ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

„კლინიკური ქორწინება“ – ნიუ იორკის ქართული თეატრის ახალი სპექტაკლი

„კლინიკური ქორწინება“ – ნიუ იორკის ქართული თეატრის ახალი სპექტაკლი

„გიბარებთ თქვენ და შთამომავლობას! დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი. თავისი სახელი დაარქვით ყველაფერს, თუკი არ გინდათ სიდედრი ცოლად, აჭრილი დრო და ყულფი კისერზე!” – ამბობს „კლინკური ქორწინების” ერთ–ერთი გმირი, ნოდარი (მსახიობი ანრი კალანდარშვილი). იგი ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაცინეტია, ავტოავარიის შედეგად (რომლის „ავტორი“ მისივე მკურნალი ექიმი ვალტერია) ტვინის ტრავმა მიიღო და ხანდახან უცნაურ, დაუნაწევრებელ ხმებს გამოსცემს. მისი „უუუუ“ ადეკვატური პასუხია იმ ტრაგიკომიკურ აბსურდზე, რომელიც მხოლოდ ირაკლი სამსონაძის ზემოაღნიშნულ პიესაში კი არა, ჩვენს ყოველდღიურობაშიც „იდგმება”.

„ბრუკლინის სამუსიკო აკადემიის“ (1861) (აქ თავის ნაშრომებს პირადად წარადგენდნენ ინგმარ ბერგმანი, პიტერ ბრუკი და პინა ბაუში), ერთ–ერთ სცენაზე ნიუ იორკში მოღვაწე ქართულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი –  „კლინიკური ქორწინება“ – ქართული რეალობა  დეკორაციების, განათებისა და კოსტუმების წითელ – შავი ფერებით გაათამაშა:

პატრული ელ–გუჯა („ელ“ – მისი „ინტელექტუალური“ სახელია, გუჯა – მუტრუკული. მსახიობი ირაკლი ლებანიძე), მისი ცოლი ლილი – ექთანი, „ყველაფრისტი“, მოღალატე ცოლი (ირინა ჩინაშვილი); ნოდარის მეუღლე – თამრი (ნატალია გოდერძიშვილი), სუსტი, ცაში მოფარფატე არსება, რომელმაც „ვაიმე, ნოდარიკოს“ მეტი არაფერი იცის; დედამისი – ელიზავეტა გრიგორევნა, (ლიკა ბახტურიძე – სირელსონი) საბჭოთა დროინდელი პროვინციული გლამურის დამაა, რომლის ბონ – ტონი, ცხადია, რუსული ენაა და სხვანი. ზოგი – ვითომ ავადმყოფები, არადა პროფესიონალი გამომძალველების წყვილი ასმათი და ტარიელი (ცუცა კაპანაძე და გიორგი ნარიმანიძე), ზოგიც  ვაი ექიმი (დავით ტოპრაკაშვილი), რომელიც მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოწმეებსაც და ცრუმოწმეებსაც ქრთამავს; ზოგი კლავს აბეზარ სიდედრს, რომელიც მაინც ცოცხლდება; ზოგი  თავს იკლავს, უფრო სწორედ, ვერ იკლავს. ერთი სიტყვით, ბალაგანი, რომელიც ცუდ სიზმარს ჰგავს. ძილბურანში კი ვერ გაგირკვევია – ეს ყველაფერი მართლა მშობლიური ნარატივია თუ სასაცილო სკეჩების ნაკრები.

„კლინიკური ქორწინება“. სცენა სპექტაკლიდან

„კლინიკური ქორწინება“. სცენა სპექტაკლიდან

„კლინიკური ქორწინება“. სცენა სპექტაკლიდან

„კლინიკური ქორწინება“. სცენა სპექტაკლიდან

ნიუ იორკის ქართული თეატრის (2008) შემოქმედებას მისი დაარსებიდან თვალს ვადევნებ. შეიძლება ითქვას, რომ „კლინიკური ქორწინება“ თეატრის კარიერაში აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს პროფესიონალ მსახიობებთან ერთად მოყვარული არტისტების გამოცდილების, სცენოგრაფიისა და რეჟისურის დამსახურებაა. სპექტაკლის (რომლის პრემიერა ნიუ იორკის შტატის ხელოვნების დეპარტამენტის საბჭოსა და ქალაქ ნიუ იორკის ხელოვნების დეპარტამენტის თანადგომით შედგა) დამდგმელი რეჟისორი, თეატრის დამფუძნებელი, მსახიობი ლიკა ბახტურიძე–სირელსონი იხსენებს, რომ პირველი პერფორმანსი თეატრმა მაყურებელს  2008 წლის 14 სექტემბერს წარუდგინა. ეს იყო ოტია იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, რომელიც დასმა მანჰეტენის სცენაზე The Kaye Playhouse ითამაშა.

„მახსოვს მაშინ ომის გამო საქართველოში ცუდი მდგომარეობა იყო და გადავწყვიტეთ, რომ სპექტაკლი არ გვეთამაშა”, მიყვება ლიკა, „რეპეტიციის შემდეგ გაეროს წინ გამართულ მიტინგზე მივდიოდით ხოლმე. მოგვიანებით, მეგობრების რჩევით, გადავწყვიტეთ ჩვენი პროტესტი სწორედ ჩვენი სპექტაკლით გამოგვეხატა. დავაგზავნეთ წერილები, რომელშიც აგრესორი ქვეყნის  მიმართ ჩვენი პროტესტი გამოვხატეთ; პრემიერაზე რამდენიმე ამერიკული თეატრის წარმომადგენლები, ჩვენი ამერიკელი მეგობრები მოვიწვიეთ. პრემიერის დღეს დარბაზი სავსე იყო. სპექტაკლის შემდეგ ჩვენი სატკივარი გამოვხატეთ. დარბაზი ტიროდა. ეს დღე არასდროს დამავიწყდება”.

2011 წელს  თეატრმა Midtown International Festival-ზე წარადგინა ლიკა ბახტურიძე–სირელსონის პიესა „სარკე“ (რეჟისორი რამაზ ზურაბიშვილი). შემდეგ იყო ნ. დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“ (2014) და ა. ჩხაიძის „შთამომავლობა“ (2015) (რეჟისორი ხათუნა იოსელიანი). ამას გარდა 2012 – ში ქართველმა არტისტებმა დადგეს თეატრალური შოუ „ფანჯრიდან დანახული გაზაფხული” და „ხორუმი ქართული ცეკვაა“ (2013). 24 ივნისს კი Roulette Theater- ში ბავშვთა მუსიკალური თეატრის პრემიერაა – iPhone Mon Amour.

„თითოეულ სპექტაკლზე მუშაობა ძალიან შრომატევადი პროცესია“, – ამბობს ლიკა, „ყველას სხვა ძირითადი სამსახური აქვს, ამიტომ რეპეტიციებზე გვიან ვიკრიბებით და სახლში შუაღამისას ვბრუნდებით; ზოგს კი ძილი მხოლოდ ოთხი საათი უწევს.  რამდენიმე წლის წინ ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა რეჟისორს რამაზ ზურაბაშვილს ახალი სპექტაკლის დადგმა შევთავაზე; მან რამდენიმე პიესა გამომიგზავნა; მათ შორის, ირაკლი სამსონაძის „კლინიკური ქორწინება”. პიესა მ. თუმანიშვილის ფონდის 2010 წლის კონკურსზე პირველი პრემიით დაჯილდოვდა და საქართველოში რუსთაველის თეატრსა და რუსთავის თეატრში დაიდგა. რამაზმა ამ პიესაზე იმუშავა, მაგრამ მოგვიანებით საპატიო მიზეზების გამო დადგმაზე მუშაობა დროებით შეწყდა. წელს კი პიესის განახლებული დადგმა არა ხელმძღვანელობამ, არამედ დასმა გადაწყვიტა. ჩემი პიესის „სარკე“ გაცოცხლებაც რამაზ ზურაბიშვილის დამსახურებაა. თეატრს ახალი სიცოცხლე კი დირექტორად დავით ტოპრაკაშვილის დანიშვნამ შესძინა.

„კლინიკური ქორწინება”, რომელზეც ექვსი თვე ვმუშაობდით, აქტუალური დრამაა. ერთმანეთში გადახლართულია მუდმივი ადამიანური პრობლემები – ღალატი, უმუშევრობა, ლოთობა, დანაშაულზე პასუხიმგებლობისგან თავისდაძვრომის მცდელობა, ტყუილი, განდიდების მანია, ნებისმიერი გზით კეთილდღეობის მოპოვება, ბატონობის სურვილი, სუსტის დაჩაგვრის ვნება, შეუბრალებლობა… იგი ერთგვარი მესიჯია, რომელიც სატირული ხერხებითა და აბსურდული სიტუაციებით ცდილობს სარკეში ჩაგვახედოს. აი, ერთ–ერთი პერსონაჟის სიტყვებიც: „ჩვენი ყოფიერების იდიოტური მისწრაფებაა ყველაფერი ჩარჩოში მოაქციოს, დაშტამპოს, სასაქონლე სახე მისცეს და გაყიდოს… გესმით, რა დროს მოგვიწია ცხოვრება? საშინელებაა…“

„კლინიკური ქორწინება“. სცენა სპექტაკლიდან

„კლინიკური ქორწინება“. სცენა სპექტაკლიდან

„კლინიკური ქორწინება“. სცენა სპექტაკლიდან

„კლინიკური ქორწინება“. სცენა სპექტაკლიდან

დიდი მადლობა მთელს დასს: მსახიობებს, ქორეოგრაფს ირაკლი შენგელიას, მხატვარს  მარიკა მიქელაძეს, დირექტორს დავით ტოპრაკაშვილს, მენეჯერს ირინა ჩინაშვილს, დიზაინერს ნაირა ნადარეიშვილს, ფოტოგრაფს გიორგი ნარიმანიძეს, ტექნიკურ რეჟისორებს გიორგი ფოცხვერიასა და თამარ შაკიაშვილს. და ბოლოს თავს უფლებას მივცემ და მადლობას ჩემს მეუღლეს, ვიქტორ სირელსონსაც გადავუხდი, რომელიც „კლინიკური ქორწინების“ პროდიუსერი და ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელია”.