აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა [ფოტო]

ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინასთან, შემდეგ კი უკრაინის საელჩოსთან 17 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა, რომელშიც ათეულზე მეტმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ეხმიანებოდა აქციებს კიევსა და თბილისში.

ორგანიზატორების თქმით, ქართველები, უკრაინელები და სხვა ეროვნების ადამიანები შეიკრიბნენ, რათა საქართველოსა და უკრაინის ოლიგარქიული მმართველობა გაეპროტესტებინათ, დაეცვათ დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ამგვარად კიევსა და თბილისში გამართული აქციებისთვის მხარდაჭერა გამოეხატათ.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან უკანონოდ დეპორტაცია პირდაპირ მიუთითებს ოლიგარქების მხრიდან დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გააფრთებულ ბრძოლაზე. მათთვის დემოკრატია უბრალოდ შირმა და ნიღაბია. რეალურად მათ არც კანონი, არც ადამიანის უფლებები და არც კორუფციასთან ბრძოლა აინტერესებთ, ოლიგარქების დღის წესრიგი კი მხოლოდ საკუთარი ბიზნეს  ინტერესებია და სწორედ  მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობაა მათი ერთადერთი  მიზანი”.- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კობა სუბელიანმა.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ჰოლანდიაში იმყოფება. სააკაშვილს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. მან საქართველოს მოქალაქეობაზე მაშინ დაკარგა, როდესაც ოდესის გუბერნატორის თანამდებობას დათანხმდა და უკრაინის მოქალაქე გახდა. უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთ-უკრაინის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის შედეგად დაბრუნდა 2017 წლის სექტემბერში.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი უკრაინაში შევიდა ქვეყნის საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა იგი კიევში 12 თებერვალს დააკავეს და სპეცრეისით პოლონეთში გაამგზავრეს. სააკაშვილი სწორედ იმ ქვეყანაში გაგზავნეს, სადაც უკრაინაში შესვლამდე იმყოფებოდა. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ნიუ-იორკში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com