ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ამერიკული „პირველი მერცხალი”

ამერიკული „პირველი მერცხალი”

ამას წინათ ქალაქ ნიუ იორკის ერთ–ერთ უბანში, ბრუკლინში ქართველი და უკრაინელი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი უკვე მეორედ გაიმართა. ამჯერად ქართველებმა უკრაინელებს 7:2 მოუგეს, წინა თამაშში კი – 3:2 დამარცხდნენ. დამარცხება კარგი სტიმული აღმოჩნდა. ამერიკაში მიმოფანტული ქართველი ემიგრანტი ფეხბურთელები ოპერატიულად შეიკრიბნენ, გუნდი შეკრეს და ვარჯიშების ორგანიზებაც მოახერხეს. ჰოდა, შედეგმაც არ დააყოვნა.  „პირველი მერცხალი”  შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: პაატა დათუნაიშვილი, გიორგი ჩირგაძე, ნიკა კევლიშვილი, გიორგი ქვლივიძე, ლევან ჭიპაშვილი, ნიკა კაჭარავა, გიორგი ანდრიაძე, ლევან ჩხეტიანი, ბაჩო ზარანდაძე, გარიკ პოსიდის, ოთო ნაყოფია, უჩა გოგოლაძე, ლაშა დეკანოსიძე, ბაჩო კაცაძე, თორენ კოჩოი,  ილია ლაგურაშვილი, გერმან ავეტისოვი, ირაკლი გოდუაძე, დავით საკანდელიძე.

საქართველოს ორგზის ჩემპიონის „ვიტ ჯორჯიას” (1997) ფეხბურთელმა პაატა დათუნაიშვილმა ნიუ იორკში რამდენიმე თვის წინ  „ვიტ ჯორჯია – ბრუკლინი” დაარსა, რომელიც არა მარტო აშშ – ში მყოფ ქართველ პროფესიონალ ფეხბურთელებს, არამედ ფეხბურთის მოყვარულ ბავშვებსაც აერთიანებს და ამერიკულ საფეხბურთო (American Soccer) ჩემპიონატებში აქტიურად ჩაბმასაც გეგმავს.

18788361_10213076958586555_892215941_n

„უკრაინელ სპორტსმენებთან თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო“ – გვიყვება პაატა, – „უკრაინელებს კარგი შესაძლებლობა აქვთ თავიანთი გუნდი ავარჯიშონ. ჩვენც გვინდა მაღალი სპორტული სტანდარტები დავამკვიდროთ და ხელი შევუწყოთ არა მარტო ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდას, არამედ პროფესიონალების თვითრეალიზაციასაც”.

ამხანაგური შეხვედრის თანაორგანიზატორი დავით ლაგვილავა ამბობს, რომ „ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე, იდეით, ენთუზიაზმით დაიწყო. ქართველი 24–37 წლის ასაკის ფეხბურთელები, რომლებიც დღისით სხვაგან მუშაობენ, საღამოს  ცდილობენ შეიკრიბონ, ძველი პროფესია არ დაივიწყონ და გვიანობამდე ვარჯიშობენ. მათ უნდათ თავიანთი წვლილი აშშ–ში ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეიტანონ და, ცხადია, თავიანათი სამშობლოც უკეთ წარმოაჩინონ. ამისათვის კი ქართველ სპორტსმენებს ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა სჭირდებათ.   ხელშეწყობის შემთხვევაში „ვიტ ჯორჯია– ბრუკლინს” მომავალი გამარჯვებების სერიოზული შანსები აქვს.”

ქართულ – უკრაინული ამხანაგური მატჩის ბოლოს ნიუ იორკში საქართველოს გენსაკონსულოს წარმომადგენელმა ორივე გუნდიდან თითო–თითო საუკეთესო ფეხბურთელს პრიზები, ხოლო „პირველ მერცხალს” დამსახურებული თასი გადასცა.

18788542_10213076958426551_117072517_n

18870648_10213076960786610_418122692_n