ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„შეუძლებელი არაფერია“ – არსენ გვენეტაძე მედიცინას, პოეზიას, მხატვრობასა და ასტრონავტიკას შორის

„შეუძლებელი არაფერია“ – არსენ გვენეტაძე მედიცინას, პოეზიას, მხატვრობასა და ასტრონავტიკას შორის

ნიუ იორკში ჯერ მანჰეტენზე, შემდეგ კი ბრუკლინში, ქართული კულტურის ცენტრში “მოცეკვავე წეროები”, ქართველი ექიმის, თსუ-ის პროფესორის, ფოტომოყვარულისა და დამწყები მხატვრის არსენ გვენეტაძის ლექცია და შემოქმედებითი საღამო  გაიმართა.

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თავისი ნახატები, მისი იდეითა და მხარდაჭერით გადაღებული დოკუმენტური ფილმები – “სკოლა ცხოვრებისა” (2010) და Imagine (2016) (რეჟისორი ვახტანგ კუნცევი – გაბაშვილი) წარადგინა და დამსწრეთ თემაზე – “შეუძლებელი არაფერია” ესაუბრა.

“სკოლა ცხოვრებისა” აღწერს არსენ გვენეტაძის მშობლიური ქალაქის, ტყიბულის მეექვსე საჯარო სკოლის ცხოვრებას. მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით 2009 წლიდან ამ სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ე. წ. “კარცერ-ლუქსი”, სადაც მოსწავლეები წიგნთან მუშაობასა და მეგობრობას სწავლობენ. როგორც არსენ გვენეტაძე ამბობს, ისინი რეგულარულად ისმენენ ლექციათა კურსს სიკეთეზე და წარმატების მიღწევის გზებზე იმ მოტივაციით, რომ შეუძლებელი არაფერია. მეორე ფილმი მოგვითხრობს თანამედროვე ქართველი მოქანდაკის ლევან ვარდოსანიძის შემოქმედებაზე, რომლის სკულპტურების სერია ქართველ არტისტებსა და ამერიკელ ჯაზმუსიკოსებს ეძღვნება.

არსენ გვენეტაძე

არსენ გვენეტაძე

არსენ გვენეტაძე, როგორც თავის თავს უწოდებს, კიბოს გადარჩენილია (Cancer Survivor), მიუხედავად ამისა მან 2014 წელს ფილადელფიაში Nastar-ის ცენტრში, იქ, სადაც აშშ-ის  ასტრონავტებს ამზადებენ, სპეციალური ტრეინინგი გაიარა და კოსმოსში გასაფრენად მზადაა. იგი საქართველოში ოფიციალურად სერთიფიცირებული პირველი “მომავლის ასტრონავტია”.
ქართველი ექიმის ფოტოგატაცებას ათ წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და მის აქტივში რვა პერსონალური ფოტოგამოფენაა. თემატიკა მრავალფეროვანია: აფრიკული საფარი, პაპუა-ახალი გვინეა, სოლომონის კუნძულები, იაპონია, საქართველო და სხვა. მისი ერთ-ერთი პირველი ფოტო – “მიქელანჯელოს კიბე ვატიკანში” 2003 წელს ფოტოკონკურსის  “ქოლგა” ერთ – ერთი გამარჯვებული გახდა და თბილისში “ცისფერ გალერეაში” გამოიფინა.

არსენ გვენეტაძემ 2014-2016 წლებში პოეზიის ოთხი მინი კრებული გამოსცა, ხატვა კი 52 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი ნახატი – “სიცოცხლის სიმფონია” – 2016 წლის 22 ივნისითაა დათარიღებული. მას შემდეგ 37 ფერადი ტილო შექმნა და გამოფინა. 2016 წლის დეკემბერში მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა, სახელად – „შეუძლებელი არაფერია“ – მილანში შედგა, მეორე, სახელად – “შტორმი სიცოცხლისა” – ბათუმში. ქართველი ექიმის ექსპოზიციები 2017 წლის 19-22 იანვარში კანში (საფრანგეთი) WCRPL მსოფლიო კონგრესის პერიოდში Majestic Barier –ში და 27-28 იანვარს თბილისში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ეს უკანასკნელი “სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის” დამაარსებლის ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილეს მიეძღვნა.

არსენ გვენეტაძე ამბობს, რომ მისი ნახატები ვიზუალური ხელოვნებაა, რომელიც ადამიანებისთვის ერთგვარი მოტივაცია და სტიმული შეიძლება გახდეს იმისთვის, რომ საკუთარი ძალების დაიჯერონ და ირწმუნონ – შეუძლებელი არაფერია. ამბობს, რომ თუ მან, „ტყიბულში ინჟინრისა და პედაგოგის ოჯახში დაბადებულმა, შეძლო გამხდარიყო ექიმი, უნივერსიტეტის პედაგოგი, გამკლავებოდა მსხვილი ნაწლავის კიბოს და ამის შემდეგ გამხდარიყო პირველი, ოფიციალურად სერტიფიცირებული “მომავლის ასტრონავტი” ე. ი. შეუძლებელი არაფერია და ეს სხვებსაც ხელეწიფებათ.

„ჩემი დღის წესრიგი ასეთია: საღამოს რვა საათამდე სამსახურში ვარ, ჩემს მიერვე დაარსებულ „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში” (რომელმაც 2016 წელს ენდომეტრიოზის მაღალი სტანდარტით მკურნალობის ევროპული ცენტრის ოფიციალური სტატუსი მოიპოვა), მერე კი ხატვის მასწავლებელთან მივდივარ და დილის ორ საათამდე ვხატავ”. თუ ყველაფერი გაქვთ, რაზეც ოცნებობთ და საფიქრალიც არაფერზე გრჩებათ, მაშინ ცხოვრება აზრს კარგავს. დღე-ღამეში ოცდაოთხი საათი მეცოტავება. გამუდმებით სიახლეებს ვეძებ: ხან კოსმოსის დაპყრობა მინდა, ხან პოეზიის საღამოზე ჩემი ლექსების წაკითხვა. ჩემს ცხოვრებაში კი მთავარი მაინც ჩემი პროფესიაა. მუდმივი განვითარება, სიახლის, თანამედროვე ტექნოლოგიის ათვისება და კლინიკაში დანერგვა უდიდესი სიამოვნებაა”– ამბობს ქართველი ექიმი.

„დასავლეთში ბევრი ქალია, რომელიც თავისი დროის დიდ ნაწილს კარიერას უძღვნის, გარკვეული ასაკის შემდეგ კი შვილის ყოლას გადაწყვეტს. კვერცხუჯრედს ყინავს და ინახავს. წელიწადნახევრის წინ ჩვენ საქართველოში მიზნად დავისახეთ მსგავსი ტექნოლოგიის ათვისება და რამდენიმე ხნის წინათ პირველი ორსულობაც მივიღეთ. საერთო ჯამში გასულ წელს ჩვენს კლინიკაში ორასზე მეტი ახალშობილი ჩაისახა, რაც ჩვენი გუნდის უკლებლივ ყველა წევრის უდიდესი სიხარულია.

ადამიანები ბედნიერებასა და წარმატებას ცხრა მთას იქით ეძებენ, სინამდვილეში კი ბედნიერება ჩვენ თვალწინაა. ცხოვრებას ჩემთვის მზამზარეული ძღვენი არასდროს მოურთმევია და ამიტომაც ციდან საშველს არასოდეს ველოდები. სრულიად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ბედნიერების 85 პროცენტი ადამიანურ ურთიერთობებშია, დანარჩენი 15 კი – პროფესიულ წარმატებაში. ამ იდეას შესაბამისი ტილო მივუძღვენი, რომელიც ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ხშირად ვიმეორებ: მინდა, ჩემი ყოფნით სამყარო უკეთესი გავხადო. მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ცდილობს მისთვის ცხოვრება მხოლოდ ერთფეროვანი შრომა არ იყოს და ბედნიერებამ გვერდზე არ ჩაუაროს”– ამბობს არსენ გვენეტაძე.

"ნარკოტიკები და ხელოვნება-ორი უდიდესი ბაზარი"

“ნარკოტიკები და ხელოვნება-ორი უდიდესი ბაზარი”