შირაქიდან თუშეთამდე – ცხვრის გზა და ნარმოდებული ტრასები

მაისში მთები ჯერ კიდევ დათოვლილია, აბანოს უღელტეხილის გზისპირებზეც  2-3 მეტრამდე თოვლი დევს. აქამდე სავალი ნაწილი გაწმენდილია, მაგრამ ომალომდე მანქანით ჩასვლა ისევ შეუძლებელია: მეწყერმა წელსაც დააგუბა მდინარე და გზა წაიღო.  ალტერნატივა არ არსებობს და მეცხვარეებიც ასე მიდიან, მეწყერის თავზეც ქედ-ქედ გადაჰყავთ ფარა. თან მთელი გზა ეროზირებულ ფერდობებზე აძოვებენ ცხვარს.

სოფელ ფშავლიდან  ომალომდე, თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე,   72 კილომეტრია. საქართველოში ეს ულამაზეს, თუმცა ყველაზე რთულ  გზად ითვლება, რადგან ბოლო დრომდე ყველაზე მაღალი, ზღვის დონიდან 2926 მეტრზე მდებარე  სამანქანე უღელტეხილია (ახლა ყველაზე მაღალი არხოტია) გასავლელი. 6-7 თვე უღელტეხილი დაკეტილია და ვერტმფრენის გარდა სხვა ტრანსპორტით თუშეთში მოხვედრა შეუძლებელია.

ამ მანძილის გასავლელად ზაფხულში მანქანას  4-5 საათი სჭირდება. მეცხვარეები 3-5 დღეში გადადიან,  მთელ გზას კი შირაქ-ელდრიდან თუშეთამდე 2-3 კვირას ანდომებენ.

საუკუნეების მანძილზე თუშები – საქართველოს მენაპირენი საზღვარსაც იცავდნენ, ოჯახებსაც ინახავდნენ და სოფლებსაც ამაგრებდნენ. შინამეურნეობას უმეტესად ქალები უძღვებოდნენ, მამაკაცების ძირითადი საქმიანობა მეცხვარეობა იყო. „ვინაც კარგი ვართ, ცხვარში ვართო“, – დღესაც გაიგონებთ მთაში.  

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით, „თუშური ცხვარი – ნახევრად დუმიანი ცხვრის ჯიში – გამოყვანილია აღმოსავლეთ საქართველოს მომთაბარე მეურნეობის პირობებში მრავალწლიანი ხალხური სელექციით  (XIII-XIV ს. ს.) ძველი ქართული ჯიშების შეჯვარებით სხვა უხეშმატყლიან ჯიშებთან. თუშური ცხვარი კომპაქტურია, მაგარი კონსტიტუციისა, იტანს დიდ მანძილზე გადარეკვას, კარგად იკვებება მეჩხერ საძოვრებზე. კვების გაუმჯობესებით მკვეთრად მატულობს მისი მეხორცული და სამატყლე პროდუქტიულობა“.

ისტორიული წყაროებით, თუშებში მეცხვარეობის განვითარების მასშტაბები განსაკუთრებით გაიზარდა მეთექვსმეტე საუკუნიდან: კახეთში არჩილის მეფობის წლებში თუშებს ოფიციალურად ეძლევათ უდიდესი ტერიტორია, რომელშიც შედის ალვანის მინდორიცა და „მტკვარ-იორს შუა“ მდებარე ადგილ-მამულიც, რომლით სარგებლობისთვის თუშებს „ფარაზე ერთ ცხვარზე მეტი არ უნდა გადაეხადათ”.

„არამედ კახეთის თუშნი ინახავენ ცხოვართა სიმრავლეს, ვინათგან აქუთ ზაფხულს მთათა შინა საძოვარი და ზამთარს ჩამოვლენ გაღმა-მხარსა შინა და ამით უმეტეს მორჩილებენ კახთა“, – წერდა XVIII საუკუნის ქართველი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი.

საუკუნეებია, თუშები ასე მომთაბარეობენ შირაქსა და თუშეთს შორის. მომთაბარეობა კი დიდ სირთულეებთან და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. წვიმასა და ქარში სიარულს, თოვლიანი უღელტეხილის გადავლასაც მიჩვეულნი არიან, მაგრამ სულ უფრო და უფრო უარესდება ტრასები, რომლითაც ცხვარ-მეცხვარე გადაადგილდება: თითქმის აღარ არის ბალახი, გაუდაბნოებულ-გაუდაბურებულია საგზაო დერეფნის მონაკვეთები, არ არის ინფრასტრუქტურა, ხშირად უწევთ კამათი ყანების, ან მიმდებარე მიწების კანონიერ თუ უკანონო მფლობელებთან.

მაისის დასაწყისში, სანამ ტურისტები ამოძრავდებიან,  ფშაველი-ომალოს გზა, ასევე მთელი ტრასა: დედოფლისწყარო-წნორი-ფშაველი- ომალო, ცხვარ-მეცხვარის  გზად არის ქცეული. ამ დროს თუშები ცხვარს მთისკენ მიერეკებიან.

ახმეტის მუნიიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო კახოიძე ამბობს, რომ დღეს თუშეთში 74 ბინაა. შირაქიდან ცხვრის უდიდესი ნაწილი (ნაწილი ჯავახეთში, ან ხევსურეთში მიდის), ანუ დაახლოებით ამდენივე ფარა, 60-65 ათასამდე ცხვრით, სწორედ ამ გზით გადაადგილდება.

გზა უღელტეხილისკენ

მაისის ერთ დილას ფშაველი-ომალოს გზას დავადექით. შევეცადეთ მეცხვარეებთან ერთად გაგვევლო ტრასის ყველაზე რთული მონაკვეთი და იმ პრობლემებზე გვესაუბრა, რასაც გადარეკვისას აწყდებიან.

გავიარეთ ალვანი, ლალისყური, ფშაველი, ლეჩური. გზა სტორის ხეობას მიუყვება. მანქანა იშვიათად გვხვდება, სამაგიეროდ, ბევრია მემორიალური დაფა. იმ ადამიანების მოსაგონრად, ვინც ამ გზას შეეწირა. ბევრი მათგანი მწყემსია. კახეთში ადრე ასეთი გამოთქმაც არსებობდა: „რა თუშივით ჩამკვდარხარო გზაში“. თუშებიც ისე არ აივლიან ცერისკენ, „ზვავ-წყალ-დალეულთა“ და „ცხენ-კაცით ნაზიდების“ შესანდობარი არ თქვან. რთული იყო და დღესაც რთულია ეს გზა.

უღელტეხილს ცოტა ქვემოთ, დაახლოებით გზის 31-ე კილომეტრთან ვეწევით მეცხვარეებს.

ჯერ მანქანა გვხვდება. „TSOVATA“, – აწერია უკანა მინაზე „ტოიოტას“ მარკის ჯიპს. ვხვდებით,  რომ მანქანის პატრონი წოვა თუშია. წოვათა თუშეთის ულამაზესი ხეობაა. ხეობა, სადაც, სამწუხაროდ, დასახლებული სოფელი აღარც არის, ანუ იქ მუდმივად არავინ რჩება.  მთელ თუშეთშიც 20-მდე ადამიანი თუ იზამთრებს.

ფოტო: თინათინ მოსიაშვილი

წოვათა, თუშეთის ბევრი სოფლის მსგავსად, მხოლოდ ზაფხულობით ცოცხლდება, როცა მესაქონლეებს, უმეტესად, ცხვარ-ძროხა და, იშვიათად, უფრო ხატობისთვის (დღეობები მთაში თიბვის დაწყებამდე იმართება), ბავშვები და ოჯახებიც აჰყავთ.    

მანქანის მძღოლი, 29 წლის გიორგი ღალაგიშვილი, ჩვენი ძველი ნაცნობი აღმოჩნდა, გვიხარია ერთმანეთის ნახვა, ვიხსენებთ შეხვედრას  წოვათაში, მათი ფერმის სიახლოვეს. მანქანის მისაბმელზე რამდენიმე ცხვარი ჰყავს: ასე დაკოჭლებული პირუტყვი გადაჰყავთ. მანქანაზე აწყვია ნაბდებიც. გიორგი უღელტეხილამდე მიაცილებს თავისიანებს.

ავტომანქანა, მობილური ტელეფონი, ბანკის ვალი და ფეისბუკპროფილი – ეს არის ის, რაც დღევანდელ მეცხვარეს წინაპრისგან გამოარჩევს,  სხვა ბევრი რამ ისევეა, როგორც საუკუნეების წინ: დოლი, პარსვა, მოსავლის გადმოტანა და ცხვრის გადარეკვა საზამთრო საძოვრებისკენ ან პირიქით.

ალაგ-ალაგ მზის ბატარეას ან გენერატორს თუ არ ჩავთვლით, აბანოს უღელტეხილს იქით დღეს არც ელექტროენერგიაა: ანძები კი არის შემორჩენილი საბჭოთა პერიოდიდან, მაგრამ ელექტროგადამცემი ხაზები დიდი ხანია, ჩაწყვეტილია. თუშეთის გზაზე ტელეფონიც იშვიათად იჭერს. სოფლებში, უკვე გომეწრისა და პირიქითა ალაზნის ხეობებშიც, ტელეფონიც არის და ინტერნეტიც, მაგრამ მწყემსის ბინები სოფლებზე მაღლაა და მეცხვარეები ისევ ისე, კომუნიკაციის გარეშე, ამბის მომტანის იმედად რჩებიან. შინ რომ დარეკონ და შინაურები მოიკითხონ, მთის წვერზე, „ფოსტაში“ ასვლა სჭირდებათ.  ხელისუფალნი იცვლებიან, მეცხვარეების ყოფა კი – ნაკლებად.

მანქანის წინ ფარა მიდის. 1200-მდე ცხვარს ოთხი მეცხვარე მისდევს. კახა წელაური ცხენით მიდის. ჩვენ ფეხით მიმავალ მეცხვარეს ვეწევით.

დათო ჯიხოშვილი 33 წლისაა.  რაც სკოლა დაასრულა, ცხვარშია და ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ეხმარებოდა მამას, თუმცა მაშინ გაკვეთილების გამო გადარეკვისას ვერ მიყვებოდა. მერე, ზაფხულში, არდადეგებზე, თვეობით იყო მთაში, მეცხვარის ბინაში. ბავშვობიდან სწავლობდა საქმეს.

ფოტო: თინათინ მოსიაშვილი

„დილას ინათა თუ არა წამოვედით, საათისთვის არ დამიხედავს. აი, ტყის თავში ავალთ და ბოთლის წყაროს სიახლოვეს გავჩერდებით. აქამდე მინდორი არ იყო, გზაზე მოვდიოდით  და უკვე მშიერი მოდის ცხვარი, იქ გავუშვებთ, რომ მთის ფერდობებზე ბალახი ჭამოს. ჩვენც ცოტას დავისვენებთ“, – გვეუბნება დათო. საათს ვუყურებ, დღის სამი საათია დაწყებული.  

წუხელ სვიანას ზემოთ გაათენეს, ტრიალ მინდორში. დღეს 15-16 კილომეტრი მაინც გამოიარეს.

დათო, გიორგი და  კახა ახლობლები და პარტიორები არიან. წლებია ერთად ჰყავთ ცხვარი. ახლაც ორ დაქირავებულ მეცხვარესთან ერთად ორ კვირაზე მეტია, გზაში არიან.  მათაც, სხვებივით, ცხვარი შირაქში გამოაზამთრეს. დიდი ოლე – ასე ჰქვია ადგილს ლეკის წყაროსთან, სადაც მათი ბინაა. ამ ზამთარს, შარშანდელისგან განსხვავებით, არ ემდურიან:

„შარშან რთული ზამთარი იყო, სიცივეების გამო არ იყო ბალახი. ბევრს დაეხოცა ცხვარი, ჩვენც ვიზარალეთ. შემოდგომით კი დაედო ცხვარს ფასი, მაგრამ ბევრი აღარც იყო გასაყიდი. ზოგადად მძიმეა ჩვენი შრომა, ფასი არ აქვს“, – გვეუბნებიან.

მეცხვარის შრომას კიდევ უფრო ართულებს ცხვრის გადარეკვა, ორივე მხარეს შეჩერებებით თვე ან თვე-ნახევარზე მეტი გზაში არიან. ეს კი საკმაოდ რთული პროცესია.

„ახლა, ხომ ხედავთ,  წვიმს და სეტყვაც წამოყარა, ეს ჩვენი ყოველდღიურობაა, ამაზე ხომ არ ვიწუწუნებთ?! ვინც მთაშია, ხან დააწვიმს, ხან დაათოვს, აბა, რა იქნება?!“, – გვეუბნება დათო.  

მეცხვარეს არც ამინდი ზოგავს და არც – ადამიანი.   

„ყველაზე რთული ის არის, რომ გზად, რომელსაც გამოვდივართ, საძოვრები თითქმის აღარ გვრჩება. ტრასაზე მიწებს ასხვისებენ, ბევრგან მოხნულია და ყანებს შორის მოვდივართ. თან ყანები არ არის შემოღობილი და ასეთ დროს რთულია პირუტყვის გაკონტროლება: ცხვარი ხშირად მინდორში გადადის. ყანის მეპატრონეები გვედავებიან: „რატომ უშვებთო“. ჩვენ გვინდა?! სხვაგვარად არ გამოდის“, – ამბობენ მეცხვარეები.

ფოტო: თინათინ მოსიაშვილი

იმ ნაკვეთებზე, სადაც რამდენიმე ფარა გადის, ბალახი ცოტაა. დეგრადირებულ ნიადაგზე ამოდის ნარი. სპეცილისტების განმარტებით, ნარის არსებობა დასტურია იმის, რომ საძოვარი აღარ ვარგა და ასეთ მინდორს არც ცხვარი ძოვს. თუ გვალვიანი პერიოდი დაიჭირა, კიდევ უფრო რთულად არის საქმე.

მეცხვარეებიც საუბრობენ მიწის დეგრადაციის პროცესსა და მიზეზებზე:  

„40-42 წელია ცხვარში ვარ და თანდათან უფრო უარესდება სიტუაცია. ცხვრის ტრასები ძალიან დავიწროებულია. თუ ერთი-ორმა ფარამ გაიარა, ბალახიც, ფაქტობრივად, აღარ არის. იძულებული ვართ, ვიქირაოთ ადგილები და მერე 1-2 ბატკანი ან თანხა გადავუხადოთ მეპატრონეს. ბევრგან მიწა გაყიდეს ან შემოგვიღობეს და ვეღარ ვაჩერებთ პირუტყვს. სხვაგან, მაგალითად, გურჯაანში, ტრადიციული დასასვენებელი ადგილი ნაგავსაყრელად გვიქციეს. იქ ხშირად ცხვარიც მოგვკდომია“, –  გვიამბობს გირეველი მეცხვარე გელა მოზოიძე.

გაუდაბნოება/მიწის დეგრადაცია, 1994 წელს მიღებული გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ კონვენციის მიხედვით, ნიშნავს ბიოლოგიური ან ეკონომიკური პროდუქტიულობის მქონე ურწყავი, სარწყავი სახნავი მიწების, აგრეთვე საძოვრების, ტყეების კომპლექსების შემცირებას ან დაკარგვას, გამოწვეულს მიწათსარგებლობით, პროცესით ან პროცესების ერთობლიობით, რომელიც წამოქმნილია ადამიანის საქმიანობით ან განსახლებით.

გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის მესამე ეროვნული ანგარიშის მიხედვით,  საქართველოში გადაბნოებისადმი ყველაზე მგრძნობიარე ტერიტორიებია:

შიდა და ქვემო ქართლი, კახეთის ნაწილი (დედოფლისწყარო, სიღნაღისა და საგარეჯოს რაიონები), სადაც გაუდაბნოების პროცესი გააქტიურდა მიწის რესურსების არამდგრადი გამოყენებისა (არასათანადო კულტივაცია და ირიგაცია, ჭარბი ძოვება) და კლიმატური პირობების გამო. გაუდაბნოების პროცესები ტერიტორიის თითქმის 3000 კმ2 არის გააქტიურებული, მათ შორის შირაქის, ელდარის, ივრის, ტარიბანას, ნაომრის, ოლეს, ჯეორან-ჩოლის ხეობებში“

ტყის თავში, ცოდვიანთ ხევს ქვემოთ, მწყემსები ფარას გზიდან საბალახოდ მთის ფერდზე ერეკებიან. ბალახი ცოტაა, ამდენი ძოვების გამო მთის ფერდობები ეროზირებულია.  

„აპრილის ბოლოს საზამთრო საძოვრებიდან აყრას ვიწყებთ. ვინც პირველად გადავიდა, ტელეფონზე გვითხრეს, მთაში ჯერ კიდევ თოვლია და არც ბალახიაო.  ჩვენც არ გვიჩქარია“, – გვეუბნება დათო ჯიხოშვილი.

მას და მის მეგობრებს ამაღამ აქ მოუწევთ გათენება, ხვალ გადავლენ თოვლიან უღელტეხილზე.

გამოზამთრება

წინ სხვა ფარაა. ისინიც დედოფლისწყაროდან  მოდიან. „როგორ მგზავრობთ? როგორ გამოიზამთრეთ?“, – ვეკითხებით.

გივი ბიღოიძის ცხვარი აღმოჩნდა. გივისთან ერთად მისი შვილი, ერთი თბილისელი თავგადასავლების მაძიებელი ახალგაზრდა და რამდენიმე მწყემსია.

„წელს არა გვიშავს, შარშან ზამთარს კი ვიზარალეთ ძალიან“, – გვეუბნებიან მწყემსები.   

შარშან ჩვენც ვიყავით შირაქში.

„30 წელია ცხვარში ვარ და ასეთი რთული ზამთარი, ასეთი ყინვა არ მახსოვს. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი გრადუსია, მაგრამ არნახული ყინვაა. სიცივემ გადაწვა ყველაფერი. ბალახი არ არის, ალაგ-ალაგ ცოტა უროა, ეგ არის და ეგ… შიმშილითა და სიცივით იხოცება ცხვარი. არც ასეთი მასიური დახოცვა მახსოვს. მეცხვარეების მთავარი საზრუნავი ბატკნების გადარჩენაა.“, – გვითხრა  შარშან 52 წლის ივანე შამშალაიძემ.

შარშან სხვა ფერმებშიც თითქმის სასოწარკვეთილი მეცხვარეები დაგვხვდნენ. მაშინ გივი ბიღოიძის ბინაში ლევან შაბალაძეს ვესაუბრეთ:

„დედა ცხვარს უჭმელობის გამო რძე არ აქვს და ამიტომ იხოცება ბატკანი. ძალიან უბედურ დღეშია ცხვარ-მეცხვარე. ხომ ხედავთ, ძარა სავსეა დახოცილი ბატკნებით.

გასულ წლებში ყოველთვის იყო ბალახი, წელს მოუმზადებელი აღმოჩნდა მეცხვარე. არადა, ზამთარში ბატკანს რომ გაზრდის მწყემსი და შემოდგომით გაყიდის თოხლს, ეგ არის მისი შემოსავალი. კიდევ ყველი შეუძლია გაყიდოს, მაგრამ რძეც არ იქნება: ბატკანი რომ უკვდება, შრება ცხვარი. ისედაც სეზონურია მეცხვარის შემოსავალი, ბანკის ვალი აქვს ყველას, ისესხებენ და შემოდგომით ისტუმრებენ. წელს კი შემოსავალი არ ექნებათ. იმ სესხებსაც როგორ დაფარავენ?!“.  

წელს, საბედნიეროდ, მშვიდობიანად გამოიზამთრეს.  დედოფლისწყაროს მერე წნორი, გურჯაანისა და თელავის სოფლები გამოიარეს. ამდენი საქონლით სოფლების გამოვლა, რასაკვირველია, რთულია. ნადირი, თუ ადამიანი ერთნაირად ერჩის ცხვარს.

„ცხვრის გადარეკვა ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებზე და პირიქთ, ხორციელდება პირუტყვის გადასარეკი სახელმწიფო ტრასების მეშვეობით.  საბჭოთა პერიოდში გადარეკვა ორგანიზებულად ხდებოდა, რათა თავიდან აეცილებინათ პირუტყვის დიდი კონცენტრაცია გადასარეკ დერეფნებზე და დასასვენებელ მოედნებზე. 20-30 წელია ეს პროცესი ქაოტურ ხასიათს ატარებს“ – ნათქვამია თუშეთისა და შირაქს (ვაშლოვანს) შორის დამაკავშირებელი პირუტყვის გადასარეკი დერეფნის მდგომარეობის შესწავლის ანგარიშში. კვლევა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ინიციატივით მომზადდა. თუშები პირუტყვის გადასარეკად იყენებენ სამ ძირითად მიმართულებას:

ა) შირაქი – დედოფლისწყარო – ალაზნის სარწყავი არხის გაყოლებით – გურჯაანი – კონდოლის ბოლო – შაქრიანი – გრძელი ყანა – თუშეთის ან მისი განშტოებებს;  ბ) კურდღელაური – კოღოთო – ხორხლის რიყე – ახმეტა – ბირკიანი – ტბათანა; გ) ახმეტა – ილტოს ხეობა – ფშავის და ხევსურეთის მთები.

თუმცა ფშავ-ხევსურეთში ახლა სულ რამდენიმე მეცხვარე დადის, ზოგი ჯავახეთშიც იზამთრებს, მაგრამ ყველაზე დიდი ნაწილი გადაადგილდება შირაქი – კახეთი- აბანოს უღელტეხილი – თუშეთი – ამ გზით, რომლის ნაწილი ჩვენც გავიარეთ მეცხვარეებთან ერთად.  

ტრასებს სახელმწიფო ტრასები კი ჰქვია, მაგრამ ალბათ ამიტომაც, არავინ ჰყავს პატრონი:  ნაწილი მიტაცებულია, ნაწილი გასხვიებული ან სულაც ნაგავსაყრელად ქცეული. მაგალითად, წნორთან ალაზნის არხის რეაბილიტაციისას არხიდან ამოღებულ მიწის ნაყარი და ნაგავი ეგრევე ცხვრის ტრასაზე ყრია, გურჯაანთან კი დასასვენებელი მოედანი ნაგავსაყრელად არის ქსეული. ბოლო დროს იმატა კრიმინალმაც, ბევრგან, განსაკუთრებით გურჯაანის რაიონში ტრასაზე არის გადაფარებული ორმოები, რომელშიც ცხვარი ვარდება.

ეს ყველაფერი, ცხადია, საქმეს ურთულებს ცხვარ-მეცხვარეს.

„დანაგვიანებასთან ერთად უდიდესი პრობლემაა ის, რომ გადასარეკ ტრასებზზე არ არსებობს ინფრასტრუქტურა. თუშებისთვის ერთადერთი ბიოუსაფრთხოების პუნქტია ხელმისაწვდომი შაქრიანში, სადაც ენდოპარაზიტების საწინააღმდეგოდ ბანენ ცხვარს, თუმცა ამ პუნტზე ვერ ხვდებიან ფშავ-ხევსურეთისკენ მიმავალი მეცხვარეები”, – ამბობს ანზორ გოგოთიძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ექსპერტი.

ხშირია მეცხვარეების კონფლიქტები გზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასთანაც.

„ჩვენს სოფელთან, ხორხელთან არის ცხვრის დასასვენებელი მოედანი. აქ, უმეტესად, ხვდება მეცხვარეების ნაწილი, რომელიც ფშავ-ხევსურეთის ან ტბანათანასკენ მიდის. ტრადიციულად, მეცხვარეები ერთი ღამით ჩერდებოდნენ ჩვენს სოფელთან. ახლა ხან მეტხანს რჩებიან ან თავადაც არ უფრთხილდებიან ამ ნაკვეთს. ფაქტია, აქ ბალახი თითქმის აღარ არის. ცხვარი მოდის სოფელში და გადადის მიმდებარე ყანებში. რაც, მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომას იწვევს. კარგი იქნებოდა, თუნდაც ელექტროღობის არსებობა“, – ამბობს ახმეტის მერიის მუნიციპალიტეტის ყოფილი წარმომადგენელი ოჟიოს ადგილობრივ ერთეულში იოსებ ჯავახიშვილი.

ფოტო: თინათინ მოსიაშვილი

მეცნიერ ვასილ ღლიღვაშვილის მონაცემებით, გადასარეკი ტრასების ინფრასტრუქტურა და მისი მდგომარეობა, იწვევს სარეალიზაციო სულადობის, დაახლოებით, 5-10%-ის დაცემას (სიკვდილი) ან დაკნინებას, რაც 50%-ით ამცირებს მის სარეალიზაციო ღირებულებას.

„გზაზეც ხომ უნდა საქონელს კვება და იქ კერძო პირებისგან ვქირაობთ საძოვარს. ცხადია, ეს გვიძვირებს ხარჯს. დანახარჯი, დანაკარგი, დახოცილი საქონელი –  ეს ყველაფერი კი მძიმედ აწვება მესაქონლეს… დარგი წამგებიანი გახდა, ამიტომ ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, გადასახადის გადახდისას შეღავათი მაინც დაუწესოს მწყემსებს“, – ამბობს მეცხვარე ილო ჯაგოდანიძემ.

მეცხვარეობა, როგორც მესაქონლეობის ტრადიციული დარგი, ქვეყანაში არ არის სახელმწიფო დონეზე გააზრებული, სამწუხაროდ, არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა.

„გამოსავალს რაში ვხედავთ? ალბათ სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს გასხვისებული თუ მიტაცებული ნაკვეთები. რწმუნებულის ადმინისტრაციაში რამდენიმე შეხვედრა მიეძღვნა ან თემას. ერთ-ერთ ვარიანტად სარკინიგზო ხაზების აღდგენა და ცხვრის მატარებლით გადმოყვანაც დასახელდა“, – ამბობს ლადო კახოიძე.

რამდენად რეალური იქნება ეს წინადადება, დრო გვიჩვენებს.

დღეს კი, ფაქტია, რომ ქვეყანას არ აქვს საძოვრების მართვის არანაირი ინსტრუმენტი და

არ არსებობს პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო.

მეცხვარეები ვარაუდობენ, რომ ხელისუფალნი ბოლოს და ბოლოს რეალურად დაფიქრდებიან მათ პრობლემებზე. მანამდე კი ცხვარ-მეცხვარე, ისევე როგორც საუკუნეების წინ, თოვლსა და წვიმაში უდრტვინველად მიუყვება კახეთიდან თუშეთისკენ და უკან მიმავალ გაუდაბნოებულ-ნარმოდებულ ტრასებს.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი