ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„მიძღვნა ჯორჯ ბალანჩინს“ – საღამო ნიუ იორკში

„მიძღვნა ჯორჯ ბალანჩინს“ – საღამო ნიუ იორკში

ჩემი გამოცდილებით უბრალო მოკვდავ ამერიკელთან საუბარს „ჯორჯიაზე” ბალანჩინის წარმომავლობით თუ იწყებ, დიდხანს აღარ გიწევს ან სულ არ გიწევს ხოლმე შავი ზღვის მდებარეობაზე, სსრკ–ს დაშლაზე საუბარი და არც იმის ახსნა, რომ აშშ–ის ერთ–ერთ შტატზე არ საუბრობ. ამერიკული ბალეტის დამფუძნებლისა და „ნიუ იორკ სითი ბალეტის” 35 წლის განმავლობაში სამხატვრო ხელმძღვანელის ცხოვრება, ისევე როგორც მისი ოთხასზე მეტი უნიკალური ქორეოგრაფიული ნაწარმოები, ამ ქვეყნის არა მარტო წარსულის, არამედ თანამედროვეობის ისეთივე ორგანული ნაწილია, როგორიც ნიუ ორლეანისთვის – ჯაზი. ამიტომაც ორმაგად მნიშვნელოვანია, როცა ბალანჩინის  ქალაქში – ნიუ იორკში, სადაც ცხადია, მისი ქუჩა ლინკოლნ ცენტრთანაა, ქართველი ხელოვანის ღვაწლს სწორედ ჩვენი თანამემამულეები  აღნიშნავენ  და მისი ცხოვრების თუ მოღვაწეობის ჯერ კიდევ უცნობი დეტალების შესახებ გვიამბობენ. ამ მხრივ აშშ–ში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, საბალეტო მოცეკვავის  ანა ლეჟავას მიერ ორგანიზებული საღამო – „მიძღვნა ჯორჯ ბალანჩინს. მისი ფესვების აღმოჩენა”, რომელიც ნიუ იორკის ერთ–ერთ გამორჩეულ ინოვაციურ საბალეტო სივრცეში Gibney Dance Company-ში გაიმართა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

გარდა იმისა, რომ  ბალანჩინის საღამოზე მედეა ასათიანის მიერ  გადაღებული  მოკლემეტრაჟიანი ფილმის “ბალანჩივაძე” პრემიერა შედგა, ქართული ცეკვის ანსამბლმა „ფესვებმა“ გია ყანჩელის სიმღერაზე “საით მიდიხარ”  ქორეოგრაფების – შორენა ბარბაქაძისა და ანა ლეჟავას მიერ დადგმული ცეკვაც შეასრულა,  ქორეოგრაფმა ირაკლი შენგელიამ კი მუსიკის გარეშე თავისი სამწუთიანი ეტიუდი – „ღიღინი“ იცეკვა.

ევა კაპანაძის ფოტო

ევა კაპანაძის ფოტო

ევა კაპანაძის ფოტო

ევა კაპანაძის ფოტო

ანა ლეჟავას მიზანია, ნიუ იორკში, ირაკლის შენგელიასთან ერთად, საბალეტო დასი ჩამოაყალიბოს. ამჟამად კი ახალგაზრდა ელჩი „გიბნი დანს კომპანიის“ დასის წევრია. აქ ცეკვას არ განიხილავენ როგორც მხოლოდ სახელოვნებო ჟანრს, არამედ ერთგვარ სოციალურ მედიუმად /თერაპიად.

„როგორც  არტისტს ამჟამად ძალიან საინტერესო პერიოდი მაქვს” – მიყვება ანა, – „ჩემს ცხოვრებაში დადგა ეტაპი, როცა ვიგრძენი – დროა კლასიკური ბალეტიდან თანამედროვე ცეკვის სამყაროში გადავინაცვლო. „გიბნი დანსში“ ამჟამად თანამედროვე ცეკვის ტექნიკებს ვითვისებ, რაც გამოხატვის უსაზღვრო შესაძლებლობებს მაძლევს. გარდა ამისა აქ მუშაობა ჩემი საკუთარი სამხატვრო ხედვის ძიებაშიც მეხმარება.

– ბალანჩინი აპრილის ბოლოს გარდაიცვალა და თქვენ მიერ ორგანიზებული საღამოც თითქოს ამ თარიღს დაემთხვა…

ჩემთვის ბალანჩინი ადამიანია, რომელთან ერთადაც დროში საინტერესოდ ვიმოგზაურებდი და, ალბათ, დაუსრულებლად ვესაუბრებოდი. ამ გენიოსმა ამერიკას ცეკვა ასწავლა და შეიძლება ითქვას, რომ იგი ზოგადად აქაური კულტურის ფუძემდებელთა მეწინავე რიგშია. ბალანჩინის საბალეტო ხელოვნება საოცრად მიმზიდველი, დახვეწილი იყო, არის და იქნება. ამ ადამიანმა შეძლო ცეკვის მისეული ხედვა ბალეტში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვისაც გასაგები და საინტერესო გაეხადა.

– როგორ შეკრიბეთ საბალეტო ხელოვნების  ტიტულოვანი კრიტიკოსები?

– ძალიან მინდოდა, რომ ბალანჩინის მნიშვნელობაზე პროფესიონალური ბალეტის კრიტიკოსებს, ცეკვის ისტორიკოსებს ემსჯელათ; რომ ამ ადამიანებს  ამერიკულ ბალეტზე, ქორეოგრაფიაზე ბალანჩინის ქართული ფესვების გავლენაზე ესაუბრათ. ჩემთვის მართლაც დაუჯერებელი იყო, როცა ცნობილი ამერიკელი კრიტიკოსისგან, ელიზაბეთ კენდელისგან დისკუსიაში მონაწილეობაზე თანხმობა მივიღე. ელიზაბეთი არის  საბალეტო ხოლოვნების გამორჩეული კრიტიკოსი, მწერალი, მრავალი წიგნის ავტორი. იგი ისეთი ცნობილი გაზეთებისა და ჟურნალებისთვის მუშაობს, როგორიცაა Vogue, New York Times, New Yorker, Dance Magazine და ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ მას ეკუთვნის წიგნი „ბალანჩინი და დაკარგული მუზა” (Balanchine and the Lost Muse). სადისკუსიოდ ასევე მყავდა მოწვეული ცეკვის კრიტიკოსი და NYU-ს ბალეტის ისტორიის პროფესორი ერინ ბომბოი. ელიზაბეთ კენდელმა ბალანჩინის ქორეოგრაფია ქართულ ხალხურ პოლიფონიას შეადარა; ერინ ბომბოიმ ხაზი გაუსვა ბალანჩინის გენიოსად ჩამოყალებაში წარმომავლობის მნიშვნელობას; მედეა ასათიანმა კი ამერიკული კულტურის განვითარებაში ემიგრაციის როლზე  ისაუბრა.

***

მედეა ასათიანი  აშშ–ში თინეიჯერობის ასაკში ჩამოვიდა, სკოლის დამთავრების შემდეგ მან „ჰანტერ კოლეჯში” გააგრძელა სწავლა, სადაც აბრამისტულ რელიგიას, ეთნიკურ ლიტერატურასა და გენდერს სწავლობდა. ამჯერად, როგორც თავად ამბობს, იგი ცდილობს რეჟისორი გახდეს და სამომავლოდ აპირებს გადაიღოს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი საქართველოში მცხოვრებ წყვილზე, რომელსაც შვილი დაეღუპება.

მედეა ასათიანი პირველად საქართველოში ცამეტი წლის განშორების შემდეგ, 2016 წელს ჩავიდა. იგი იმ პერიოდში მუშაობდა ფილმზე „მედეას ერი” (ფილმის პრეზენტაცია “ჰანტერ კოლეჯშია” დაგეგმილი), რომელიც ქართველი ქალის ისტორიულ როლზე მოგვითხობს. ანა ლეჟავა მისი ერთ–ერთი  რესპონდენტი იყო. ანამ მედეას სთხოვა, რომ მოკლემეტრაჟიან ფილმზე ბალანჩინის შესახებ ერთად ემუშავათ და ასე გაჩნდა ფილმი „ბალანჩივაძე”. მედეა ამბობს, რომ ამგვარ პროექტზე მუშაობა მისთავის ორმაგად საინტერესო  და მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც თავადაც უნდოდა უფრო მეტი გაეგო ბალანჩინის ქართული ფესვების შესახებ და დაენახა იმიგრაციის მტკივნეული პროცესის მიუხედავად, როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა შეექმნა ის, რითაც  აშშ ამაყობს:

– ფილმზე მუშაობისას მე აღმოვაჩინე,  რომ გენიალური ბალანჩინი იყო პირველ რიგში ჩვეულებრივი ადამიანი. ის იყო შვილი, ძმა და ბიძა.  ოჯახი ძალიან ამაყობდა მისი წარმატებებით და განიცდიდა, რომ მის გვერდით ყოფნას ვერ ახერხებდა. ეს იყო ძლიერი ადამიანი, რომელსაც შეეძლო არა მარტო განშორების გადატანა, არამედ თავისი უნიკალური ხელწერით მსოფლიოში ბალეტზე არსებული შეხედეულებების შეცვლაც. ანდრია ბალანჩივაძე მასზე ამბობდა, რომ „გიორგი მართლაც არაამქვეყნიური ადამიანი იყო”.

– როგორ დაახასიათებდით ფილმზე მუშაობის პროცესს?

–  ფილმზე, რომელიც ანამ გაახმოვანა, მუშაობის პროცესი სტანდარტული იყო. ჩვენ საკმარისო ფინანსური რესურსები არ გვქონდა, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ გამოგვეყენებინა ყველა საშუალება, რომ ფილმი საინტერესო და ხარისხიანი ყოფილიყო.  ფილმი მოიცავს მხოლოდ ერთ ინტერვიუს ჯორჯ ბალანჩინის ძმის, ანდრიას შვილთან, მოცეკვავე ცისკარა ბალანჩივაძესთან, რომელიც  ნიჭიერი და წარმატებული ბალერინა იყო. მან ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა მისი ბიძის ცხოვრების შესახებ, მოგვითხრო ჯორჯ ბალანჩინის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ; თუ როგორ იცნო თვითმფრინავის ტრაპიდანვე თავისი ძმა, ანდრია, რომელიც ორმოც წელზე მეტი არ ენახა და როგორ უყვებოდა თავისიანებს – როცა ძალიან ცუდად ვარ, მამაჩემი მელიტონი გამომეცხადება ხოლმე და მამშვიდებსო.

ევა კაპანაძის ფოტო

ევა კაპანაძის ფოტო

4

***

„ღიღინი” დამადგმევინა გაუცხოების იმ შეგრძნებამ, რომელსაც ადამიანი უცხო სამყაროში მოხვედრის დროს განიცდის, როცა შენი ჯერ არავის ესმის და სანამ შენი დრო მოვა, ისღა დაგრჩენია, რომ წაიღიღინო“ – მიყვება ირაკლი შენგელია. „– ბალანჩინი ოცდაცხრა წლის იყო, როდესაც ამერიკაში ჩამოვიდა (მეც ამ ასაკში მომიწია ჩამოსვლა). მიუხედავად იმისა, რომ ბალანჩინის დროინდელი საცეკვაო სამყარო ნიუ იორკში დღევანდელისგან განსხვავდებოდა, სამაგიეროდ სკოლა ერთი გვაქვს და სისხლიც ერთი და, ალბათ, ამ მიზეზების გამოც, ზოგჯერ მეჩვენება, რომ ძალიან ზუსტად  ვხვდები იმ თითქოს  უცნაური გადაწყვეტილებების მოტივაციას და მიზანს, რომელსაც ბალანჩინი იმ პერიოდში იღებდა. მეც ვცდილობ, რომ ამ ყველაფრიდან სასარგებლო გაკვეთილები გამოვიტანო.

–  რამდენადაც ვიცი, ბავშვობაში ანდრია ბალანჩივაძეს შეხვდით…

– მე მქონდა ბედნიერება  კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე გამეცნო. მაშინ  თერთმეტი წლის ვიყავი, მაგრამ ძალიან ცხადად მახსოვს როგორ მიყვებოდა  ძმაზე − ბალანჩინზე, რომელიც სასწრაფო კუჭის ოპერაციისა და შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდის გამო იძულებული იყო გამოყოფოდა საგასტროლო ჯგუფს და შეყოვნებულიყო დასავლეთში, თორემ ის  უცხოეთში დარჩენას (ბატონი ანდრიას თქნით) სულაც არ გეგმავდა. დაბრუნების დრო რომ დადგა, უკვე გვიანი იყო − სსრკ–ში გიორგი ბალანჩივაძე კანონის დამრღვევ ბოროტმოქმედად გამოაცხადეს. ვინ იცის, რომ არა ბალანჩინის კუჭის პრობლემები, როგორი იქნებოდა დღეს ბალეტი?

– რამდენად მნიშვნელოვანია ემიგრანტების ქვეყანაში ადამიანის წარმომავლობის ხაზგასმა?

– ბალანჩინის სახელით ხშირად სპეკულირებენ. მართალია ასეთი რამ ამერიკაში შედარებით ნაკლებად გვხვდება, ვიდრე რუსეთსა და საქართველოში, მაგრამ  გულწრფელად რომ გითხრათ, მაინც ვღელავდი. საღამო რომ არ შემდგარიყო, ჩვენ, მონაწილეები, ალბათ, დავემსგავსებოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა ძალიან უნდათ გენიოსს ღირსეული პატივი მიაგონ, მაგრამ არაფერი სხვა არ გამოუვიდათ, გარდა ნიშნის მოგების უსუსური მცდელობისა. გარდა იმისა, რომ ჩვენ ქართველებმა ძალიან ვისიამოვნეთ  ამ ღონისძიებით, ვფიქრობ, ამერიკელ სტუმრებსაც მიეცათ კარგი საშუალება გაეცნოთ საქართველო, როგორც ბალეტისა და პროფესიული  მუსიკის მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყანა. ეს იყო ზეიმი, რომელიც საღამოს წამყვანმა და ორგანიზატორმა ანა ლეჟავამ მოგვიწყო და რომელიც სიმბოლურად ქართული ღვინით დაიწყო და ღვინითვე დასრულდა.