ორი ქართველი მხატვარი ერთ სივრცეში – გამოფენა ნიუ იორკში

ამას წინათ ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ორი ქართველი მხატვრის ერთობლივი გამოფენა, სახელწოდებით “ჰარმონიისა და აგიტაციის ველი”, მოეწყო. გელა პატიაშვილი და მაკა ბატიაშვილი აშშ–ში თავიანთი ნამუშევრების წარსადგენად ჩამოვიდნენ.

განათლებით მათემატიკოსისა და ტექნიკოსის, გელა პატიაშვილის პირად არქივში ხუთი წლის ასაკში დახატული ფერწერაცაა, რომელიც მისმა დედამ შეინახა. ასაკით უფროს მხატვრებთან მეგობრობამ გელას მომავალი იმთავითვე განსაზღვრა და, როგორც თავად ამბობს, ამ არტისტების სახელოსნოში ხშირად ყოფნამ მას ისეთი მხატვრული ხედვა ჩამოუყალიბა, რომელსაც ვერცერთი სკოლა ვერ შეცვლიდა.

„- ჩემი სამხატვრო სტილი ფიგურატიულია, ფორმასა და ფერს დიდ დატვირთვას ვანიჭებ“, – მიყვება გელა, „–შავ-თეთრით უკიდურესად დატვირთულ ფერში უკომპრომისო შემოქმედებით ძიებას ხშირად ჩიხში შევყავდი, ხშირად კი, სრულიად მოულოდნელად, საინტერესო შედეგსაც ვიღებდი. მხატვარს, ისევე როგორც ყოველ შემოქმედს, ექსპერიმენტის, ცვლილების არ უნდა ეშინოდეს. მხოლოდ ყოველდღიური სითამამე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვლენას, საგანსა თუ თემას ახალი თვალით შევხედოთ.

ხატვის გარდა პარალელურად სტატიებსაც ვწერდი და რადგანაც ხელოვნების სხვადასხვა დარგის ბევრ შემოქმედს ვიცნობდი, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოში“ კორესპონდენტად ამიყვანეს.მხატვრებთან შეხვედრამ და მათზე წერამ დიაპაზონი კიდევ უფრო მეტად გამიფართოა. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა 1980-იანების ბოლოს არსებული არეულ-დარეულობა. ისევე როგორც ყველგან, რედაქციაში ულტრანაციონალისტები მოვიდნენ, რომლებსაც ბრმად სწამდათ, რომ ჩვენ მხოლოდ ქართული კულტურის განსაკუთრებულობაზე უნდა გვეწერა, ამიტომ „ლიტერატურული საქართველოდან“ წამოვედი.

– როგორ დაიწყო თქვენი პარიზული მოგზაურობა?

– 1990 წელს გამოფენით პარიზში აღვმოჩნდი, ორი კვირის შემდეგ ვთქვი, რომ კიდევ ორი კვირით დავრჩებოდი, შემდეგ – კიდევ ორი კვირით. ასეთმა ორკვირიანმა რეჟიმმა 27 წელს გასტანა. დასაწყისში სორბონაში ხელოვნების ისტორიის კურსს ვესწრებოდი, მოგვიანებით კი, ანიმაციურ ინდუსტრიაში შევდგი ფეხი, სადაც დაუვიწყარი ათი წელი გავატარე. ფონების მხატვარი ვიყავი და სტუდიის მხატვრულ დირექტორი გავხდი. ეს სწორედ ის გამოცდილება აღმოჩნდა, რომლის დიდი დეფიციტია საქართველოში. შარშან შემოდგომაზე საქართველოში „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ერთი სემესტრი ვასწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ მხატვრებისა და ილუსტრატორების ისეთი მარაგით, როგორიც საქართველოშია,  სახელმწიფოს კი სწორი პოლიტიკა რომ გააჩნდეს, საქართველო ანიმაციური ფილმების მნიშვნელოვანი მწარმოებლი ძალიან მალე გახდებოდა.

თქვენ საქართველოში დაბრუნებაც გადაწყვიტეთ.

– კავშირი თბილისთან და ქართველ მხატვრებთან არასდროს გამიწყვეტია, საქართველოში დაბრუნებამ კი ჩემს შემოქმედებით კარიერაში ახალი პერსპექტივა შექმნა. სულ მალე თბილისში სახელოსნო მექნება და ერთი სული მაქვს, რომ ახალი ნამუშევრების სერიას თბილისური ენერგიით შევუდგე. ხელოვნებაში, ალბათ, ყველაფერი მთავარია, რადგან იცი, რომ ის იმპულსი, რომელსაც მხატვარი აგზავნის, მაყურებლამდე უნდა მივიდეს. მე ვეწინააღმდეგები ელიტისტურ ხელოვნებას, რომელსაც განმარტება გამუდმებით სჭირდება. ვთვლი, რომ თუ განმარტება სჭირდება ე.ი. იქ სხვა თვისებების დეფიციტია. ჩემს სამომავლო გეგმაში ახალი საგამოფენო სივრცეების ათვისებაა, ანიმაციური პროექციითა და ხმის ეფექტებით. ამჟამად სწორედ ამ იდეაზე ვმუშაობ.”

გელა პატიაშვილის ნამუშევარი

გელა პატიაშვილის ნამუშევარი

***

მაკა ბატიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. 1990–იანებიდან მისი ნამუშევრები სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში იფინება, მათ შორის, საზღვარგარეთაც. ბოლო ორი წელია კი იგი საინტერესო პროექტებით გამორჩეულ ქართულ გალერეა „პროჯექტ არტბიტთან“ (Project ArtBeat) თანამშრომლობს.

– როცა ხატვა დავიწყე, სტილზე არ მიფიქრია და დღემდე ესე ვარ, უბრალოდ ჩემ სამუშაო ოთახში ჩემთვის ვმუშაობ და ჩემი სტილის შესახებ არაფერი ვიცი. ძირითადად, ალბათ, იგი ფიგურატიულია. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში საგრძნობლად იცვლება გამოსახულება და ის ვერ იქნება ყოველთვის ერთნაირი, განსაკუთრებით კი ფერები. ჩემი აზრით, ხელოვნებაში მთავარის ცნება არ არსებობს. ხელოვნება თავისუფალია ყოველგვარი მართვის ვნებებისგან და დოგმებისგან. მე პირადად თავი წარმატებულად მაშინ ვიგრძენი, როცა ჩემთვის წარმატებას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მთავარია, გქონდეს მუშაობის სიამოვნება და თუ ის რუტინად ან ჩვეულებრივი სამსახურის ფუნქციად გადაიქცა, მაყურებელი ვეღარ დაინახავს, იმას, რასაც ახლა ჩემს ნახატებში ხედავს და მოსწონს.

– ნიუ იორკში გამოფენის მოწყობის იდეა როგორ გაჩნდა?

– გამოფენის იდეა ასე დაიბადა: მე მქონდა სოლო გამოფენა თბილისში, გალერეაში “პროჯექტ არტ ბიტ”, სადაც საფრენგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე – დელონე და გელა პატიაშვილი მოვიდნენ. ჩვენ ვისაუბრეთ და ამ ერთობლივი გამოფენის იდეაც გაჩნდა და განხორციელდა, რაც ეკა სირაძე – დელონესა და ნიუ იორკში საქართველოს კონსულის, დიანა ჟღენტის დამსახურებაა. გამოფენილია ჩემი ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები, როგორც ფერწერული, ასევე – შავ-თეთრი პერიოდის.  გამოფენების დაგეგმვა მუშაობისთვის დიდ სტიმულს მაძლევს. წელს 17 მაისს თბილისში პირველად მასშტაბური არტ–ბაზრობა Tbilisi Art Fair (TAF) იხსნება. საქართველოში სხავადასხვა ქვეყნიდან მხატვრები, კოლექციონერები, კურატორები ჩამოდიან. იქ გალერეა „პროჯექტ არტბიტის“ საშუალებით მონაწილეობას მეც ვიღებ, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ამა წლის სექტემბერში კი, სტამბოლში დაგეგმილ დიდ არტბაზრობაზე (Contemporary Istanbul 2018), რომელზეც თანამედროვე ხელოვნება გამოიფინება, ჩემი სოლო ექსპოზიციით წარვსდგები.”

მაკა ბატიაშვილის ნამუშევარი

მაკა ბატიაშვილის ნამუშევარი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი