თამუნა თათელაძის ილუსტრირებული სიზმრები

ნიუ იორკში, ჩელსიში, ოქტომბერ–ნოემბრის გასაყარზე ორსართულიან Van Der Plas Gallery – ში გაიმართა ჯგუფური გამოფენა Kunstfest-ი, რომელშიც ოცდაათი მხატვარი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო თბილისელი თამუნა თათელაძეც, რომელმაც წარადგინა შერეულ ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრები სერიიდან – „წარმოსახვითი სამყარო ჩვენს შიგნით“ (Imaginary World Within Us).

ეს ამ გალერეაში  ქართველი მხატვრის მესამე გამოფენაა. საქართველოში იგი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ გრაფიკ დიზაინერად მუშაობდა, სარეკლამო მასალასთან ერთად ძირითადად ქმნიდა ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნის ყდებს. ოთხი წლის განმავლობაში  თამუნა თათელაძის დიზაინით ასამდე წიგნის ყდა შეიქმნა, მათ შორის: აკა მორჩილაძის, ნანა ექვთიმიშვილის, მიშელ უელბეკის, მაქს ფრიშისა და სხვათა ნაწარმოებების.

გარეკანი: თამუნა თათელაძე

გარდა ამისა, თამუნა თანამშრომლობდა ვირტუალურ გამომცემლობა „ვირგამთან“, სადაც ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობდა და სადაც სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები ილუსტრირებულ წიგნებს აკეთებდნენ. ჯგუფთან ერთად მხატვარმა სამი წიგნის ილუსტრირებაში მიიღო მონაწილეობა. პირველი წიგნი იყო შარლ პეროს „წითელქუდა“, რომლის პერსონაჟებიც  მან ტანსაცმლის სარჭებისგან შექმნა და დაამზადა მარტივად ასაწყობი ტყის და ბებიის სახლის კონსტრუქცია, რის საშუალებითაც თამაშის დროს ბავშვს თავისი გემოვნების მიხედვით მაკეტის ინტერიერის შეცვლა შეეძლოთ. მეორე საბავშვო წიგნი იყო „როგორ გაჩნდნენ მთები“, ამ წიგნისთვის ტექსტი თავად მხატვარმა დაწერა. იდეა მესხეთში მოგზაურობისას გაუჩნდა. მესამე წიგნი კი საბავშვო არ იყო და იგი შიშებზე მოგვითხრობდა. „შიშებში“ ილუსტრირებულია სხვადასხვა ფობიები მხატვარი გაკვირვებული იყო თუ რამდენი  უცნაური ფობია არსებობს, რომლის შესახებაც მანამდე არც კი სმენოდა.

თამუნა თათელაძის ნამუშევარი

“ხელოვნებით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. ამიტომ ბევრი არ მიფიქრია, თუ სად უნდა ჩამებარებინა მომავალი პროფესიის დასაუფლებლად”, – მიყვება თამუნა, – “თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკული დიზაინის განხრით დავამთავრე, შემდეგ  კი  სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე მაგისტრატურაში (სარეკლამო გრაფიკა) ჩავაბარე.“

  • ნიუ იორკშიც გააგრძელეთ წიგნის ილუსტრირებაზე მუშაობა?

ნიუ იორკში 2015 წელს  მწვანე ბარათით ჩამოვედი და მას მერე საქართველოში ყოველ წელს ჩავდივარ. ჩამოსვლისთანავე მოკლე დროში მუშაობა ერთ-ერთ სტამბაში, გრაფიკ დიზაინერად დავიწყე და თითქმის ორი წელი იქ დავყავი. სწორედ აქ გამიტაცა მხატვრობამ. წელს საერთო ჯამში ნიუ იორკის სხვადასხვა გალერეებში უკვე შვიდი გამოფენა მქონდა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად მხატვრისთვის და განსაკუთრებით ემიგრანტისთვის, მსგავსი ტიპის ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობის მიღება. ასე ნიჭიერ მხატვრებს ეცნობი, ახალ კონტაქტებს ამყარებ, ერთმანეთს ადარებ საკუთარ და სხვა მხატვრების ნამუშევრებს. მინდა, რომ მომავალი წლიდან ჩემმა ნამუშევრებმა სხვა შტატებშიც იმოგზაუროს.

ძირითადად ვხატავ ტილოზე, აკრილის საღებავებით. ვცდილობ სულ ახლის ძიებაში ვიყო. მომწონს სხვადასხვა ტექნიკისა და მასალის მოსინჯვა. ვიყენებ მკვეთრ, მჟღერ ფერებს. სტილისტურად ჩემი ნამუშევრები უფრო პრიმიტივისტულ-სიურეალისტურია. ჩემთვის ინსპირაციაა ნიუ იორკის მეტრო და ქუჩაში ამდენი, ერთმანეთისგან ასე განსხვავებული ადამიანები. ვცდილობ მუზეუმებში ხშირად ვიარო. ფეხით სიარულის დროსაც საოცარ ენერგიას ვიღებ.

თამუნა თათელაძის ნამუშევარი

  • წიგნის ილუსტრატორი კარგი მკითხველიც უნდა იყოს, არა?

კითხვის დროს ავტორის მონათხრობი ვცდილობ ვიზუალურად წარმოვიდგინო, წიგნის მთავარი აქცენტები შევიგრძნო და შემდეგ ეს განწყობა ერთ კომპოზიციად ფურცელზე გადმოვიტანო. ეს ძალიან საინტერესო პროცესია.

  • თქვენი შთაგონების წყარო?

შთაგონებას ძირითადად სიზმრებიდან ვიღებ. გაღვიძებისთანავე ალბომში ჩანახატებს ვაკეთებ  და შემდეგ უკვე ტილოზე გადამაქვს. აქცენტს ვაკეთებ თვალებზე, როგორც ძლიერ სიმბოლოზე. ჩემი პერსონაჟები ფართოდ გახელილი თვალებით ცდილობენ დაინახონ ის, რაც ჩვენთვის უხილავია. ერთ-ერთი პირველი ნამუშევრის, „ჯადოსნური პლანეტა“ შესახებ გავიხსენებ. მახსოვს ახალი, თეთრკოპლებიანი ლურჯი კაბა მქონდა, რომელიც იმ დროს ძალიან მომწონდა. დამესიზმრა დაბურული ბაღი მაღალი ხეებით. ხეებს თავზე გვირგვინები ედგათ და ჩემი ლურჯი კაბა ეცვათ. ეს თეთრი კოპლები კი ვარსკვლავებივით ანათებდნენ. ჯადოსნური სანახაობა იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი