ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

დონალდ რეიფილდი: ქართულ ლიტერატურას ვერ დავაშორებთ ვერც ისტორიას, ვერც პოლიტიკას

დონალდ რეიფილდი: ქართულ ლიტერატურას ვერ დავაშორებთ ვერც ისტორიას, ვერც პოლიტიკას

ბრიტანელი ლიტარატურათმცოდნე, ქართულისა და რუსული ენების სპეციალისტი, დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ რეიფილდი ერთ-ერთ იმ იშვიათ ადამიანთაგანია, ვინც თავისი წმინდა ფილოლოგიური მისიის – პროფესიის გარდა ისტორიკოსის როლსაც ასრულებს. ვგულისხმობ 2004 წელს მის მიერ გამოცემულ წიგნს “სტალინი და მისი ხელქვეითები“, რომელიც ექვს ენაზე ითარგმნა, მათ შორის, რუსულადაც. საქართველოში და რუსეთში ფაშისტური, პროსტალინური ორგანიზაციების აღზევების პერიოდისთვის ამ წიგნის გამოჩენა მისი აქტუალობის გამო ძალიან დროული იყო. დონალდ რეიფილდმა ინგლისურ ენაზე არაერთი ქართველი ავტორი თარგმნა, მათ შორის, ოთარ ჭილაძის ნაწარმოებები. 1999 წელს დონალდ რეიფილდის ძალისხმევით ოთარ ჭილაძე ნობელის პრემიაზე წარადგინეს. 2014 წელს  ჭილაძის რომანის, „აველუმის” ინგლისურ ენაზე თარგმანისთვის მას პრემია „საბა“ გადაეცა. ბრიტანელი ფილოლოგი მნიშვნელოვანი ნაშრომის – “ყოვლისმომცველი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი: 2 ტომი” ავტორია, რომელიც ლონდონში 2006 წელს გამოიცა.

  • ფაქტობრივად, ბოლო ორმოცი წელია საქართველოს ლიტერატურას იკვლევთ. რა გავლენა მოახდინა ამ პროცესმა თქვენზე?

ვერ გეტყვით, რომ მე სხვა ადამიანი გავხდი ქართული ლიტერატურის წყალობით. ვკითხულობ, ზოგჯერ შთაგონებით, ზოგჯერ ინტერესით, ზოგჯერ გაწბილებით. საქართველოში, როგორც ყველგან, ერთ გენიოსზე  ოცი გრაფომანი მოდის.

  • თანამედროვე საქართველოს ამბების საქმის კურსში თუ ხართ, თუ თქვენთვის უპირველესი მხოლოდ ლიტერატურაა? საქართველოს რომელ ლიტერატურულ სიუჟეტს/გმირებს შეადარებდით?

რაღა თქმა უნდა, რაც დღევანდელ თუ ადრინდელ საქართველოს ეხება, ყველაფერი მაინტერესებს. სამწუხაროდ, შეიძლება საბედნიეროდაც, ქართულ ლიტერატურას ვერ დავაშორებთ ვერც ისტორიას, ვერც პოლიტიკას. მწერალს იშვიათად შეუძლია ისტორიის შეცვლა. მართალია, რომ ზოგი ლიტერატურული სიუჟეტი კარგად ირეკლავს საქართველოს თავისებურ ადათ-წესებს: ყაზბეგის “ელგუჯა”, ან ვაჟას “მინდია” თავისი ოჯახისა და თემისადმი გახლეჩილი ერთგულებით; არსებობენ გმირები, რომელებიც განასახიერებენ ქართველი ადამიანის ყველაზე ცუდ და ყველაზე კარგ თვისებას: კვაჭი კვაჭანტირაძე, ან არსენა მარაბდელი.

  • როგორ აღმოაჩინეთ საქართველო და რომელი ნაწარმოები თარგმნეთ პირველად?

საქართველოში პირველად 1973 წლის შემოდგომაზე, სამი თვით სსრკ–დიდი ბრიტანეთის კულტურული ხელშეკრულების წყალობით მოვხვდი. მინდოდა ლიტერატურულ მუზეუმში, განსაკუთრებით ქართველი-რუსი პოეტების მიმოწერაზე მემუშავა, მაგრამ ნებას არ მაძლევდნენ და იმიტომ გადავედი უნივერსიტეტში ქართული ენის განყოფილებაზე, ენა ვისწავლე და შევუდექი გალაკტიონისა და ვაჟას თარგმნას. სწორედ მაშინ გავიცანი ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.

იმ დროიდან გადათარგმნილი მაქვს, თუ კარგად მახსოვს: ვაჟას სამი პოემა (“ალუდა ქეთელაური”, “სტუმარ-მასპინძელი”, “გველის მჭამელი”), გალაკტიონის ათი ლექსი; ტიციანის სამი ლექსი; ჭავჭავაძის “დემიტრი თავდადებული”, აკაკი წერეთლის “ჩემი თავგადასავალი”, ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და „აველუმი“, ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“, ზოგიერთი თანამედროვე პოეტის ლექსები; ლაშა ბუღაძის „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ და კიდევ ექვსი ახალი ქართული პიესა. ჩემთვის მთავარია ავტორი მომეწონოს და ჩავთვალო, რომ იგი ინგლისურენოვანი მკითხველისთვის საინტერესოა, ასევე,  ტექსტი საკმარისად კარგად გავიგო, რათა თარგმნის უფლება მოვიპოვო.

  • როგორ მიდის ცხოვრება “საბას” შემდეგ და რას თარგმნით ახლა?

ჯერჯერობით “საბას” ჩემს მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია. შეიძლება, რომ ჩემს თარგმანებზე მოთხოვნა ახლა უფრო გაიზარდა. ახლა ვთარგმნი ფიროსმანაშვილის ალბომს და რეზო გაბრიაძის ავტობიოგრაფიას, მაგრამ ამავე დროს ძალიან დაკავებული ვარ ლესკოვისა  და შალამოვის მოთხრობების თარგმანით.

  • რუსეთში ამერიკულმა სატირულმა ფილმმა „სტალინის სიკვდილი“ დიდი სკანდალი გამოიწვია. თქვენი წიგნის -“სტალინი და მისი ხელქვეითების“ შედეგიც თითქოს იგივე იყო. როგორ ფიქრობთ, რატომ “სტკივათ” რუსეთში ასე სტალინი?

მგონია, რომ იანუჩს ყველა უფლება აქვს, რომ სტალინის სიკვდილი  შავ კომედიაში გარდაქმნას, როგორც ბერნდმა ეიხინგერმა გარდაქმნა ჰიტლერის უკანასკნელი დღეები. ვნანობ მხოლოდ, რომ იანუჩის ბერიამ თავის სირთულე დაკარგა და მაყურებელს ატყუებს — ბერია დახვრიტეს არა მაშინვე, არამედ წლის ბოლოს. იგი იყო არა მარტო მკვლელი და ხუმარა, არამედ ძალიან ეშმაკურად ჭკვიანი კაცი. სტალინიზმი არის რუსეთის ავადმყოფობა. ეს სენი როგორ იკურნება – არავინ იცის.

დონალდ რეიფილდის წიგნი სტალინზე

  • რუსეთში ჩეხოვს მიძღვნილი კონფერენციისთვის რატომ გახდით “პერსონა ნონ გრატა”?

ჩეხოვის ბიოგრაფია, როგორც მე აღვწერე, ზოგ ჩემ რუს კოლეგას არ მოეწონა, თუმცა რუს მსახიობებსა და ზოგადად მკითხველს მოეწონა.

  • თქვენ ერთხელ თქვით, რომ ქართული ენა ლამაზი მუსიკაა, რომ ქართული  ენა ღვინოა თქვენთვის. როგორ აღწერდით ამ მუსიკასა და ღვინოს თუ ჟღერადობით, თუ გემოთი თუ სხვა განცდებით?

მინდოდა მეთქვა, რომ რუსული ლიტერატურა და ენა ჩემი აუტკივარი ლუკმაა (უნივერსიტეტში ორმოცი წელიწადი ვასწავლიდი), მაგრამ ქართული – სუფთა ჰედონიზმია.

  • რატომ გადაწყვიტეთ ჭილაძე ნობელზე წარგედგინათ? და როგორ ფიქრობთ, რატომ არა ჰყავს საქართველოს ნობელიანტი?

მეგონა და სულ მგონია, რომ ოთარ ჭილაძის ექვსი რომანი, მისი პიესები და ლექსები აუცილებლად წარმოადგენს უმაღლეს დონეზე შესაფასებელ ნამუშევარს და ნობელის ჯილდო ნამდვილად უნდა ჰქონდეს. მანუგეშებელი ისაა, რომ ნობელი არც ტოლსტოის, არც იბსენს მისცეს. არადა ისეთი არაკაცები, როგორიც სიული პრიუდჰომია, ნობელის ჯილდოს იღებენ. ნობელის კომიტეტმა ჩემი აზრის გამოთქმა მთხოვა და ამიტომაც მივწერე.

______________

ინტერვიუ დონალდ რეიფილდთან წერილობით შედგა.