“წვიმა”, “თოვლი” და “სხვა ვნება” პონტუს ლიდბერგისგან

აი, ვნახე კიდეც ის, რისიც ცოტა მეშინოდა. არა, უფრო სწორედ, ცოტაზე უფრო მეტად… რომ ოდესმე, საღად აზროვნების მდგომარეობაში დავესწრებოდი სადღაც, ჩემს ქვეცნობიერში ან ცნობიერში მობინადრე, მიძინებული თეთრი და არა შავი ლანდების ორ, სამ და მეტ სამყაროს შორის მოძრავ გარდამავლობასა და უცოდველი კრავის დუმილსაც… თან უტყვობაც რომ არაა საკმარისი, არამედ წყალში ცოცხალი და სათამაშო უმწეო ცხოველის ბედს დამორჩილებული, “თავისუფალი” ვარდნა და ისეთივე გაშეშება, როგორც ცივი ოკეანის ფსკერზე ჩაყრილი, ხორცისფერი პლასტმასის სხეულების გახევებაა.

პონტუს ლიდბერგი

ეს ყველაფერი კი ამას წინათ ნიუ იორკის ინოვაციურობის ტერიტორიაზე “ჯოის თეატრში” “ჟენევის საბალეტო დიდი თეატრის” (დირექტორი ფილიპ კოენი) დადგმის “სხვა ვნება” (2017) დამსახურება იყო. ამ შვეიცარული თეატრის ისტორია 1870 – იანებში იწყება, როცა დასი ოცზე მეტი მოცეკვავისა და რამდენიმე სოლისტისგან შედგებოდა. XX საუკუნეში “ჟენევის თეატრი” სახელგანთქმული შვეიცარიელების: კომპოზიტორ ემილ ჟაკ-დალკროზისა და დირიჟორის ერნესტ ანსერმენტის გავლენით ვითარდებოდა. ანსერმენტმა თანამემამულეებს დიაგილევის რუსული ბალეტი და ნიჟინსკი გააცნო, რამაც, ცხადია, ამ ქვეყნის საბალეტო ტრადიციების ჩამოყალიბებაზეც იმოქმედა.

ბახის “წმინდა მათეს ვნებების” მუსიკის ფონზე “სხვა ვნების” მოხეტიალე, “უსხეულო” თეთრი მოცეკვავე ფიგურები კარის მსგავსი თეთრი, მოძრავი, მართკუთხა დაფებით, ზევით მოთეთრო–მონაცრისფრო ღრუბლებით, საათნახევრის განმავლობაში (შესვენების გარეშე) ცივი უწონადობის მდგომარეობაში მამყოფებდა და იმასაც ვგრძნობდი, რომ ცოტაც და, ისედაც დაღლილს, ეს სასცენო ზმანება ძილბურანში გამისტუმრებდა.

„სხვა ვნება“

დაფები, როგორც საძინებელი, ბარიერი, გზა, კედელი, თავშესაფარი, საყრდენი, საცეკვაო… სცენის სიღრმეში კი ეკრანზე ხანდახან ჩნდებოდა კადრები დედა–სტიქიით, სადაც წყალში ჩაძირულ შიშველ მანეკენებს შორის ცოცხალი შიშველი მამაკაცი თევზივით მოძრაობდა და თითქოს ამოყვინთვას ლამობდა. დადგმის ფინალში ადამიანი “წყლიდან” მშრალი ამოდის და სცენაზე შუქ–ჩრდილების თამაშით თავის მისიას, დაბადებას ანუ მოძრაობას ცენტრში და მერე კი ჩრდილში, გვერდზე დგომით ასრულებს. სცენაზე მოცეკვავე თეთრი ფიგურებისა და ფონად წყალში ჩაშვებულთა საეკრანო ცხოვრება, ტანჯვისა და სილამაზის შედარება და საკუთარი, მუსიკის რიტმის თანაფარდი სუნთქვა სამგანზომილებიან აურას ქმნიდა; სივრცეს, სადაც დრამატული დაძაბულობისგან წონასწორობის კონსტანტა განა ირღვეოდა, არამედ თავად იყო მისი  შემქმნელი. დასაწყისში თეთრ, დანაწევრებულ კედლებს შორის შავი, წვრილხაზა ნაპრალებიდან ადამიანის კიდურები ჩნდება და უცნობი სივრციდან პირველი გამოდის მაღალი არსება, წვერებიანი ქალ-კაცა გრძელ, პლისირებულ თხელ, თეთრ კაბაში, თითქოს დაბნეული და ცეკვავს…. აქ არც სქესი არსებობს და არც სიმძიმის ძალა, არც შეჯიბრი და არც არჩევანი. “სხვა ვნება” სცენაზე ბახის რელიგიურ აღფრთოვანებას მიზანსცენებზე მოკრძალებულად ანაწილებს, თან ისე, რომ მაყურებელს შეხედულებისამებრ შეუძლია ბიბლიური ნაწყვეტები სუბიექტური ინტერპრეტაციის თემა გახადოს. ჩემი თავი იმაზეც დავიჭირე, რომ სასცენო ხატები და აუდიო–ვიზუალური ეფექტი მოცეკვავეების ხელოვნების შეფასებაში ხელს მიშლიდა, რადგანაც “ვნების” ძალიან ბევრი ელემენტი ასოციაციურ მგრძნობელობაზე აპელირებდა და შედეგად აქ და ამჟამად ყოფნა ძალიან გამიჭირდა.  “სხვა ვნების” შვედი ქორეოგრაფი, სცენოგრაფი, რეჟისორი პონტუს ლიდბერგი ამბობს, რომ ეს მუსიკა მან იმიტომ შეარჩია, რომ იგი რელიგიის მიღმაა, მასშია იმედი და სიყვარული, სურვილი და გაწბილება, ტკივილი და წუხილი, მასშია ჰუმანიზმი…

„სხვა ვნება“

მოცეკვავე პონტუს ლიდბერგის წყლის ვნებას დიდი ხანია ვიცნობ და მე, როგორც პუვიოფილს, მისი მშვენივრად მესმის. ლიდბერგის  სრულიად არაორდინალურმა ფილმმა “წვიმა” (2007), რომელმაც არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, აჩვენა არა მარტო ის, რომ თეატრალური სცენისგან განსხვავებით როგორი კონკრეტული და, ამავე დროს აბსტრაქტული მოდუსის შემქმნელია კამერით გადაღებული საბალეტო ფილმი, არამედ ისიც, თუ რა მდიდარი დატვირთვის საცეკვაო რესურსში შეიძლება ტრანსფორმირდეს ორდინალური სტიქია; რომ იგი (წვიმა, წყალი) თავადაც შეიძლება გახდეს არა ფონი, არამედ  მთავარი ფიგურანტიცა და უნივერსალური მოცეკვავეც. იშვითად მინახავს სინემატოგრაფიულად ამგვარი ნატიფი ფილმი, რომელიც საოცრად ინტიმურია და ამავ დროულად თითოეული ჟესტი სკრუპულოზური რაციონალურობითაა გათვლილი. “წვიმა” არშემდგარ, არარსებულ შეხვედრებზე, ერთობაზე ნოსტალგირებს. იგი სევდისა და სიხარულის მუდმივ თანამონაცვლეობაზეა. როცა გილერმო დელ ტოროს ოსკაროსანი “წყლის ფორმა” (2017) ვნახე, პირველი, რაც გამახსენდა, არა საბჭოური ფილმი “ადამიანი – ამფიბია” (1961) იყო, არამედ –სწორედ პონტუს ლიდბერგის ეს  “სველი” საბალეტო პოეზია.

“წვიმა”

პონტუს ლიდბერგის არაერთგზის დაჯილდოებული სხვა ფილმი “ლაბირინთის შიგნით”(2011) ასევე ერთ–ერთი განსაკუთრებული მისი ნამუშევარია, სადაც ავტორი აკადემიურ საბალეტო ენას  ნატიფი მოძრაობის თანამედროვე ენად გარდაქმნის, ოღონდ მიმიკისა და “ზედმეტი” სენტიმენტების გარეშე. მისი მომდევნო ფილმი “წყალზე დაწერილი” (2014) სასიყვარულო სამკუთხედის “შემადგენლების” მოწყვლადობასა და ალუზიური სიყვარულის სხეულის ენაზეა. ამ ფილმიდან წუთი და 38-წამიანი სკეჩი სახელად – “ურთიერთობის ნარჩენები” – წყალივით უბრალო და სადაა. თეთრი პერანგი და შავი შარვალი წყალში იძირება; ვერც იძირება, წონა არ ჰყოფნის რომ ფსკერისკენ დაეშვას; წყლის ბუშტუკებში გაშლილი “ხელები” წყალში გამავალი შუქის ძაფებში  ლივლივებს და უსუსურად ფარფატებს. იშვიათად მინახავს წყლის ნიშანთან ამგვარად დაკავშირებული სევდის სემიოტიკა.

„თოვლი“

პონტუსის ფილმი “თოვლი” (2015) კი ისევ ქორეოგრაფიული ფანტასტიკაა, სადაც ოთხი სეზონის განმასახიერებელი მოცეკვავეები ქარბუქში მოფარფატე ფიფქებივით მოძრაობენ. ისევ სითეთრე, ისევ სტიქია, ისევ სევდა, ნამქერი, ნიღბები, თეთრი თოჯინა, მთვარის შუქი, თეთრი ბუშტი, სათამაშო გემის თეთრი იალქანი და ისევ უწონადობა. როგორც  ამბობენ ხოლმე – უბრალოდ, გენიალური.

კოპენჰაგენელი პონტუს ლიდბერგი თანამედროვეობის ერთ–ერთი ცნობილი ინოვატორი ქორეოგრაფია, რომელმაც ცეკვა ოთხი წლიდან დაიწყო და 26 წლისას თავისი საცეკვაო კომპანია Pontus Lidberg Dance (2003) დაარსა. იგი ორმოცზე მეტი ნამუშევრის ავტორია, მისი კომპანია არატრადიციული საერთაშორისო გუნდია, რომელშიც გამუდმებით იცვლებიან მოცეკვავეები, კომპოზიტორები, დიზაინერები, კინომატოგრაფები. ისინი როგორც წესი, ფილმის თუ დადგმის შექმნისთვის ერთჯერადად იკრიბებიან. პონტუს ლიდბერგი “დანიის სამეფო საბალეტო სკოლასა” და გოტენბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა, ახლახანს კი “დანიის საცეკვაო თეატრის” სამხატვრო დირექტორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.  იგი თანამშრომლობს არა მარტო შვედეთში არსებულ საბალეტო თეატრებთან, არამედ უცხოურთანაც:  “ნიუ იორკ სითი ბალეტი”, “მართა გრაჰამის საცეკვაო კომპანია”, “მონტე –კარლოს საბალეტო თეატრი”, “ჟენევის დიდი საბალეტო თეატრი”, დრეზდენისა და პეკინის საბალეტო თეატრები და სხვა. ქორეოგრაფი ამბობს, რომ მისი ინდივიდუალური ენა უკვე ადვილად ამოცნობადია. ერთხელ პონტუს ლიდბერგს ჰკითხეს ცეკვისას თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ქალ და კაც სასცენო პარტნიორებთან, მაშინ, როცა, მაგალითად, “ნიუ იორკ სითი ბალეტისთვის” გენდერული ნეიტრალიტეტი არაა დამახასიათებელი. არტისტმა კი ასე უპასუხა: “სცენაზე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება იმ სამყარომ ჩამოაყალიბა, რომელშიც ვცხოვრობ და ვხედავ, რომ დედამიწაზე არა არსებობს მხოლოდ ქალი/კაცი ურთიერთობა, არამედ აქ უფრო მეტი კომბინაციაა, ამიტომ სიყალბე იქნებოდა თანასწორობისა და ბუნებრიობის ეს განცდა ჩემს ნამუშევრებში არ ასახულიყო”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი