საქართველოს წარმომადგენლები

„დევნილთა რეზოლუცია“ 2017 – 80 მხარდამჭერი და 14 მოწინააღმდეგე

ნიუ იორკში, გაეროს შტაბ–ბინაში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” (А/71/L.71 ).  ამჯერად „დევნილთა რეზოლუციამ“, [2008 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ამ თემასთან დაკავშირებით კენჭისყრას ატარებენ] მხარდამჭერი სახელწიფოების ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა:  80 მხარდამჭერი, 14 – წინააღმდეგი, 61-მა კი თავი შეიკავა.

გაეროს წევრ–სახელმწიფოთა რიგებში არიან ქვეყნები, რომლებიც მომხრეებიდან ან თავშეკავებულებიდან მოწინააღმდეგეთა რიგებში გადადიან. ამის მაგალითია ფილიპინებისა და ბურუნდის პოზიციის ცვლილება. ფილიპინები ბოლო ცხრა წლის განმავლობაში კენჭისყრისგან თავს იკავებდა; ბურუნდი ოთხი წელი მხარს გვიჭერდა, თუმცა ბოლო ორი წელი რეზოლუციის მოწინააღდეგეთა ბანაკში გადავიდა. ამ დროს პირიქითაც ხდება. დემოკრატიული პროცესების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების კვალობაზე ყოფილი მოწინააღმდეგეები, მაგალითად, შრი ლანკა, მალდივები, მიანმარი დღეს რუსეთის ნაცვლად, საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო პოზიციას იზიარებენ.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ რუსეთის არგუმენტი არაა ლოგიკა და სამართლებრივი ნორმა, არამედ უხეში ძალა, შანტაჟი; იგი გარკვეულ ქვეყნებში შიდა არეულობას, დიქტატურას, დემოკრატიის ხარისხს თუ ქვეყნის მოწყვლადობას დიდი ხანია სათავისოდ იყენებს. ზოგ ქვეყანას უშიშროების საბჭოში “საქმე აქვს”, ზოგი პერმანენტულ სამამულო თუ სამოქალაქო კონფლიქტშია… აქედან გამომდინარე, საქართველოს რეზოლუციაზე კენჭისყრის შედეგები ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების ინდიკატორადაც შეიძლება იქნას აღქმული.

ფილიპინებმა, რომელიც წლების მანძილზე “დევნილთა რეზოლუციის” კენჭისყრაზე თავს იკავებდა, წელს რუსეთის პოზიცია გაიზიარა და ხმა ჩვენს წინააღმდეგ მისცა. ეს ფაქტი დროში საოცრად დაემთხვა ფილიპინების ახალი პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს, სადაც სასაუბრო თემა სამხედრო თანამშრომლობა გახლდათ. როდრიგო დუტერტე დასავლეთზე უცებ განაწყენდა და რუსეთთან “ჩახუტების” ფასიც რეზოლუციის “გაწითლებით” უმალ გადაიხადა.

წლების მანძილზე ბურუნდი მხარს გვიჭერდა. შემდეგ კი ქვეყანაში ჩატარებული არჩევნებისა და უვადოდ ხელისუფლებაში ყოფნის მცდელობის გამო ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. საკითხი უშიშროების საბჭოს დღის წესრიგშიც უნდა დამდგარიყო. აქ კი ბურუნდის მთავრობას “მხსნელად” რუსეთი მოევლინა. ერთპიროვნული რუსული ვეტოთი საკითხის განხილვა დაიბლოკა. სწორედ მაგ დღიდან ხმა ხმაში გაიცვალა და წლების მანძილზე მხარდამჭერი ბურუნდი მიწინააღმდეგეთა “თოთხმეტიან რუსულ კლუბს” შეუერთდა.

ზოგადად კი გაეროში კენჭისყრისას ქვეყნების “ქცევას” საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით აკვირდება. ამ მხრივ, ქვეყანა რომელ “კლუბში” თუ “სამეზობლოში” აღმოჩნდება, საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის იმიჯისა და პოზიციონირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

კენჭისყრის ტაბლო. ია მერკვილაძის ფოტო

კენჭისყრის ტაბლო

დევნილთა შინ დაბრუნების მოწინააღმდეგეთა სია (რუსეთის ფედერაციის გარდა) ასე გამოიყურება: სომხეთი, ბელორუსი, ბურუნდი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი, ზიმბაბვე.

წელს ქართველ დევნილთა შინ დაბრუნებას კიდევ ოთხმა სახელმწიფომ – ურუგვაიმ, იემენმა,  სან ტომე და პრინჩიპემ და გამბიამ – დაუჭირა მხარი. 2016-ში 15 სახელმწიფო იყო წინააღმდეგი, ხოლო 2015 ში – 17. 

აღნიშნული რეზოლუცია ხაზს უსვამს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

პირველ ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიღებული რეზოლუცია  ქართველი დევნილი  ბავშვების გზავნილსაც შეიცავს, რომლებსაც უფლება აქვთ იცხოვრონ საკუთარ სახლში, უსაფრთხო გარემოში, ღირსეულად, მათი უნივერასლური უფლებების დაცვით.

„გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატის გამოკვითხვის თანახმად, ქართელ დევნილთა უმრავლეოსობას, 88,3 პროცენტს საკუთარ სახლში დაბრუნება ნებაყოფლობით სურს”. –  განაცხადა გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ. 

„დღეს მსოფლიოში  სამოცდახუთი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია და მათ შორისაა ოთხასი ათასი ქართველი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან,   აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური წმენდას გამოექცა და ოც წელზე მეტია დევნილობაში ცხოვრობს” – აღნიშნა მან.

ელჩმა ასამბლეაზე წაიკითხა ამონარიდი ოცდაერთი წლის ქართველი დევნილის, თამარის წერილიდან, რომელიც თავის სატკივარს გვიზიარებს; წერს, რომ სახლი ენატრება, მაგრამ იმედია აქვს, რომ აუცილებლად დაბრუნდება იქ, სადაც მისი სახლი აღარ დგას. კახა იმნაძემ ასამბლეას შეახსენა ამა წლის ცხრა აპრილს ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის არალეგიტმურობის შესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობს მოუწოდა კონსოლიდირებისკენ, რათა დაცული იყოს ქართველი დევნილების უსაფრთხო გადაადგილების და სხვა, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, რომელიც საერთაშორისო კანონიმდებლობითაა გამყარებული.

საქართველოს წარმომადგენლები

საქართველოს წარმომადგენლები

გაეროში უკრაინის ელჩმა ვლადიმერ იელჩენკომ (დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის „გუამის“ წევრების  – უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა – სახელით) განაცხადა იმის შესახებ, რომ  „გუამის“ წევრ ქვეყნებში საომარი კონფლიქტების გამო მილიონობით ადამიანი დაზარალდა, იძულებით გადაადგილებულ პირად გადაიქცა, ამიტომაც დევნილთა შინ დაბრუნების საკითხი პოლიტიკური დარეგულირებისგან დამოუკიდებლად სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს. რეზოლუციის ეს პროექტი განიხილავს 1990 –ინების დასაწყისიდან და 2008 წლის ომიდან ვიდრე დღემდე  დევნილობის რამდენიმე ტალღაგამოვლილი ადამიანების ტანჯვასა და სავალალო მდგომარეობას.

„ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ გენასამბელის 70–ე სესიაზე მიღებული რეზოლუციიდან არც ერთი პუნქტი შესრულდა,” – თქვა ელჩმა. – “ამასთან დაკავშირებით სერიოზულად ვარ შეშფოთებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს ე.წ. რეფერნდუმით – “სამხრეთ ოსეთი – ალანიის სახელმწიფოდ” გადარქნის თაობაზე და ასევე  აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საკონტროლო – გამშვები პუნქტების სისტემატური დახურვის გამო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს. ამასთან დაკავშირებით გახსენებთ იმის თაობაზე, რომ პირველად 2017 წლის მარტში გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოსთან თანამშრომლობის თაობაზე, სადაც კომიტეტმა გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების, ჰუმანიტარული სიტუაციის გამო და მოითხოვა გაეროს უამღლესი კომისარისა და სხვა საერთოშორისო თუ რეგიონალური ორგანიზაციების დაშვება.”

გაეროში ლიტვის ელჩმა რაიმონდა მურმოკაიტემ ისაუბრა არა მარტო ლატვიისა და ესტონეთის, არამედ ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნების (დანია, ისლანდია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი) სახელითაც. მის გზავნილს შეუერთდნენ  ბულგარეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და ირლანდია.

„ჩვენ კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას ადამიანის უფლებების მდგომარეობით და იმის გამო, რომ დე–ფაქტო ხელისუფლებამ თავისუფალ გადაადგილებაზე, სამედიცინო დახმარებასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე შეზღუდვები დააწესა,” – განაცხადა ლიტვის წარმომადგენელმა. „ჩვენ არ ვცნობთ 2017 წლის 9 აპრილს გამართულ ე.წ. რეფერენდუმს ცხინვალის რეგიონის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ განვაცხადო ჩვენი მყარი მხარდაჭერის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა.”

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ევგენი ზაგაინოვმა განაცხადა, რომ  საქართველო გენასამბლეაზე უკვე მეათედ განსახილველად წარადგენს დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეზოლუციას: „მიუხედავად იმისა, რომ ამ რეზოლუციის ავტორები დევნილთა თემისადმი თავის მიდგომების დამკვიდრებას ცდილობენ, ეს პროექტები წევრ–სახელწმიფოთა უმრავლესობის მხარდაჭერას არასოდეს ჰპოვებს. ჩვენთვის ცხადია, რომ ამ თემაზე მსჯელობა და რეზოლუციის მიღება არაფრით ეხმარება იმათ, ვინც შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა სახლი, არსებობის საშუალება და იძულებული იყო მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მიეტოვებინა. ეს მიუთითებს იმაზე,რომ ამ პროექტის მიზნები წმინდა პოლიტიკურია, რომ მის უკან არ დგას ამ ადამიანებზე რეალური ზრუნვა, არამედ არის საქართველოს ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაზარალებული ადამიანების ბედით სპეკულირება, რომლის კულმინაცია 2008 წლის აგვისტოში ცხინვალზე (სამხრეთ ოსეთი) შეიარაღებული თავდასხმა გახლდათ”.

რუსეთის წარმოამდგენელი. ია მერკვილაძის ფოტო

რუსეთის წარმომადგენელი

რუსეთის წარმომადგენელმა ქართული მხარე ჟენევის ფორმატის გვერდის ავლით დევნილთა პრობლემატიკის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში და  ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის, აფხაზურ, სამხრეთ ოსეთისა და ქართულ მხარეებს შორის ნდობის შენების პროცესის დამუხრუჭებაში დაადანაშაულა და ქვეყნების დელეგაციებს მიუწოდა კენჭისყრაზე დევნილთა დაბრუნებას მხარი არ დაუჭირონ.

რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული „სთეითმენთის” ერთგვარი მყისიერი პასუხი იყო კენჭისყრის დაწყებამდე გაეროში გაერთიანებული სამეფოს  წარმომადგენლის მარტინ შირმანის გზავნილი. მან განაცხადა, რომ დევნილების დაბრუნება არ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს, არამედ ეს თემა ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სფეროა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ რეზოლუციის არსებობა მიუთითებს, რომ მსოფლიოს ქართველი დევნილები არ დავიწყებია; რომ ყოველ წელს ამის შეხსენება და ამ ადამიანების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„გაერთიანებული სამეფო დაეხმარება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ომბუდსმენს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე ანგარიშის შედგენაში” – განაცხადა მან.

მარტინ შირმანმა აღნიშნა ასევე, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოც პროცენტ ოკუპირებულ ტერიტირიაზე ჩატარებული ე.წ. „არჩევნები“ თუ „რეფერუნდუმი“ მოლაპარაკებების პროგრესს ხელს არ უწყობს. მან გაეროს წევრ–ქვეყნებს მოუწოდა აღნიშნულ რეზოლუციას  მხარი დაუჭირონ  და დევნილთა სიცოცხლე და უფლებები დაიცვან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი