ცისანა ჯანაშვილი

ცისანა ჯანაშვილის სამყარო

მხატვარ ცისანა ჯანაშვილთან ბევრი რამ მაკავშირებს. ყველაზე მთავარი, ალბათ, ბალეტი, რომელიც ორივეს ბავშვობიდან გვიყვარს. ცეკვა არ მისწავლია, სცენაზე არ მიცეკვია. არც ცისანას. უბრალოდ, 1970-იანებში, როცა იგი თბილისში ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა, სადიპლომო თემად, ცხადია, ბალეტი აირჩია და შექმნა კიდეც დიდი ფერწერული ტილო სახელად „რეპეტიცია“ (1972). შემდგომ, როცა მისი ოჯახი ნიუ იორკში საცხოვრებლად ჩამოვიდა, მხატვარმა სწავლა ნიუ იორკში Parsons School of Design-ში (1979–80) ფერწერის ფაკულტეტზე გააგრძელა. ცისანა ჯანაშვილი ექვსასზე მეტი ნამუშევრის ავტორია, რომლის უმეტესობა, პორტრეტებია და მათ შორის ოცდაათი – ქართველი მოღვაწეების სახეები.

"რეპეტიცია". 1972 წ.

“რეპეტიცია”. 1972 წ.

–  ჩემი პედაგოგი, ცნობილი ფერმწერი, ვალერი შერპილოვი შემეწინააღმდეგა. ბალეტი მეტად რთული თემაა და ვერ დაძლევო“, – მიყვება ცისანა, – „მე არ დავეთანხმე და მუშაობას შევუდექი. ამან ჩემი პედაგოგი ძალიან გააღიზიანა… დიპლომის დაცვაზე განრისხებული შემომცქეროდა. ამ დროს გივი თოიძემ დადებითად შეაფასა ჩემი „რეპეტიაცია“. სხვათა შორის, წითელი დიპლომი დავიმსახურე. სადიპლომოს დაცვას მედია ესწრებოდა. მაშინ ამგვარი ტრადიცია არსებობდა. ჩემი ნაშრომის გაზეთში გამოქვეყნებასაც აპირებდნენ, მაგრამ შერპილოვმა ჟურნალისტს სხვა სურათზე მიუთითა, იმ სტუდენტზე, ვისაც თავად ამზადებდა. იმასაც „ბალერინა“ დაუხატავს. ჩემთვის კი ცხადი გახდა, თუ რატომ გაღიზიანდა პედაგოგი. პრესაში იმ გოგონას ნამუშევარი გამოქვეყნდა, ოღონდ… ჩემი გვარით. გაზეთმა შეცდომა არ გაასწორა. შეიძლება ითქვას, რომ ეს საბოტაჟი იყო. ვიცი, ეს „ბალერინა“ შერპილოვის დახატული იყო და არა იმ სტუდენტის, რაც გივი თოიძემ დიპლომის დაცვის დროს დელიკატურად აღნიშნა. თქვა კიდეც, „ამაში კაცის ხელი ურევიაო“. ჩემმა მასწავლებელმა გული ძალიან მატკინა და ეს დღემდე მახსოვს. ამხანაგებმა მაცნობეს, რომ ჩემი საქართველოდან წასვლის შემდეგ შერპილოვი გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე. გულისტკენის მიუხედავად, მე ყველანი მენატრებოდნენ, ყველაფერი მენატრებოდა.“

გარემოს ამგვარისიურპრიზებითქვენს მოდუსზე რამდენად მოქმედებდა?

რაც უფრო მეტ დაბრკოლებას ვაწყდებოდი, უფრო ვძლიერდებოდი. ეს იყო ჩემი ერთგვარი პროტესტი სიძნელეებისა და უსამართლობის მიმართ. მთელი ცხოვრება მხატვარი ვარ. პირველად ხუთი წლის ასაკში დავხატე. ბალეტს ტელევიზიით ყოველთვის ვუყურებდი. თვალს ვერ ვწყვეტდი. სასცენო თუ ყინულის ბალეტის ხილვის შემდეგ მოცეკვავეებს ვხატავდი. ვოცნებობდი, რომ ბალერინა გავმხდარიყავი, მაგრამ მამამ მითხრა – ცისანა, შენ მხატვარი ხარო. დავიბადე მიხეილ ჯანაშვილის, პირველი ქართველი ებრაელი პროფესიონალი მხატვრის ოჯახში და მამის ხელოვნებისადმი უსაზღვრო სიყვარულმა და თავდადებამ, ცხადია, ჩემზე დიდი გავლენა მოხდინა. გავიზარდე ხელოვნების ატმოსფეროში, გარშემო ფერწერული ტილოები და ზეთის საღებავების სურნელი იდგა, რომელიც დღემდე სტიმულს მაძლევს.

"პარსონის" სტუდია. 1980 წ.

“პარსონის” სტუდია. 1980 წ.

ამერიკამდე ისრაელი იყო

– 1974 წლის 24 იანვარს ჩვენი ოჯახი თბილისიდან ისრაელში გაემგზავრა. იმავე წელს ჩემი მეუღლის ოჯახმა გეზი ისრაელიდან ამერიკისაკენ აიღო და ასე აღმოვჩნდით ნიუ იორკში. ჩემი ძმა, მომღერალი, კომპოზიტორი, პროდიუსერი დათო ჯანაშვილიც (მისი ფსევდონიმია „დავით მონტე კრისტო“) გამოგვყვა, დედამ უჩვენოდ ვერ გაძლო და ისიც ჩვენთან აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამამ ისრაელი არ დატოვა.

ემიგრაცია განსაკუთრებული სიმძაფრით შევიგრძენი. საქართველო ცხრამეტი წლის ასაკში დავტოვე და მთელი ეს პერიოდი მტანჯველი გრძნობით მეღვიძებოდა. ჩემი ოცნება, მონატრება, სიყვარული ტილოზე გადამქონდა; თითქოს ფუნჯის ერთი მოსმით მინდოდა თბილისისა და ნიუ იორკის გაერთიანება. ამ თემაზე შევქმენი კიდეც ტრიპტიხი „ოცნება“ (1986). ჩემთვის სამშობლოსთან დაშორება მუდმივი სევდაა. წლების განმავლობაში ამ ნოსტალგიას სახვითი ფორმა მივეცი და სწორედ ეს იყო ჩემი ჭრილობების მკურნალი.

ემიგრაციას უდიდესი სირთულეები ახლავს. ამას ისიც ემატებოდა, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირიდან ვიყავით. ქვეყნიდან, რომელიც კომუნიზმს აშენებდა. იქაური იდეოლოგიებით ნასაზრდოები, უცებ კაპიტალისტურ სამყაროში აღმოვჩნდით. ამის გათავისებამ კი საკმაო დიდი დრო და ფსიქოლოგიური რესურსი წაიღო.

„ცენტრალ–პარკი".1979 წ.

„ცენტრალ–პარკი”.1979 წ.

თქვენს სახლში ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველაზე მეტად თქვენთვის მნიშვნელოვანია პორტრეტი

– ადამიანების სახეების ხატვა ბავშვობიდანვე მიყვარდა. ვქმნი იმათ პორტრეტებს, ვინც მიყვარს, რომელთა ცხოვრებასაც ვითავისებ, ვისი სულიერი სამყაროც მაღელვებს. „ჩემთვის ხელოვნებაში მთავარია ადამიანი“ – ჩარლი ჩაპლინის ეს ფრაზა ჩემი შემოქმედების კრედოა. მისი პორტრეტიც შევქმენი. ჩემ მიერ შექმნილი ქართველ და ებრაელ მოღვაწეთა პორტრეტებს ხშირად გადავცემ საქართველოს მუზეუმებს, სახლ-მუზეუმებს, მეგობართა კერძო კოლექციებს. ეს ყველაფერი სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარულის ნიშნად.

ჩემი ნახატები დაბინავდნენ ქართული ემიგრაციის მუზეუმში, დავით ბააზოვის სახელობის ქართველ ებრაელთა ისტორიის მუზეუმში, ხელოვნების სასახლეში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი, მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში. გარდა ამისა ჩემი ტილოები ემიგრანტი მამულიშვილის, პეტრე ხვედელიძის სამომავლო ფონდსა და ფონდს „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ გადავეცი; ასევე უპოვარ ბავშვთა სახლის ფონდს, ფონდს „დემოკრატია და აღორძინება“. ჩემი ტილოები კერძო კოლექციებშიცაა. თბილისში ჩემი სამოცდაათი ნამუშევარია, რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს თუ არტსივრცეებს ვუსახსოვრე.

ჯემალ აჯიაშვილის პორტრეტი. 2009 წ.

ჯემალ აჯიაშვილის პორტრეტი. 2009 წ.

ჯუმბერ ჯიშკარიანის პორტრეტი. 2005 წ.

ჯუმბერ ჯიშკარიანის პორტრეტი. 2005 წ.

სემუელ ბეკეტის პორტრეტი. 2009 წ.

სემუელ ბეკეტის პორტრეტი. 2009 წ.

როგორ გამოიყურება „თქვენი“ ქართველების სია?

თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, ვაჟა – ფშაველა, გრიგოლ რობაქიძე, ნატო ვაჩნაძე, ზეინაბ ბოცვაძე, უშანგი ჩხეიძე, გალაკტიონ ტაბიძე, ლევან გოთუა, ოტია იოსელიანი, რევაზ გაბაშვილი, ალექსანდრა ჯაფარიძე, გურამ თიკანაძე, ჯუმბერ ლეჟავა, ფიროსმანი, სერგო ქობულაძე, ტერენტი გრანელი, გოგლა ლეონიძე, ტიციან ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ზვიად გამსახურდია, პეტრე ხვედელიძე, აკაკი ხიდაშელი, ივანე ჯაფარიძე, გურამ ბათიაშვილი, ჯუმბერ ჯიშკარიანი, თინათინ მღვდლიაშვილი…

გარდა ამისა, შევქმენი ბიბლიური სახეები: „მოსე“, “აბრაამი“, “ სოლომონ ბრძენი“, „იოსებ ფლავიუსი“ – ებრაელთა მემატიანისა და მხედართმთავარის პორტრეტი.

დღეისათვის ექვსი პერსონალური გამოფენა (საქართველო, აშშ, ისრაელი) მოვაწყვე, მონაწილეობა ოცამდე დიდ ჯგუფურ გამოფენებში მივიღე. ჩემი შექმნილი პორტრეტი ოთხი წიგნის ყდაზეა, ასევე ჟურნალებისა და გაზეთების გარეკანზე. ჩემი ნამუშევრები შესულია საერთაშორისო კატალოგებში, საქართველოს საოჯახო კალენდრებში.

ცისანა ჯანაშვილი

ცისანა ჯანაშვილი

ქალის შემოქმედებითად მაქსიმალური თვითრეალიზაციის თემა, ცხადია, მარტივი არაა. თქვენს კედლებზე ქალის არაერთი პორტრეტიაინტერიერში“...

– რა ჟანრშიც და მიმართულებაშიც არ უნდა მუშაობდეს მხატვარი, ის ყოველთვის თავის თავს გამოხატავს. ნახატი მისი ავტოპორტრეტია. დიდი პოლონელი მხატვარი, იან მატეიკო ამბობდა: „ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები ავტოპორტრეტია, შეხედეთ ჩემს სურათებს, ეს ხომ ჩემი სულის სახეა“. მხატვარი თავის შინაგან სამყაროს ხატავს. ჩემთვის არ არსებობს მამაკაცური ან ქალური ფერწერა და არც განსხვავება „ძლიერი“ თუ „სუსტი“ სქესის შემოქმედებაში. ცხადია, ოჯახში ქალის ფუნქციის შესრულება დიდ ძალისხმევას მოითხოვს და შესაბამისად პროფესიული თვითრეალიზაციისა და ოჯახის შეთავსება უმძიმესი სამუშაოა. მე ეს გამოვცადე. მხატვრობას თავგანწირვა სჭირდება, მუზა კი ეჭვიანია. „ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასურად, თუ ყველაფერი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს, ვერაფერი გამოგივა ხელიდან“ (კ. გამსახურდია, „დიდოსტატის მარჯვენა“). ჭეშმარიტებაა, რომ ხელოვან ადამიანს, მხატვარს სრული თავისუფლება სჭირდება.

მიყვარს ტილოზე ძლიერი ქალის ხატის შექმნა. გამოვხატავ მის სიხარულს, სასოწარკვეთასა და მის ბრძნულ მორჩილებასაც. ჩემ მიერ შექმნილი „კამილა კლოდელის“ პორტრეტი აუცილებლად უნდა ვახსენო. კამილა თხუთმეტი წლის განმავლობაში როდენის მუზა და საყვარელი ქალი იყო. მაგრამ როდესაც კამილა დამოუკიდებელ, თავისუფალ გზას დაადგა, როდენმა ეს ვერ აიტანა, შური იძია მასზე, იდეების მოპარვა დააბრალა, უწუნებდა ნამუშევრებს და ყველგან საბოტაჟს უწყობდა, რამაც მოქანდაკე ქალი გააგიჟა. იგი ფსიქიატრიულში მოხვდა და სულიც იქ დალია… კამილას სახე საზოგადოებაში გამეფებული უთანასწორობის სიმბოლოდ შევქმენი. კამილა კლოდელის ცხოვრებაში არაერთი ქალი თავის თავს ამოიცნობს.

„კამილა კლოდელი“

„კამილა კლოდელი“. 2017 წ. 

თქვენი გამოცდილებით რა სჭირდება მხატვარს, როგორც პროფესიონალს?

 – საკუთარი ძალების რწმენა. შემოქმედება რწმენის აქტია, რწმენის გარეშე შეუძლებელია. ადამიანში ხომ ორი საწყისია – კოსმოსური და ფიზიკური. ხელოვნება შინაგანი გრძნობის, აზრისა და პრობლემების ანარეკლია. ჩემი, როგორც მხატვრის მიზანი კი პორტრეტის ხელოვნების სხვა სიმაღლეზე აყვანაა. თუმცა მაქვს ექსპრესიონისტული, ნატურმორტების, სიურეალისტური ჟანრის ნამუშევრებიც. ყველა ისინი ფიგურატიულია.

ავტოპორტრეტი. 1968 წ.

ავტოპორტრეტი. 1968 წ.

საკუთარ თავს რომელ სტილს მიაკუთვნებდით და მამის გარდა ვინ იყო თქვენი ინსპირატორი?

რაც შეეხება სტილს. ჩემს მხატვრობას რომელიმე მიმართულებას ვერ ვაკუთვნებ. ჩემს ნამუშევრებში ყველა ჟანრის სინთეზია, აბსტრაქციაც, უდავოდ. თუმცაღა განა რეალობა ფართო გაგებით თავად არაა უდიდესი აბსტრაქცია?

ნიუ იორკში სწავლისას, მე უცებ ჩემთვის უცნობ სამყაროში აღმოვჩნდი, თბილისის ნიკოლაძის სასწავლებელთან განსხვავებით, სწავლების მეთოდებიც უჩვეულო იყო. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საეტაპო მომენტი კი იყო „პარსონს სქულ ოფ დიზაინში” შეხვედრა უდიდეს ამერიკელ მხატვართან, ლერი რივერსთან (1923-2002). იგი ნიუ იორკში დაიბადა და გარდაიცვალა. თავდაპირველად ჯაზმუსიკოსი, საქსაფონისტი იყო, 1940 წელს კი მხატვრობით დაკავდა. იგი ფიგურატიული ხელოვნების მიმდევარი იყო და მას „პოპ არტის“ წინამორბედად მოიაზრებენ.  ერთხელაც რივერსი ჩემს სტუდიას ეწვია. ლერი რივერსი ჩემი მხატვრობით დაინტერესდა, მკითხა რა სკოლა გავიარე და საიდან ჩამოვედი. მან ჩემი შიშიც, დაბნეულობა შეამჩნია და შემომძახა: „ნურაფრის შეგეშინდება! შენი გზით გაბედულად იარე!”

იმ პერიოდში ავტოპორტრეტზე ვმუშაობდი და მომიწონა. მითხრა, აღარ გჭირდება ამ სკოლაში ყოფნა, ინდივიდუალურად განაგრძე ხატვაო. ამ ადამიანის მიმართ დიდი მოწიწება მაქვს. ფაქტობრივად, ჩემთვის, სხვა კულტურაში გაზრდილი, აქაურთათვის „უცხო“ ადამიანისთვის ეს სიტყვები უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ შეგულიანება. ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ერთი ადამიანი და მისი გზავნილი, რომელსაც შეუძლია შთაგაგონოს და მცდარი არჩევანისგან დაგაზღვიოს. ჰოდა, სწორედ მაშინ მყარად გადავწყვიტე: როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შემხვედროდა ცხოვრების გზაზე, ჩემი გეზისთვის არ მეღალატა. ჩემ ხელოვნებას კომერციული სახე შეგნებულად არ მივეცი, ინტუიციას დავემორჩილე და დღესაც ასე ვარ.

„ჩემი ცხოვრების პალიტრა". 1993 წ.

„ჩემი ცხოვრების პალიტრა”. 1993 წ.

ამჟამად რა თემაზე მუშაობთ?

– დღეს-დღეობით ახალ ჩანაფიქრზე ვმუშაობ – „ქებათა-ქება სოლომონისა”. მინდა ეს ტექსტი ფერწერაში ჩემეული ინტერპრეტაციით გამოვხატო…

ეს იქნება ჩემი ცხოვრებისა და შემოქმედების ერთგვარი შეჯამება. ხოტბა დედამიწაზე ადამიანის არსებობისა, ჩემი რწმენა უზენაესისა, რომელიც ჩემთვის არის მიწიერი და ზეციური სიყვარულის ერთობა და იმის დასტურიც, რომ ამის განცდა ხელოვნებითაა შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე