მედეა ასათიანი ფილმზე - "მედეას ერი" მუშაობის დროს.

„მედეას ერის“ ჩვენება ნიუ იორკში და ახალი ფილმის დაფინანსების მოლოდინი

ორი თვის წინათ ნიუ იორკის „ჰანტერ კოლეჯში” შედგა სასწავლებლის კურსდამთავრებული ქართველის, რელიგიათმცოდნე მედეა ასათიანის დოკუმენტური ფილმის – „მედეას ერი” პრემიერა. ეს ახალბედა, თვითნასწავლი რეჟისორის პირველი ნამუშევარია, თუმცა მისი მეორე ფილმის, „მიძღვნა ჯორჯ ბალანჩინს“ წარდგინება ქალაქის ერთ–ერთი საბალეტო სკოლის ტერიტორიაზე „მედეაზე” უფრო ადრე გაიმართა.

„მედეას ერი” იმ ქალთა სახეების გარდა, რომლებიც ისტორიას ახსოვს, საქართველოს დღევანდელობის წარმომადგენლებსაც გვაცნობს. ფილმში აღწერილია შვიდი ქალის: მედეას, წმინდა ნინოს, შუშანიკის, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის, მაია წყნეთელისა და მარიამ დედოფლის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები. რეჟისორი ამბობს, რომ  მისი მიზანი იყო საქართველოს ისტორიის არმცოდნეთათვის, უცხოელებისთვის ქართველი ქალების როლის შესახებ შემეცნებითი ფილმის გადაღება.

კადრი ფილმიდან "მედეას ერი"

კადრი ფილმიდან “მედეას ერი”

„ამ ეტაპზე ვმუშაობ ახალ ფილმზე, რომელსაც „კედელი“ ქვია“, – მიყვება მედეა. „ – იგი მოგვითხრობს ცოლ-ქმარზე, რომელსაც შვილი გარდაეცვალა. წყვილს ცხოვრება მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევს. ფილმი შავ–თეთრია,  მოკლემეტრაჟიანი, დიალოგების გარეშე. ვფიქრობ, რომ ტკვილის გამოხატვა სხეულის ენითაც შეიძლება. ამგვარ სიტუაციაში ადამიანებისთვის გარე სამყარო კვდება და მასთან ერთად – ლაპარაკის უნარიც. ფილმში მთავარ როლებს თამუნა მახარაძე და ზვიად სვანიძე თამაშობენ.

ჩემი მიზანია არა მხოლოდ დღევანდელ საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუსაძლისობისა და ამ ფონზე ტრაგედიაგამოვლილი ოჯახის გადარჩენის გზების ძიების თემის აქტუალიზება, არამედ ამგვარი უბედურების  ჩვენებით ერთგვარი დამაკავშირებელი ძაფის გაბმა, ასე ვთქვათ, ქართულ და არაქართულ რეალობას შორის; საუბარი იმ მძიმე სატკივარზე, რომელსაც, ალბათ, ყველა ერის თუ ქვეყნის ადამიანები ერთნაირად განიცდიან. შვილმკვდარი მშობელი ხომ განსაკუთრებული ცხოვრების წესს გულისხმობს. ამგვარ მწუხარებას, სევდას ენობრივი თუ სახელმწიფოებრივი საზღვრები არა აქვს. გარდა ამისა, მინდა ფილმში ვაჩვენო ის საქართველოც, რომელიც მე თოთხმეტი წლის განშორების შემდეგ დამხვდა.

ფილმი მონაწილეობას კინოფესტივალ„ამირანზე” მიიღებს და, ცხადია, დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ფესტივალებზეც. ამჟამად ვცდილობთ, რომ „კედელს” დაფინანსება მოვუპოვოთ. საჭირო თანხის შეგროვების  კი Kickstarter –  ის სისტემით  ვცდილობთ და გულშემატკივრების დიდი იმედი გვაქვს”.

ფილმ „კედელზე“ მუშაობის პროცესი.

ფილმზე „კედელი“ მუშაობის პროცესი.

მედეა ასათიანი ფილმზე - "მედეას ერი" მუშაობის დროს.

მედეა ასათიანი ფილმზე – “მედეას ერი” მუშაობის დროს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი