დეივიდ სატერი: რუსეთი თავის თავს ოკუპანტად კი არა, განმათავისუფლებლად თვლის

11 ნოემბერს პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასასრულის ასი წლისთავის  აღსანიშნავად მსოფლიოს ლიდერები, მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნების მთავარსარდლები შეიკრიბნენ. პუტინმა ჩვეულებისამებრ დაიგვიანა და ტრიუმფალურ თაღთან შეკრებილი მსოფლიოს პირველი პირები КГБ-ეს გენერალს კარგა ხანს მოთმინებით ელოდნენ. არც აშშ–ის და არც რუსეთის პრეზიდენტებს საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული ამერიკელი და რუსი ჯარისკაცების საფლავები არ მოუნახულებიათ.

11 ნოემბერი, პარიზი

აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტი თავად ეწვია ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყნის – ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარინ კნეისლის ქორწილს (ცხადია ყველაზე გვიან მივიდა და ქორწილი ამის გამო გაახანგრძლივეს), ქალს გაბედნიერება მიულოცა და იცეკვა კიდეც მასთან ერთად. პუტინმა ახალდაქორიწინებულს შესაგეგებელი პატივი იმიტომ მიაგო, რომ ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლის ფაქტის დადასტურების შემდეგ ავსტრიამ რუსი დიპლომატები არ გააძევა. თუმცა მას მერე, რაც ამას წინათ ავსტრიის გენშტაბში რუსეთის ჯაშუშის აღმოჩენის სკანდალი აგორდა, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთში ვიზიტი გააუქმა.

2017 წელს რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოელი ჟურნალისტების მუშაობის ადგილსა და მოღვაწეობის არეალს არეგულირებს. „გოსდუმამ“ 413 ხმითა და ერთი მოწინააღმდეგით მიიღო დადგენილება იმის თაობაზე, რომ „უცხოელ აგენტებად“ შერაცხულ მედიას  „გოსდუმის“ შენობაში შემოსვლის უფლება არა აქვს.  პირველები ამ „შავ სიაში“ ამერიკული მედია – „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“ აღმოჩნდნენ. გაცილებით ადრე, 2013–ში კი რუსეთმა პერსონა ნონ–გრატად გამოაცხადა ჰადსონის უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი დეივიდ სატერი, რომელიც წლების განმავლობაში სსრკ–ში/რუსეთში მუშაობდა და არაერთი წიგნის ავტორია, სადაც დაწვრილებით აღწერს როგორც რუსეთის იმპერიულ გეგმებს, ასევე  კრემლისა და კაგებეს როლს ომების (მათ შორის, ჩეჩნეთის) გაჩაღებასა და  საერთაშორისო დონის დესტრუქტივიზმში.

„ხუთი წელი რუსეთიდან გამოძევებული ვარ. ეს ჩემი სტატიების, წიგნების გამო მოხდა.  გადაწყვიტეს, რომ მათი მოთმინება ამოიწურა“ – ამბობს დეივიდ სატერი, – „ადრეც, სსრკ – შიც მქონდა პრობლემები, მაგრამ მუშაობა შემეძლო. ჰოდა, სწორედ დამოუკიდებელი რუსეთის პირობებში აღმოვჩნდი პირველი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთმა გააძევა.

  • თქვენი წიგნები – „სიგიჟის საუკუნე. საბჭოთა კავშირის დაშლა და დაცემა“  და „რაც ნაკლები იცი, მეტად უკეთესად გძინავს: რუსეთის გზა ტერორსა და დიქტატურისკენ ელცინისა და პუტინის დროს“ – ტექსტებია, რომელთა წაკითხვის შემდეგ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს წარმოდგენა, რომ რუსეთი ეს არის “მუდმივის დათვი”, რომელსაც უნდა ვეფეროთ, რომ არ გაგიჟდეს. თუნდაც ლომების არმია იყო.

არა, არ უნდა ვეფეროთ, პირიქით, უნდა დავუწესოთ შეზღუდვები, რათა რუსეთს ესმოდეს, რომ თუ იგი აგრესიულად მოიქცევა, შესაბამისი რეაქციაც იქნება.

დეივიდ სეტერის წიგნის გარეკანი

  • მიუხედავად წარუმატებელი „პერეგრუზკებისა“, სამიტები ვლადიმირ პუტინთან გრძელდება. რაზე უნდა შეთანხმდე მასთან, თუკი ყოველი “შეთანხმების” მერე ან ომია საქართველოსთან, ან სირიის კრიზისი ან ლიტვინენკო II. დასავლეთი რატომ ვერ ემშვიდობება რუსეთთან დაკავშირებულ ილუზიას?

წინასწარ შეუძლებელია რუსეთის ქმედების პროგნოზირება და თან ამ ქვეყანას აქვს ასეთი ჩვევა – თავისი ქცევით ყველას აკვირვებს. და თუ ის ნორმალურად მოექცევა მეზობელს, ცხადია, დასავლეთს არ ექნება სანქციების დაწესების მიზეზი. დასავლეთს არ შეუძლია წინასწარ იმოქმედოს, არამედ შეუძლია მხოლოდ წესის დარღვევას უპასუხოს. ადამიანებს ქცევის ასეთი წესი აქვთ – მათ თავიანთი ცხოვრების გაადვილება უნდათ: პრობლემა არსებობს, მაგრამ სინამდვილეში ისე იქცევიან, თითქოს იგი არ არსებობს. ასე ხომ უფრო ადვილია. ასე იქცევიან სახელმწიფოებიც,  არის ასეთი ტენდენცია. არადა ამავე დროს რუსეთი სხვათა თვალში თავის თავზე არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის. უნდა დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი ჰქონდეს, რომლის მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის თანასწორი წევრობა და აქედან სარგებელსაც იღებს. რუსები არ აღიარებენ იმას, რასაც რეალურად წარმოადგენენ.  დასავლეთშიც ბევრი თანახმაა შეეგუოს რუსეთის ამგვარ იმიჯს, თითქოს ესაა რეალობა. ასე ხომ უფრო ადვილია…

  • იანუკოვიჩი თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ამბობდა, რომ იგი რუსეთთან კარგ ურთიერთობებს აღადგენდა და ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგებიც იქვე დასრულდა. თან უკრაინამ შავი ზღვის ფლოტი რუსეთს დაუტოვა და ვიცით, როგორადაც განვითარდა მოვლენები. აგრესორისთვის მცირედი დათმობაც კი დამთმობისთვის მარცხით სრულდება…

აშშ-ს და დასავლეთის სხვა ქვეყნებს ბევრი საფიქრალი აქვთ და მათი თავის ტკივილი არაა მხოლოდ რუსეთი. მათ ნაწილობრივ არც უნდათ რუსეთზე ფიქრით დაკავდნენ, მათთვის მშვიდობა პრიორიტეტია, ურჩევნიათ იფიქრონ, რომ რუსეთი ისეთივე ქვეყანაა, როგორიც სხვა. ფიქრობენ, რომ მარგინალური პრობლემები არსებობს, მაგრამ ისინი თითქოს არაარსებითიაო. ცხადია, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკაა, მაგრამ ამგვარი დამოკიდებულება  რეალურად არსებობს.

ტრამპი და პუტინი. 11 ნოემბერი, პარიზი

  • ბოლო წლებში საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის, განსაკუთრებით შავი ზღვისთვის და გარდა ამისა, უძრავ ქონებასაც ყიდულობს. არადა წლების წინ არაერთი კვლევა აჩვენებდა, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ნომერ პირველ მტრად ასახელებდნენ. როგორ ახსნიდით ამ ფენომენს, როცა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეს, ასე ვთქვათ, „ოკუპანტის კონპლექსი“ არ აწუხებს. ოკუპირებულის „მასპინძლობაზე“ კი უკვე არც ღირს საუბარი…

ამ კითხვით საქართველოს მთავრობას უნდა მიმართოთ. რანაირადაა ეს შესაძლებელი, რა მოსაზრებებით, ვერ გეტყვით. საქმე იმაშია, რომ რუსეთი თავის თავს ოკუპანტად კი არა, განმათავისუფლებლად თვლის. ის, რომ რუსეთი თავის თავს დამპყრობლად არ აღიქვამს, ეს რუსული პროპაგანდის ნაწილიცაა, რომელიც ამას დღე და ღამ ტრანსლირებს, ცხადია, სახელწიფოს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიით. ამგვარად ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ,  რეალურად თუ როგორ მუშაობს პროპაგანდა.

  • ნიუ იორკში ხშირად შეხვდებით ადამიანებს სსრკ–ის სიმბოლიკით, იმ ქვეყნის სიმბოლიკით, რომელიც 65 მილიონი ადამიანი მოსპო. ადამიანებს ნამგალ–უროიანი მაისურები ისე აცვიათ, თითქოს ეს მუსიკალური ბენდის ლოგო იყოს. მაგრამ ქალაქი, პოლიცია, მედია მომენტალურად რეაგირებს კარებზე თუ საფლავზე დახატულ სტავისტიკაზე. ჰელოუინზე კი კუკლუს–კლანის ფორმაც მის მფლობელს დიდ პრობლემას შეუქმნის… რატომ  ასეთი  შერჩევითი დამოკიდებულება?

ეს იმიტომ ხდება, რომ სსრკ არაა იდენტიფიცირებული ამ დანაშაულებთან, რომელიც მან ჩაიდინა. თან ეს დანაშაულები ადრე იყო ჩადენილი, დღევანდელი ადამიანის ტვინში კი სსრკ არა ამ ძალადობასთან, არამედ სხვა სიმბოლოებთანაა დაკავშირებული. ამას ემატება ისიც, რომ ამერიკელებმა ძალიან ცოტა რამ იციან სსრკ–ის შესახებ. ვფიქრობ, რომ საბჭოთა სიმბოლოებით გატაცება არ ატარებს მასობრივ ხასიათს. იგი უფრო მარგინალური  ფენომენია, ვიდრე ტენდენცია.

  • როგორ ფიქრობთ, მაკქეინის გარდაცვალებასთან ერთად მისი ეპოქა დასრულდა? თან თითქოს ნიშანდობლივია, რომ თითქმის ერთ დროს წავიდნენ მაკქეინი, კობზონი და ვაინოვიჩი, სამი სრულიად განსხვავებული მოდუსი.

მაკქეინი კარგი ადამიანი იყო, რომელიც მსხვერპლებს თანაუგრძნობდა, რუსულ აგრესიას მკაცრად აკრიტიკებდა, მაგრამ ის არ იყო პრეზიდენტი. ახლა ტრამპია პრეზიდენტი და ვფიქრობ, რომ იგი რუსეთის მიმართ ჭკვიანურ ნაბიჯებს დგამს. მაკქეინსა და ტრამპს შორის დაპირისპირება კი უფრო პირადი ხასიათის იყო და ეს არ აისახებოდა რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე. რაც შეეხება ამ სამი ადამიანის წასვლას (სხვათა შორის, ვოინოვიჩს ვიცნობდი). ის ეპოქა, რომელსაც ისინი ეკუთვნოდნენ, სსრკ იყო და ეს ეპოქა დამთავრდა. მე მაინც მათ სიკვდილს, როგორც ისტორიული ცვილელების დასაწყისის თუ დასასრულის ინდიკატორს, არ განვიხილავდი.

  • რატომაც არა?

ისინი ძალიან განსახვავეული ადამიანები იყვნენ და მათი პოზიციები იმ ქვეყანას უკავშირდება, რომელიც უკვე აღარ არსებობს.

  • არსებობს, მაგალითად, ტაჯიკეთში, თურქმენეთში. რუსეთისგან კი ხომ ყოველთვისაა  სსრკ–ის აღდგენის მცდელობა.

იქ რაც არსებობს, ეს  სსრკ –ის სერიოზული გავლენაა, რომელიც გრძელდება. ადრე თუ გვიან პუტინის დანაშაულებებზე სიმართლე გაგონილი იქნება, ამ ქვეყნებს განვითარებაში დაეხმარება და იმედი მაქვს, რომ ეს უკეთესი ცვლილებების საწინდარი იქნება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი