ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

“გეფერინის” და “თიკას” ჩანთები აქსესუარების ნიუ იორკულ შოუზე

“გეფერინის” და “თიკას” ჩანთები აქსესუარების ნიუ იორკულ შოუზე

აშშ-ის ერთ-ერთმა დიდმა საგამოფენო სივრცემ, ნიუ იორკის “ჯევიტს ცენტრმა” (1986), რომლის 78 000 კვადრატულ მეტრზე ეწყობა როგორც არტპეფორმანსები, ასევე ნავების, მანქანებისა თუ საგანმანათლებლო პროგრამების გრანდპრეზენტაციები და ლექტორიუმები, 2017 წლის იანვარში “აქსესუარების შოუს” უმასპინძლა, სადაც  მსოფლიოში უკვე სახელმოხვეჭილ ბრენდების გარდა ახალფეხადგმულებიც წარსდგნენ – ის კომპანიები, რომლებიც, ორგანიზატორების აზრით,  აქტუალურ თემას “ახალ წელსა და მოდას” შეესაბამებოდნენ.  ეს კი  აქაური ბიზნესის ენაზე  2017 წლის საგაზაფხულო/საზაფხულო ასორტიმენტს ნიშნავს.

"გეფერინის" ჩანთების ექსპოზიცია

“გეფერინის” ჩანთების ექსპოზიცია

მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდების, მათ შორის, “რებეკა მინკოფი” აქსესუარების გვერდით ჩანთების მწარმოებელმა ორმა ქართულმა კომპანიამ თავისი პროდუქცია გამოფინა: ერთი ჩვენთვის უკვე ნაცნობი “გეფერინია , ხოლო მეორე – “თიკა, რომლის  ხელმძღვანელი ნიუ იორკში ესპანეთიდან ჩამოვიდა. იგი ჩანთებისთვის მასალას საქართველოდან არ იღებს, თუმცა თავის მცირე ბიზნესს მაინც ქართულ კომპანიად მოიაზრებს.

"გეფერინის" ჩანთა

“გეფერინის” ჩანთა

გაფკომპანია “გეფერინი” აშშ-ის ბაზარზე ჯერ ერთი წელიც არაა რაც გამოჩნდა, თუმცა მოდის უკვე არაერთი გამოცემის ფურცლებზე მოხვდა და ნიუ იორკელებს ამ ჩანთების შეძენა ქალაქის მაღაზიებში, როგორც მანჰეტენზე, ასევე ბრუკლინში და ონლაინადაც შეუძლიათ. კომპანიის წარმომადგენლის, დავით ლაგვილავას თქმით  “გეფერინი” აქაური მოდის აქსესუარების მონაცემთა ბაზაშია, რაც ორმოცი ათასი რეტეილერის ყურადღების ცენტრში ყოფნას ნიშნავს.

 ***

კომპანია“თიკას” ხელმძღვანელი თიკა კუჭუხიძე თბილისის დიპლომატიური აკადემიისა და ატლანტის ინტერკონტინენტალური უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია – სპეციალობა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები. იგი უკრაინაში დაიბადა, სწავლობდა მოსკოვში, მოგვიანებით გაგრაში ცხოვრობდა და საკუთარი თავსაც გაგრელად მიიჩნევს. თიკას კარიერა თბილისში გაეროს წარმომადგენლობაში დაიწყო, მერე კი ნიუ იორკში გაეროს შტაბ-ბინაში გაგრძელდა. ბავშვობაში თიკას საყვარელი საქმიანობა კერვა იყო, ჯერ თოჯინებისთვის, მერე – საკუთარი თავისთვის… საბოლოოდ მან დიპლომატიას მოდის სამყარო ამჯობინა და დიზაინის შესასწავლად ფლორენციაში გაემგზავრა. როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის გაბედული ნაბიჯი იყო, რომლის სისწორეში სრულად იყო დარწმუნებული.

თიკა კუჭუხიძე

თიკა კუჭუხიძე

ერთხელაც თიკა გაგრაში დასასვენებლად თურქეთის გავლით მიდიოდა და ამ დროს ომი დაიწყო. “მახსოვს, თურქეთში აეროპორტში ტელევიზიით აფხაზეთის რუკას უჩვენებდნენ და ტანკებსზღვისპირა სახლთან ახლოს” – იხსენებს თიკა.  “გაგრაში ბაბუა მომიკლეს და სახლი გადამიწვეს. ეს იყო ჩემთვის სამშობლოს დასასრულის დასაწყისი. ფსიქოლოგიურად სრულიად განადგურებული ჩემი ოჯახი  თბილისში გადავიდა, თუმცა მე უკვე ატლანტაში მივემგზავრებოდი. ოცდახუთი წელია სამშობლოდან წასული ვარ. ამ ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში, ბოლო  თხუთმეტი წელია კი – ესპანეთში… რატომ ესპანეთი? ეს ქვეყანა საქართველოს ჰგავს, ბარსელონა კი – გაგრას. პალმები, ზღვა, მთები, ოღონდ ესპანეთში ხეები და მთები უფრო პატარაა

"თიკას" ჩანთა

“თიკას” ჩანთა

ფლორენციის შემდეგ ბარსელონაში კატალონიის ეროვნულ თეატრის მოწვევით ჩავედი და კოსტიუმების დიზაინერის ასისტენტად ოთხი წელი ვმუშაობდი. ამას გარდა კინოინდუსტრიაშიც ვიყავი დასაქმებული და სწორედ ამ დროს შევქმენი ჩემი პირველი ჩანთა. მოგვიანებით იმის შანსიც გამიჩნდა, რომ სამოდელო კომპანიაში –  “ჯორდი ლაბანდა” მემუშავა და ბიზნესის წარმოების გამოცდილება მიმეღო. 2001 წელს ჩემ მიერ შექმნილი ჩანთების სრული კოლექცია ჩრდილოეთ ესპანეთში მდებარე ვიტორიას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა შეიძინა.

2014 წელს ავად გახლდით და რამდენიმე თვე ვერ ვიმუშავე. ამ პერიოდში ბევრს ვხატავდი. არ მახსოვს, სად და როგორ აღმოვაჩინე ინფორმაცია ნიუ იორკში ჩანთების კონკურსის თაობაზე. ჩემი ჩანთის ერთი ნახატი კონკურსის ჟიურის  გავუგზავნე და ასე მოვიგე კომპანია GUESS –ის ჩანთების დიზაინის კონკურსის ჯილდო. მეორე წელს იმავე კონკურსის ფინალში აღმოვჩნდი და ასე დავიწყე საკუთარი წარმოების ჩანთების კოლექციის შექმნა. არა ვარ ძალიან ამბიციური. უბრალოდ მინდა ჩემი ბიზნესი განვავითარო, საერთაშორისო გავხადო და მხოლოდ ჩემი ღირებულებებით ვიმუშაო: ესენია ტრადიციული ხელოვნების მეთოდების შენარჩუნება, მეორადი მასალის გამოყენება და ნულოვანი ნარჩენებით მუშაობა. ვთვლი, რომ რასაც მე ვაკეთებ, მხოლოდ მოდა არაა, არამედ  ხელოვნებაა.  ჩემი ჩანთები მხოლოდ ხელჩანთები არაა, არამედ მოგზაურობა, დასასვენებლად წასვლა და სახლია, სახლიდან შორს“.

"თიკას" ჩანთა

“თიკას” ჩანთა