“მომავლის მხატვარი” – ნათელა იანქოშვილის გამოფენა ნიუ იორკში

არტბაზრობა Frieze (ლონდონი, 2003), რომელიც  2012 წლიდან ნიუ იორკში, Randall’s Island Park-ში იმართება, მსოფლიოს ერთ–ერთი ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი სახელოვნებო ფორუმია, რომელსაც თავისი ასევე წონადი არატყუპისცალები ჰყავს ლოს ანჯელესა და ლონდონში. „ფრიზის“ ქოლგის ქვეშ არსებობს Frieze Masters, რომელიც ანტიკური ხანის, ძველი ოსტატებისა და XX საუკუნის დასასრულის მხატვრების გამოფენაა, სადაც პერიოდებისა და ჟანრების „დაპირისპირებით“ ხელოვნების ისტორიაში ახალი მიმდინარეობების აღმოჩენა ხდება. „მასტერ–ფრიზზე“ გამოაქვთ გოიადან და დეგადან, ვიდრე ჯონსამდე და უორჰოლამდე;  არტკრიტიკოსები, გალერეების პატრონები და კურატორები კი ე.წ. ოსტატთა საუბრებს (Master Talks) მართავენ და შემდგომი „ფრიზის“ კონცეფციას გეგმავენ.

„რენდელ აილენდ პარკი“ შუა ნიუ იორკში მდებარე ოაზისია, რომელიც შემოსაზღვრულია მდინარე ჰარლემითა და ისტ–რივერით და ღია, თავისუფალ, ცივილიზაციას ოდნავი მოწყვეტილობის შეგრძნებას გაძლევს. წელს Deutsche Bank-ის მიერ მხარდაჭერილ ამ გლობალურ არტბაზრობაზე 30 ქვეყნის 200 – მდე ლიდერმა გალერეამ და ბევრმა კოლექციონერმა მოიყარა თავი, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ 45 000-ს გადააჭარბა. აქ ისეთი სახელოვანი არტისტების ნამუშევრები გამოიფინა და გაიყიდა, როგორებიცაა: მაკარტურ ბინიონი, ჯორჯ ბასელიცი, ჰანკ უილის თომასი, ალგირდას შეშკუსი, დეივიდ ჰოკნი  და უცნობი ხელოვანიც – 23 წლის ტაუ ლევისი, რომელიც ამ „ფრიზზე“ ყველაზე ახალგაზრდა მხატვარი იყო; თავისი კოლექციის ნაჭრები კი, მათ შორის, მუდმივი ექსპოზიციებიდან, „ბრუკლინის მუზეუმმა“, „ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვების მუზეუმმა“ და „ფეის გალერიმ“ გამოფინეს. „ფრიზზე“ ბრუკლინის მუზეუმმა Weiss Berlin Gallery -სგან ედ კლარკის ნამუშევარი  – „უსახელო“ (2009)  შეიძინა. გარდა ამისა ბაზრობაზე წარდგენილი იყო თემატური განყოფილება – იგი ეძღვნებოდა ნიუ იორკულ გალერეას Hudson’s Feature Inc.-ს, რომელიც 1980–90 წლებში ბევრ ნოვატორ არტისტს მხარს უჭერდა და, როგორც ამბობენ, მათ კარირას მწვანე შუქი აუნთო.

ნათელა იანქოშვილი

წლევანდელ „ფრიზზე“ ძველ თუ თანამედროვე ოსტატებს შორის გერმანულმა GalerieKornfeld – მა და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ბლიაძემ წარადგინეს ქართველი მხატვრის  ნათელა იანქოშვილის (1918–2007) 12 ნამუშევარი, რომელიც კერძო კოლექციონრების, გალერეების ხელმძღვანელებისა თუ უბრალო მოკვდავების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მაშინვე აღმოჩნდა, ხოლო ოთხდღიანი ბაზრობის შედეგი იანქოშვილის ნამუშევრების გაიყიდვა გახლდათ. კერძო კოლექციონრებისთვის შექმნილმა ონლაინ–პლატფორმამ  ნათელა იანქოშვილის ექსპოზიცია   Frieze New York 2018 – ის თერთმეტ საუკეთესო სტენდების სიაში შეეიყვანა. იანქოშვილის „განყოფილება“  ორგანიზატორებმა მწვანედ შეღებეს და ამ სიმწვანემ მის ისედაც თვალშისაცემ ნამუშევრებს ორგანული კონტექსტი შეუქმნა. „არტსიმ“ დაწერა, რომ Galerie Kornfeld-ი  ფერადოვან ტყედ გადაიქცა და ვიზიტორები მწვანე, ვარდისფერი და ნაცრისფერ კედლებს შემოუვლიდნენ, რათა 1960–80 – იანების გამოჩენილი ქართველი მხატვარი ნათელა იანქოშვილი აღმოაჩინათ.

ნათელა იანქოშვილის ექსპოზიცია

„ამ გალერეის მიზანია მისი ხელოვნება უფრო ფართო აუდიტორიას გააცნოს. იანქოშვილის ცა, რომელიც შედგება ლურჯი, ყვითელი, თეთრი და შავი  ფერადოვანი ხაზებისგან, ისეთივე ტალღოვანია, როგორც თავად ტალღები. ნახატები ისე ხალასად გამოიყურება, თითქოს ისინი გუშინ დახატეს” – ამბობს გალერეის დირექტორი ტილმან თრეუში, „ეს არჩევანი  მხატვრის დიდ, დაუფასებელ ნიჭზე მიგვითითებს. ფასები:  გრაფიკა 5 000– დან –  7 500  – მდე ევრო  და ტილო – 200 000 – დან – 300 000 – მდე.”

Galerie Kornfeld – მა იანქოშვილის გამოფენა პირველად 2012 წელს ბერლიში მოაწყო და კატალოგიც დაბეჭდა; 2015-ში მის ნახატებს კიოლნის საერთაშორისო არტბაზრობა მასპინძლობდა; 2016 წელს ნათელას „გომბორი” „სოთბის” აუქციონზე გაიყიდა; 2017 -ში  „ჰერენბერგის კალენდარში“ ქართველი მხატვრის „დავით გარეჯი“ რაფაელის, ფრიდა კალოს, რენუარისა და ბოსხის გვერდით მოხვდა; წლეულს კი გერმანიის ცნობილი გამომცემლობა Wienand Verlag-ი ნათელა იანქოშვილს   ბიოგრაფიული წიგნს მიუძღვნის.

2018 წლის ივნისში Galerie Kornfeld-ის ეგიდით   დიდი მხატვრის თანამემამულეები თბილისში, „თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“ ნათელა იანქოშვილის დაბადებიდან 100 წლის აღმნიშვნელი დიდ ექსპოზიციას იხილავენ. ქართველი მხატვარი, ალბათ, ერთადერთი ხელოვანი იყო, რომლის ტილოები ჯერ კიდევ მძიმე საბჭოურ პერიოდში საზღვარაგარეთ გამართულ გამოფენებში მონაწილეობას იღებდა. ნოდარ დუმბაძე მას მომავლის მხატვარს უწოდებდა.

„ფრიზის“ უკიდეგანო მრავალფეროვნებასა და სიჭრელეში შეუძლებელია დილეტანტის  თვალსაც კი არ შეენიშნა ერთი არტისტის კოსმიური შავის, მისი „ვიზავის“, მზერის „გამაღიზიანებელი“ მწვანის კონტრასტი და ამგვარი უცნაური ფერადოვნების შექმნის ტემპერამენტი იქაც კი, სადაც  ფერების დიდი სიუხვე არაა. მაგალითად, კუბელი ქალის პატარა პორტრეტში – შავი ფონისა და თეთრი, ოდნავ რუხი ხაზების თანაარსებობაში. ნათელა იანქოშვილის ადამიანები, არწივები, შემოდგომა თუ შატილი მხატვრის მკვეთრი ინდივიდულიზმისა და სამყაროს ლირიზმის იდეოლოგიაა, ერთგვარი სამუდამო მუზა, რომელიც გამშვიდებს, ამავდროულად გაღელვებს და ისეთივეა, როგორიცაა ჰუმანიზმი, სილამაზე და სიყვარული.

გურჯაანში დაბადებული ნათელა იანქოშვილი სამხატვრო აკადემიაში ცნობილ ოსტატების მოსწავლე იყო. ორ ათასზე მეტი ნამუშევრის ავტორ ქართველ პორტრეტისტს, პეიზაჟისტსა და გრაფიკოსს გენიალურობით ფიროსმანსაც ადარებენ და გოგენის, მატისისა და პიკასოს გვერდით ახსენებენ. ნათელას „კოლორისტები“ უყვარდა და მისი ფერების მართლაც განსაკუთრებით გამორჩეულია – შავი, მწვანე, წითელი და ყვითელი უნიკალური „ინტრეპრეტაციითაა“ შექმნილი. მას ქართული ფსიქოლოგიური პორტრეტების ოსტატსაც უწოდებდნენ, რომლის ფერი ზღვრულად სუფთა და ცხადად ნიუნსირებულია.

ნათელა იანქოშვილის ნამუშევარი

ბრიტანელი არტისტორისკოსი და არტკრიტიკოსი დენის გოლდბერგი წერს, რომ ნათელა იანქოშვილი განსაკუთრებული მიზიდულობის მქონე, გულახდილი და კეთილი ადამიანი იყო, რაც კარგად აისახება მის ნამუშევრებში: „ნათელას პორტრეტები ისევე  უჩვეულოა, როგორც მისი პეიზაჟები, გრაფიკა და პასტელები. მისი ექსტრაორდინალური გემოვნება ლიმიტირებულია რამდენიმე ფერით, დომინანტი შავითა და მწვანეთი, რომელმაც მისი ნაშრომები თანამედროვე გახადა. იანქოშვილის ესთეტიკიური კონცეფცია ეროვნულიცაა და ეროვნებათაშორისიც.  უეჭველად, იგი  დიდი არტისტია, რაც  როგორც თბილისში და სსრკ – ის სხვა  ქალაქებში, ისე – საზღვარგარეთ გამართულ არაერთ მის ექსპოზიციაში ჩანდა.  სიმართლეა რენუარის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ხელოვანმა საკუთარი დროის ხელოვნება უნდა შექმნას. ნათელა იანქოშვილი ამ პრინციპს მისდევდა და ამიტომაც იყო იგი დიდი ხელოვანი”.

იტალიელი არტკრიტიკოსი და კურატორი გაია სერენა სიმიონატი, რომელიც ნათელა იანქოშვილს მამუკა ბლიაძის მეშვეობით გაეცნო,  ქართველ მხატვარს არტსფეროში რევოლუციონერობით სტივ ჯობს ადარებს, ოღონდ „ნათელა ერთი საუკუნით ადრე მოღვაწეობდა და თან იყო ქალი!”.  სემიონატი დასძენს  – „როცა ნათელა ამბობს, რომ „მასალის პრობლემები მას მეტ ძალასა  და ენერგიას მატებს”, იგი წინ უსწრებს სტივ ჯობსის რჩევას  Stay Hungry, Stay Follish! (იყავი მშიერი, იყავი სულელი!), რადგანაც ნათელა არ იყო მდიდარი, არასოდეს უნდოდა გაეყიდა თავისი ნახატები და ჰქონდა ექსცენტრიული, უნიკალური ტემპერამენტი. მოკლედ, მშვენიერი სული! ის განა მხოლოდ საოცარი მხატვარი იყო, ასევე ქმნიდა კაბებს, ჩანთებს, ფეხსაცმელებს და აქსესუარებს საკუთარი დიზაინით და უარყოფდა მოსაწყენ უნიფორმებს, რომლის ფერები საბჭოთა კავშირით იყო თავსმოხვეული. ცოცხალი ლეგენდა ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ მიდიოდა, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ტექნიკურად. ეს კი გენიალურობის ნიშანია. ნათელა იანქოშვილი იყო ნონკონფორმისტი”.

არტმენეჯერი, გალერისტი მამუკა ბლიაძე, რომელმაც 2000 წელს  ნათელა იანქოშვილი მის ბინა – სახელოსნოში (ამავე წელს მხატვარმა თავისი სახლ–მუზეუმი გახსნა), რუსთაველის 26–ში გაიცნო, არტისტს „სახელოვნებო სამყაროს გმირს“ უწოდებს, რადგანაც ნათელა არ დაემორჩილა კომუნისტური ეპოქის კონიუნქტურას, რათა სოციალისტური რეალიზმის ხატვით პოპულარობა მოეხვეჭა. იგი თავისუფალი ხელოვანი იყო, რომელმაც თავისი ჯადოსნობა შექმნა. ნათელა რომელიმე დასავლურ ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, თავის არაორდინალური ხედვით კუთვნილ ადგილს აუცილებლად დაიკავებდა. იანქოშვილი არისტოკრატი ხელოვანი იყო, რომლის ნახატებში ვერავინ იპოვიდა ფერის ზედმეტ ან შემთხვევივთ ხაზს; მისი ნამუშევრები კი სრულყოფილია, ხორცშესხმულია ოქროს რაციონალიზმით, სადაც არაფერია ზედმეტი ან  უადგილო.

მამუკა ბლიაძე

„– მე ბოლო ოცი წელია ქართულ კულტურაში ნათელა იანქოშვილის ფენომენს ვაკვირდები, ვსწავლობ და დავრწმუნდი, რომ იგი მართლაც უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს,” – მიყვება მამუკა ბლიაძე, „იგი იყო მოწოდებითა და ბედისწერით არტისტი, რომელსაც ერთი დღეც კი ისე არ გაუტარებია, რომ არ ემუშავა და შესაბამისად არის კიდეც ყველაზე პროდუქტიული ქართველი მხატვარი. თქვენ ვერ დაასახელებთ ქართველ ხელოვანს, რომელსაც 2000-მდე სურათი დარჩა. აქ, ცხადია, მხოლოდ რაოდენობაში როდია საქმე. მთავარია დანატოვარის ღირებულება და სწორედ ესაა იანქოშვილის ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. იგი არის სიახლეების არტისტი, რომელიც ფიროსმანის შემდეგ სავსებით ბუნებრივად აღმოცენდა და თავისი მხატვრული სტილით სრული ავტონომია მოიპოვა.

– როგორი იყო მხატვრისა და სოცრეალიზმის მიმართება?

– მოგეხსენებათ, რომ ნათელა იანქოშვილს ცხოვრება  და თავისი მხატვრული გზის ძიება ურთულეს დროში მოუწია. იმ დროს სოციალისტური რეალიზმის ხელოვნება სავალდებულო და საყოველთაო მოთხოვნა გახლდათ. ნათელამ XX საუკუნის 40–იან წლებში თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ძნელი იყო საბჭოთა სინამდვილეში მხატვარი პოლიტიკურ წნეხს  გაქცეოდა. თუ არქივებში ჩაიხედავთ და ჟურნალ-გაზეთებში შემორჩენილ მის სურათებს ნახავთ, დარწმუნდებით – იგი ცდილობს, რომ როგორღაც პოლიტბიუროსგან მითითებულ მხატვრულ მოთხოვნებს ფეხი აუწყოს. ნათელა მთელი მომდევნო ათი წელი იტანჯებოდა, პერსონალური გამოფენა არ გაუმართავს, მონაწილეობას მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში იღებდა და ისიც თითო–ოროლა სურათით. მთელი ეს პერიოდი მისთვის  დიდი დისკომფორტის ხანა იყო. მხატვარს გარემო სხვას სთავაზობდა, თავად მას კი სულ სხვა რამ სურდა. ნათელას თვითრეალიზაცია სწყუროდა და ამიტომაც საკუთარ თავთან გამუდმებით შინაგან ომში იყო.

ზინაიდა კვერენჩხილაძის პორტრეტი

იანქოშვილი ლამის ყველა იმ ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეონდა, სადაც კი იმხანად საბჭოთა მხატვრები წარუდგენიათ, მაგრამ ნათელას საბჭოთა ხელოვანი ძალიან პირობითად შეიძლება ეწოდოს, რადგანაც იგი სოცრეალიზმს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა. საბჭოთა იდეოლოგები  ამ ყაიდის მხატვრის წარდგენით  მსოფლიოს ეუბნებოდნენ, რომ განსხვავებული მხატვრობა  ჩვენთანაცაა და ჩვენ მას არ ვდევნითო. ნათელას ბიძა და ბიძაშვილები პარიზში ცხოვრობდნენ. მის საზღვარგარეთ ცნობადობას ეს გარემოებაც უშლიდა ხელს და მხატვრისთვის ლამის გადაულახავ ბარიერად არაერთხელ ქცეულა. იანქოშვილს საზღვარგარეთ მხოლოდ მხლებლებისა და მეთავლყურეების თანხლებით უშვებდნენ. 1977 წელს პარიზში საბჭოთა მხატვრობის დიდ რეტროსპექტიულ გამოფენაზე, რომელიც „გრანდ პალასში“ გაიმართა, იანქოშვილის „ზინაიდა კვერენჩხილაძის პორტერტს“ ოქროს მედალი მიენიჭა. 1982 წელს კი მისი გამოფენა „მოსკოვის მწერალთა ცენტრალურ სახლში“ გაიმართა. იგი კონსტანტინე სიმონოვმა გახსნა და ორ თვეს გაგრძელდა, რაც იმ დროისათვის გაუგონარი ამბავი იყო. იმხანად პერსონალური გამოფენის ვადად მაქსიმუმ ორი კვირა ითვლებოდა, იანქოშვილის ექსპოზიციზე მოხვედრის მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ  მნახველთა თხოვნით იგი სამჯერ გააგრძელეს.

– ვინ იყვნენ მისი მასწავლებლები?

– ნათელამ საფუძვლიანი განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო.  მას იქ ასწავლიდნენ მოსე თოიძე, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, სერგო ქობულაძე, თამარ აბაკელია, უჩა ჯაფარიძე. იმ პერიოდში საბჭოთა მხატვრისგან ითხოვდნენ, რომ მათ კომუნისტური შრომის ჰეროიზმი ბედნიერი და ლაღი ფერებით აესახათ. არსებობდა სპეციალური თემატიკა, რომლის საზღვრებშიც  მხატვარს უნდა ემუშავა. იმ დროის გუდიაშვილის და კაკაბაძის სურათებს თუ ნახავთ, ყველაზე სუსტი სწორედ რომ მათი საბჭოური ნამუშევრებია. სოცრეალიზმი მხატვრის თავისუფლებას კლავდა და, ცხადია, ეს  მხატვრულ პროცესს ძალიან აღარიბებდა. ამიტომაც იყო, რომ ნათელა იანქოშვილმა გაანადგურა თავსმოხვეული თემებით შექმნილი სურათები. მან და მისმა მეუღლემ, მწერალმა ლადო ავალიანმა ბუხარში  200–ზე მეტი სურათი შეუკეთეს და დაწვეს. ნათელა იხსენებდა, რომ ამის შემდეგ იგი თითქოს დიდი ტვირთისგან გათავისუფლდა და იმის კეთება დაიწყო, რაც მის ფიქრთან და ოცნებასთან, მის მხარტვრულ ბუნებასთან ახლოს იყო.

ნათელა იანქოშვილი და მისი მეუღლე, ლადო ავალიანი. 1940 წელი

თბილისში როდის გაიმართა მისი პირველი პერსონალური გამოფენა?

– ნათელამ 1960 წლისთვის პორტრეტებისა და ჟანრული სცენების სარეკორდო რაოდენობა – 250 ნახატი შექმნა და 42 წლის ასაკში პირველი პერსონალური გამოფენის მოწყობაც გადაწყვიტა. ეს არ იყო იოლი პროცესი. მაგრამ მას პრობლემების გადალახვაში მაშინდელი დიდი ავტორიტეტი აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი დაეხმარა. მხატვარმა პირველად სწორედ მას აჩვენა ის სურათები, რომლის გამოფენაც ეროვნულ გალერეაში სურდა. იანქოშვილს ლადო გუდიაშვილმა და სერგო ქობულაძემაც ხელი ძალიან შეუწყვეს და 1960 წელს ამ უზარმაზარ სივრცეში ნათელას პირველი პერსონალური ექსპოზიცია გაიმართა, სადაც 250 სურათი გამოიფინა. აღსანიშნავია, რომ იმავე სივრცეში ორი წლით ადრე გამოფენა სწორედ ლადო გუდიაშვილს ჰქონდა და მხოლოდ მას ეყო სურათების მარაგი იმისთვის, რომ ეს დარბაზები გაევსო. ამ ექსპოზიციას სსრკ- ში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

შალვა ამირანაშვილი იყო ქართული ოქრომჭედლობის, ასევე ფიროსმანის დიდი სპეციალისტი და თავიდანვე შეამჩნია რა იანქოშვილის ძველქართულ ხელოვნებასთან და ფიროსმანთან ახლობლობა, მას მუდამ ამხნევებდა და ნათელას ყოველთვის შთააგონებდა შემოქმედებითი გზა თავდაპირველი შემართებითა და კრეატიულობით განეგრძო. მისმა მხარდაჭერამ მხატვარს  უფრო მეტი სითამამე შესძინა იმისთვის, რომ ეხატა სწორედ ის, რაც მას სურდა. ამასობაშიც პოლიტიკური ფონიც აღარ იყო ისე სასტიკი, რამაც ნათელას წამალივით მოუსწრო და იანქოშვილი შედგა იმ უნიკალურ არტისტად, რომლითაც დღეს ასე ვამაყობთ.

ცნობილია ნათელასა და კუბის სიყვარულის შესახებ…

– „ცისფერ გელერეაში“ წარმატებული გამოფენის შემდეგ იგი 1961 წელს კუბაში საბჭოთა მხატვრებისა და მწერლების ჯგუფთან ერთად მიავლინეს. მან შთაბეჭდილებების წიგნიც კი დაწერა – “მოგზაურობა გმირულ კუნძულზე”, რომელიც 1963 წელს გამომცემლობა „ნაკადულმა“ დაბეჭდა და საკუთარი ნახატებით დაასურათა. კუბა იქცა მისი შთაგონების ნამდვილ წყაროდ, იქაურმა ბუნებამ და ადამიანებმა მასზე მომნუსხველად იმოქმედეს, ხოლო კუბურმა ვოიაჟმა ასზე მეტი ნამუშევარი შეაქმნევინა. ნათელა აღფრთოვანებული იყო იქაური ადამიანების პლასტიკითა და სხეულის სილამაზით. დაუსრულებლივ ხატავდა  ნანახ მოცეკვავეებს, მათ მორთულობასა და აქსესუარებს, რომელიც სრულ ჰარმონიაში იყო კუბელების ლაღ ბუნებასთან. ნათელა იანქოშვილის რამდენიმე ნახატი კუბის მაშინდელი ლიდერების, ძმები კასტროებისა და ცნობილი კუბელი პოეტის ნიკოლას გულიენის საკუთრებაში აღმოჩნდა.

კუბის შემდეგ ნათელამ მექსიკასა და არგენტინაში იმოგზაურა, მოგვიანებით – საფრანგეთში, იტალიასა და ჰოლანდიაში. უკან ხელცარიელი არ ბრუნდებოდა, ჩამოჰქონდა ჩანახატები, რომელსაც მერე ფერწერულ და გრაფიკულ სურათებად აქცევდა და ქართველი მნახველის სამსჯავროზე გამოჰქონდა. ჩემთვის იანქოშვილი ფიროსმანის შემდეგ ყველაზე საერთაშორისო ქართველი მხატვარია.

ნათელა იანქოშვილის ნამუშევარი

კუბაზე

ნათელა იანქოშვილი

–  და რა ხდის მას ასეთად?

– იანქოშვილის მხატვრული ენა მისაღები და ახლობელი ხდება ნებისმიერი ერის მნახველისთვის, ვისაც ესმის თუ რა არის სიახლე, ძიება; თუ რას ნიშნავს გარემომცველ სამყაროსთან ამაღლებული, პოეტური დამოკიდებულება და მისი ავტონომიური მხატვრული ხერხებით ამეტყველება. ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე ათასობით მხატვარი მინახავს, მაგრამ იმგვარად განსხვავებული და ესთეტიკურად სრულქმნილი, როგორიც გახლავთ ნათელა იანქოშვილის პეიზაჟი, ნამდვილად ერთადერთობის ნიშნითაა აღბეჭდილი. ეს კი სათანადო აღნიშვნასა და აღიარებას მოითხოვს. პეიზაჟის შექმნის ჟანრი კამილ კოროს, კონსტაბლის, პისაროს, თერნერის, კურბეს, სეზანის, გოგენის, ვან გოგის, მანეს, ანრი რუსოს, მონესა და სიორას შემდეგ პრინციპულად განსაკუთრებული ნოვატორობით არავის გაუმდიდრებია. ამ მიზეზით იგი ყველაზე შეუვალ და რთულ ჟანრად რჩება და ამიტომაცაა იანქოშვილის ხელწერა განსაკუთრებული. მაგალითად, მისი „მზიანი ღამე”. აქ ვერ დაადგენ ტილოზე დღე თუ ღამეა გამოსახული თავისი ღრუბლების კოლიზიით თუ კონფლიქტით, ფერების სრულიად მოულოდნელი აელვარებით. ნათელამ აქ იმგვარ მელოდიკას მიაგნო, რომელიც ქართულ პოლიფონიასთან თავისი არსით ძალიან ახლოსაა. ეს აელვებული წითელი და ყვითელი ფერები თითქოს ფერწერაში ჩვენებური კრინისა და კრიმანჭულის გადმოტანაა. იანქოშვილის მიერ 40–50 წლის წინათ შექმნილ სურათებს ისეთი ჩაუმქრალი სიცოცხლის ბეჭედი ადევთ, იფიქრებთ, რომ მხატვარმა ეს – ესაა ხატვა დაამთავრაო. საიდან მოდის ეს მარადიული სხივოსნობა არტისტის საიდუმლოდ რჩება. ეს კი მუდამ გამოიწვევს გაოცებას, ხოლო მნახველში მშვენიერებასთან შეხვედრის სიხარულს აღძრავს, რაც ხელოვნების უმთავრესი მიზანია.

ნათელა იანქოშვილის ნამუშევარი

– სად და როგორაა დაცული იანქოშვილის სურათები?

– იანქოშვილის სურათები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ასევე მის მემორიალურ სახლ–მუზეუმში და უამრავ კერძო კოლექციაში, როგორც საქართველოში, ასევე – საზღვარგარეთ. მას შემდეგ, რაც 2012-ში ბერლინში გალერიის სამხატვრო ხელმძღვანელი გავხდი, უმალ დავიწყე ფიქრი იანქოშვილის პრომოუშენზე, რადგან იგი იმ მაშტაბის ხელოვანია, რომელიც საქართველოს სახელს დიდ სამსახურს გაუწევს. თუ არიან გენიალური ქალი-მხატვრები: ფრიდა კალო, თარსილა დო ამარალი, ჯორჯია ო’კიფი ან თამარა ლემპისკა, აი, ასეთივე დამოუკიდებელი არტპლანეტაა იანქოშვილიც. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს ამ უნიკალური მხატვრის შესახებ. სასურველია, რომ უპირველესად მისი ფასი საკუთარმა სამშობლომ იცოდეს. ეს იანქოშვილის საერთაშორისო აღიარებას კიდევ უფრო დაეხმარება და ამიტომ  საქართველოსა და უცხოეთშიც მისი დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად რამდენიმე გამოფენა იგეგმება. მჯერა, რომ 2018 მხატვრის სათანადოდ აღიარების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება.

ნათელა იანქოშვილის ნამუშევარი

– რამდენადაც ვიცი, ნათელა იანქოშვილი სიცოცხლის ბოლო დღეებშიც ინახულეთ.

– 2007 წლის ოქტომბერში თბილისში ჩასვლისთანავე მას ვესტუმრე, მაგრამ ნათელა უკვე სასიკვდილო სარეცელზე იყო, მესამე დღეს კი გარდაიცვალა. დაკრძალვას, ალბათ, მხოლოდ ორმოცი ადამიანი ესწრებოდა. არავინ – მთავრობიდან ან სამინისტროდან. არც არავის გამოუცხადებია (პრესა ან ტელევიზია) მისი გარდაცვალების შესახებ. უკანასკნელ გზაზე მას მხოლოდ მისი ტალანტის დამფასებლები აცილებდნენ. ნათელა იანქოშვილი დაკრძალულია დიდუბის პანთეონში თავისი მეუღლის,  მწერალ ლადო ავალიანის გვერდით.

ნათელა იანქოშვილის ნამუშევარი

ნათელა იანქოშვილის ნამუშევარი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი