თემურ სხულუხიას „აჩრდილების კვალდაკვალ“

ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ აშშ–ში მცხოვრები სოხუმელი ფერმწერ-გრაფიკოსის თემურ სხულუხიას (Temos Pear) ნამუშევრებს უმასპინძლა. გამოფენის იდეის ავტორი და ორგანიზატორი კურატორი მარიამ ოთხმეზური – ჩარლტონია. 

ფოტოექსპოზიციაზე სახელად – „აჩრდილების კვალდაკვალ” თემურ სხულუხიას მიერ საქართველოსა და აშშ–ში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი სხვადასხვა ზომისა და კომპოზიციის შავ–თეთრი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. აფხაზეთის დამსახურებული მხატვრის, სოხუმის სამხატვრო სასწავლებლისა (სპეციალობა – ფერწერა) და თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული თემურ სხულუხია პედაგოგიურ საქმიანობას დევნილობაშიც განაგრძობდა, პარალელურად კი პერსონალურ ექსპოზიციებს აწყობდა და მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებშიც იღებდა. მისი ნამუშევრები ქართულ, გერმანულ და ამერიკულ კერძო კოლექციებშია დაცული. აშშ–ში მხატვარმა ინგლისურენოვანი Temos Pear დაირქვა. როგორც თავად ამბობს, მიზეზი ისაა, რომ  გვარი „სხულუხია“ სიტყვა „მსხლისგან“ მომდინარეობს (Pear – მსხალი)  და თან ამგვარი გვარის წარმოთქმა ამერიკელებს არ უძნელდებათო.

„მე ვარ მხატვარი და არა ფოტოგრაფი,” – ამბობს თემურ სხულუხია, “– თუმცა ერთ მშვენიერ დღესაც ფოტოგრაფიამ ძალიან დამაინტერესა. ჩემი ფოტოებით მინდოდა გადმომეცა ის ნაცნობი თუ უცნობი ადგილები, ფიგურები, რომელსაც გზა და გზა წავაწყდებოდი ხოლმე. ადამიანები, გარემო თავისი ხასიათით, განსხვავებულობებით – ეს  მომენტები თოლიას გადაფრენას მაგონებს. თოლია კი ასოცირდება ჩემს ქალაქთან, მშობლიურ სოხუმთან, რომელიც ასე მენატრება. თოლია მუდამ ჩემს ირგვლივ დაფრინავს… ვიღებ „გადარბენით“, დადგმულ ფოტოებს – არა… საყვარელი ადგილებიც მაქვს. მაგალითად, ბრაიტონი, რომელიც, ფაქტობრივად, საბჭოეთის „ოაზისია“, სადაც სხვადასხვა ეროვნების საბჭოური მენტალობის ადამიანებს შეხვდებით. აქ დრო თითქოს იყინება. ბევრს სძულს  ეს ადგილი, მე კი მომწონს, რადგან საინტერესოა.

თემურ სხულუხიას ფოტო

თემურ სხულუხიას ფოტო

თემურ სხულუხიას ფოტო

თემურ სხულუხიას ფოტო

შავ–თეთრი ფერი იმ პერიოდიდან „მომყვება”, როცა სოხუმის დაცემის შემდეგ შვიდი დღე სვანეთით მოვდიოდით. სამშვიდობოს რომ გამოვედით, სარკეში ჩავიხედე და სრულიად შავი ვიყავი – შვიდი დღის მტვერი–ტალახი სახეზე მქონდა… სვანეთით გადმოსვლა ჩემთვის ერთგვარი „ექსკურსიაც” იყო. ტრაგედიამ დამანახა თუ რა ლამაზი ყოფილა საქართველოს მთები, სვანეთი, ხეები. შავ–თეთრი იყო ჩემი დევნილი ცხოვრება თემქაზე, საერთო საცხოვრებელში, სადაც ჩემს კოლეგებთან ერთად ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის სამხატვრო სკოლა გავხსენი და დევნილ ბავშვებს ხატვას ვასწავლიდი. ამჟამად კი მუშაობას ახალ ფოტო და ფერწერულ სერიაზე ვიწყებ და თბილისში გამოფენასაც ვგეგმავ.“

„თემურ სხულუხიას ურბანული ფოტოჩანახატები ქუჩის ფოტოგრაფიის ჟანრისაა,“ – აღნიშნავს კურატორი მარიამ ოთხმეზური–ჩარლტონი. „ეს პროექტი მოგვაგონებს დიდი ქალაქის ქუჩებში მოხეტიალე ფლანერის შემოქმედებას, რომელიც შარლ ბოდლერმა თავის თხზულებაში „თანამედროვე ცხოვრების მხატვარი“ აღწერა. ფლანერის მსგავსად თემურ სხულუხია თავის ნამუშევრებში ყოველდღიურობას, ნაცნობ ადგილებს ახლებურად წარადგენს და იმასაც გვიჩვენებს, რაც ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. თემური არ არის დოკუმენტური ხასიათის ნამუშევრების შექმნით დაინტერესებული. მართალია, იგი ყველაფერს აფიქსირებს:  ტროტუარზე გამვლელების  სილუეტებს, შენობების ფასადებს, მაღაზიაში გამოფენილ მანეკენებს, და ა.შ. მაგრამ მხატვარი ამის საშუალებით ახალ, მისეულ გამოსახულებებს ქმნის.

თემურ სხულუხიას ფოტო

თემურ სხულუხიას ფოტო

თემური იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც ახალგაზრდობის წლებში, საბჭოთა პერიოდში დასავლეთზე ოცნებობდა და  პიროვნულ თავისუფლებას  ამერიკასთან და დასავლეთთან აიგივებდა. მისი მამა იყო შორეული ნაოსნობის მეზღვაური, რომელმაც მსოფლიო შემოიარა. მშობლის მოგზაურობების შთაბეჭდილებები და ჩამოტანილი ნივთები კი მომავალი მხატვრისთვის მისი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ჩემი აზრით, თემურ სხულუხიას შემოქმედებას განსაკუთრებული სიღრმე  გადაადგილებებმა და ნავთსაყუდლის ძიებამ მისცა. არტისტმა ბევრი რამ გადაიტანა, ჯერ როგორც იძულებით გადაადგილებულმა პირმა (სოხუმიდან თბილისში) და შემდეგ, როგორც თბილისიდან ნიუ იორკში ჩამოსულმა ემიგრანტმა.

ჩემთვის თემურის ნამუშევრები რეალობასა და მხატვრის წარმოდგენაში არსებულ დასავლეთზე ოცნებას, ცხოვრების წესსა და ფასეულობებს შორის წარმოქმნილი კონტრასტია. შეამჩნევდით, რომ თემურის სურათებში მუქი ელემენტები ჭარბობს, თითქოს იგი საგნების მკაფიო გამოსახვას შეგნებულად ერიდება და ხშირად გაურკვეველიცაა ფოტო დღისით თუ ღამითაა გადაღებული. შუქ-ჩრდილებით ასეთი თამაში გამოსახულებებს ემოციურ დატვითვას ანიჭებს და ჩვენ სადღაც, რეალობასა და ილუზიურს შორის მდებარე სივრცეში გადავყავართ.”

თემურ სხულუხიას ფოტო

თემურ სხულუხიას ფოტო

თემურ სხულუხიას ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი