16593497_1234104369960020_952376645_o

მხიარული სტატისტიკა

 

სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა (საქსტატი)  2016 წელს  საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგი გამოაქვეყნა. ასეთი მასშტაბური ღონისძიება  საშუალოდ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საყოველთაო აღწერის მიზანი ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის ასევე მათი  ეთნიკური კონფესიური  და სხვა კუთვნილების დადგენაა.  მსგავსი ტიპის აღწერა 2002 -შიც ჩატარდა.  

აღწერის მონაცემები მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილია. საქართველოში სულ 3 მილიონ 713 ათასი ადამიანი ცხვრობს. მათგან 3 მილიონ 224 ათასი ეთნიკური ქართველია (მთელი მოსახლეობის 86 %) .  კონფესიური კუთვნილების მიხედვით მართლმადიდებლები ასევე აბსოლუტურ უმრავლესობაში არიან – 3 მილიონ 97 ათასი. (მთელი მოსახლეობის 83 %). თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საყოველთაო აღწერისას რელიური და ეთნიკური კუთვნილების მითითება სავალდებულო არ იყო. 

საქსტატის მონაცემებიდან ასევე ვიგებთ, რომ საქართველოში იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ უმცირესობას სულ  12 ათასი ადამიანი განეკუთვნება. (მთელი მოსახლეობის 0,3 %). ანუ ამ  ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ‘’იაღოველს’’  თუ ერთად შევკრებთ  ‘’დინამოს’’ სტადიონის ერთ სექტორსაც კი ვერ შეავსებენ.   

ბუნებაში  ‘’ენერგიის შენახვის და გადაცემის’’ კანონი არსებობს. დახურულ სისტემაში  ენერგია არსად ქრება ის მხოლოდ ფორმას იცვლის. გარკვეულწილად ადამიანიც ‘’ბიო-ენერგეტიკული’’ არსებაა. ადამიანი ფიზიკური და ფსიქიკური ენერგიის ერთობლიობაა.  შესაბამისად ენერგიის დაზოგვის კანონი მასზეც ვრცელდება. მარტივად რომ ვთქვათ: სამსახურში დაღლილი   შინ მოკლე გზით ბრუნდება,  უმიზეზოდ შორიგზიდან არ უვლის. ნებისმიერი საქმიანობის დაწყებამდე  წინასწარ გათვლებს აკეთებს  ძალ-ღონეს ფუჭად არ ფლანგავს და ენერგიას ზოგავს. მთელი ტექნიკური ცივილიზაცია  ამ ადამიანური თვისების შედეგია- შიდა წვის ძრავა გადაადგილების გასამარტივებლად  და დრო-ენერგიის დასაზოგად შექნა.  გამოვიგონეთ ექსკავატორი და ნიჩბით  მიწის თხრა აღარ გვიწევს. შევქმენით ტრაქტორი, რადგან ხელით  მიწის დამუშავება მეტ ენერგიას მოითხოვს და ა.შ.  

გამოდის, რომ  ათწლეულების განმავლობაში  უამრავი ენერგია ფუჭად გაგვიფლანგავს.  ‘’მართლმადიდებლობის დაცვის’’ ლოზუნგით  ბასილ მკალავიშვილის ჯგუფის მიერ ‘’იეღოველებთან’’  ბრძოლაში გაწეული შრომა ალბათ ყველას გვახსოვს.  ქუჩებში დასასვენებელ პარკებსა თუ  სადარბაზოებში  ‘’ჩასაფრებული’’   იეჰოვას მოწმეთა  განეიტრალებაში კი მთელი საქართველო  მონაწილეობდა. ამ რელიგიური ჯგუფის წევრთა  შეკრებების ვანდალურად ჩაშლა და დარბევა ტელევიზორით არაერთხელ გვინახავს.  თუმცა  ენერგიის დაზოგვის კანონმა მაინც თავისი გაიტანა.  ბოლო ხანებში  ‘’ანტიიაღოველური’’  კოლექტიური აგრესია სუბლიმირდა. ‘’გსურთ ჭეშმარიტ რელიგიაზე საუბარი? ’’-ეს გამონათქვამი ერთგვარ მემედ იქცა. მაინც პროგრესია ცემა-ტყეპას ხუმრობა და დაცინვა სჯობია.

სტატისტიკის სამსახურმა ზემოთხსენებული მონაცემის გამოქვეყნებით  ‘’იაღოველებთან’’  ბრძოლის  საქმეში  დახარჯულ ეროვნულ  ენერგიას ხაზი გადაუსვა. როგორც ისტორიიდან ვიცით  ომში  ერთი ქართველი თორმეტ თათარს ამარცხებდა. დღეს რა დაგვმართნია? თურმე 3 მილიონ 224 ათას  მართლმადიდებელზე სულ 12 ათასი იჰღოვას მოწმე მოდის. თურმე ‘’სექტანტებს’’ კი არა ქარის წისქვილებს ვებრძოდით.

თუმცა აქ  საპირისპირო არგუმენტიც მოინახება : რომ ვებრძოდით ამიტომაც არიან ცოტანიო. (ასე ვთქვათ – ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. ) მაგრამ  ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებენ. მაგალითისთვის კათოლიკური თემი გამოდგება. საქართველოში დღეს  სულ 19 ათასი კათოლიკე ცხოვრობს. 1990-იან წლებში მათი რაოდენობა  100 ათასამდე  იყო. ამ თემის წარმომადგენლებს ნაკურთხი კომბლებით არავინ დასდევდა. არც სამლოცველოებში უვარდებოდნენ და არბევდნენ. (კათოლიკეების შეზღუდვა სულ რაღაც რამოდენიმე ტაძრის წართმევით შემოიფარგლა). ამის მიუხედავად მათი რაოდენობა არ გაზრდილა, პირიქით -საგრძნობლად შემცირდა.

ეთნიკური თუ კონფესიური უმცირესობების რიცხოვნება ქვეყანაში  წლიდან წლამდე მცირდება. 1990-იანი წლების დასაწყისის საქართელოში ეთნიკური ქართველები  საერთო მოსახლეობის 75 %  გახლდათ.  დღევანდელი მდგომარეობით კი  86 %-ა. თუმცა ამის მიუხედავად  ხალხში ‘’გაქრობის’’ და ‘’გადაგვარების’’ შიშებით გამოწვეული ნევროზები არსად გამქრალა. ადამიანებს არამოტივირებული შიშები აწუხებთ .  ‘’ მალე საქართველოში ქართველი აღარ დარჩება’’-  ასეთი ფრაზები  ხშირად ისმის.

შარშან ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბ. ვასაძემ  უცნაური თავყრილობა მოაწყო. სიტყვით გამოსვლისას  კუსტარული წარმოების რაინდმა იქ დამსწრე  პატივცემული საზოგადოება მოატყუა.  დემოგრაფიულ საკითხებზე  მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ ის, რომ  თითქოს ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობის კლება ეთნიკური ქართველების ხარჯზე ხდება. აზერბაიჯანული და სომხური თემის რიცხოვნობაზე  სხვა საზოგადო მოღვაწეებსა თუ რიგით მოქალაქეებს ეჭვი ადრეც გამოუთქვამთ. სტერეოტიპებით დამძიმებულნი   (მუსულმანებში შობადობა მაღალია) აცხადებდნენ რომ ‘’თუ ასე გაგრძელდა აზერბაიჯანელები მალე ჩვენზე მეტნი გახდებიანო’’. სინამდვილეში აზერბაიჯანული და სომხური წარმომავლობის თანამოქალაქეების  რაოდენობა შემცირებულია.   2002 წელს ქვეყანაში 284  761  ეთნიკური აზრბაიჯანელი ცხოვრობდა.  2016 წელს –  233 000 .  ეთნიკური სომეხი  2002 წელს 248 929  იყო.  2016 წელს  – 168 100 .  

მოსახლეობის საერთო რაოდენობის დრამატულ შემცირებას  ემიგრაციას უკავშირებენ ხოლმე.  რაც თავისთავად  სწორია. თუმცა ‘’ქვეყნის ქართველებისგან დაცლაზე’’ ლაპარაკის დროს როგორც წესი არარეალური რიცხვები სახელდება.   სსრკ-ში  უკანასკნელი – 1989 წელს – ჩატარებული აღწერის მიხედვით საქართველოში 5 მილიონ 443 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით  კლება 1 მილიონ 730 ათას ადამიანს შეადგენს.  თუმცა აქ ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი შედის. 1989 წლისთვის საქართვლოში 341 ათასი ეთნიკური რუსი ცხოვრობდა. დღეს კი მხოლოდ 26 000 .

100 324   ეთნიკური  ბერძენიდან  ამჟამად 6000 -ღა შემორჩა. გადინება და კლება მეტწილად სხვა ეთნიკურ ჯუფებს შეეხო.

ბოლო ხანებში ჩვენი თურქი მეზობლების  შესახებ  ასევე  უამრავი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. ‘’აჭარაში  თურქები მალე  ქართველებზე მეტნი იქნებიან რეფერენდუმს ჩაატარებენ,  ბათუმს წაგვართმევენ’’  და ა.შ.   საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ეროვნების მიგრანტთა გაბერილი ციფრები ასევე მითქმა -მოთქმის საგნად იქცა. ეს ყველაფერი სინამდვილეს არანაირად არ შეესაბამება.

‘’ქართველობის დაკარგვით’’ შეშფოთებული ადამიანების რაოდენობა  საერთო აღწერის მონაცემებში არ მოიპოვება.  თუმცა სხვა სოციოლოგიური გამოკითხვებიდან   ადასტურებს, რომ  მშფოთვარენი ქვეყანაში მრავლად  არიან. ასეთი ადამიანების წინაშე ციფრები და ფაქტები უძლურია. ისინი რაღაცით საფეხბურთო ხულიგნებს გვანან.  ამა თუ იმ გუნდის მოხულიგნო ‘’ფანებისთვის’’ ფეხბურთი როგორც სანახაობა  და ფეხბურთელის ოსტატობის ხილვით სიამოვნების მიღება მეორეხარისხოვანია. მათთვის მთავარი მისიანებთან და მისნაირებთან  დაჯგუფება  და  ჯოგური ერთობის განცდაა. მთავარი გამაერთიანებელი ფაქტორი კი მოწინააღმდეგის არსებობაა.  მოწინააღმდეგე გუნდის მხარდამჭერ ასევე  ხულიგნებთან დაპირისპირება და ცემა-ტყეპა.

ციფრები და რიცხვები რეალობას  ყველაზე უფრო ობიექტურად აღწერენ. რუსეთში მორიგი  ანტიქართული ისტერიის დროს (2006 წელს) სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა.  გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსეთის მოქალაქეების აზრით საქართველოში 30-40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. რუსულ ტელეარხებზე გამართულმა ისტერიამ  ამ ქვეყნის მოქალაქეების ცნობიერებაზე იმოქმედა და რეალობა გაამრუდა. მათთვის ძნელი აღსაქმელი იყო, რომ ქვეყანაში, რომელსაც უზარმაზარი რუსეთი ამდენ დროს უთმობს და ამდენ ენერგიას ხარჯავს, სულ 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

მოკლედ,  დროა ენერგოდამზოგავ მოქმედებებზე გადავიდეთ და გვახსოვდეს, რომ ქვეყნად საქართველო მხოლოდ ერთია და ისიც ჩვენია !

 

ავტორი
Author with nice biographical info Wordpress dev for Netgazeti