ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

Wall Street Journal ნიკოლოზ ნამორაძეზე: „უბრალოდ გენიალური“

Wall  Street Journal ნიკოლოზ ნამორაძეზე: „უბრალოდ გენიალური“

ნიუ იორკში, მანჰეტენის ცენტრში მდებარე “ჰანტერ კოლეჯი” აშშ–ის ერთ–ერთი უძველესი საჯარო სასწავლო დაწესებულებაა, რომლის დარბაზები არაერთ ცნობილ თუ უცნობ ხელოვანსა და საინტერესო პერფორმანსებს დათმობია. ბახის დაბადების დღეს  “ჰანტერ კოლეჯის”  Ida K. Lang Recital Hall-ში ორგანიზაციის –  The Drozdoff Society მხარდაჭერით გაიმართა „ქუინს კოლეჯის” პროფესორისა და Graduate Center Doctoral School -ის სტუდენტის,   24 წლის ქართველი  კომპოზიტორისა და პიანისტის ნიკოლოზ ნამორაძის კონცერტი, რომლის დროსაც ბახის „პარტიტას”, შუმანის „იუმორესკას“, პროკოფიევის სონატასა და ვლადიმირ დროზდოვის ნაწარმოებებს გარდა მისი ორი ეტიუდიც: Mostly Triads (პრემიერა)  და Major Scales  აჟღერდა.

„ექსტრაორდინალური არტისტი” – ასე დაახასიათა გრემის მფლობელმა ამერიკელმა პიანისტრმა, ჯულიარდის პროფესორმა ემანუელ აქსმა ნიკოლოზ ნამორაძე; New York Times – მა დაწერა, რომ იგი „ბრწყინვალე, მგრძნობიარე და ფერადოვანია“, ხოლო Wall  Street Journal–მა მას „უბრალოდ გენიალური“ უწოდა.

ნიკოლოზ ნამორაძის კონცერტი "ჰანტერ კოლეჯში

ნიკოლოზ ნამორაძის კონცერტი “ჰანტერ კოლეჯში”. ია მერკვილაძის ფოტო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნიკილოზ ნამორაძე ბუდაპეშტის, ვენისა და ფლორენციის სამუსიკო სასწავლებლებში სწავლობდა; 2014 წელს კი იგი სწავლის გასაგრძელებლად ნიუ იორკში, ჯულიარდში ჩამოვიდა. ქართველი მუსიკოსი გამოდის აშშ–ის, უნგრეთის, ესპანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების სცენებზე, მის ნაწარმოებებს კი ისეთი წამყვანი არტისტები უკრავენ, როგორებიც არიან ტესა ლარკი, კენ–დეივიდ მასური, დომინიკ უაგნერი და ანსამბლი Momenta Quartet.  ნიკოლოზ ნამორაძის კომპოზიციები ისეთ ღონისძიებებზე შეასრულეს, როგორიცაა კოლორადოსა და ჩელსის მუსიკალური ფესტივალები. 2016 წელს ქართველი პიანისტი  ალბანისა და ნიუბურგის სომფონიურ ორკესტრებთან ერთად უკრავდა; მას სოლო კონცერტები აქვს  ნიუ იორკში, ნიუ ჯერსსა და კონექტიკუტში;  თანამედროვეობის ერთ–ერთი გამოჩენილ მევიოლინედ წოდებულ რალფ შულტესთან ერთად ნიკოლოზ ნამორაძე გამოვიდა ნიუ იორკის გულში მდებარე Elebash Recital Hall –ისა და ბრუკლინის ხიდის ქვეშ მდებარე ნიუ იორკელების საყვარელ Bargemusic–ის სცენებზე. წელს შემოდგომაზე ნიკოლოზისა და რალფის  კონცერტი ბრუკლინის საჯარო ბიბლიოთეკაშიცაა დაგეგმილი.

ამას წინათ  ნიკოლოზ ნამორაძე ბუდაპეშტში ახალგაზრდა კომპოზიტორების კონკურსის Fidelio Fortissimo-ს პრიზით დაჯილდოვდა.  ქართველმა კომპოზიტორმა ასევე შექმნა მუსიკა ფრანგი მხატვრის ფაბიენ ვერდიერის ფილმისთვის „მოსიარულე ნახატები“, რომელიც საფრანგეთის ეკრანებზე უკვე გამოვიდა. ვიზუალურმა არტისტმა ნიკოლოზი ჯულიარდში გაიცნო, მისი მუსიკა მოეწონა და ფილმისთვის „საუნდთრეკის” შექმნაც შესთავაზა.

მიყვარს კინოხელოვნება და ამიტომ ფილმზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ჩემი ინტერესების ერთ–ერთი საგანია მეცნიერების ახალი დარგი ნეიროპლასტიურობა (Neuroplasticity), რომელიც  ტვინის ცვლილებებს სწავლობს. მაინტერესებს ტვინის შესაძლებლობები, კონკრეტულად კი მუსიკის მეცადინეობის სფეროში შესაძლებელია თუ არა მენტალურად და არა რეალურად, ინსტრუმენტის ვიზუალიზაციით მეცადიონეობა და  შესრულების სრულყოფა” – ამბობს ნიკოლოზი.