ჯოჯოხეთის მაგნეტიზმი ბორის შარმაცის ჟესტებში

როგორც კი სპექტაკლის დაწყებიდან ოც წუთში სცენაზე ქაოტურად მორბენალმა და კონვულსიებში ჩავარდნილმა ჯერ ერთმა და მერე ოცამდე მოცეკვავემ წინ და უკან სირბილი და პრეისტორიული, დაუნაწევრებელი “წინადადებების” ამოყვირება დაიწყო, გულმა ცუდი მიგრძნო. მაგრამ მაინც იმედიანად ვიჯექი, რომ ფრანგი ქორეოგრაფის, ბორის შარმაცის “ბალეტი” – უფრო სწორედ “ანტიბალეტი” ქორეოგრაფიასთან მიახლოებულის თუ არა, ქორეოგრაფიასთან ძალიან ირიბად დაკავშირებულის მიმსგავსებულის ჩვენებას დაიწყებდა, თუმცა – ამაოდ. მაგრამ როცა ერთი–ორი არტისტის ხმამაღლა წამოყვირება არ მაკმარეს, არამედ ამდენმა არტისტმა (აქ ერთი წამით დავფიქრდი, უნდა მეხსენებინა თუ არა სიტყვა “არტისტი”) ზღვრული სასოწარკვეთით დაიწყო ხავილი, ღნავილი, ყვირილი – წივილი, რომელიც ძლიერდებოდა და ეს დროში გაიწელა, პირველად ჩემ ცხოვრებაში არტდარბაზის სასწრაფოდ დატოვების სურვილი გამიჩნდა. განა არ მაინტერესებდა რით დამთავრდებოდა ეს შემოქმედებითი პროვოკაცია – მაყურებლისთვის შემოთავაზებული მედიტაცია სიკვდილზე, სიგიჟესა და ტკივილზე. უბრალოდ, ჩემი ყურები ამ ავანგარდულ – ჯოჯოხეთურ რადიოტალღებს ვერ უძლებდნენ. ვერ აგიწერთ, როგორი შვება ვიგრძენი, როცა მოცეკვავეების გუნდი დადუმდა. მგონი, ეს ყველაფერი იმად ღირდა, რომ სიჩუმე, როგორც იდეალური მელოდია, სათანადოდ დამეფასებინა და მაშინვე გამხსენებოდა ჯონ კეიჯის “4’33” –ის უნიკალურობა და მისი წარმოქმნის კონტექსტი.

Skirball-ის არქივიდან

სცენაზე კედლის წინ, შუაში ერთად შეგროვებული მოცეკვავეები მბჟუტავი სინათლის ფონზე მძიმედ სუნთქვავდნენ, მაგრამ, რაც მთავარია, დუმდნენ. აქ ისევ სუსტი იმედი ჩამესახა, რომ პერფორმანსის – “10000 ჟესტი” – ამბიციური  ქორეოგრაფი დაგვინდობდა და “წამებასთან მიახლოებულ” გრავიტაციას დაასრულებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. სიჩუმე შვებაც იყო და დაძაბულობაც, რადგანაც შტორმი, როგორც წესი, სწორედ ასეთი სიმშვიდის განუყოფელი მადევარია და არც შევმცდარვარ. დაიწყო ის, რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს. აუდიტორიაში სცენის გადმოტანა და მაყურებლის “ჩართულობის ელემენტების” გათამაშება. მაგრამ ეს მეტი იყო ვიდრე ე.წ. ჩართულობა. ინფერნალური ფერადი ლანდები, რომლებიც მანამდე მასტურბირებდნენ,  ეპილეფსიურ გულყრებს, სექსს, მშობიარობასა და ალქაჯობას იმიტირებდნენ, უმისამართოდ დარბოდნენ, ხოხავდნენ, ერთმანეთს ყნოსავდნენ, გორავდნენ, კანისგან და ტანსაცმლისგან, საცვლებისგან გათავისუფლებას ცდილობდნენ ანდა, საუკეთესო შემთხვევაში, ტანვარჯიშის სავარჯიშოებს ასრულებდნენ, აუდიტორიის მარცხენა ფრთას მიადგნენ და პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანებს თავებზე გადაუარეს. საკუთარ სხეულზე კონტროლდაკარგული ნახევრად ტიტველი და არატიტველი ფიგურები უკითხავად ვის კალთაში უსხდებოდნენ, ვის თმებს უჩეჩავდნენ, ვის სახეზე ეფერებოდნენ, ვის ტანსაცმელს უფერთხავდნენ. არავის ხელი არ შეუბრუნებია… ყველა მოჯადოვებული იჯდა და ამ ფსიქოდელიის “თარგმანში” ქვავდებოდა.

მე და ჩემი მეგობარი, ბალეტის მოცეკვავე, ცენტრალური განყოფილების მარცხენა კიდეში ვისხედით. ჩვენ წინ ასაკოვანი ცოლ – ქმარი იჯდა. უცებ ქმარმა ქოლგა  გაშალა, როგორც ერთგვარად აკრძალული ზონის არსებობის სიგნალი. მაგრამ – ისევ ნურას უკაცრავად.  “შარმაცის ხალხმა” ეს სხვაგვარად, პირიქით, მოწვევად გაშიფრა. ანდა სწორედ ამიტომაც ამოიღეს მიზანში.

ხელებით საკუთარ ჩანთას ჩავაფრინდი იმ მოტივით, რომ თუ ეს მსახიობები ჩემი სხეულის თავდაცვის ენას ვერ გაიგებდნენ, სხვაგვარად უნდა მემოქმედა. ყოველგვარი ზედმეტი პათეტიკის გარეშე – არავის აქვს უფლება პრივატულ თუ საჯარო სივრცეში დაუკითხავად შეგეხოს, როგორი კრეატიულობის ანგელოზიც არ უნდა ეჯდეს მხარზე. მოგვიახლოვდა თეთრ, პრიალა ელასტიკებში ჩაცმული ქალი მოცეკვავე – აჩრდილი, რომელიც აჩრდილის პირობაზე ძალიან ცოცხლად გამოიყურებოდა, თმაზე შემეხო, ინგლისურად თქვა Nice Hairs, ჩემი მეგობარის ხელს შეეხო და სამაჯურები აუჩხარუნა და…  ზუსტად ჩვენ წინ იმ ქოლგიანი კაცისა და მის თანმხლებს შორის სახით ჩვენსკენ ისე ჩავარდა, რომ ფეხები ამ ორი მაყურებლის მხრებზე აღმოჩნდა, მისი “პუანტები” კი – ჩვენს ცხვირებთან. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ კაცი “ჩავარდნილს” რაღაცას ინგლისურად ეუბნებოდა – ჩემი ვარაუდით, ალბათ, “შეწყვიტეთ ეს მასკარადიო”, ის კი ჩემთვის გაუგებარ ენაზე პასუხობდა.

ჩვენ გაოგნებულები ვიჯექით და მოცარტის “რექვიემის” (ჰო, სულ დამავიწყდა, რომ ამ როკვის ფონი ხან ხმადაბალი და ხანაც ხმამაღალი, ჰერბერტ ფონ კარაიანის დირიჟორობით 1986 წელს შესრულებული მოცარტის “რექვიემი” იყო) ფონზე  მოლაპარაკე ამ შავთმიან თავს ვუყურებდით. მხოლოდ იმ მომენტში შევამჩნიე, რომ სცენიდან ძლიერი ნათება მოდიოდა; ისეთი დამაბრმავებელი, რომ იქ დარჩენილი ორი მოცეკვავის ფიგურების მოძრაობას ვერ ვხედავდით. თუმცა ვინღა აქცევდა “დენის წყაროს” ყურადღებას, როცა ადამიანები დაძაბულები ისხდნენ და, ალბათ, მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, აი, ახლა ეს საცვლებიანი კაცი კალთაში თუ ჩამიხტა, ნეტა ყურზე მომქაჩავს თუ ზურგის ფხანას დამიწყებს.

Skirball-ის არქივიდან

უბრალო მოკვდავთა აუდიტორიაში ლანდების დიქტატმა გაიმარჯვა. ასე იწვა ეს “ჩვენი” ლანდი ჩვენ წინ კარგა ხანს, რომ არა ჩემი მეგობრის ინიციატივა, მის გაშვერილ ხელებს ხელი მოხვია… წამოყენებაში მეც დავეხმარე… და დაგვმორჩილდა. ადგა, გასწორდა და რიგი გაიარა. ვიგრძენი, რომ განა გაკვირვება–აღშფოთების გრძნობა დამეუფლა, არამედ ძალიან თანამედროვედ პოპტრივიალური – ტელეფონით მინდოდა ვიდეო გადამეღო, რათა ჩემი “ნეიროესთეტიკური შოკის” ავტორთა არსებობა  ასე დამედასტურებინა. სხვადასხვაგვარად შეიძლება არავის დაეჯერებინა. და ზუსტად ამ დროს გამახსენდა, რომ FIAF -ის (French Institute Alliance Francaise)  ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც გამართულ “10000 ჟესტის” პრემიერაზე გახლდით იმ დღეს და რომელიც ნიუ იორკის უნივერსიტეტის სახელოვნებო ცენტრში Skirball ტარდებოდა, ერქვა  “ხაზის გადაკვეთა”. წითელი ხაზი გადაიკვეთა და ჟესტების, რომელიც არასდროს განმეორდებოდა, ენერგია გინდ სპექტაკლის მერე ვერ და არ “გაცივილიზირებულიყო”, გინდ “თავებზე სიარულის” შემდეგ ბალანჩინის ესთეტიკისთვის მიემართა, ყველაფერი უკვე სულ ერთი იყო… ჩემ წინ მარტოსულმა და კოლექტიურმა სიკვდილმა თავისი ათიათასჟესტიანი, მაგრამ მაინც მონოტონური შოუ გამართა. უკნიდან “სკირბალის” წარმომადგენლის შენიშვნა მივიღე, რომ გადაღება არ შეიძლება. და ამ ადამიანის მადლობელიც ვარ, რადგანაც მისმა სიტყვებმა შემახსენა, რომ ისევ აქ და ამჟამად ვარ, ცოცხალი ადამიანებით გარშემორტყმული.

იყო მომენტები, როცა არ ვიცოდი გამეცინა, როგორც ჩემი აღქმის რაციონალიზაცია, თუ კვლავ სერიოზული სახით დავკვირვებოდი ამ ტურბულენტობის აქტორებს, რომლებიც, ალბათ, გ. იუნგის ამ სიტყვების ფანები იყვნენ: “მე მძულდა ტანვარჯიში. ვერ ვიტანდი, როცა სხვები მითითებდნენ, როგორ უნდა მემოძრავა”. პირველივე წუთებიდან ჩემი ფსიქიატრ–ფსიქოთერაპევტობის დროინდელი ცოდნა მოვიშველიე –  ამოყვირება, ცეკვა (მოძრაობითი თერაპია) არაცნობიერის ნაკადის განსხეულება, როგორც თერაპიული ტექნიკები, ბორის შარმაცმა, ალბათ, მიზანმიმართულად არც ისე არაეფექტურად გამოიყენა ანდა არც იცოდა, რომ იყენებდა. და ისევ, ასეთი შვება სიჩუმისგან. ამ შემთხვევაში – “ჟესტების” დასრულებისგან. ყველაფერი დამთავრდა და იმის განცდაც დამეუფლა, რომ ერთი საათი, რომელიც უსასრულოდ გაგრძელდა, ვიყავი ჯოჯოხეთის წრეების თუ სართულების მაყურებელიცა და უნებლიე მონაწილეც. ისიც ვიცოდი, რომ სილამაზემდე ასული იშვიათად “იდეალური”, ვაკჰანალური დისჰარმონია – აბსურდი ვნახე, ამიტომ ფეხზე ავდექი და ტაში დავუკარი სიხარულისგან, რომ ეს ყველაფერი დასრულდა და იმის გამოც, რომ მსახიობებმა ვირტუოზულად შესძლეს საკუთარი თავის, სხვების დავიწყებაც, რათა ენთუზიაზმით (ან – არ)  სხვა სუბსტანციად გარდაქმნილიყვნენ. “10000 ჟესტი” ეფემერული იყო, რადგანაც ავტორის ჩანაფიქრით არც ერთი მოძრაობა აღარასოდეს განმეორდება ანუ მთელი სპექტაკლი მსახიობთა სპონტანურობასა და ზღვარგადასულ კრეატიულობას იყო მინდობილი…  თითოეული ჟესტი კვდებოდა მაშინვე, როგორც კი დაიბადებოდა. ერთი წამის ან ნაკლების ინტერვალით.

თავიდან სახელწოდებაც საეჭვოდ მომეჩვენა – ვის ეცალა, ვინ დაითვლიდა ზუსტად 10000 ჟესტი იყო, მეტი თუ ნაკლები? ან საშუალოდ რამდენი ჟესტი მოდიოდა თითო შემსრულებელზე თუ მოცეკვავეებს შინაგანი კალკულატორი ჰქონდათ ჩართული და საკუთარ ათიათას მოძრაობას აღნუსხავდნენ. და შედიოდა თუ არა ამ სიაში აუდიტორიის რეაქცია, მათ შორის, ჩემიც ანდა აზრების გადაადგილება ანდა ამ დადგმაზე სტატიის დაწერა ან საერთოდ იქნებ და ეს არც იყო ქორეოგრაფია, არამედ  ყველასა და ყველაფრის სიმბოლური გაქრობის პროცესი?  აკი ამბობს კიდეც ამ ქარბორბალას ავტორი, რომ მისთვის ცეკვა  მხოლოდ აზრობრივი სივრცეა.

45 წლის მოცეკვავე  და ქორეოგრაფი ბორის შარმაცი  წარმოადგენს  საფრანგეთში 1990 – იანებში აღმოცენებული თანამედროვე ცეკვის Non Dance ქორეოგრაფიას, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ტრადიციული საბალეტო თეორია–პრაქტიკებისგან. პარიზის ოპერის საბალეტო სკოლის კურსდამთავრებულმა სწავლა ლიონის მუსიკისა და ცეკვის ეროვნულ კონსერვატორიაში განაგრძო და მერე თავად შექმნა საკუთარი კომპანია და “ცეკვის მუზეუმიც”, რომელიც თამამი ექსპერიმენტებისა და სხეულისადმი, ცეკვისადმი რადიკალურად განსხვავებული მიდგომით გამოირჩევა. ფრანგი არტისტი თვლის, რომ საჭიროა ახალი კონცეპტუალური საფუძვლების გამოგონება იმისთვის, რომ ხელოვნების გაგება შეიცვალოს.

სპექტაკლის ამერიკული პრემიერის შემდეგ, რომელიც, ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ ორმა ადამიანმა დატოვა, ქორეოგრაფის ასისტენტს მეგალი კაილეტ–გაჯანს ვკითხე დაუკითხავად შეხების თაობაზე,  რომ იმ ფონზე, როცა აშშ–ში არასასურველი ფიზიკური კონტაქტის გამო პოლიციამ შეიძლება დაგაპატიმროს და ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდე. მან მიპასუხა, რომ ესმის ამერიკული ღირებულებები და  თუ არ გინდოდათ შეხება, მსახიობისთვის ეს უნდა გეთქვათ ანდა სხეულის ენით დალაპარაკებოდით, მაგალითად, “არას” თქმა ხელების გადაჯვარედინებითო. გავიფიქრე, რომ გამოდის ისევ მე უნდა გამემრავლებინა ჟესტები და ბოსხის ალუზიების კიდევ ერთი პერსონაჟი გამხდარიყავი  ოღონდ ზეთის საღებავების გარეშე. მინდოდა მეთქვა, რომ მსახიობებთან ფიზიკურად შეხების პერსპექტივა მაყურებლებისთვის წინასწარ უნდა ყოფილიყო ცნობილი, როგორც, მაგალითად, სხვა აქაური თეატრების პროგრამა–ბუკლეტი–ვებგვერდი გვაფრთხილებს ხოლმე, მაგალითად, იმის შესახებ, რომ სცენაზე შიშველი სხეული იქნება. მაგრამ შარმაცის ასისტენტმა სიგარეტი თუ არ მოვწიე, მოვკვდებიო და გაგვეცალა… ეს ადამიანიც მუქ იისფერ კოსტუმში “ჟესტების” გაგრძელებად მომეჩვენა…

ბორის შარმაცი. ია მერკვილაძის ფოტო

“მილიტარისტული ფერების” მაისურში გამოწყობილი ბორის შარმაცმა პრემიერის შემდეგ განაცხადა, რომ ფრანგ მსახიობებს საკმაოდ დიდი პრობლემა შეექმნათ ამერიკული ვიზის მიღებისას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში არც ემიგრაციას აპირებდნენ და არც ტრამპთან შეხვედრას.

  როგორ დაიბადა 10000 ჟესტის შექმნის იდეა? – ვკითხე ქორეოგრაფს.

– რამდენიმე წლის წინ მე ნიუ იორკის “თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში” წარვადგინე ნამუშევარი, რომელიც 25 მოძრაობისგან შედგებოდა, რომელსაც 24 მსახიობი განუწყვეტლივ ასრულებდა. ჟესტები სხეულზე ცირკულირებდნენ, ოღონდ ერთი ჟესტი მაინც იყო “გაწონასწორებული”. მრავალი განუმეორებელი ჟესტის საშუალებით მოძრაობასა და უძრაობას, ცოცხალ სხეულსა და სკულპტურას, საავტორო ქორეოგრაფიასა და  კოლექტივს შორის არსებული დაძაბულობა ქრება. სწორედ მაშინ ვიფიქრე, ხომ არ შემექმნა ნამუშევარი, რომლის არც ერთი მოძრაობა არასოდეს განმეორდებოდა. ცხოვრებაშიც ასეა – როცა ამბობთ “ნახვამდის”, ამ სიტყვას ზუსტად იმდაგვარად ვერასოდეს გაიმეორებთ. დავიწყე ამაზე ფიქრი, დადგმის სტილიც მოვიაზრე  და ისიც, რომ არტისტებს წინასწარ არ შევეკითხებოდი თუ რას გააკეთებდნენ სცენაზე.

  • მოცეკვავეების ასეთი ხანგრძლივობით ღრიალი ძალიან უადგილოდ მომეჩვენა…

ყვირილი არაა შორს თეატრალური მოტივაციისგან. რატომ აყვირდნენ? ხმა ახლავს ტკივილს, სიხარულს, ჟესტებს და კიდევ ბევრი სხვა მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება ხმა ამოვიღოთ. ხმა ჩემს ჟესტებს ხილულს ხდის. ხანდახან მე ვიცინი, ხან ჩემი მეზობელი ტირის და ამავე დროს შეიძლება თქვა, რომ შენ შეგეხო ეს ყვირილი ან მოგბეზრდა ან საშინლად მოგეჩვენა ან სასაცილოდ.

  • რატომ იყო ამდენი ნატურალურად ნაჩვენები სექსის იმიტაცია?

სექსჟესტები ბევრი არ იყო. იყო პოლიტიკური ჟესტები, გააჩნია თქვენ რას ხედავდით. უბრალოდ, მათი ინტერპრეტაციები სხვადასხვა მიმართულებით შეიძლებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი