ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ქართველი სოცმუშაკი ნიუ იორკში

ქართველი სოცმუშაკი ნიუ იორკში

შეიძლება ითქვას, რომ აშშ–ში ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ერთგვარად ინსტიტუციონალიზირებული “ქველმოქმედების ტერიტორიები”, სოციალური სამსახურის პრეჩანასახები, მოწყალების სახლები, საავადმყოფოები, რომლის თანამშრომლებიც ყველაზე ღარიბ, მარგინალიზებულ ადამიანებსა თუ ადამიანთა ჯგუფებს დახმარებას, საწოლს, საკვებს, წამალს, მზრუნველობა-ნუგეშს სთავაზობდნენ. მას მერე მძლავრმა პოლიტიკურმა, კულტურულმა თუ ეკონომიკურმა ძვრებმა ახალი პროფესიის – “სოციალური მუშაკის” შექმნის აუცილებლობა გააჩინა, უფრო მოგვიანებით კი ამ სამსახურის სპეციფიკაციის საჭიროებაც – სოციალური მუშაკები, რომლებიც მუშაობენ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებთან, ბუნებრივი კატაკლიზმების თუ ომის მსხვერპლებთან ანდა ოჯახში ძალადობისგან თუ ტრეფიკინგისგან დაზარალებულებთან. თითოეული ეს სფერო ადამიანისგან ითხოვს არა მხოლოდ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, ადამიანის უფლებების პრიმატის რეალურ აღიარებას, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, განსაკუთრებულ, მგრძნობიარე შინაგან სოციალურ მოდუსს, მუდმივ ემპათიასა და ჰუმანურობას.

 

ილია ჯიქურაშვილი ნიუ იორკში, ჰანტერ კოლეჯის სილბერმენის სახელობის სოციალური სამუშაოს სკოლაში ზრუნვის კოორდინაციის განხრით სწავლობს და თავის მომავალ პროფესიას ლგბტქ+ თემში სოციალურ მუშაობს უკავშირებს. აშშ–ში ემიგრაციამდე (2013) თბილისში იგი სამართალს სწავლობდა. როგორც თავად ამბობს, ქართულ კონტექსტში ადამიანის უფლებების მხრივ იურიდიული თეორიების პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობას ვერ ხედავდა.  ჩამოსვლისთანავე მას სოციალურ მუშაკის პროფესიასთან უშუალო შეხება ჰქონდა,  სოციალურ სააგენტოში მოხალისედ მუშაობა დაიწყო; სწავლის დაწყებისთანავე იგი სხვადასხვა სააგენტოებში სოცმუშაკებთან სასაუბროდ გააგზავნეს. იქედან გამომდინარე, რომ ბაკალავრიატის დონეზე ამერიკაში სამართლის სკოლები არ არსებობს, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის შერჩევისას,  მან მრავალი კონსულტაციის შემდეგ თავისი არჩევანი სოციალური სამუშაოს ფაკულტეტზე შეაჩერა და სამომავლოდ სამართლის სკოლაში ჩაბარებასაც გეგმავდა. ეს მიზანი დროთა განმავლობაში შეეცვალა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ილიამ სოციალური სამუშაოს პირველი კლასი აიღო, სადაც საკუთარი თავის პროფიდენტიფიკაცია სოცმუშაკის საქმიანობასთან მაშინვე მოახდინა. ამჟამად ილია ერთ–ერთ ორგანიზაციაში სტაჟიორია. ამ სოციალური სააგენტოს პროფილი მენტალური/ფსიქიკური ჯანმრთელობაა და ძირითადად ხანშიშესულ მოსახლეობას ემსახურება. მის მოვალეობათა დიდი ნაწილი მოიცავს იმ კლიენტების ადვოკატირებას, რომლებსაც საკუთარი საცხოვრისიდან გამოსახლება ემუქრებათ და  ბიუროკრატიული სისტემების ნავიგაციაში დახმარება სჭირდებათ.

სოცმუშაკის ფუნქცია “ქეისებზე” უშუალო მუშაობა და ინდივიდის გარე სოციალურ რესურსებთან/ ინსტიტუციებთან დაკავშირებაცაა. გარდა ამისა, 2016 წელს მან თავად დაგეგმა, განავითარა და დანერგა პროექტი, რომლის მისია გახლდათ ლგბტქ+ თემის ხანშიშესული წევრების დახმარება. პროექტის მიზანია სააგენტოს ფარგლებში შეიქმნას უსაფრთხო, თერაპიული სივრცე, სადაც ეს კონკრეტული სოციალური ჯგუფი თავის გამოცდილებას სააგენტოს ჰეტეროსექსუალ წევრებს გაუზიარებს. ამჟამად  ჯგუფის ფასილიტატორი  თავადაა.

ილია ჯიქურაშვილი

ილია ჯიქურაშვილი

მახსოვს ჩემი პირველი ქეისი. რამდენიმე წლის წინ სააგენტოდან ჰარლემში ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასების გასაკეთებლად სახლში ერთ-ერთ კლიენტთან გამგზავნეს,”- მიყვება ილია.

„სახლიდან დილით ადრე გავედი და როგორც კი იმ შენობას მივუახლოვდი, სადაც ჩემი კლიენტი ცხოვრობდა, მაშინვე შევამჩნიე რამხელა კონტრასტი იყო მანჰეტენის ამ ნაწილსა და სხვა უფრო მეტად „განვითარებულ“ სამეზობლოებს შორის. სულ ვამბობ ხოლმე, რომ ამ დღეს გადავწყვიტე რეალურად ჩემი საქმიანობა ასეთი სამეზობლოებისა და თემების დახმარებისთვის მიმეძღვნა. ვიცოდი, რომ ამ კლიენტთან სოციალური მუშაკი სხვა სააგენტოდან მუშაობდა, მაგრამ იმდენად ცუდ მდგომარეობაში დამხვდა ეს ქალბატონი, რომ კარგად მახსოვს, თუ როგორ არაბუნებრივად ბევრი ვინერვიულე. სოციალურად იზოლირებული, იგი უამრავ მედიკამენტს იღებდა, რომელთაგანაც რამდენიმეს ინტერაქცია ერთმანეთთან სხვა დამატებით პრობლემებს იწვევდა. ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება დავწერე, მის ექიმს დავურეკე, ექიმმა კი თავიდან მომიშორა, მიპასუხა – მე ვიცი რაც გამოვუწერეო. მეორე დღეს, მე და ჩემი სააგენტოს დირექტორი იმ კლინიკის დირექტორთან ვიჯექით, სადაც ექიმი მუშაობდა. საბედნიეროდ, პოზიტიურ მიზანს მივაღწიეთ და რამდენიმე თვეში ჩემი კლიენტი სავარჯიშოდაც დადიოდა და ახალ მეგობრებსაც იძენდა.

 – რატომ აირჩიეთ  სოციალური მუშაობის სფერო და ამ პროფესიაში თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი?

– ზოგადად სოციალური მუშაობა  ყველაზე ახლოს იდგა იმასთან, რისი კეთებაც მინდოდა, რადგანაც ეს  სფერო ადამიანის უფლებებსა და სამართალს ეხება. თუმცა პირველი სემესტრიდანვე შემეცვალა შეხედულებები და გავიაზრე, რომ სოციალური მუშაკის დიპლომით ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობები მექნებოდა კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებს დავხმარებოდი, ვიდრე – სამართლის.

სოციალური სამუშაო არის ძალიან ფართო სფერო, რომელიც შეიძლება დაიყოს მეთოდების მიხედვით: კლინიკური სოციალური მუშაობა, სამართალწარმოება, ორგანიზება და ა. შ. ჩემი ინტერესია სათემო/საზოგადოებრივი ორგანიზება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მეთოდი სოციალური ცვლილებების მნიშვნელობას ყველაზე მეტად ააქტიურებს. სოციალური მუშაკის პროფესია ისტორიულად რადიკალური მოძრობის კონტექსტში განიხილებოდა. მაგალითად, ფსიქოთერაპია არასდროს ყოფილა სოციალური სამუშაობს მეთოდი მანამ, სანამ ჰორიზონტზე ფროიდი არ გამოჩნდა და სოცმუშაკები პროფესიული მეთოდის არქონაში არ დაადანაშაულეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მეთოდით მუშაობს სოციალური მუშაკი, სოციალური სამუშაო არის ცვლილებაზე, სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, სერვისების გაუმჯობესებაზე, ინდივიდის სოციალური ფუნქციონირების აღდგენასა და ოპტიმიზაციაზე ორიენტირებული პროფესია, რომელიც კონკრეტულად მარგინალიზებული, მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას და ჩაგვისგან, მის დახსნას ეფუძნება. სოციალური სამუშაოს მიზანი არ არის ინდივიდის შეცვლა როგორც ასეთი. სოციალური მუშაკები ინდივიდს განიხილავენ თავის სოციალურ კონტექსტში, ანუ ჩვენ გვაქვს ინდივიდის ჰოლისტური (ეკოსისტემური) ხედვა. ბიო-ფსიქო-სოციალური პლიუს სულიერი კონტექსტის შეფასება გვაძლევს შესაძლებლობას ინდივიდის ქცევა, რომელიც, მაგალითად, კლინიკური ფსიქოტერაპევტისთვის შეიძლება უბრალოდ პრობლემურ ქცევად დაკვალიფიცირდეს, განვიხილოთ ისტორიული ტრამვის და სხვა სოციალური ფაქტორების (როგორიცაა, რასიზმი, დისკრიმინაცია, ტრავმა) გათვალისწინებით. ასეთი ქცევის ანალიზის შედეგად იხატება სრულიად სხვანაირი სურათი, როცა ადამიანის „პრობლემური“ ქცევა ჩაგვრის კუმულატიური შედეგი შეიძლება იყოს.

აქვე მინდა აღვნიშნო ინდივიდის (ან თემის) სიძლიერეზე დაფუძნებული პერსპექტივა. სოციალური მუშაკები ინდივიდის სოციალური ფუნქციონირების შეფასებისას ვალდებულნი არიან დაადგინონ ადამიანის ძლიერი მხარეები და გამოიყენონ ეს სიძლიერეები არსებული პრობლემების მოგვარებისთვის. ჩვენ არ ვართ არავის ცხოვრების ექსპერტები, თითოეული ადამიანი თავის ცხოვრების ექსპერტია და მათ თავად იციან როგორ გადალახონ სიძნელეები. სოციალური მუშაკები ეხმარებიან ადამიანებს დაინახონ ეს პოზიტიური მხარეები და გამოიყენონ საკუთარი მიზნების მისაღწევად.

–  ხშირად ადამიანი სწორედაც რომ ვერაა თავისი ცხოვრების  კარგი ექსპერტი და სწორედ  ამიტომაცაა მის ცხოვრებაში კოლიზიები, გადაუწყვეტი პრობლემების  სიმრავლე. ადამიანს სჭირდება არა უბრალოდ მეგობრის კეთილი თანადგომა, არამედ პროფესიული მრჩეველი, მაგალითად, სოცმუშაკი…

რჩევას, როგორც ასეთს, სოციალურ სამუშაობაში,  ძალიან ფრთხილად ვეპყრობით. ერთი, შეუძლებელია სოციალურმა მუშაკმა შეაგროვო ამომწურავი ინფორმაცია კლიენტზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერასდროს ვერ გავხდები მე, როგორც სოციალური მუშაკი, ჩემი კლიენტის ცხოვრების ექსპერტი. შესაბამისად, მე ვერ „ვურჩევ“ კლიენტს როგორ მოიქცეს. მე შემიძლია მივაწოდო მას ინფორმაცია, დავეხმარო გამოსავლის მოძიებასა და იმ შედეგების გააზრებაში, რაც შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. მეორე, სოციალური პრობლემები ადამიანის თვითკმარობას, ეკონომიკურ მდგრადობასა და სოციალურ ფუნქციონირებას დიდად აზიანებს, რასაც მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური სიძნელეები ახლავს თან. სოციალური მუშაობის მიზანია ე.წ. სოციალური მტვერი, რომელიც კლიენტის სიძნელეებთან გამკლავების მექანიზმებს ფარავს, გადახვეტოს და კლიენტს საკუთარი სიძლიერეები და შესაძლებლობები დაანახოს.

– “ჩაგვრის კუმულატიური შედეგი“ როგორც ტერმინი ერთგვარ საფრთხეს, მაგალითად, რაღაც დონეზე გამართლების ინტონაციას ხომ არ შეიცავს? თუნდაც წმინდა ფსიქოლოგიურად. მაგალითად, მოძალადის, ტერორისტის, სექსისტის, ჰომოფობის?

ალბათ, გამართლების იმდენად არა, რამდენადაც – ქცევის ანალიზის. მაგრამ მესმის რასაც ამბობთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ქცევას როცა ვუყურებთ, არენაზე ყოველთვის არის ინდივიდუალური, ისევე როგორც სოციალური ფაქტორები, რომლებიც ერთმანეთზე ზემოქმედებენ. აი მაგალითად, რასიზმი ავიღოთ. რასიზმი არის წმინდად დასწავლული ქცევა, რომლის შეცვლაც შესაძლებელია იმის აღიარებით, რომ ადამიანი არის რასისტი და შემდეგ საკუთარ თავზე მუშაობით, რომ არ იყოს რასისტი. თუმცა, თუ შევხედავთ ვიღაც რასისტი ტიპის სოციალიზაციის პროცესს, შეიძლება და, ალბათ, დიდი ალბათობით აღმოვაჩენთ, რომ მისი სოციალიზაცია მოხდა რასისტულ საზოგადოებაში, სადაც ბავშვობიდან ასწავლეს მისგან განსხვავებული ადამიანის ზიზღი. ანუ, მისი რასისტად ჩამოყალიბება მხოლოდ ინდივიდუალურ ფაქტორზე არ იყო დამოკიდებული. დაახლოებით, მსგავსი შემთხვევაა სექსიზმიც, ან ჰეტეროსექსიზმი. აქ ჩვენ ვსაუბრობთ პრივილეგირებულ ჯგუფებზე, თეთრკანიანებზე, ჰეტეროსექსუალებზე, მამაკაცებზე და ა. შ. ამ ჯგუფებს და არა ინდივიდებს სოციალურ სფეროში ისტორიულად  მომგებიანი პოზიციები ეჭირათ. აქ საუბარია პრივილეგირებულ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებსაც არ უნდათ საკუთარი პრივილეგია გაუნაწილონ სხვებს– ნაკლებად პრივილეგირებულებს. ჩემი პირადი აზრია, რომ საუბარი რასიზმზე, სექსიზმსა და ჰეტეროსექსიზმზე ინდივიდუალურ კონტექსტში არ მიგვიყვანს რაიმე პოზიტიურ გამოსავალამდე. ეს არის სოციალური პრობლემა და სოციალური სამუშაოს ინტერვენციაც ამ შემთხვევაში უნდა იქნეს ორიენტირებული ჯგუფებსა და სოციუმზე და არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდებზე.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ როცა ვსაუბრობთ მოძალადეებზე ან თუნდაც პედოფილებზე, აქ  გვაქვს განსხვავებული მოცემულობა, მაგრამ კითხვა იგივეა: რა იწვევს კონკრეტულ ქცევას, რა ხდება ადამიანის სოციალურ გარემოში ისეთი, რამაც შეიძლება ამ ადამიანს კონკრეტული ქმედებისაკენ უბიძგოს? ასეთ შემთხვევებში დიდი მნიშვნელობა აქვს რა თეორიული პერსპექტივიდან მუშაობს კონკრეტული სოციალური მუშაკი. მაგალითად, სოცმუშაკი, რომელიც საორიენტაციოდ ფსიქოანალიტიკური თეორიას, უფრო კონკრეტულად, იუნგის ანალიზს ირჩევს. ოჯახური ძალადობის შემთხვევაში იგი  ძალიან ინდივიდზე ორიენტირებული და მისი ინტერვენციაც შესაბამისად ინდივიდის თვისებების, ემოციების ან ფიქრების მოდიფიცირებაზე ფოკუსირებული იქნება. სოცმუშაკი, რომელიც მუშაობს კონფლიქტის თეორიის პერსპექტივიდან, ალბათ, შეხედავს ოჯახური ძალადობის განმახროციელებლის გარემოს, მისი ექსპლუატაციის შესაძლებლობას სამსახურში, და სხვა მრავალ სოციო-ეკონომიკურ ფაქტორს, რომელიც უბიძგებს ინდივიდს ბრაზი, ან აგრესია გამოხატოს დესტრუქციულად, არასწორი ობიექტის მიმართ.

– აშშ–ი როგორია სოცმუშაკების სტატისტიკური მაჩვენებული (მათ შორის, გენდერული) და რა რაოდენობის სააგენტობია სამთავრობო და კერძო სექტორში?

–  320 მილიონიან მოსახლეობაში მხოლოდ  შვიდას ათას ადამიანს აქვს სოცმუშაკის სტატუსი, თუმცა ბევრი დანარჩენი, რომელიც სოცსამუშაოსთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევა, შეიძლება არ აღიქმებოდეს სოცმუშაკად მხოლოდ იმიტომ, რომ სოცმუშაობის სკოლის დიპლომი არა აქვს. მაგალითად, ბევრი ფსიქოლოგი “ქეისვორქერად” მუშაობს, რაც სოცმუშაობის ნაწილია.

სტატისტიკურად აშშ-ში სოციალურ მუშაკთა 80 პროცენტი არიან ქალები, მხოლოდ პროფესიონალთა 20 პროცენტი მამაკაცია. თეთრკანიანი სოციალური მუშაკები შეადგენენ პროფესიის დაახლოებით 85 –ს, შავკანიანი – 5-ს, ლათინო  და აზია-ამერიკელი სოცმუშაკები – 2-2 პროცენტს. გენდერული სტატისტიკური მაჩვენებელი ძალიან საინტერესოა და შესაძლებელია დაუკავშირდეს იმ სოციალურ სტიგმას, რომელიც დღეს არსებობს. დღეს-დღესობით ამერიკული საზოგადოება ამ პროფესიაში მამაკაცების ჩართულობას არ ახალისებს. მიუხედავად ამისა, მამაკაცი სოციალური მუშაკები გაცილებით უფრო მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები არიან, ვიდრე ქალი სოცმუშაკები და ამას არანაირი შეხება არა აქვს პროფესიონალიზმის დონესთან. ისევე როგორც სხვა ინდუსტრიებში, აქაც პატრიარქალური ნორმები ქალებს მამაკაცებზე უკან აყენებს, რასაც ძალიან ბევრი ნეგატიური გავლენა აქვს ქალთა კეთილდღეობაზე (მაგალითად, ნაკლები პენსია, იმიტომ რომ ნაკლები გადასახადები გადაიხადა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ შემოსავალი ჰქონდა ნაკლები).

სააგენტო, სადაც მე ვმუშოაბ, კონკრეტულად ებრაელ მოსახლეობაზეა ორიენტირებული და ებრაული ფედერაციები გვაფინანსებენ. ხშირად გვსტუმრობენ ხოლმე იმისთვის, რომ გააკონტოლონ, თუ როგორ ვემსახურებით ებრაელ თემს. არსებობს სოცსამუშაოს სააგენტოები, სადაც ჩემი მეგობრები მუშაობენ, რომლებსაც აქვთ კერძო გრანტებიც, პროგრამების ნაწილს კი სახელმწიფო აფინანსებს. ზოგად სტატისტიკაზე საუბარი რთულია, რადგან სოციალური სააგენტოები სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტებისთვის სხვადასხვა დაფინანსების წყაროებს პოულობენ. სახელმწიფოებრივი ვალდებულება დელეგირებული შეიძლება იყოს კერძო სოციალურ სააგენტოზე და ის ასრულებდეს საშტატო დეპარტამენტის მოვალეობათა გარკვეულ ნაწილს. ზოგადად, სოციალური პროგრამების და პროექტების დაფინანსება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება.

– რა კრიტერიუმებით ფასდება სოციალური მუშაობის ეფექტიანობა?

– ეს კითხვა ძალიან აქტიურად ისმის თავად სოციალური მუშაობის სფეროშიც. როგორ არის ეფექტიანობა განმარტებული ემპირიული კვლევის პროცესში, ვინ ატარებს კვლევას, სოციალური სამუშაოს რომელ განხრას იკვლევს და ა. შ. ეს კითხვები ძალიან აქტუალურია და, სამწუხაროდ, ხშირად პასუხგაუცემელი. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სოციალური მუშაკები ვალდებულნი არიან მოახდინონ თავიანთი ეფექტურობის დოკუმენტაცია, რასაც ძალიან აქტიურად აკეთებენ კიდეც. არასამთავრობო სოციალური სააგენტოები ვალდებულნი არიან დაუმტკიცონ გრანტიორებს თავიანთი ეფექტიანობა. ასევე სოციალური სააგენტოები, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მსგავსად არასამთავრობოებისა, ვალდებულნი არიან დოკუმენტირებული სახით წარადგინონ თავიანთი შესრულებული სამუშაოს პოზიტიური და ნეგატიური შედეგები. სოციალური სამუშაო კვლევაზე ორიენტირბეული პროფესიაა, მტკიცებულებაზე დამყარებული პრაქტიკა სოციალური მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა.

– რომ  დავუბრუნდეთ თქვენს პროფესიას. კონკრეტულად რას სწავლობთ და რომელ ჯგუფს  დაეხმარებით? რამდენად საჭიროა სოცმუშაკი ორიენტირებული იყოს ერთი კონკრეტული ჯგუფის პრობლემებზე?

ზოგადად, პროფესიული ეთიკის კოდექსი გვავალდებულებს ვიმუშაოთ მხოლოდ ჩვენი კომპეტენციის ფრაგლებში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სოციალურ სამუშაოს აქვს პრაქტიკის მეთოდები, ასევე პროფესიას აქვს პრაქტიკის სფეროები, მაგალითად, სოციალური მუშაობა ბავშვებთან და ოჯახებთან, მოხუცებულებთან, სოცმუშაობა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში… სოციალური მუშაკის ტრენინგი კონცენტრირებულია ერთ მეთოდსა და ერთი პრაქტიკის სფეროზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოციალური მუშაკი, რომლის სპეციალიზაციაც არის ბავშვების კეთილდღეობა, მისი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ბავშვების კეთილდღეობის სისტემაში იმუშავებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მუშაკების ასოციაციის რეკომენდაციის საფუძველზე მაგისტრატურის პროგრამები მთელი ამერიკის მასშტაბით ავითარებენ სწავლების პროგრამებს ზოგადი სოციალური სამუშაოს განხრით, რომელიც აქამდე მხოლოდ ბაკალავრიატის დონის სტუდენტებისთვის არსებობდა. მაგისტრატურის სტუდენტები ტრადიციულად  ერთ კონკრეტულ მეთოდს ირჩევენ და მათი გაწვრთნა ამ მეთოდის შესაბამისად ხდებოდა. მაგრამ ეს დინამიკა იცვლება იმისთვის, რათა შესაძლებელი იყოს იმ განხეთქილების აღმოფხვრა, რომელიც არსებობს მაკრო (სისტემები, თემები, ორგანიზაციები) და მიკრო (ინდივიდები, ჯგუფები) სოციალური სამუშაოს დონეებს შორის. ეს შესაძლებლობას მისცემს სოციალურ მუშაკს დაეუფლოს კლინიკურ უნარ–ჩვევებს და ამასთანავე მზად იყოს პროგრამების დაგეგმარებისთვის, ან საჭიროების შემთხვევაში, სათემო ორგანიზება შესძლოს.

 – რამდენად აისახება სოცმუშაკის მუშაობა საზოგადოების ტოლერანტობის დონეზე და არსებობს რაიმე სახის ინდიკატორი, რომელიც ამ კორელაციას ასახავს?

-სოციალური სამუშაოს ინსტიტუტი ისტორიულად ითხოვდა და იცავდა ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობებს. სოციალური მუშაკები დღემდე მუშაობენ სამართალშემოქმედებთან, რათა მიაწვდინონ მათ კლიენტების ხმა, დაგეგმონ და დაეხმარონ კანონშემოქმედებს ჰუმანური, ანტიდისკრიმინაციული და ანტიოპრესიული კანონმდებლობების მიღებაში. სოციალური დაზღვევის, ამერიკის ყველაზე მასშტაბური სოციალური პროგრამის, იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი სწორედ ქალი სოციალური მუშაკი  ედით აბოტი გახლდათ. სოციალური მუშაკები, რომლებიც მუშაობენ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, უსახლკაროებთან, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ობიექტებთან, არადოკუმენტირებულ იმიგრანტებთან და კანონშემოქმედებს თვალებში აჩეჩებენ რეკომენდაციებს, ახდენენ ორგანიზებას, თუ საჭიროა საპროტესტო აქციებსაც აწყობენ. სოციალური სამუშაოს უპირველესი პრინციპი ხომ ისაა, რომ ხელი შეუწყოს სოციალურ და ეკონომიკურ სამართლიანობას. რესურსების თანაბარ გადანაწილებას. თუმცა რესურსები არც ამ სფეროშია ადეკვატურად გადანაწილებული. გერონტოლოგიაში უფრო ნაკლები სოცმუშაკია, ვიდრე – ბავშვთა კეთილდღეობაში. მიზეზი მარტივია – ბევრს არ უნდა “სიკვდილთან მუშაობა”. არადა გერონტოლოგიურ სფეროში პროფესული სოციალური მუშაობის მოთხოვნა იზრდება, იმიტომ რომ ამერიკა ბერდება და გერონტოლოგიაში გაწვრთნილი პროფესიონალების ნაკლებობა უკვე  აშკარაა. “ამერიკა ბერდებაში” კი ვგულისხმობ იმ დემოგრაფიულ ჯგუფს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა, სადღაც 1946-64 წლებში.

– “რესურსების თანაბარი გადანაწილება” ულტრამემარცხენე იდეოლოგიასთან ასოცირდება….

კი, რაც რეალურად რადიკალური სოციალური მუშაობის უმთავრესი მიზანია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ ყველა სოცმუშაკი ამ იდეაზეა ჩამოკიდებული, თუმცა ჩემთვის რთული წარმოსადგენია ისაუბრო საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, გააზრებული გქონდეს ჩაგვრის ბუნება და მისი გავლენა ექსპლუატირებულ ჯგუფებზე და არ იხრებოდე რესურსების თანაბარი გადანაწილების იდეისკენ. ხშირად სოცმუშაკები საუბრობენ შერჩევით სამართლიანობაზე, რაც პირდაპირაა მიბმული ეკონომიკურ სამართლიანობაზე, რაც თავის მხრივ ადამიანის არსებულ საჭიროებებზეა ორიენტირებული.

– ანუ  განიხილება თუ არა სოცმუშაკი საზოგადოების უსაფრთხოების დიპლომირებულ “ჯარისკაცად”?

დიახ, ნამდვილად შეიძლება ასეც ითქვას. ზუსტად იმიტომ რომ სოციალური მუშაკები არიან საზოგადოების უსაფრთხოების ჯარისკაცები, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან. ჯანმრთელობა ამ შემთხვევაში სულაც არ ნიშნავს რაღაც დაავადების არ არსებობას. მნიშვნელოვანია ჩვენი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, რათა ჩვენი კლიენტების, სოციალური ჯგუფების ხმა პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ინდივიდებს მივაწოდოთ. ხშირად, დამწყები სოციალური მუშაკები ვერ იაზრებენ პროფესიის პოლიტიკურ ბუნებას, რასაც მივყავართ ისევ იმ მაკრო-მიკრო დილემამდე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

სოციალური ფუნქციის შესასრულებლად სოცმუშაკმა – საზოგადოებრივი უსაფრთხოების ჯარისკაცმა, არ უნდა მოახდინოს სოციალური პრობლემების ინდივიდუალიზაცია, რაც ამ პროფესიას დაახლოებით 60-იანი წლების დასაწყისში დაემართა. საბედნიეროდ, ეს მიდგომა იცვლება და პროფესიის ვეტქორები ისევ ინსტიტუციური და სტრუქტურული ფაქტორების ნეგატიური გავლენის შემცირებისკენ იმართება. პირადად ჩემი ტრენინგი დამყარებულია გამათავისუფლებელი ჯანმრთელობის მოდელზე (Liberation Health Model). გამათავისუფლებელი ჯანმრთელობის სოციალური სამუშაო პრაქტიკოსებს სთავაზობს თეორიულ და პრაქტიკურ პარადიგმებს, რომელიც ნეოლიბერალიზმის პირობებში  დისკრიმინაციის აღმოფხვრაზეა დაფუძნებული.

– ლგბტქ+  თემი და მისი პრობლემები: რაგვარი მიდგომაა აშშ–სა და საქართველოში და როგორ დაახასიათებდით ამ კონტრასტს?

– როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ქართული ლგბტქ+ ორგანიზაციები ნაკლებად იყენებენ სოცმუშაკის სერვისებს. რა თქმა უნდა, ეს მათი ბრალი არ არის. სოციალური მუშაკის ინსტიტუტი ძალიან ახალია საქართველოში და ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია. საზოგადოებამ არ იცის ვინ არის სოცმუშაკი და რითი შეუძლია მას ადამიანს დაეხმაროს. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ დგას. სულ აღვნიშნავ ხოლმე, რომ ამერიკაშიც ბევრმა ადამიანმა არ იცის თუ რა არის სოციალური სამუშაო. ამასთანავე, სოციალურ მუშაკებს გვაქვს იმიჯის პრობლემა. ამას შეიძლება ბევრი მიზეზიც ჰქონდეს, მაგრამ ერთ-ერთი მაინც მინდა გამოვყო – ისტორიულად სოციალური სამუშაო, ასე ვთქვათ, ქალთა სფეროს წარმოადგენდა და როგორც ვიცით, პატრიარქალურ ქალთმოძულე საზოგადოებას ქალები დიდად არ უყვარს. განსაკუთრებით ბუნტისთავი ქალები. სოციალური მუშაკის ხელფასიც გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, ფსიქიატრის ან კლინიკური ფსიქოლოგის, მაშინ როცა სოცმუშაკები უფრო მეტ ფუნქციას ასრულებენ, ვიდრე მაგალითად, იგივე კლინიკური ფსიქოლოგი.

რაც შეეხება სოციალურ მუშაობას ლგბტქ+ თემთან, ამ შემთხვევაში აუცილებელია სოციალურ მუშაკს ჰქონდეს გააზრებული მისი სამუშაოს ინტერსექციული ხასიათი. განსაკუთრებით, ამერიკაში, სადაც საზოგადოების ცნობიერებაში რასიზმი, სექსიზმი და ბევრი სხვა იზმები ჯერ კიდევ მყარადაა ფესვგამდგარი. ეს იზმები, რა თქმა უნდა, უფრო ართულებს ლგბტქ+ თემის წევრების სოციალურ ფუნქციონირებას. თუ ჩვენ ვლაპარკობთ ლგბტქ+ თემზე, მაგრამ დისკუსიას დაუმატებთ რასის ელემენტს, მივიღებთ სრულიად განსხვავებულ, ძალიან კომპლექსური დისკუსიის ფორმატს. გენდერი და სექსუალობა სხვანაირად ოპერირებს რასის ფაქტორის დამატებით. თეთრკანიანი ტრანსგენდერი ადამიანის გამოცდილება მკვეთრად განსხვავდება შავკანიანი ტრანსგენდერი ადამიანის გამოცდილებისგან იმიტომ, რომ პირველს მხოლოდ ერთი სუბორდინირებული იდენტობა აქვს, რომელიც პრივილეგიას ვერ სთავაზობს, მეორისთვის – მოცემულ კონტექსტში – არცერთი მახასიათებელი არ არის სოციალურ იერარქიაში დომინანტი პოზიციის მქონე. სექსუალური ორიენტაციისა და რასის კატეგორიების კვეთაზე შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ, მაგალითად, როგორ გახდა გეი უფლებების მოძრაობა ექსკლუზიურად თეთრკანიანი გეი უფლებების მოძრაობა. თეთრმა ლგბტ+ თემის წევრებმა მოახდინეს კონკრეტული კატეგორიების, ასე ვთქვათ, მონოპოლიზება და თუ ინდივიდი ამ კატეგორიაში არ ხვდება, ესე იგი ის თემის ლეგიტიმური  წევრი ვერ იქნება. იგივე შეიძლება ითქვას თეთრ ფემინისტებზე, რამაც რეალურად გამოიწვია აფრო-ამერიკულ თემში  “აფრიკანა ვუმენიზმის” დაბადება. დამოკიდებულება “თუ ჩვენნაირი ფემინისტი არ ხარ, მაშინ საერთოდ არ ხარ ფემინისტი”  დამანგრეველია ნებისმიერი სოციალური მოძრაობისთვის.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მე ვმუშაობ ლგბტქ+ თემის მოხუცებულ წევრებთან. მათი ფსიქო-სოციალური მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება, მაგალითად ლგბტქ+ თემის მოზარდი წევრებისგან. ცხოვრებისეული დისკრიმინაცია, მათი ორიენტაციის პათოლოგიზაცია, ამის შედეგად გამოწვეული ტრავმა, შიში და ახლა უკვე ეიჯიზმი, ანუ დისკრიმინაცია/უარყოფითი დამოკიდებულება ადამიანის ასაკის გამო, მუშაობისას მხედველობაში აუცილებლად  უნდა იქნეს მიღებული.  ეს ყოველივე ართულებს მათ ქამინგ აუთს, რადგანაც  სოცსააგენტოების მიერ მათი საჭიროებები შეიძლება უგულებელყოფილი იქნას.

საქართველოში, როგორც ვიცი, ამ მხრივ მუშაობა არ მიმდინარეობს. ძირითადი ორიენტაცია თემის ახალგაზრდა წევრებზე ხდება. არ ვიცი, რამდენად ხორციელდება გასვლითი პროგრამები ანუ “აუთრიჩი”. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ლგბტქ+ ორგანიზაციებმა თავიანთი რესურსები ამ მიმართულებასაც დაუთმონ, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია კულტურული და სოციალური კონტექსტი. იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს კვლევები ქართველ ლგბტქ+ თემის მოხუცებულ წევრებზე, რთულია მათი ფსიქო-სოციალური პირობების შესახებ დასკვნების გაკეთება.  დიდი ალბათობით ისინი თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას/ გენდერული იდენტობას დისკრიმინაციის, ან საზოგადოების მხრიდან დამამცირებელი დამოკიდებულებისა და ფიზიკური ძალადობის თავიდან არიდების გამო მალავენ. ეს თავისთავად ზიანს აყენებს ამ სოციალური ჯგუფის წევრების კეთილდღეობას და მათ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. სტრესს, რომელიც ასოცირებულია საკუთარი იდენტობის დამალვასთან და იმ ფაქტთან, რომ სოციალური გარემო არ გიწყობს ხელს იყო კარგად, აქვს ძალიან მძიმე ფსიქო-სოციალური გავლენა. განსაკუთრებით, ასაკოვანი ადამიანისთვის, რომელიც ფსიქო-სოციალური განვითარების ბოლო ეტაპზე ეძებს ჰარმონიასა და სიმშვიდეს, როგორც საკუთარ თავთან, ისე მის გარემოსთან.