ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

აპლიკაცია, რომელიც ნახმარი ავტომობილის შეძენისას დაგეხმარებათ – აშშ-ში მცხოვრები ქართველის გამოგონება

აპლიკაცია, რომელიც ნახმარი ავტომობილის შეძენისას დაგეხმარებათ – აშშ-ში მცხოვრები ქართველის გამოგონება

ვერ ვიხსენებ ქართველს, რომელიც სმარტფონზე  „პროგრამული დამატების“, იგივე ე.წ.  App-ის ავტორი გამხდარიყოს და რომლის გამოგონებასაც მყისიერი ეკონომიკური სარგებელი მოეტანოს თუ შეიძლება ასე ითქვას, მომხმარებელთა ფართო წრისთვის. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ  იმათ, ვინც თვლის, რომ „ავტომობილი ფუფუნება კი არა, გადაადგილების საშუალებაა”. ცხადია, მათ შორის არიან ისინი, ვინც მანქანებს ყიდულობს ან მათი ექსპერტიზა – ტრანსპორტირებითაა დაკავებული.

აშშ–ში მცხოვრები ნიკო ავალიანი, ახალი აპლიკაციის იდეის ავტორია. მან ამერიკელ პარტნიორებთან ერთად კორპორაცია GOFORIT SYSTEMS დააფუძნა და შექმნა აპლიკაცია სახელად GOFORIT (ქართულად შეიძლება ითარგმნოს  – „აბა შენ იცი”). ეს ინოვაცია რამდენიმე კვირაა შესაძენი მანქანის შეფასების პროცესს ათმაგად აადვილებს – ნერვებს, დროსა და ფულს ზოგავს. ამ „აპის“ აიფონზე ჩამოტვირთვა კი ძვირი სიამოვნება სულაც არაა. იგი, ფაქტობრივად, უფასოა. და კიდევ ერთი მსხვილმანი რამ: იგი შეუცვლელია ემიგრანტებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც აშშ–ის უსაზღვრო პერიმეტრებზე  სივრცესა და დროში  გადაადგილება რადიკალურად განსხვავდება იმ გამოცდილებისგან, რომელიც მათ „წინა“ ცხოვრებაში ჰქონდათ.

–  რა არის App  GOFORIT – ის მუშაობის პრინციპი?

– ამერიკაში აუქციონებზე ავტომობილების ყიდვისას არსებობს ინფორმაციის სერიოზული დეფიციტი. ხშირია შემთხვევა, როცა ნაყიდი ავტომობილი აღწერილობას არ შეესაბამება. საქმე იმაშია, რომ მანქანის ყიდვის პროცესი იმდენად სწრაფია, რომ თვით დილერიც კი არ ფლობს სათანადო ინფორმაციას თუ რას ყიდულობს. სამაგიეროდ, ამ ინფორმაციის მფლობელი არის ის, ვინც ეს მანქანა აუქციონზე მიიყვანა. ამას ემატება ისიც, რომ მანქანის გადამყვანი ანუ ტრაილერის მძღოლი, იგივე ავტოგადამზიდი, დამოუკიდებელი ექსპერტის როლს ასრულებს. ავტოგადამზიდს ხომ მანქანის გაყიდვიდან ფინანსური ინტერესი არ აქვს. მას ამ საქმიანობაში არაფერს უხდიან, ანუ მისთვის არა აქვს მნიშვნელობა ეს მანქანა გაიყიდება თუ არა. არადა სინამდვილეში მას  ავტომობილის კუსტარულად და სანდოდ შეფასება შეუძლია.

ამ “აპის” მუშაობის პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ  მყიდველი ინფორმაციას  ამერიკის სამანქანო აუქციონებზე მოძრავი მანქანების შესახებ  უშუალოდ ავტოგადამზიდისგან იღებს.  მანქანის გადამყვანს  (სატრანსპორტო საშუალების მძღოლს) გაცილებით მეტი საჭირო ინფორმაცია აქვს, ვიდრე ამ კონკრეტული გადაზიდული მანქანის მომავალ მყიდველს. წარმოიდგინეთ რამდენ ადამიანს აინტერესებს მანქანის მდგომარეობის თაობაზე დაელაპარაკოს ავტოგადამზიდს, რომელმაც მანქანები გულდასმით შეაფასა და ამერიკულ აუქციონებზე (მაგალითად: „კოპარტი”, „მანჰეიმი”), მათ შორის, ამერიკული სადაზღვევო კომპანიების საავტომობილო თუ სხვა ტიპის აუქციონებზე დასაყენებლად გადაიყვანა.

ავტოგადამზიდის მიერ მანქანის ინსპექტირებისას აღრიცხული ინფორმაცია  მანქანის პოტენციურ მყიდველს აინტერესებს და მზად არის ამაში ფულიც გადაიხადოს. ბუნებრივია, აინტერესებს თუ რა მდგომარეობაშია მანქანა ვიდრე მას შეიძენს. ცხადია, ამგვარი ინტერესი არსებობს არა მარტო ამერიკაში, არამედ სხვა ნებისმიერ ქვეყანაშიც, სადაც მანქანებს ამერიკულ აუქციონებზე ყიდულობენ. ვგულისხმობ აუქციონებსაც, სადაც ნახმარი ანუ მეორადი მანქანები გასაყიდად იგზავნება. ცხადია ეს აპლიკაცია იმუშავებს ყველა ქვეყანაში, სადაც მსგავსი აუქციონები არსებობს.

ნიკო ავალიანი

ნიკო ავალიანი

–  თქვენი გამოგონება ერთგვარი ექსკლუზივია?

– რა თქმა უნდა, მანქანების ინსპექტირების ბევრი სხვა აპლიკაცია არსებობს, თუმცა GOFORIT-ს აქვს პრეტენზია, რომ იგი გამოსაყენებლად ყველაზე მარტივია და რაც მთავარია – უფასო. გარდა ამისა, რაც ჩვენ პროდუქტს უნიკალურს ხდის, ეს არის სწორედ ის ფაქტი, რომ აქამდე ტრაილერის მძღოლის მიერ ინსპექტირებული მანქანის შესახებ ინფორმაცია იკარგებოდა, არავინ იყენებდა. არადა ამ ადამიანს ავტომობილის შესახებ გაცილებით სრული ინფორმაცია აქვს, ვიდრე CARFAX-ს (www.carfax.com მანქანის სერვის-ისტორიის შესამოწმებელი ვებგვერდია). თუ კი მომხმარებელი CARFAX-ში  ფულს იხდის, რატომ არ გადაუხდის იგი კონკრეტულ ადამიანს, რომელმაც მისი მომავალი მანქანა შეაფასა, ტარებაში გამოსცადა, ყველა რაკურსიდან დაათვალიერა, ფოტოები გადაუღო, მისი მდგომარეობა დააფიქსირა და ა.შ.?

არსებობს მსგავსი სერვისები, როგორიცაა ადგილზე ავტომობილის შეფასება, მაგრამ ასეთი მომსახურება 300-400 დოლარი ჯდება. როცა ადამიანი ნახმარ მანქანას ყიდულობს, მისთვის ეს თანხა მცირედი სულაც არაა. GOFORIT-ში კი მომხმარებელს სულ მცირე ათ დოლარად შეუძლია სასურველი ინფორმაციის მოპოვება. თუმცა როგორც აღვნიშნე, GOFORIT-ის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულიად უფასოა.

2 3

– დღეისათვის GOFORIT –ი რამდენადაა უკვე  ჩვეულებრივი პროგრამული დამატება?

– იგი ასეთად უკვე მოიაზრება. მასში არის აშშ–ში არსებული ყველა საავტომობილო აუქციონების სიის ოთხმოცდაათი პროცენტი და ყოველ დღე ახალ-ახალი ადგილების დამატება ხდება. GOFORIT-ი მომხმარებელს ასევე  მანქანის ინსპექტირების პროცესს უადვილებს; უმარტივებს თავად ტრაილერის მძღოლსაც, რომელსაც აღარ მოუწევს ქაღალდებთან ურთიერთობა მას შემდეგ, რაც ტელეფონში GOFORIT-ს ჩამოტვირთავს. ეს აპლიკაცია ასევე გამოადგებათ მეორადი მანქანების დილერებს, რომელთაც სურთ ცხადად დაინახონ  თუ რა/როგორი მანქანებია აუქციონზე წარმოდგენილი.

– ანუ, ფაქტობრივად, GOFORIT-ით საყიდელი მანქანის პარამეტრების შესახებ ახალ ამბავს პირველი იღებ, არა ?

 ასეა. სანამ ამერიკაში აუქციონებზე სხვები გაიგებენ რა მანქანები იყიდება, მანამდე ამ ინფორმაციას მანქანის გადამზიდისგან აპლიკაციის მომხმარებელი, დილერი ან მყიდველი, პირველი იგებს. მაგალითად: ავტოგადამზიდმა „მერსედესის“ მარკის მანქანა ბრუკლინის რომელიმე სადილეროში  აიყვანა და  პენსილვანიის „მანჰეიმის“ აუქციონზე გადასატანად  მიჰყავს. ამ დროს ტრაილერის მძღოლს შეჰყავს ეს ინფორმაცია აპლიკაციაში და შემდეგ აპლიკაციის მეორე მხარე, ამ შემთხვევაში დილერი ან მანქანის მყიდველი ამ ინფორმაციას იმაზე ადრე ნახულობს, ვიდრე ეს მანქანა დანიშნულების ადგილზე არსებულ აუქციონზე დაფიქსირდება.

GOFORIT–ი ინფორმაციის ადრე მიღების საშუალებაა და გარდა ამისა, რაც მთავარია, იგი მანქანის ინსპექციის შესახებ ინფორმაციას იძლევა. ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფუნქცია, რაც ამ აპლიკაციას მანქანის მყიდველისთვის აქვს არის ის, რომ მყიდველს ტელეფონში ავტომატური შეტყობინებების მიღების დაყენება შეუძლია. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციას უბრძანოთ, რომ თუ ჩემ  შტატში, მაგალითად, ნიუ იორკში, აუქციონზე AUDI Q7–ის მარკის ავტომობილი გამოჩნდა, თქვენ დაუყონებლივ შეგატყობინოთ. ეს ავტომოყვარულთათვის ძალიან მოსახერხებელი რამაა. ისინი ონლაინ რეჟიმში მიიღებენ იმ ინფორმაციას, რომელსაც ადრე დილერები „სანთლით ეძებდნენ“.

–  მყიდველი რამდენ დღეს ზოგავს?

აუქციონზე ყიდვისას ინფორმაციის ადრე ფლობა ძალიან დიდ უპირატესობას ნიშნავს. წარმოიდგინეთ, მანქანების გადამზიდავმა ავტომობილი აუქციონზე მიიყვანა. ამის შესახებ ჯერ თავად აუქციონმაც კი არ იცის. სანამ ისინი მას მონაცემთა ბაზაში გაატარებენ, შესაძლოა ერთი-ორი დღეც კი გავიდეს. სამაგიეროდ, ეს ინფორმაცია იცის ავტოგადამზიდმა და შესაბამისად შეუძლია გაიგოს ავტომობილების დილერმაც, რომელსაც ტელეფონში GOFORIT-ის აპლიკაცია აქვს დაყენებული.

1

– კიდევ ერთხელ დაზუსტებისთვის: ეს აპლიკაცია უფასოა, არა?

– უფასოა. აუქციონებზე მანქანების მიყვანის შესახებ ინფორმაციის მიღებაც უფასოა. ფასიანია თუ რაიმე კონკრეტული ავტომობილი მოძებნეთ, რომელზეც გსურთ დეტალური ინფორმაციის მოძიება, რაშიც შედის აღწერილობა, ვიდეო, გადამზიდის შეფასება, ფოტოები მანქანის ქვედა ნაწილის – არის თუ არა მანქანა ქვემოდან „დამპალი“, რა მდგომარეობაში აქვს ძრავი, როგორ გამოიყურება სალონი, დაღუნულია თუ არა „გიტარები“. რამდენჯერ ყოფილა იმის შემთხვევა, როცა ქართველებს ამერიკულ აუქციონებზე მანქანა უყიდიათ და ქვეყანაში აქედან დაჭმუჭნილი „ჟეშტი“ ჩასულა. არადა, მანქანის გადამზიდავიც  ხომ ერთგვარი ექსპერტია. გამოცდილი გადამზიდავი წელიწადში საშუალოდ ასობით მანქანას გადაზიდავს. ამიტომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამას გარდა, აპლიკაციაში ხდება გადამზიდავებისთვის  რეიტინგის მინიჭებაც, შესაბამისად სრულყოფილი ინფორმაციის შემდგენელ ავტოგადამზიდს მაღალი რეიტინგიც ექნება.

 – კვალიფიცირებული ინფორმაციის ფასი რა ფარგლებში მერყეობს?

–  კვალიფიცირებული ინფორმაციის ფასი ათი დოლარიდან  ორმოცდათ დოლარამდე მერყეობს. იგი დაახლოებით CARFAX-ის საფასურს შეადგენს, მაგრამ ამ პროდუქტისგან განსხვავებით GOFORIT-ის ინფორმაცია მოიცავს კონკრეტული ადამიანის მიერ  გაკეთებულ შეფასებას, უახლოეს ფოტოებს. CARFAX-ი მანქანის სერვის-ისტორიაზე დაფუძნებული ინფორმაციაა და ხშირად ძველი და არასრულყოფილია, მაგალითად, თუ ვინმემ საკუთარ ავტოსადგომში  ავტომანქანა ააწყო, ეს ინფორმაცია მანქანის სერვის–ისტორიაში ვერ გამოჩნდება.

-აპლიკაცია მხოლოდ აიფონის მომხმარებლებისთვისაა?

 ამ ეტაპზე ასეა, მაგრამ მალე გამოჩნდება აპლიკაცია ანდროიდისთვისაც.  მალე უფრო მეტი  ახალი ფუნქცია დაემატება. ავტოდილერებს შესაძლებლობა ექნებათ თვეში მინიმალური ფიქსირებული გადასახადით  აბსოლუტურად ყველა მანქანაზე მიიღონ ის ინფორმაცია, რომელიც დააინტერესებთ და რომელიც შეფასებული იქნება ტრანსპორტერის მიერ. ასევე შეეძლებათ აირჩიონ ტრანსპორტერის სახეობა, ინფორმაციას კი მხოლოდ ავტოგადამზიდისგან მიიღებენ. ეს „აპი” შეცდომისგან მაქსიმალურად გაზღვევთ; იმის გარანტიასაც იძლევა, რომ ჯართს არ იყიდით და მოლოდინი არ გაგიცრუვდებათ. და კიდევ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე – ამერიკულ აუქციონებზე მანქანის ყიდვით დაინტერესებულებს GOFORIT –ი ტელეფონში აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“

1-anagi--e1501513784811

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან.