#Georgia100 ნიუ იორკში

შეიძლება ითქვას, რომ ნებსით თუ უნებლიედ ნიუ იორკმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავის აღნიშვნა ჯერ კიდევ მაისის პირველი რიცხვებიდან დაიწყო. ჯერ იყო და თვის დასაწყისში მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ არტ–ბაზრობაზე, Frieze New York-ზე ქართველი მხატვრის, ნათელა იანქოშვილის ნამუშევრები Galerie Kornfeld-მა წარადგინა, ხოლო კოლექცია არტკირტიკოსების შეფასებით “ფრიზის” თერთმეტ საუკეთესო ექსპოზიციის ჩამონათვალში მოხვდა; მერე იმ დღეს, როცა “ნიუ იორკის ქალაქის მუზეუმში” (1923) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თორთლაძისა და ნიუ იორკში საქართველოს გენკონსულის დიანა ჟღენტის ორგანიზებით ქვეყნის დამოუკიდებლობის საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, “კარნეგი ჰოლში” “მეტროპილიტენ ოპერის” ორკესტრის თანხლებით ქართველმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა იმღერა. მოგვიანებით გაეროში, ECOSOC – ის დარბაზში საქართველოს მისიის ეგიდით დიპლომატიურ კორპუსსა და სტუმრებს ელჩის კახა იმნაძის ინიციატივით შექმნილი რუსთაველის 850 წლისთავისადმი და პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა წარედგინათ, რომლის მიმოქცევაში გასვლა ევროპაში (ავსტრია) სწორედ ამა წლის 26 მაისს დაიწყება; გარდა ამისა გაეროში გამართული მიღების სტუმრების წინაშე აშშ–ში მოღვაწე ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი და Yamaha -ს არტისტი  გიორგი მიქაძე თავისი პროექტით Geogian Overtones წარსდგა. ქართველმა, უცხოელმა ინსტრუმენტალისტებმა და ანსამბლის “ბასიანი” ვოკალურმა ტრიომ ქართული ფოლკლორის, ჯაზის, ფიუჟენისა და მიკროტონალური მუსიკის ნაზავი შეასრულეს.

აქცია “უოლ სთრითზე”

“რუსთაველის მარკის” პრეზენტაცია გაეროში

“ნიუ იორკის ქალაქის მუზეუმში” გამართული მიღება

26  მაისს ნიუ იორკის ფინანსური ოლქის, უოლ – სთრითის ცენტრში ქართული დროშა აღიმართა, საღამოს კი BMCC Tribeca Performing Arts Center-ში ნინო ქათამაძის კონცერტი ჩატარდა. ივლისში “კარნეგი ჰოლში” ნიუ იორკელებსა და ქალაქის სტუმრებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაბადების დღის კიდევ ერთი შეხსენება ელით: 18 ივლისს International Concert-ი (ხელმძღვანელი დიანა სტომსვიკი) სცენაზე სოპრანო ნინო მაჩაიძეს,  ბარიტონ გიორგი გაგნიძესა და პიანისტებს ელისო ბოლქვაძესა და შალვა მუკერიას შეკრებს.

“ნიუ იორკის ქალაქის მუზეუმი” მსოფლიოს დედაქალაქის ისტორიის მილიონნახევარ მტკიცებულებას ინახავს, მათ შორის, სკამს, რომელიც აშშ–ში დაბადებული პირველ ევროპელ ქრისტიან გოგონას ეკუთვნოდა, ჯონ როკფელერის ავეჯიან ორ ოთახსა და ნიუ იორკის პროფესიონალური ბეისბოლის ისტორიას.  პირველად ამგვარი სივრცის კედლეზე, რომელზეც ამერიკული ისტორიის ფურცლებია, საქართველოს ასი წლის წინანდელი დოკუმენტები აისახა, მათ შორის, პირველი დამფუძნებელი კრების სხდომა, მისი ოქმი, კრების პრეზიდიუმის წევრებისა (ექვთიმე თაყაიშვილი, ქრისტინე შარაშიძე, კოსტანტინე ჯაფარიძე,  გრიგოლ ნათაძე,  სვიმონ მდივანი, ალექსანდრე ლომთათიძე.1919) და ხუთი ქალი პარლამენტარის (ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ–ფარსიგოვა მახვილაძე,  ელისაბედ ბოლქვაძე–ნაკაშიძე,  მინადორა ორჯონიკიძე – ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე) ფოტოები; საარჩევნო ბიულეტენები, დამოუკიდებლობის დე – იურე აღიარებისადმი მიძღვნილი ზეიმი, რომელსაც ბრიტანეთის, თურქეთის, საფრანგეთის, იტალიისა და პოლონეთისა და სხვა ქვეყნების დიპწარმომაგენლები ესწრებოდნენ.

ფოტოკადრები “ნიუ იორკის ქალაქის მუზეუმის” კედლებზე

გაეროში გიორგი მიქაძის Georgian Overtones-ის კონცერტი

ქვეყნის პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს  საქართველოს ისტორიულ პერიპეტიებსა და პრობლემის ერთად დაძლევის შესაძლებლობაზე. “ნახევარი საუკუნის წინათ, 1968 წლის 26 მაისს ნიუ იორკში ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ, რათა ქართველი ხალხის ნების განსაკუთრებული მიღწევა, პირველი რესპუბლიკის 50 წლისთავი აღენიშნათ.” – განაცხადა დიანა ჟღენტმა. “– იმ წლებში ქართველი დიასპორა გაზეთს “ქართული აზრი” გამოსცემდა და ეს ფაქტი სწორედ იქაა აღწერილი. 50 წლის შემდეგ კი მე აქ ვდგავარ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღვნიშნო”.

ჩრდილოეთ ამერიკის და კანადის ეპარქიის წინამძღვარმა მეუფე საბამ ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი (1921-1927), საქართველოს ეროვნული გმირი, ამბროსი ხელაია და მისი წერილი გენუის კონფერენციისადმი გაიხსენა. “ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც“ – ამბობდა ამბროსი ხელაია.

გაეროს ECOSOC-ის დარბაზში ქართული მისიის მასპინძლობით გამართულ საიუბილეო საღამოს 140 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ  შორის ჩინეთის ელჩი, გაეროსთან ამერიკის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დასავლური ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები. დარიგდა National Geographic – ის სპეციალური ინგლისურენოვანი გამოშვება – სტუმრებისთვის ერთგვარი ტურისტული გზამკვლევი.  აჩვენეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული კლიპი საქართველოს ისტორიის მოკლე მიმოხილვით: “საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებისას ეროვნულ საბჭოს ასეთი სიტყვებით მიმართა: “თანამოქალაქენო, ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო – ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა და ამავე დარბაზში ეყრება საფუძვალი მეორე სახელმწიფოს – დემოკრატიულ საქართველოს” – ეს ნაწყვეტია ფილმიდან.

 

ფოტოკადრები “ნიუ იორკის ქალაქის მუზეუმის” კედლებზე

ასი წლის შემდეგ კი, 2018 წლის მაისში გაეროს ნიუ იორკის შტაბ–ბინაში ქართველ ხალხს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან საუკუნოვანი იუბილე მიულოცეს  გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მიროსლავ ლაიჩაკმა, რომელმაც  მადლობა გადაგვიხადა სამშვიდობო მისიებში ქართველების მონაწილეობისთვის და დაღუპულებს პატივი მიაგო; ასევე აღნიშნა საქართველოს ელჩის მნიშვნელობა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების სამთავრობათაშორისი მოლაპარაკებების პროცესის თანათავჯდომარეა.

საქართველოს მიულოცა გენდმივნის თანაშემწემ ქრისტიან სონდერსმაც, რომელიც ამავე დროს გაეროს საფოსტო ადმინისტრაციასაც კურირებს და რომლის ეგიდითაც შვიდი ათასამდე “რუსთაველის მარკა” დაისტამბა. გაეროს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა საფოსტო ადმინისტრაციის პროდუქტზე არა მეოცე საუკუნის მოღვაწე გამოისახება. საერთაშორისო ენის გარდა მარკაზე ქართულადაა “ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”.  გაეროში საქართველოს მისიამ გაეროს საფოსტო ადმინისტრაციას შესთავაზა რუსთაველისა და “ვეფხისტყაოსნის” საქართველოში არსებული ყველა იმიჯი  (მათ შორის, ზიჩისა და ქობულაძის), სააგენტოს არჩევანი კი ასეთი იყო: “რუსთაველი” ბორის იოჰანსონის ნამუშევარია, ხოლო სცენები პოემიდან  – ირაკლი თოიძის. სულ კომპლექტში ათი მარკაა და იგი რვა ევრო ღირს. გაერო მარკებს სამ დენომინაციაში გამოსცემს: დოლარში, შვეიცარულ ფრანკსა და ევროში. ქართველების არჩევანი ევროზე შეჩერდა, როგორც ერთგვარი ქარაგმა ქვეყნის პროევროპული განვითარების გზისა.

ამა წლის მაისში ბრაზილიაში გამოიცა ბრაზილიური მარკა, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და რომელზეც გამოსახულია საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრი მინაწერით – “საქართველო ღვინის აკვანი”.

ფოტოკადრები “ნიუ იორკის ქალაქის მუზეუმის” კედლებზე

კახა იმნაძის თქმით, გაეროს საფოსტო ადმინისტრაციის დარწმუნების პროცესი, კონსულტაციები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა:

„ეს ასევე გულისხმობდა რუსთაველის პოემის, როგორც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ნაწარმოების წარმოჩინებასაც; რომ ჯერ კიდევ XII საუკუნეში გენიალური ქართველი ფილოსოფოსისა და პოეტის მიერ რვა საუკუნის წინათ გამოთქმული უნივერსალური მნიშვნელობის პოსტულატები: “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, გინდა ხვადია”, “ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტარია”, “გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი”, “რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან” სწორედაც რომ გაეროს პრინციპებს შეესაბამება. მას მერე, რაც მარკის გამოცემის შეთანხმება მიღწეულ იქნა, საქართველოს მისიამ საფოსტო ადმინისტრაციას სთხოვა, რომ მისი ცირკულაციაში გაშვება სწორედ 26 მაისს მომხდარიყო და სააგენტოც დათანხმდა” – ამბობს ელჩი.

რუსთაველის მარკა

ქართული თემის ორგანული გაგრძელება გახლდათ გიორგი მიქაძის პროექტის “ქართული ოვერტონების” ერთგვარი ეგზოტიკური ჟღერადობა – ქართული ხალხურისა და ამერიკული ჯაზის/ფიუჟენის სინთეზი: “ზღაპრის შემდეგ”, “ნატვრა”, “ჩვენ მშვიდობა”, “საჭიდაო”,  “შავი შაშვი”,  “საიდუმლო”, “ნანა” და ბობ დილანის  To Make You Feel Love…

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი