ჯორჯია ო’კიფის სინათლე და ჰავაის ყვავილები

“სიტყვის მნიშვნელობა ჩემთვის იგივე არაა, რაც ფერის. ფერი და ფორმა უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე – სიტყვა. როდის და სად დავიბადე და როგორ ვცხოვრობდი, ამას არა აქვს მნიშვნელობა. საინტერესო უნდა იყოს ის, თუ რა გავაკეთე იქ, სადაც ვიყავი” – წერდა ჯორჯია ო’კიფი. – “ჩემი პირველი მოგონება სინათლის სიკაშკაშეს უკავშირდება და ეს  სინათლე იყო ყველგან”.

შემოდგომის ნიუ იორკში, როცა ამ ქალაქის ბოტანიკური ბაღის მარადმწვანე და ფოთლოვან მცენარეებს სექტემბერ–ნოემბერი დაეტყო, ცნობილი ამერიკელი მხატვრის ჯორჯია ო’კიფის (1887-1986) ჰავაიური სიუჟეტების ყვავილოვანი ფერწერა ზაფხულის სინათლის ანარაკლებს დაემსგავსა. დიდი ვაშლის ქალაქის ჩემი პერსონალური სამოთხე (ოფიციალურად კი   “ბოტანიკურ ბაღად” წოდებული), სადაც უნიკალურ მცენარეებს შორის ჰავაიური წარმოშობის სიმწვანეც ბუდობს, სწორედ რომ ყველაზე ზუსტი ადგილი იყო ჯორჯია ო’კიფის ჰავაიური მოგზაურობიდან “ჩამოტანილი” ყვავილების გამოსაფენად. თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ბრონქსში, მისი ბეტონის ერთფეროვანი ნაგებობები არასოდეს დაგავიწყდებათ. და თუ ერთხელაც გინახავთ ო ‘კიფის ცათამბჯენური ფერწერა, კერძოდ კი “ღამის ქალაქი” ან “რადიატორის შენობა”, ბრონქსი სხვა პლანეტად მოგეჩვენებათ. ჩემში ნიუ იორკის ეს უბანი ვიზუალურად მიტოვებული მშენებლობის ასოციაციას იწვევს, ჰოდა, ჯორჯია ო’კიფის “ყვავილების ქვეყანა” (რომელიც მნახველებს მაისიდან ელოდებოდა)  მხატვარ ართურ დოუს აბსტრაქტული ხატვის ტექნიკის ზეგავლენით შესრულებული არა მარტო უჩვეულოდ, არამედ სხვა გალერეიდან შემთხვევით შემოსეირნებულ სტუმრებს უფრო ჰგავდა. ამას ყვავილების მხატვრის 45 შიშველი ფოტოგრაფიაც თუ დაერთვებოდა, სენსაციად შეიძლება – არა (1921 წელს ნიუ იორკში მათი ექსპოზიცია სენსაციად უკვე მოინათლა), მაგრამ ბრონქსის ისტორიაში სრულყოფილ ეგზოტიკად ნამდვილად დარჩებოდა.

„რადიატორი შენობა“

ჯორჯია ო’კიფს ჰავაის კუნძულები დიდად არასდროს აინტერესებდა და თან თვითმფრინავით მოგზაურობის ეშინოდა, მაგრამ როცა 1939 წელს მას უცნობ კუნძულზე სრული დაფინანსებით მუშაობა შესთავაზეს, დათანხმდა და ცხრა კვირა კუნძულოვან სამოთხეში გაატარა. იმ წელს  საკვების პროდუქტების კომპანია Dole ანანასების რეკლამას იწყებდა და მენეჯმენტმა წარმატებულ მხატვარს ჰავაიური ანანასის სარეკლამო გამოსახულება შეუკვეთა. შედეგად კი ამერიკის თანამედროვე ხელოვნების მუზემებში ო’კიფის მიერ დახატული ოცი “ყვავილოვანი ჰავაი” გაჩნდა. სხვათა შორის, ეს ნამუშევრები ნიუ იორკში ერთად დიდი ხანია არ გამოფენილა. ჰოდა, ბოტანიკურმა ბაღმა, რომელმაც ტრადიციად ცნობილი ადამიანების ნამუშევრების (მაგალითად, ფრიდა კალოს) კოლექციების მასპინძლობა დაამკვირდა, ამჯერად ჯორჯია ო’კიფის ნამუშევრები  ლუესთერ მეცის სახელობის ბიბლიოთეკაში წარადგინა. ეს შენობა მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი ბოტანიკური არქივიცაა, რომელიც ინახავს როგორც დარვინის ნამუშევრებს, ასევე შუა საუკუნეებისდროინდელ ჰერბარიუმებსაც.

პირველად ო’კიფის ჰავაიური კოლექცია მისი მეუღლის, ცნობილი ფოტოგრაფისა და მოდერნისტის, ნიუ იორკის გამორჩეული მეხოტბის, ალფრედ სტიგლიცის (1864-1946) გალერეა American Place-ში 1940 წელს გამოიფინა. აშშ–ში ევროპული სამხატვრო ტენდენციების ერთ–ერთი პირველი პრომოუტერი (მათ შორის, პიკასოს), კოლექციონერი, არტდილერი და წარმატებული არტისტი ალფრედ სტიგლიცი, ფაქტობრივად, მისი მუზის, ჯორჯია ო’კიფის აღმომჩენია და ეს მისი “ევრიკა” დაიწყო ფრაზით: “როგორც იქნა ქალის ნახატი ვნახე”. ისინი სტიგლიც სიკვდილამდე  ერთად იყვნენ და ამის შედეგი, გარდა ამ ორი ხელოვანის უნიკალური მემკვიდრეობისა, ნიუ მექსიკოს ქალაქ სანტა ფეში ჯორჯიის გარდაცვალების შემდეგ დაფუძნებული ო’კიფის მუზეუმიცაა (1997), რომელიც მხატვრის ოთხ ათასზე მეტ ნამუშევარს ინახავს, მათ შორის, იმათაც, რომელიც არტისტმა დაბრმავების შემდეგ შექმნა.

„ვარდისფერი ტიტა“

სანტა ფე, ეს სანახევრად უდაბნო, ო’კიფმა ინდიელების მისტიციზმის, ქარისგან მოგლეჯილი, მოხეტიალე ბუჩქებიან, ცხოველების მზეზე გამომხმარი ჩონჩხის “პორტრეტებიან” ქალაქად გაგვეცნო და უეცრად მხატვართა მექად გადაიქცა. ო ‘კიფი წერდა, რომ როცა პირველი ზაფხული ნიუ მექსიკოში გაატარა, გაუკვირდა, რომ იქ ძალიან ცოტა მცენარეები ნახა.

„ცხენის ქალა“

“იქ არ იყო წვიმა, ამიტომაც ყვავილებიც არ იყო. ძვლების პოვნა ძალიან ადვილი იყო, მე მათი შეგროვება  დავიწყე  და გადავწყვიტე, რომ სახლში დაბრუნებისას ძვლების კასრი წამეღო. როცა ლეიქ ჯორჯში ჩავედი, დავხატე ცხენის ქალა, მერე – ისევ ცხენის ქალა და მერე – ისევ ცხენის ქალა… ამარილოში ძროხა იმდენადაა ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, მე ძროხის გარეშე იგი ვერც კი წარმომიდგენია. როცა ვმუშაობდი, ვფიქრობდი იმ ქალაქელ კაცებზე, რომლებიც აღმოსავლეთში ვნახე. ისინი ხშირად საუბრობდნენ „დიდი“ ამერიკული ნოველის, ამერიკული პიესის, ამერიკული პოეზიის შესახებ. მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ისინი დიდი ამერიკული ნახატის შექმნისკენ ისწრაფვოდნენ. ატმოსფერი სეზანით იმდენად იყო გაჯერებული, ვფიქრობდი, რომ ოცნება „დიდ“ ამერიკულ ნახატზე არ ასრულდებოდა. ვიცოდი, რომ ამ „დიდ ტვინებს“ შორის ყველა ევროპაში იცხოვრებდა თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა. მათ ნიუ იორკში ცხოვრება არ უნდათ… ჰოდა, როცა ცისფერზე ძროხის ქალას ვხატავდი, ვფიქრობდი, რომ სწორედ მე შევქმენი „დიდი“ ამერიკული ნახატი…“

რამდენიმე წლის წინათ “მეტროპოლიტენ მუზეუმში” ყოფნისას  ჯორჯია ო’კიფის ნამუშევრები ვნახე, მათ შორის მხატვრის ადრეული შედევრი “შავი ირისი”  (1926), სანტა ფეში დახატული, რომელზეც მცენარე არანატურალურ სიდიდემდეა “გაზვიადებული” და ამგვარად მნახველს მცენარის სხეულის დეტალების დათვალიერება შეუძლია და იმის შემჩნევაც, რომ შავი ირისი სულაც არაა სრულიად შავი. იგი შავია, მოშავო, თეთრი, მოთეთრო, იისფერი, მოიისფერო. ო’კიფის ამ ნამუშევარმა თავიდანვე კრიტიკოსების საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა (ზოგადად კრიტიკოსები მის ხელოვნებას ყოველთვის დადებითად ან აღმატებულ ხარისხში აფასებდნენ), მაგრამ ბრონქსში მდებარე ბოტანიკურში იგი არ გამოუფენიათ. ცნობილია ისიც, რომ როცა ალფრედ სტიგლიცმა “შავი ირისი” პირველად ნახა, მისი ინოვაციურობისგან მცირედ შოკშიც კი ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი და ჯორჯია უკვე რვა წელი ერთად ცხოვრობდენ, დაქორწინებულებიც იყვნენ და სწორედ რომ სტიგლიცი იცნობდა ყველაზე კარგად ჯორჯიას ხელოვნებას და ძალიან აფასებდა.

„შავი ირისი“

პირველი გამოფენიდან თითქმის 80 წლის შემდეგ ნიუ იორკმა ბოტანიკურის ექსპოზიციაზე ო’კიფის 17 ჰავაიური სურათს უმასპინძლა. სხვათა შორის, წელს, გაზაფხულზე, მისი “იბისკუსი” “კრისტის” აუქციონზე 4,8 მილიონ დოლარად გაიყიდა,  ხოლო “თეთრი ყვავილი N1” „სოტბიზ“ – 44,4 მილიონად, 1928 წელს კი მისი კალა-ლილიების ექვსი ნამუშევარი 25 ათას დოლარად გაიყიდა. იმ დროისთვის ეს უდიდესი თანხა  იყო, რაც კი ოდესმე ცოცხალი ამერიკელი მხატვრისთვის გადაუხდიათ.

ალფრედ სტიგლიცი და ჯორჯია ო’კიფი

ო’კიფი ჰავაის ერთ – ერთ კუნძულზე, სახელად – მაიზე ცხოვრობდა და მისი შთაგონების ერთ–ერთი წყარო სანაპიროს ვულკანოვანი ლანდშაფტი იყო, სადაც ოკეანის ტალღები ლავას გაქვავებულ ნაკადებს ეხეთქება. მაიზე ჯორჯია მცენარე ბელადონათი დაინტერესდა, რომელიც მას 12 წლის გიდმა აღმოაჩენინა. ჯორჯია ამ ბიჭთან ერთად “ყვავილების ქვეყნის” კლდეებზე და მაღლობებზე უშიშრად დაძვრებოდა და თან ხატავდა.

საოცარი ისაა, რომ ჰავაიზე ყოფნისას ო’კიფმა ანანასს საერთოდ არ მიაქცია ყურადღება და როცა “პროდუქტის” შემკვეთებთან დაბრუნდა, მათ მხოლოდ ორი  მცენარე – ჰელოკონია და პაპაია შესთავაზა. ეს ხისებრი ბალახოვანი მცენარე  Dole -მ დაიწუნა, რადგანაც, ასე ვთქვათ, პაპაია კონკურენტი ფორმის საბრენდო ხილი იყო და როცა მხატვარი ნიუ იორკში დაბრუნდა, კომპანიამ Dole მას ანანასი გაუგზავნა, რათა ეს ძვირადღირებული სარეკლამო მოგზაურობის მიზეზი მხატვარს თავის ამერიკულ სტუდიაში მაინც დაეხატა. ო’კიფის სამივე ნამუშევარი მოქმედების “მთავარ გმირ” ანანასთან ერთად ბოტანიკური ბაღის ბიბლიოთეკაში გამოფინეს; ქვედა სართულზე კი მსურველებს შეეძლოთ ენახათ ფილმი, რომელიც, ფაქტობრივად, ჯორჯიას ჰავაიური დღიურებია, უფრო სწორედ, მეუღლესთვის მიწერილი წერილები; კინოსურათი მაშინდელ პრესაში ჯორჯიის ჰავაიური მოგზაურების ამსახველი მემატიანეცაა და, ასევე, იმ ცოცხალი მცენარეების გამოსახულებებია, რომელიც შემდეგ მხატვარმა, როგორც იტყვიან ხოლმე, ტილოზე უკვდავყო.

„პაპაიას ხე“

„არინ ადამიანები, რომლებიც მე ფორმებს მაჩვენებენ; არიან ადამიანები, რომლებიც მიყვარს, მაგრამ არაფერს მაჩვენებენ. მე დავხატე პორტრეტები, რომელიც ჩემთვის თითქმის ფოტოგრაფიულია. მახსოვს როგორ მერიდებოდა მეჩვენებინა ეს ნახატები, რადგანაც ისინი ძალიან რეალისტური იყო. არადა ეს ნახატები სამყაროში მოხვდა, როგორც აბსტრაქციები, მაგრამ ვერავინ ხედავს თუ რანი არიან. ის, რაც მაგრძნობინებს, რომ სამყარო ჩემი გაგებისგან ძალიან შორსაა (და ჩემთვის ბუნებაში წარმოუდგენელი რამაც არის) იმის გაცნობიერებაა, თუ როგორ მიეცემა ყველაფერს ფორმა  და ამავე დროს საოცარი რამაა იპოვო  უსასრულობის გრძნობა  ჰირიზონტის ხაზზე  ანდა შემდეგი მწვერვალის ზევით” – ფორმის აღნიშვნისას, ჯორჯია ო’კიფი არ შემცდარა. ჯუდი ჩიკაგოს “ვახშმის წვეულებას” – ფემინისტური კონცეპტუალური სიმბოლოს – 39 ყვავილის ფორმის საშოს “საიდუმლო სერობასაც” უწოდებენ და რომელიც, როგორც ცნობილია, ჯორჯია ო’კიფის ეროტიული ყვავილებით იყო ნაკარნახები. ჯორჯია ცნობილი იაპონელი არტისტის იაიოი კუსამას შთამაგონებელიც იყო. იაპონიაში ცხოვრებისას ერთხელ მას ხელში ჯორჯია ო’კიფის ნამუშევრების ალბომი ჩაუვარდა და მხატვარს მაშინვე მისწერა. ჯორჯიამ უპასუხა და სწორედ ამერიკელი არტისტის წერილი იყო კუსამასთვის აშშ–ში ჩამოსვლისა და სახელოვნებო კარიერის გაგრძელების მოტივატორი.

„ანანასი“

ყვავილებისა და თავის ქალების სამხატვრო კოლექციის შეგროვებისას ჯორჯია ო’კიფს, ცხადია, მის მიერ “აღმოჩენილი” მცენარეების წარმომავლობის შესასწავლად არ ეცალა.  არადა არც ერთი “ჰავაიური მცენარე”, რომელიც მან დახატა, ჰავაიზე არ დაბადებულა და, საერთოდაც, იქაური ფლორის (1200-ზე მეტი მცენარე) 90 პროცენტი ენდემური არ არის. ანანასი, ჰიბიკუსი და სხვები ან პოლიზიელების ნავებს დაემგზავრნენ ან კაპიტანმა კუკმა, რომელმაც ჰავაი აღმოაჩინა, დასავლეთიდან შეიტანა. სამაგიეროდ ბოტანიკური ბაღის ენიდ ა. ჰაუპტის კონსერვატორიაში (ინგლისურად ეს სიტყვა შემინულ, მინისჭიერიან სახლს – იგივე “მწვანე სახლს” ნიშნავს) სამასამდე ველური და კულტივირებული ჰავაიური მცენარე ბუდობს, რომელთა შოურუმის გამართვაზე თავის დროზე იზრუნეს ბაღის ვიცე – პრეზიდენტმა ფრანცისკა კოელომ და ტონის ჯილდოს მფლობელმა დიზაინერმა სკოტ პესკომ.

ჰავაიური სივრცე ნიუ იორკში, ბოტანიკურ ბაღში, მნიშვნელოვანია არა მარტო ჰავაიური მიწის კულტურის წარმოსაჩენად, არამედ იმითაც, რომ ბოტანიკური ბაღი ამ მცენარეების შესახებ გვატყობინებს – მათ ჰავაიზე გაქრობის საშიშროება ემუქრებათ.  ბაღში ნაცნობი ბინადარნიც შემხვდნენ: ანანასი, ბანანი, შაქრის ჭარხალი და პაპაია. უცნობ ტროპიკულებს კი რა ჩამოთვლის. უბრალოდ, მხოლოდ ის განცდა მახსოვს, რომ მათი სახელები  ყვავილებზე ნაკლებად ლამაზი სულაც არ იყო.

ჯორჯია წერდა: “ყველას აქვს უამრავი ასოციაცია ყვავილებთან – ყვავილის იდეასთან. შენ ეხები ყვავილებს – ყნოსავ, ხანდახან ტუჩებით ეხები დიდი დაფიქრების გარეშე – ან ჩუქნი მათ ვინმეს, რომ ასიამოვნო. მაგრამ ვერავინ ხედავს ყვავილს, რადგანაც ის ისეთი პატარაა, ჩვენ კი არა გვაქვს დრო, რომ დავაკვირდეთ იმგვარად, როგორადაც მეგობარს სჭირდება დროის დათმობა. მე რომ შემეძლოს დავხატო ზუსტად ისე, როგორც მე ვხედავ, ვერავინ დაინახავს იმას, რასაც მე ვხედავ, რადგანაც ყვავილს დავხატავდი პატარად, ისეთად, როგორიცაა – პატარა. ამიტომ მე ვუთხარი ჩემ თავს – დავხატავ იმას, თუ რაა ყვავილი ჩემთვის. ამიტომ მას დიდად დავხატავ და მნახველთათვის  მოულოდნელი იქნება  ის დრო, რასაც ისინი მის დათვალიერებაზე დახარჯავენ – მე  ნიუ იორკელებსაც კი დავასაქმებ იმით, რომ ისინი ყვავილებს  უკვე ისე დაინახავენ, როგორადაც მე ვხედავ მათ”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი