აბრეშუმის პეიზაჟები, აკვარელის ყვავილები და ოპტიმისტი თევზები ნიუ იორკის „არტ ექსპოზე“

უკვე 39-ე წელია აპრილში მთელი მსოფლიოდან  ხელოვანები,  არტდილერები, კურატორები, მენეჯერები, კოლექციონრები, გალერეის წარმომადგენლები ნიუ იორკში ჩამოდიან, რათა ახალი არტისტები, ახალი სახელოვნებო ტენდენციები აღმოაჩინონ ანდა, უბრალოდ, ნიჭიერ უცნობ თუ ნაცნობ ხელოვანთა ნამუშევრები ნახონ/შეიძინონ. ყოველწლიურად “ნიუ იორკის არტექსპო” ოცდახუთ ათასზე მეტ არტისტს მასპინძლობს: ფოტოხელოვანებს, არქიტექტორებს, ინტერიერის დიზაინერებს, სკულპტორებს, ლითოგრაფებს, მინაზე მხატვრებსა და სახვითი ხელოვანებს. არტექსპოს ახსოვს ენდი უორჰოლი, ლენორი ნეიმანი  და კით ჰარინგი,  წელს კი ძველების სიას ოთხ ასეულზე მეტი ახალი არტისტი და გალერისტი/გამომცემელი დაემატა, მათ შორის, არტპრომოუშენ კომპანიის “მედეთარტი” (MadatArt – ხელმძღვანელი მარიტა დამენია) მიერ წარდგენილი ექვსი ქართველი ხელოვანი:  ცირა ახობაძე, ნანა გაგოშიძე, თათია კობრეშვილი, ლაშა ბერაია, თიკო ბახტაძე და  ეკატერინე მერაბიშვილი. მათი ნამუშევრები ოცდაათ ათასზე მეტმა დამთვალიერებელმა ნახა. 2016-ში ამ კომპანიის მიერ ორგანიზებულ ექსპოზიციებში სამმა ათეულმა ქართველმა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. გაზაფხულის ბოლოს კი “მედეთარტი” მანჰეტენზე ქართველი ხელოვანების გამოფენას კვლავ გეგმავს.

შარშან შემოდგომაზე მხატვარმა ცირა ახობაძემ MadatArt-ის გამოფენების სერიაში  მონაწილეობა პირველად მიიღო, წელს კი ჯგუფურ ექსპოზიციაზე  აკვარელში შესრულებული ყვავილები და ფერადი პრინტები წარადგინა. რატომ ყვავილები? როგორც თავად ამბობს,  ნიუ იორკში ყვავილების სურნელი მას ყველგან დასდევს, განსაკუთრებით მანჰეტენზე, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყვავილების სალონებია, რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტ და რომელიც ოპტიმიზმს ჰგავს. წელს ივლისში ისევ “მედეთარტის” მხარდაჭერით ცირა ახობაძის პერსონალური გამოფენაც გაიმართება.

პროფესიით იურისტმა ნანა გაგოშიძემ „არტექსპოზე“ აბრეშუმზე ნამუშევარები წარადგინა: ფერების აბსტრაქტული შეხამების ათი ნამუშევარი და ღამის ორი გამანათებელი. მხატვარი ამბობს, რომ ქართული აბრეშუმი უნიკალურია, რომ იგი ამ მასალაზე მის მიერ აღმოჩენილი მეთოდით მუშაობს და ტილოზე აბრეშუმის კოკონით ხატავს. სამუშაო მასალას ნანა გაგოშიძე საქართველოდან იწერს. როგორც მხატვარი ამბობს, ფერების ხატები, კოლაჟები ბუნებრივად, უნებურად მოდის/იქმნება. ნანას პალიტრაში სამი–ოთხი ასეული ფერი და ფერთა ინტერპრეტაციაა. არტექსპოზე მისმა არაორდინალურმა „აბრეშუმის პეიზაჟებმა” დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც მხატვრისთვის ახალ სერიაზე მუშაობის ძლიერი მოტივია. მისი ოცნებაა ზოგადად ქართული აბრეშუმის, აბრეშუმით შექმნილი ნამუშევრების პოპულარიზაცია, ამ საქმეში სამამულო და უცხოური ბიზნესის აქტიური ჩართულობა, რათა საქართველო კვლავ გახდეს აბრეშუმის მწარმოებელი ცენტრი.

პროფესიით ჟურნალისტი თათია კობრეშვილი “მედეთარტის” დახმარებით ნიუ იორკში შარშანაც გამოიფინა, მისი ნახატები გაიყიდა, წელს კი კომპანიამ „არტ ექსპოზე“ თათიას ორი ნამუშევარი: „სტრადა” და „ცისფერი ანარეკლი”  წარადგინა. მხატვარი ამბობს, რომ ბიძგი ხატვის დაწყებისთვის მისთვის ის იყო, რომ როცა სხვების ნამუშევრებს ათვალიერებდა, უჩნდებოდა განცდა, რომ ფერები ან ფორმა არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო და რომ თავად  სხვანაირად დახატავდა. ჰოდა, დაიწყო კიდეც ხატვა. წელს მისი გამოფენები კვლავ ნიუ იორკში,  მოგვიანებით კი  გლაზგოში იგეგმება.

თვითნასწავლი მხატვრის, გამომცემელი ლაშა ბერაიას ნამუშევრები  „მედეთარტის” მხარდაჭერით ნიუ იორკში გამართულ  უკვე მესამე გამოფენაში მონაწილეობს. მხატვარი, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინათ მუსიკის წერაც დაიწყო, თავის სტილს ახასიათებს როგორც სიურეალისტურს, სიმბოლურსა და მინიმალისტურს. ამბობს, რომ ამ კომპანიასთან მისი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. ლაშას ნამუშევრებით რამდენიმე სერიოზული დასავლელი გალერეა (აშშ, საფრანგეთი) დაინტერესდა. „ზოგადად, ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანია აშშ-სა და ევროპაში იმ  გალერეების პოვნა, რომელიც ჩემს ნამუშევრებს დასავლელ ხელოვნებათმცოდნეებსა და არტკოლექტორებს გააცნობს” – ამბობს მხატვარი.

18360464_10212849734786102_1710869361_n

მიხეილ მიქაბერიძე. ია მერკვილაძის ფოტო

"მედეთარტის" მიერ ორგანიზებული ჯგუფური გამოფენა

“მედეთარტის” მიერ ორგანიზებული ჯგუფური გამოფენა. ია მერკვილაძის ფოტო

***

არტექსპო – 2017 -ზე გარდა “მედეთარტის” მიერ წარმოდგენილი მხატვრებისა, სოლოექსპოზიციების განყოფილებაში სხვა ქართველ ხელოვანებსაც შეხვდებოდით.

პროფესიით ქსოვილების დიზაინერმა ნათია მალაზონიამ არტექსპოზე თავისი ნამუშევრები – ტიხრული მინანქარი წარადგინა. მას საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ არაერთ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა. „მინანქარი ჩემი ჰაერია და შეიძლება ვთქვა, რომ  ჩვენ ერთად ვსუნთქავთ“ –  მბობს იგი.

მხატვარ მიხეილ მიქაბერიძესა და მის პრიმიტივიზმის სტილში შესრულებულ ნახატებს ნიუ იორკის ამ ყველაზე დიდ არტბაზრობაზე უკვე მეოთხედ ვხვდები. იგი საქართველოსა და გერმანიში მოღვაწეობს, ხშირად გამოიფინება უკრაინაში, ჰოლანდიაში, ბელგიასა და ნორვეგიაში. შარშან მისი ხალისიანი, მკვეთრი ფერებით ამეტყველებული ქართული იმიჯები, ჩემი აზრით, თვალისთვისაც ყველაზე შესამჩნევი, „გამაღიზიანებელი“ იყო და დაინტერესებული ადამიანების სიმრავლითაც გამოირჩეოდა. 2016 წელს ჩემი ფავორიტები მიხეილ მიქაბერიძის სევდიანი, კეთილი, ტირილისთვის მომზადებულტუჩებიანი, მეტყველთვალებიანი, გაწბილებული, მაგრამ მაინც ოპტიმისტი თევზები იყვნენ. იმედია, მათ გაისადაც შევხვდები.

18339331_10212849715665624_179413256_o

“მედეთარტის” მიერ ორგანიზებული გამოფენა

"მედეთარტის" მიერ ორგანიზებული ჯგუფური გამოფენა

“მედეთარტის” მიერ ორგანიზებული ჯგუფური გამოფენა. ია მერკვილაძის ფოტო

18337230_10212849723065809_61815097_n

ნათია მალაზონიას მინანქარი. ია მერკვილაძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძის ბლოგი