დიმიტრი მაისის ფოტო

სოფი ვილის პლანეტა A და მოძრაობის ქალაქი

ნიუ იორკის ერთ ძალიან წვიმიან საღამოს, როცა სახლიდან გასვლა ცუდი იდეა იყო, ქართველი მუსიკოსის სოფი ვილის (ხუციშვილი)  კონცერტი Rockwood Music Hall – ის სავსე დარბაზში გაიმართა. აქ შედგა მისი ალბომის – „Planet A”-ს პირველი ლაივ წარდგინებაც. ამავე დროს დიდი ვაშლის ქალაქის საზღვრებს გარეთ სოფის სიმღერები კალიფორნიის ყველაზე ცნობილ რადიოში KCRW და ბრიტანულ BBC2-ზე ჟღერდა.

კომპოზიტორი და მომღერალი სოფი ვილი (Sophie Villy) ამბობს, რომ ეს ალბომი ორი წლის განმავლობაში იქმნებოდა, ძირითადად თბილისში, რამდენიმე სტუდიაში. რადგანაც მისი ბენდის ორი წევრი უკრაინაში ცხოვრობს, ხოლო გიტარისტი ზურა ძაგნიძე – შტუტგარდში, ამიტომ მუსიკოსებს დისტანციური მუშაობა უწევდათ და ალბომის ჩაწერამ დიდი დრო წაიღო, თუმცა ამ დაგვიანებამ ქართველ არტისტს სტუდიური მუშაობის კარგი გამოცდილება შესძინა.

დიმა ტარანენკოს ფოტო

დიმიტრი მაისის ფოტო

 

ალბომი თერთმეტ ახალ სიმღერას მოიცავს. ეს არის ალტერნატიული როკისა და „თრიფ ჰოფის” საინტერესო, ორიგინალური სინთეზი, რომელსაც ძალიან სახასიათო და უნიკალური ხმის ტემბრი ერთ მთლიანობად აქცევს. მათ შორისაა სინგლები Reveal (2016) და Swim On (2017), რომელიც სოფიმ მუსიკოსთან ნიკა მაჩაიძესთან, Nikakoi-სთან ერთად დაამუშავა.

„ძალიან დიდი სურვილი მქონდა ფაქიზი ელექტრონიკა ცოცხალი, ანალოგური ჟღერადობისთვის დამემატებინა“ – ამბობს სოფი, “– ნიკამ საოცარი სიღრმე შესძინა ამ კომპოზიციას. იგი სწორედ ის ოქროს შუალედია, რომლის დაცვაც არც ისე მარტივია. მუსიკა ზოგადად ყველაზე ფაქიზი რამ არის. იგი უსასრულოა. ამა თუ იმ კომპოზიციის უსაზღვრო ვარიანტები არსებობს და სწორედ ამიტომ ყველაზე საინტერესო პროცესია იპოვო ის ერთადერთი ვერსია და ჟღერადობა, რომელიც გულთან ახლოსაა.”

თბილისის მუსიკალური ათწლედის კურსდამთავრებული სოფი ვილი ოთხი წელი ფორტეპიანოს სწავლობდა, მერე კი ხელში მამის გიტარა აიღო და დაკვრა თავისით ისწავლა. ცხრა წლის ასაკში მამის საყვარელი „ბიტლების“ „ბიჭები“ ისწავლა და იმღერა. შემდეგ კიევის ეკონომიკის უნივერსიტეტში ტურიზმის მენეჯმენტს სწავლობდა, თუმცა ამ პროფესიით არასდროს უმუშავია. მისი მუსიკალური კარიერა კიევში, თვრამეტი წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ჯგუფი “ბექსტეიჯი” შექმნა და საკუთარი მუსიკის შესრულება დაიწყო.

“– აშშ-ში უკვე მეხუთედ ვარ და ყოველი ჩამოსვლის მიზეზი აქაური ფესტივალები და საგასტროლო ტურია,” – მიყვება სოფი, – „ამჯერად ამერიკაში ჩემი ახალი, მესამე ალბომის – „Planet A”-ს პრეზენტაციის გამო ჩამოვედი. რატომ Planet A? იმიტომ რომ არ არსებობს Planet B. არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს საოცრად ჭირდება. არსებობს მხოლოდ ერთი პლანეტა და ეს არის სიყვარული.

Rockwood Music Hall-ის შემდეგ კონცერტი ქალაქ ბიქონში მქონდა, შემდეგ – ბოსტონში, მერე ისევ ნიუ იორკში, კლუბში – Pianos, ხოლო ორ ივნისს Sofar Sounds New York-ის სპეციალური სტუმარი ვიქნები. Sofar Sounds (2011) ეს არის მუსიკალური მოძრაობა, რომელიც ლონდონიდან დაიწყო და მოგვიანებით მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ეს არის ცოცხალი მუსიკის სესიები სხვადასხვა მყუდრო ადგილას, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს საკუთარი მუსიკის მსოფლიოს მასშტაბით წარდგენის საშუალება ეძლევათ. ამ საინტერესო პროექტს თითქმის ნახევარი მილიონი მიმდევარი ჰყავს. ეს ჩემთვის განსაკუთრებული რამაა. საქართველოდან ნიუ იორკში ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში ჯერ არავის დაუკრავს. რაც „სოუფარ სოუნდსის“ აუდიტორიას შეეხება, კონცერტებს მხოლოდ ნამდვილი მუსიკის მოყვარულები ესწრებიან. იციან სად მოდიან და რისთვის. აქედან გამომდინარე ასეთ მსმენელთან კონტაქტის დამყარება ბევრად საინტერესოა. ვგრძნობ, რომ ეს სწორედ ჩემი აუდიტორია იქნება და იმედი მაქვს, რომ მომავალში მეტი შესაძლებლობა მექნება, რომ ამერიკის ქალაქებში უფრო ხშირად დავუკრა და ვიმღერო. წელს ორ ივლისს უკრაინის ყველაზე დიდ ფესტივალზე – Atlas Weekend ვუკრავ და ასევე ძალიან მინდა, რომ Planet A –ის პრეზენტაცია საქართველოშიც და ევროპაშიც გაიმართოს.

–  ალბომის წარდგინების შემდეგ მსმენილისგან როგორი უკუკავშირი იყო?

– Planet A – მ ძალიან დადებითი შეფასება მიიღო ამერიკულ, ბრიტანულ და უკრაინულ ბლოგებზე. მიხარია, რომ მსოფლიო საქართველოში შექმნილ მუსიკას ნელ-ნელა ეცნობა. ამ ყველაფერს კი მხოლოდ საკუთარი ძალებითა და რამდენიმე მეგობრის დახმარებით ვაკეთებ. პირველმა კონცერტმა Rockwood Music Hall-ში ძალიან დადებითი, ჯადოსნური ემოცია დამიტოვა. ამდენ გაბრწყინებულ სახესა და საოცარ მსმენელს არ ველოდი. კონცერტამდე საოცრად ვღელავდი, იმიტომ, რომ მაინც და მაინც იმ დღეს საშინლად გაწვიმდა და რამდენჯერმე ტელეფონზე მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ შეტყობინება მომივიდა. მეგონა კლუბამდე ვერავინ მოაღწევდა, მაგრამ იმაზე მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ველოდი. სიმღერის დროს ბედნიერებისგან კინაღამ ავტირდი. მუსიკოსისთვის მსმენელის ასეთი დამოკიდებულება და დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია.

–  როგორ გრძნობთ თავს ნიუ იორკში?

– ნიუ იორკი ჩემთვის მუსიკისა და ხელოვნების, წინსვლისა და განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია. იგი მოძრაობის ქალაქია. სწორედ აქ იქმნებოდა ის მუსიკა, რომელზეც მე გავიზარდე, რომელსაც დღემდე ვუსმენ. ჩემი საყვარელი და შთაგონების მომცემი არტისტები სწორედ აქ ცხოვროვდნენ და ეს აურა, მუხედავად დიდი ქაოსისა, მაინც სუფევს და განსაკუთრებულ ნაპერწკალს გიჩენს. დიდი შესაძლებლობების ქალაქია, სადაც, რა თქმა უნდა, უკვე ჩემთვის ძვირფასი ადგილები გამიჩნდა ანუ „წერტილები”, საიდანაც ენერგიასა და ინსპირაციას ვღებულობ.

დიმიტრი მაისის ფოტო

დიმიტრი მაისის ფოტო

დიმიტრი მაისის ფოტო

დიმიტრი მაისის ფოტო

დიმიტრი მაისის ფოტო

დიმიტრი მაისის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი