ჰაპლოისტორია

2004 წელს ყაზახეთის  პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საზეიმო მიღების დროს სააკაშვილი სტუმარს მხურვალე სიტყვით  მიესალმა და ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა. დავით აღმაშენებელი და საქართველოში ჩამოსახლებული ყივჩაღების ისტორიაც გაიხსენა.  აღნიშნა, რომ ყივჩაღები დღევანდელი ყაზახების წინაპრები იყვნენ. ამ ისტორიულ გადმოცემაზე დაყრდნობით ქართველი და ყაზახი ხალხები მონათესავე ერებად გამოაცხადა და სტუმარს ქართულ ეკონომიკაში მეტი ინვესტიციის ჩადებისკენ მოუწოდა.

ნაზარბაევი ყაზახეთში  გაემგზავრა. მეგობარი ქვეყნის მეთაურის  ვიზიტმა კი მოულოდნელი შედეგი გამოიღო. ტელეკომპანია ‘’იმედში’’  შეკრებილმა ღრმად პატივცემულმა საზოგადოებამ სააკაშვილის სიტყვები  მკაცრად დაგმო. საპატრიარქოს თანამშრომლის სტატუსით სტუდიაში მივლენილი ბატონი გიორგი ანდრიაძე აღშფოთებას ვერ მალავდა.  ჭეშმარიტმა ქართველმა ადამიანმა ვიღაც ვიწროთვალებიან ყაზახებთან ნათესაობა ეთნონაციონალისტური გრძნობების შეურაცხყოფად მიიჩნია.

მას შემდეგ  ბევრმა წყალმა ჩაიარა. უამრავი მეცნიერული აღმოჩენა და გამოგონება გაკეთდა.  დნმ გენეალოგიის დარგში კვლევებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. ‘’ჰაპლოჯგუფები’’ ხშირად გამოყენებადი სიტყვა გახდა.  ჰაპლოჯგუფის კომერციული ტესტ-ანალიზის ჩატარება მასობრივ მოვლენად იქცა და ამ მომსახურებით ბევრმა ქართველმაც ისარგებლა.  დნმ-ის სიღრმისეული კვლევები არაერთი სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ამგვარი კვლევების მეშვეობით ეთნიკურ ქართველებში გავცელებული ჰაპლოჯგუფების იდენტიფიცირებაც მოხდა.  შეიქმნა ერთგვარი ჰაპლოჯგუფების მსოფლიო რუკა. კვლევების თაობაზე სანდო ინფორმაცია დრო და დრო ინტერნეტში თავსდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია. უცხოურ და სამამულო წარმოების ვებ-საიტებზე  ქართველებში გავრცელებული ჰაპლოჯგუფების შესახებ დაახლოებით იდენტური ინფორმაცია მოიპოვება. რიცხვებში სხვაობა თითქმის სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია. ერთი სიტყვით ქართველების დნმ გენეალოგიის  შესახებ მეტ-ნაკლებად ადეკვატური სურათი უკვე არსებობს.

მკითხველთა მაღალი ინფორმირებულობის მიუხედავად ჰაპლოჯგუფების  შესახებ ორიოდ სიტყვის თქმა ზედმეტი არ იქნებოდა. ჰაპლოჯგუფები გენომის-გენეტიკური ჯაჭვის  მცირე მონაკვეთია, რომელიც სქესის განსაზღვრაზეა პასუხისმგებელი. ჰაპლოჯგუფები (ისევე, როგორც მთლიანად გენომი)  პერიოდულად მუტაციას-ცვლილებას განიცდიან. მუტაციები მემკვიდრეობით თაობიდან თაობაში გადაეცემა. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ამ მუტაციების აღმოჩენა-ობიექტივაცია შესაძლებელი გახდა.  შესაბამისად დღეს (თუ ათასწლეულების წინ) მცხოვრები ადამიანების ჰაპლოჯგუფის შედარება, მათ შორის მსგავსი მუტაციების (ანუ მონათესაობის) დადგენა და მათი საერთო წინაპრის პოვნა შესაძლებელი გახდა.  პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებში დღესდღეობით Y ქრომოსომული (მამაკაცის) 20 ჰაპლოჯგუფია აღმოჩენილი. მიტოქონდრიული X (ქალის) დნმ კი უფრო მეტ- 29 ჰაპლოჯგუფის ნაირსახეობას ატარებს.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჰაპლოჯგუფების მეშვეობით ეთნიკური თუ ეროვნული კუთვნილების დადგენა არ ხდება.  ჰაპლოჯგუფების მიხედვით დგინდება პოპულაციური და არა ეროვნული კუთვნილებები. ბიოლოგიური პოპულაცია ნიშნავს ადამიანთა  ჯგუფს, რომელთაც აქვთ საერთო წარმომავლობა ჰყავთ ერთი ახლო წინაპარი და შესაბამისად ერთმანეთს ენათესავებიან. (‘’ახლო წინაპარში’’ ათასობით  წლის წინანდელი წინაპარი იგულისხმება) . პოპულაციური ჯგუფი შესაძლებელია იყოს მცირე და დიდი. რატომაა ეთნიკური ჯგუფი და ბიოლოგიური პოპულაცია სხვა და სხვა რამ? მარტივი მიზეზის გამო – ეთნოსი თუ ერი ყოველთვის რამოდენიმე პოპულაციისგან ანუ განსხვავებული გენეტიკური წარმომავლობის ჯგუფებისგან შედგება. ერი და პოპულაცია ერთი ერთში არასოდეს ემთხვევა.

კაცობრიობის ისტორიაში  რიგი მიზეზების გამო (სტიქიური უბედურება, შიმშილობა, ომები და ა.შ.) პოპულაციები მკვეთრად მცირდებოდნენ. ამ ფენომენს ‘’ბოთლის ყელის’’ ეფექტი ეწოდება-როდესაც მრავალრიცხოვანი ტომი  რამოდენიმე ათეულ ადამიანამდე მცირდება. შემდეგ პოპულაცია ისევ იზრდება. მათი შთამომავლობა კი ამ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანების გენეტიკურ ინფორმაციას ატარებს. ბოთლის ყელის ეფექტი სხვა და სხვა დროს თითქმის  ყველა ხალხებმა განიცადეს. ამ თვალსაზრისით აშკენაზი (ჩრდილოეთ ევროპელი) ებრაელების მაგალითი განსაკუთრებით თვალსაჩინოა. მიტოქონდრიული დნმ-ის მასშტაბური კვლევის  შედეგად ირკვევა, რომ აშკენაზების  40 % სულ ოთხი ქალის შთამომავალია. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ეს ქალები არა ებრაელები, არამედ ადგილობრივი ევროპელები  იყვნენ.

უნდა აღინიშნოს , რომ ჰაპლოჯგუფები ადამიანის გარეგნობას ან  სხეულის სხვა მახასიათებლებს არ განსაზღვრავენ. გენომის ეს მონაკვეთი მხოლოდ სქესის განსაზღვრაზეა პასუხისმგებელი.  ეს მოვლენა ფინელების მაგალითზე კარგად სჩანს. ფინელების Y ქრომოსომულ დნმ-ში დომინანტური N ჰაპლოჯგუფია. ეს ჰაპლოჯგუფი თავდაპირველად მონღოლოიდურ ტომებში იყო გავრცელებული. დღევანდელი ფინელები უპირატესად ქერა თმიანი ევროპელები არიან.  მათი ფენოტიპი (გარეგნული ნიშნები) ევროპელი ქალების გენეტიკამ განსაზღვრა. მამობრივი ხაზით ნამემკვიდრები N ჰაპლოჯგუფი კი არსად გამქრალა.

Y ქრომოსომული (მამობრივი ხაზი)  ტესტირების შედეგები აჩვენებს, რომ ქართულ ეთნოსში მაღალი სიხშირით  შემდეგი ჰაპლოჯგუფებია გავრცელებული : G2a , J2 (35-30 % ) R1a, R1b  (10- % ) . დაბალი სიხშირით : E, I2c, J1, L, R2, T, Q1a, G1 (5% და ნაკლები)

აქ ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტი კიდევ ერთელ  გავიხსენოთ და ყაზახი ხალხის დნმ პროფილს გავეცნოთ. საქმე იმაშია, რომ  არგინის ტომის წარმომადგენლებს კავკასიაში გავრცელებული G2a -ს მონათესავე  ჰაპლოჯგუფი G1а2 აღმოაჩნდათ. (80 % სიხშირით) . არგინები ყაზახი ერის შემადგენელი ერთერთი ტომია. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტომის წარმომადგენლები ქართველებს გენეტიკურად მართლაც ენათესავებიან.  ყოველ შემთხვევაში არგინები გენეტიკის თვალსაზრისით (რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებლებით)| ქართველებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ბასკები. ბასკებში ძირითადად ჰაპლოჯგუფი R1b  და მისი სუბკლადებია გავრცელებული. თუმცა ბასკებიც, ყაზახებიც და სრულიად დედამიწის მოსახლეობაც რა თქმა უნდა ქართველების ნათესავები გახლავან. დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს საერთო შორეული წინაპარი ჰყავთ. აქ ლაპარაკი მხოლოდ ახლო და შორეულ ნათესაობაზეა- ყაზახი არგინები ქართველებს უფრო  ენათესავებიან ვიდრე ბასკები.

 მეცნიერული აღმოჩენები ადამიანების ყოფა-ცხოვრებას და სამყაროს შესახებ შეხედულებებს ყოველთვის ცვლიდნენ. პირობით ნიშნულად  კოპერნიკის ჰელიოცენტრიზმი შეგვიძლია ავიღოთ. მონოთეისტური რელიგიის გავლენით ადამიანებს მტკიცედ სწამდათ, რომ დედამიწა სამყაროს ცენტში მდებარეობს.  მზე და სხვა პლანეტები კი მის გარშემო ბრუნავენ. გეოცენტრიზმი მაშინდელი ადამიანის მსოფლხედვის გამოძახილი იყო- დედამიწა უძრავია და შესაბამისად კაცობრიობა, სოციუმი და კულტურა ცვლილებებს არ ექვემდებარება. კოპერნიკისეულმა ჰელიოცენტრიზმმა იმდროინდელი ხედვები თავდაყირა დააყენა და ადამიანებს განვითარების პერსპექტივა მისცა. გაირკვა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი კი არა ერთი მცირე და შეუმჩნეველი ნაწილაკია ამ უზარმაზარ კოსმოსში. ყველაფერი ცვალებადია და  ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წინასწარგანსაზღვრულობა არ არსებობს.

დნმ კვლევები ასევე  დიდ გავლენას მოახდენს ისტორიული პროცესების შესწავლაზე, პოლიტიკაზე და ზოგადად კულტურაზე.  მაგალითისთვის ზემოთხსენებული ბატონი ანდრიაძე შეგვიძლია გავიხსენოთ. ეს ადამიანი დღეს საპატრიარქოს მიერ დაარსებულ უმაღლეს სასწავლებელშია დასაქმებული. როგორც ირკვევა დნმ კვლევებს საპატრიარქოს ეგიდითაც ატარებენ (თუმცა უცნობია რომელი ავტორიტეტული ლაბორატორიების მეშვეობით).  ამ ე.წ. კვლევების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში პერიოდულად ვრცელდება. წლების წინ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში ქართველი ეთნოსი გენეტიკურად ერთგვაროვან პოპულაციადაც კი გამოაცხადეს. დასაბუთების შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია მეცნიერებისთვის დიდი აღმოჩენა იქნებოდა. ( რამეთუ ამ პლანეტაზე გენეტიკურად ერთგვაროვანი ერი არ არსებობს). ბოლოდროინდელ ინტერვიუებში ამ კვლევების მეცნიერულობა ოდნავ უფრო მეცნიერული გახდა.  ქართველებში ამჯერად ორი ჰაპლოჯგუფი აღმოაჩინეს. პროგრესი სახეზეა-ორი უფრო მეტია ვიდრე ერთი. პოლიტიზირებული ‘’სამეცნიერო ’’ პრიმიტივიზმის გავრცელებაში რაინდმა ლევან ვასაძემ თავი ყველაზე მეტად ისახელა. ეს ადამიანი ლექსების, ნეოლოგიზმების და სხვა გულთგონთხართების დემონსტრირების გარდა ფსევდო მეცნიერულ თემებზეც ხშირად საუბრობს  . მეცხრამეტე საუკუნისდრონდელ რასობრივ თეორიებს გვიყვება და კავკასიას თეთრი რასის აკვნად ასაღებს.  სინამდვილეში ბლუმენბახის თეორია დიდი ხანია მოძველებურად ითვლება. ევროპული რასა სამწუხაროდ კავკასიაში არ გაჩენილა. ძირითადი რასების რაოდენობა კი  არა სამი ან ხუთი, არამედ შვიდია. შუალედურ, გარდამავალ და შერეულ რასებთან ერთად კი ჯამში -ოცდაათზე მეტი.  რთული მატერიების  გამარტივება ჩვენი შიდა  კულტურული პროცესებისთვის არახალია. ‘’ქართული გენი’’  და ‘’ქართული მენტალიტეტი’’ -ეს ყველასთვის ნაცნობი სიტყვები ჩვენში ხშირად ისმის.  ისტორიულად ეროვნული მენტალიტეტის შესახებ თეორიები ძირითადად რომანტიზმის ხანაში ჩნდება.  ასეთი თეორიების არსი მარტივია-ამა თუ იმ ერს განსაკუთრებული მენტალიტეტი აქვს და ეს მენტალიტეტი არასოდეს იცვლება. ზოგი ერთი შინნაზარდი ფანტაზიორის აზრით ეს  ე.წ. ეროვნული მენტალიტეტი ერის გენშია კოდირებული. შესაბამისად ერი სამუდამოდ ერთ ადგილს უნდა ტკეპნიდეს და ცვლილებებზე- განვითარებაზე არც იოცნებოს. ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დეტერმინირებული და წინასწარგანსაზღვრულია.

სინამდვილეში  არანაირი ცნობიერების  წინაფორმები გენომში ჩაწერილი არ არის და არც შეიძლება იყოს. ცხოველებისგან  განსხვავებით ადამიანს არც ერთი თანდაყილილი ინსტინქტი არ აქვს. ჩვენი ცნობიერება მხოლოდ სპონტანური და შემოქმედებითი პროცესის შედეგია.  ზემოთხსენებული დეტერმინისტური წარმოდგენები რა თქმა უნდა უკიდურესი პრიმიტივიზმის ნიშანია. არავითარი ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი და უცვლელი მენტალიტეტი ბუნებაში არ არსებობს. ადამიანები როგორც ინდივიდის ასევე კოლექტივის დონეზე მუდმივად იცვლებიან.   ბუნების კანონი ამ შემთხვევაში კატეგორიულია- ორგანიზმი, რომელიც არ ევოლუციონირებს და არ ვითარდება აუცილებლად კვდება. კომიკურია იმის მტკიცება, რომ დღევანდელ და შუასაუკუნეების დროინდელ ქართველს სამყაროზე მსგავსი წარმოდგენები და ერთნაირი ე.წ. მენტალიტეტი შეიძლება  ჰქონდეთ. შუასაუკუნეების დროიდელი წარმოდგენების აღდგენა-დაბრუნების მცდელობა კიდევ უფრო კომიკურად გამოიყურება. სინამდვილეში საქმე მარტივ მოვლენასთან გვაქვს-პრიმიტიული, ერთნაირად (არ)მოაზროვნე, ერთგვაროვანი მასის მართვა იოლია. ძალაუფლების მქონე სტრუქტურები და ინსტიტუციები საზოგადოების გაუფერულებას და  თითეული მისი წევრის ერთ ჭკუაზე დაყვანას სწორედ ამ მიზნით ცდილობენ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი ორმხრივია და პრიმიტივიზმზე მოთხოვნა არა მარტო მმართველ, არამედ მართულ ფენებშიც არის. მიზეზი ამ შემთხვევაშიც გასაგებია- გამარტივებული, ზერელე, ერთგვაროვანი და ერთფეროვანი სამყარო ადვილი აღსაქმელია.  

ჰაპლოჯგუფების კვლევა ნაციონალიზმის და ზოგადად ნაციის ახლებურ გააზრებაშიც დაგვეხმარება.  ნაციონალური იდენტობა კოლექტიური იდენტობის ყველაზე მძლავრი ფორმაა. თავისთავად ნაციონალიზმში ცუდი არაფერია. პრობლემა ნაციონალიზმის ტიპოლოგიაში გახლავთ. სამწუხაროდ საბჭოთა ეპოქაში დაწყებული პროცესი დღემდე გრძელდება და ქართული ნაციონალიზმი მეტწილად ეთნოცენტრისტული და ეთნონაციონალისტური ფორმით ყალიბდება. ეთნონაციონალიზმი კოლექტიური იდენტობის ყველაზე პრიმიტიული ფორმაა.  ამგვარი ნაციონალიზმის მიხედვით ეროვნულ კუთვნილებას გენი და სისხლი განსაზღვრავს-ქართველია მხოლოდ ის, ვისაც ქართული გენი უჩქაფს ძარღვებში და ქართველად დაიბადა. ეთნონაციონალიზმი გულისხმობს, რომ ქართველობა თანდაყოლილი თვისებაა და არა შეძენილი-აღზრდის, დასწავლის, ზოგადად კულტურის შედეგი. ნაციონალიზმის ამგვარი სახით ფორმირება რა თქმა უნდა რუსული-საბჭოთა იმპერიული გამოცდილების შედეგია.  ქართველი ერის არქაიზაცია რუსეთის ინტერესებში შედიოდა და დღესაც შედის. ჰაპლოჯგუფების კვლევა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ეთნონაციონალისტური ხედვა არამეცნიერული და მცდარია. ‘’ქართული გენი’’ და ზოგადად ეთნოსის განმსაზღვრელი გენი ბუნებაში არ არსებობს. ანტიმეცნიერულობის გარდა ეთნონაციონალიზმი ჩვენს შემთხვევაში ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლურია. ეთნონაციონალიზმზე უარის თქმა და ნორმალური-კულტურული და პოლიტიკური ნაციონალიზმის ჩამოყალიბება ჩვენს სასიცოცხლო ინტერესში შედის.  ეროვნულ კუთვნილებას ენა, კულტურა და მოქალაქეობა განსაზღვრავს. ვისთვისაც ქართული ენა და კულტურა მშობლიურია და ქართული სახელმწიფო ძვირფასი-ყველა ქართველია. კულტურული ნაციონალიზმი არაქართველის გაქართველების საშუალებას იძლევა. ამ შემთხვევაში უამრავი პრობლემა და დაძაბულობა თავისთავად იხსნება. ე.წ. გენეტიკური განსხვავებულობის ბარიერი ქრება. რაც სინამდვილეში ჩვენთვის ახალი ხილი არ არის. ჰაპლოჯგუფების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ასიმილაციური პროცესები საქართველოში ყოველთვის ხდებოდა.   გონივრული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში უცხოელების ასიმილირება და გაქართველება დღესაც შესაძლებელია.

დნმ გენეალოგია არა მხოლოდ დღევანდელობის, ასევე წარსულის გააზრებაშიც გვეხმარება. შორს რომ არ წავიდეთ  ისევ ყივჩაღების მაგალითი გავიხსენოთ. ითვლება, რომ ყივჩაღები თურქულენოვანი და ნახევრად მონღოლოიდური ტომი იყო.  კვლევები გვიჩვენებს, რომ დღევანდელ ქართველებში მონღოლოიდი ხალხებისთვის დამახასიათებელი ჰაპლოჯგუფები (C, O, Q, O, ) მინიმალური რაოდენობით გვხვდება. აქდან გამომდინარე შეგვიძლია  ვივარაუდოთ, რომ საქართველოში დასახლებული ყივჩაღები ჰაპლოჯგუფების მიხედვით ევროპული წარმომავლობის ხალხი იყვნენ. ყივჩაღური ნამარხებიდან აღებული დნმ-ის ანალიზი მართლაც ადასტურებს, რომ ამ ეთნიკურ ჯგუფში R1b ჰაპლოჯგუფი მაღალი სიხშირით იყო გავრცელებული. წარსულის და შესაბამისად დღევანდელობის ადეკვატური გააზრება სტალინის მაგალითზეც შეგვიძლია ვცადოთ. ყველა დროისა და ხალხების ბელადს ჩვენში დღემდე ქართველად მიიჩნევენ და მისით ამაყობენ. მიუხედაად იმისა, რომ სტალინი თავის თავს ქართული წარმომავლობის რუსად სთვლიდა. სტალინი თვითშეგნებით და საქმიანობით რა თქმა უნდა მართლაც რუსი იყო.  მთელი ცხოვრება რუსული იმპერიის მსახურებას მოახმარა. მიუხდავად ამისა ამ ადამიანს ქართველობას ვაბრალებთ (გენი ჰქონია ქართული). სტალინის უშუალო შთამომავალთა ჰაპლოჯგუფების კვლევა გვიჩვენებს, რომ დიდი ბელადის წინაპარი წარმოშობით ჩრდილოეთ ოსეთიდან იყო და გენეტიკურად ოს-ბაღათარის შტოს მიეკუთვნებოდა.

სტალინს კი ქართველად სწორედ ეთნონაციონალისტურად განწყობილი ადამიანები მიიჩნევენ.   ამ ამბავში გარკვეული კომიკურობა მართლაც არის. ჩვენ კი ასე არ დავწვრილმანდეთ და სტალინს არჩევანის უფლება დავუტოვოთ-რადგან თავს რუსად მიიჩნევდა ე.ი. რუსი იყო.

ისტორია არაზუსტი მეცნიერებაა.  ისტორიული წყაროები უმეტეს შემთხვევაში მითებისა და სტერეოტიპების გარდა არაფერს გვიყვებიან და რეალურ ფაქტებთან საერთო ცოტა რამ აქვთ. ჰაპლოჯგუფების მეშვეობით წარსულის შესახებ რეალური ფაქტების დადგენა და ისტორიულ მეცნიერებაში  დამაჯერებლობის შემოტანა შესაძლებელი გახდება.

ჰაპლოჯგუფების შესახებ დამატებით ინფორმაცია აქ:

http://www.khazaria.com/genetics/georgians.html

http://генофонд.рф/?page_id=5629

http://haplogroup.narod.ru/georgian.html

http://haplogroup.narod.ru/celeb.html

http://geodna.ge/info/

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი