, თუ იმათაც, ვისაც ვიზა აქვს, მაგრამ მას ვადა ამოეწურა? საემიგრაციო უწყების გადაწყვეტილებაზე რა სახის დანაშაული ახდენს გავლენას?

საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევად ორივე შემთხვევა ითვლება და შესაბამისად დეპორტაცია მათ თანაბრად შეეხება. აშშ–ის სასამართლო პრაქტიკაში კანონმდებლობის თანახმად არსებობს ამორალური დანაშაულები, რომლის ჩადენის შემთხვევაში საკმაოდ რთულდება ლეგალური სტატუსის მოპოვება, ან საერთოდაც – შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ პირველ რიგში დეპორტაცია შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს Crime of Moral Turpitude (მორალური სიმდაბლის დანაშაული). კერძოდ: მკვლელობა, გაუპატიურება, ოჯახში ძალადობა, მძევლად ხელში ჩაგდება/ თავისუფლების უკანონო აღკვეთა (ადამიანის გატაცება), ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, თაღლითობა.

სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენი პირი მიიჩნევა ამორალურად, მატყუარად, ზოგადად ამერიკისთვის არასასურველ პერსონად და ამიტომ ლეგალურ სივრცეში მისი ადგილი არაა, რაც როგორც წესი, დეპორტაციით სრულდება.

ხშირად ადამიანები მიმართავენ საემიგრაციო სამსახურებს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მიზნით. რა შემთხვევაში არ აქვს ადამიანს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის უფლება?

დიახ, არსებობს ასეთი შემთხვევების ჩამონათვალი და მნიშვნელოვანია, რომ თავშესაფრის მაძიებელმა ეს ყოველივე წინასწარ გაითვალისწინოს. ეს შემთხვევები:

  • თუ აშშ –ში შემოხვედით მესამე ქვეყნიდან, რომელსაც აქვს ორმხრივი, ან მრავალმხრივი ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან (მაგალითად, ასეთი ქვეყანაა კანადა) და თუ ერთხელ უკვე გეთქვათ უარი სასამართლოს, ან საემიგრაციო სამსახურის მიერ და ეს უარი კანონიერ ძალაში შევიდა (თუ ახლადგამოვლენილი გარემოებები არ დაფიქსირდა);
  • თუ დადასტურებულია, რომ რაიმე ფორმით იყავით ჩართული იმ დანაშაულში, რომელიც შეეხება ადამიანის დევნას რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან პოლიტიკური კუთვნილების გამო;
  • ჩადენილი გაქვთ საერთაშორისო ან კონვენციური დანაშაული;
  • თუ საფრთხეს წარმოადგენთ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისათვის;
  • თუ სახეზეა ტერორიზმში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობა.

აშშ–ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მის უმაღლეს სასამართლოში ბალანსი იქნას შენარჩუნებული. დღეს უმაღლესი სასამართლოს შემადგენლობაში ოთხი მოსამართლე ლიბერალია და ოთხი – კონსერვატორი. ასეთი ბალანსი ხელს უწყობს დემოკრატიულობის პრინციპის განხორციელებას. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, უფრო მეტ ადამიანს აქვს შანსი, რომ სასამართლოს გზით მიაღწიოს ლეგალიზაციას ანუ მოხვდეს ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფში და შესაბამისად თავშესაფარიც მიიღოს. მოსამართლეთა ბალანსის დარღვევა გამოიწვევს იმას, რომ პეცედენტული გადაწყვეტილებები შეიცვლება და ისეთი სოციალური ჯგუფები, როგორიცაა სექსუალური უმცირესობათა წარმომადგენლები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი და კიდევ ბევრი სხვა სახელმწიფოსგან ვერ მიიღებენ თავშესაფარს. ამ კატეგორიის ჯგუფისთვის თავშესაფრის მიცემა  უდავოდ ბოლო პერიოდის აშშ–ის უმაღლესი სასამართლოს ლიბერალური ფრთის მოსამართლეების დამსახურებად უნდა ჩაითვალოს. თუ  ბალანსი შეიცვალა, ეს  ბევრი ადამიანის უფლებას  დაცვის გარეშე დატოვებს, რადგან ამ სოციალური ჯგუფების მიმართ კონსერვატორტა დამოკიდებულება დადებითი არაა.
ჩემი რჩევაა, რომ უსტატუსოდ მყოფები ნუ გადადებენ ამ პრობლემის მოგვარებას, რადგან მისი პრევენცია გაცილებით ადვილია, ვიდრე უკვე შექმნილი პრობლემის მოგვარება და ზიანის გამოსწორება.