ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

პლასიდო დომინგოს 149–ე როლი და „ბურჟუაზიული ტრაგედია“

პლასიდო დომინგოს 149–ე როლი და „ბურჟუაზიული ტრაგედია“

1849 წელს იტალიაში, Teatro di San Carlo-ში (ნეაპოლი) ჯუზეპე ვერდიმ თავისი ახალი ოპერა, “ლუიზა მილერი” წარადგინა, რომელიც შილერის დრამის – “მუხანათობა და სიყვარული” (ლიბრეტო – სალვატორე კამარანო) მიხედვით შეიქმნა. ამ თეატრმა ვერდის თავდაპირველი იდეა  უარყო და მაშინვე ლიბრეტოსთან დაკავშირებული პრობლემებიც აღმოცენდა. შემკვეთებს არ უნდოდათ, რომ სცენარში იმ ეპოქის იტალიური რევოლუციის მოტივები გაჟღერებულიყო, ამიტომ ვერდიმ ლიბრეტოს ავტორებისა და, შესაბამისად, შინაარსის ცვლასაც მოუხშირა. მერე კომპოზიტორი პარიზს გაემგზავრა და იტალიაში უკვე მზა პროდუქტით დაბრუნდა. ეს იყო ვერდის მეთხუთმეტე ოპერა, რომელის შესახებაც იგი ამბობდა, რომ ძალიან უყვარს, რომელსაც მისი შემოქმედების „შუა პერიოდს” მიაკუთვნებენ და ცნობილი ტრილოგიის: “რიგოლეტოს”, “ტრავიატასა” და “ტრუბადურის” წინამორბედადაც ასახელებენ. საბოლოო სცენარი თავისუფალი იყო პოლიტიკური კონოტაციებისგან, მაშინდელი იტალიის რეალიზმისგან და ამიტომაც არაერთი კრიტიკოსი „ლუიზა მილერს“ „ბურჟუაზიული მლიქვნელობა – რესპექტაბელურობის“ გამომხატველად აღიქვამდა.

ეს ოპერა ვერდის წინა ნამუშევრებისგან განსხვავებული შედევრია, როცა „ნაბუკოსა“ და „ატილას“ ექსტრავერტულ პათოსს ცვლის პირადი, ინტიმური განცდები, რომელიც დრამატული მელოდიურობით გამოიხატება და ასე ვთქვათ, იდეალურია ტენორ–სოპრანოს (მამა–შვილი) დუეტისთვის.

ლიბრეტო მამის, მილერის (პლასიდო დომინგო) და ქალიშვილის, ლუიზას (სონია იონჩევა) ურთიერთობაზე, ქალის იუღბლო სიყვარულსა და იმ მტრულ გარემოზეა, რომლის მიზანია  ამ ოჯახის განადგურება. მტრული გარემო იმარჯვებს და საბოლოო სცენა შექსპირის ტრაგედიათა ტრადიცული დასასრულის „სტილიზირებას“ მოგვაგონებს. ოპერა თავისი მოდუსით კი ძალიან „ვერდიანულია“; ჰგავს მისსავე მთავარ გმირს, ლუიზა მილერს – ტრაგიკულ პერსონაჟს, რომელიც სიცრუის, ცილისწამების, თავდადებისა და  გარემოებათა მსხვერპლი ხდება. სასოწარკვეთილი შეყვარებული რუდოლფო (პიოტრ ბეჩალა) ლუიზას საწამლავს მოტყუებით ასმევს (თავადაც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს) და ქალი მამის თვალწინ კვდება.

ვერდი 28 ოპერის ავტორია, რომლის ნახევარი თანამედროვე  მსოფლიო საოპერო რეპერტუარის ღერძს შეადგენს. ნიუ იორკში, „მეტროპოლიტენ ოპერაში“ „ლუიზა მილერი“ 1929 წელს დაიდგა და იმ სეზონზე იგი მხოლოდ ხუთი პერფორმანსით წარსდგა.  მონაწილეობდნენ ისეთი მაღალი კლასის მომღერლები, როგორებიც იყვნენ: როსა პონსელა, ჯაკომო ვოლპი და ჯუზეპე დე ლუკა. ამერიკაში „ლუიზა“ ხელახლა მხოლოდ 1968 წელს გაჩნდა მონსერატ კაბალიეთი, რიჩარდ ტუკერითა და შერილ მილნესით. ამჯერად ჩვიდმეტი წარმოდგენითა და შვიდი სეზონით, რომელთა განმავლობაში ვერდის ამ ოპერაში მღეროდნენ რენატა სკოტო, კატია რიჩარელი, კარლო ბერგონზი, ხოსე კარერასი, ლუჩანო პავაროტი და პლასიდო დომინგო (რუდოლფოს როლი, 1971). წელს „ლუიზა მილერს“  „მეტოპერაში“ ერთგვარი მრგვალი თარიღი შეუსრულდა –  ეს ამ ოპერის ოთხმოცდამეათე წარმოდგენაა და თან მხოლოდ ხუთი პერფორმანსით, ისევე, როგორც ეს 89 წლის წინათ იყო.

2017–2018 სეზონისთვის პლასიდო დომინგო არა მარტო მილერის როლშია „ლუიზა მილერში“ (რეჟისორი ელაიჯა მოშინსკი, დირიჟორი ბერტრანდ დე ბილი), არამედ – ვერდის „რომეო და ჯულიეტასაც“ დირიჟორობს.  წელსვე, 77 წლის მაესტრო მღერის ლა სკალაში ჰენდელის „ტამერლანოში“; შემდეგ – ლოს – ანჯელესის ოპერაში ვერდის “ნაბუკოში”; ვალენსიაში – ვერდის “დონ კარლოსში”; პარიზისა და ვენის ოპერებში – ვერდის “ტრავიატაში”; ბუდაპეშტში – ვერდის “სიმონ ბოკანეგრაში”; პეკინში – მასნეს “თაისში”, ბერლინში – ვერდის “მაკბეტში” და ესპანეთში გამართულ Castell de Peralada Festival–ზეც და ზალცბურგის ფესტივალზეც; დომინგო ლოს ანჯელესში ბიზეს – “მარგალიტების მაძიებლების”, პრაღაში – მოცარტის “დონ ჟუანის”, ლონდონში – პუჩინის “ტოსკასა”  და გერმანიაში Bayreuth Festival –ზე –  ვაგნერის “ვალკირიას” უდირიჟორებს.

ფოტო: „მეტროპოლიტენ ოპერა“

„მეტროპოლიტენ ოპერა“, შეიძლება ითქვას, რომ პლასიდო დომინგოს ფავორიტია, ხოლო მათი ურთიერთსიყვარული ხანგრძლივი და ორმხრივია. 1968 წლიდან ვიდრე დღემდე მან ამ თეატრის სეზონი ოცდაერთჯერ გახსნა, მის სცენაზე ორმოცდაათი როლი შეასრულა 650 პერფორმანსში და 150 დადგმის დირიჟორიც იყო.

დომინგო დირიჟორის პოზიციას იკავებდა მას მერე, რაც 1968 წელს მისი, როგორც მომღერლის დებიუტი, ჩილეას „ადრიანა ლეკოუვრეურში“ შედგა, 1984 წელს კი მან პუჩინის „ბოჰემის” ორკესტრს უხელმძღვანელა.

პლასიდო დომინგოს პროდუქტიულობა, ალბათ, მსოფლიოში ძალიან იშვიათი მოვლენაა, უფრო სწორედ, ლეგენდარულია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ადამიანი, რომელსაც მთელს მსოფლიოში ოთხი ათასზე მეტ წარმოდგენაში მიუღია მონაწილება, ასეთივე წარმატებით ახერხებს მის მიერვე დაფუძნებული სამუსიკო კონკურსის – “ოპერალიას” პატრონაჟს, ასევე არის ლოს – ანჟელესის ოპერის გენერალური დირექტორი, მანამდე კი ვაშინგტონის ნაციონალურ ოპერას ხელმძღვანელობდა (2003–2011). მისთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ ბევრს მუშაობს. პლასიდოს პასუხი კი ასეთია ხოლმე – ჩემი მშობლებიც  ბევრს მუშაობდნენო.

სანამ დომინგოს „მეტოპერაში“ ზოგადად თეატრების მიერ ძალიან იშვიათად დადგმულ „ლუიზა მილერში“ ვიხილავდით, მან სოციალური მედიით განაცხადა, რომ  ეს მისი 149–ე როლია, რომელსაც იგი სონია იონჩევასთან და სხვა კოლეგებთან ერთად ვერდის შედევრში შეასრულებს.

სინემატოგრაფიულ დეკორაციებში, რომელიც ლამის კინოსიზუსტით გადმოსცემს  XVII საუკუნის ტიროლს (ისტორიული ჩრდილოეთ იტალია, ალპები), შინელში ჩაცმული, ჭაღარათმიანი ჯარისკაცის, პლასიდო დომინგოს გამოჩენამ ოპერის ეთიკის კანონები დაარღვია და რესპექტრაბელურ, „ბურჟუაზიულ“ აუდიტორიაში ტაშის გრიალი გაისმა. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე სცენაზე დომინგოს გამოჩენამ, რომლის ხმის დიაპაზონს (იგი თვლის, რომ მისი ხმა „ბარიტენორია“ ანუ ბარიტონისა და ტენორის ნაზავი), მგონი, არც ჰქონდა უკვე საკვანძო მნიშვნელობა, სპექტაკლში სრულიად განსხვავებული, როგორც ახლა ამბობენ, „დრაივი“ შემოიტანა; ჩემი თავი კი იმაზე დავიჭირე, რომ რაღაც დრო დამჭირდა, რათა უკვე ორი საუკუნის საოპერო ლეგენდის ხატთან ასოცირებული მოგონებისგან როგორმე  თავი დამეღწია და იქ და იმჟამად ერთ–ერთი გამორჩეული ტენორის ხმისთვის ყურადღებით მომესმინა.

ფოტო: „მეტროპოლიტენ ოპერა“

სპექტაკლის ბოლოს მივხვდი, რომ „ხმის დასვენების ასაკაში“ დიდ სცენაზე გამოსვლა არ იყო მისი მხრიდან კვარცხლბეკზე მდგომის ერთგვარი „საქველმოქმედო ჟესტი“, რომელიც, უდაოდ, იმ დღეს მასთან ერთად მომღერალებს, ასე ვთქვათ, კარიერაში წაადგებოდა. არა, პლასიდო დომინგოს კიდევ აქვს სათქმელი, უფრო სწორედ, სამღერი. ცხადია, მისი სპექტაკლში მონაწილეობა უფრო მეტად მაგნტიზმის ეფექტითაა, ვიდრე ხმის ტრიმფალურობით, მაგრამ ეს თუნდაც იმიჯური გლამური „ლუიზა მილერს“ სულაც არ ვნებდა. ორი წლის წინათ მის თეთრ თავს „ლინკოლნ ცენტრის“ „ფილარმონიკის“ საორკესტრო ორმოში ვხედავდი და იმედი მქონდა, რომ არა – უკანსაკნელად. დომინგოს გიპნოზისგან გასათავისუფლებად „ლუიზას“ სამაქტიანი  სპექტკლისთვის მეორე აქტი დამჭირდა, სადაც უფრო მეტად შევძელი სხვა მომღერლებზე კონცენტრირება, ანუ  ამისთვის სწორედ იმ დროის გამოყენება, როცა პლასიდო არ მღეროდა.

ჩემთვის აღმოჩენა  იყო ბულგარელი სოპრანო სონია იონჩევა და პოლონელი პიტერ ბეჩალა, რომელიც თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნად, ასე ვთქვათ, საერთოშორისო ლირიულ ტენორად ითვლება. მან მსოფლიოს დიდ სცენებზე უკვე შეასრულა წამყვანი როლები “ფაუსტში”, “ტრავიატასა” და “მანონ ლესკოში” და რომლის დისკოგრაფიას ცნობილი ჩამწერი კომპანიები უშვებენ. ბულგარელი სონია იონჩევა მსუყე სოპრანოს პატრონია, რომელსაც ძალიან წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ, იგი უკვე იდგა ლა – სკალას, ზალცბურგისა თუ ევროპის  სხვა პრესტიჟულ სცენებზე.

ფოტო: „მეტროპოლიტენ ოპერა“

ფოტო: „მეტროპოლიტენ ოპერა“

წელს კამპანია #metoo “მეტოპერასაც”  შეეხო. აღმოჩნდა, რომ ნიუ იორკის მთავარი საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი და პიანისტი ჯეიმს ლივაინი, რომელიც თეატრს ორმოცი წელი ხელმძღვანელობდა, სამსხურიდან დაითხოვეს მის წინააღმდეგ წამოყენებული საქსუალური შევიწროვების ბრალდებების (რომელსაც იგი უარყოფს)  გამო. ლივაინი დირიჟორობდა „ლუიზას“ 47 წლის წინათ, როცა პლასიდო დომინგო რუდოლფოს როლს ასრულებდა.

ერთხელ დიმინგომ თქვა, რომ იგი ყოველთვის ყველგან  ახალ გამოწვევებს ეძებს და ისიც, რომ არ უყვარს „ცუდი ბიჭების“ თამაში: „იაგოს ვერასოდეს ვითამაშებდი, რადგანაც  ოტელოს ღალატი უბრალოდ არ შემიძლია”. სცენაზე თავის “დაძველებაზე” კი ხუმრობს – როცა სიმღერა დავიწყე, მაშინ სცენაზე ჩემს ბებიებთან ერთად ვიდექი, ახლა კი  ჩემს შვილიშვილებთან ერთად ვმღერიო.

ია მერკვილაძის ფოტო

როცა პლასიდო დომინგო სპექტაკლის შემდეგ პროგრამაზე ავტოგრაფს მიწერდა, ცხადია, ჩემს „ტრადიციას“ არ ვუღალატე და საქართველოს ისტორიის მცირედი ნაწილის ამსახველი რამ ვაჩუქე – საქართველოს პირველი დამფუძნებელი კრების პარლამენტარი ქალების ბარათები. დაღლილმა და ოდნავ გაკვირვებულმა იუმორით მკითხა – ეს ქალები მღეროდნენო?

– კი, ძალიან კარგადაც – მეთქი.

– ვაჰ, რა საინტერესო ამბავი ყოფილაო. . .