„ჯულიარდის“ ქართველი სტუდენტი

წლის ბოლოს ნიუ იორკის მთავარ სამუსიკო სასწავლებელში, “ჯულიარდში” გამართულ ერთერთ კონცერტზე ქართველი სტუდენტის მიერ შესრულებული ჰაიდნის, შოპენისა და მუსორგსკის ნაწარმოებები ჟღერდა. თბილისის “ქართული სასწავლებლის” და ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებულმა სალომე ჟორდანიამ ჯერ კიდევ შვიდი წლის ასაკიდან იცოდა, თუ რა პროფესია უნდა აერჩია და როგორც თავად ამბობს, ეს გარკვეულად მისი ოჯახის მუსიკალური ტრადიციების დამსახურებაცაა. ზუსტად ამ ასაკიდან იგი საშემსრულებლო კარიერასაც იწყებს.

“სწორედ მიქელაძის სკოლის დირექციის და პირადად დირექტორის, გია ქორქაძის დამსახურება იყო, რომ ბავშვები ყოველ წელს ორკესტრთან ერთად, მინიმუმ, ერთხელ მაინც ვუკრავდით, ძირითადად მამაჩემის, გიორგი ჟორდანიას დირიჟორობით. ეს გამოცდილება თავიდანვე ჩემთვის დიდი ფუფუნება იყო” – ამბობს სალომე ჟორდანია.

სალომე ჟორდანია: პირველად 13 წლის ასაკში ჩემი შესრულებით ბეთჰოვენის პირველი კონცერტის ჩანაწერი აშშ–ში გავაგზავნეთ და მალევე მიმიწვიეს. 2011 წელს კალიფორნიაში, ქალაქ სან ლუის ობისპოში სოლო კონცერტზე დავუკარი მოცარტის ორმაგი კონცერტი კენტ ნაგანოსთან ერთად, შემდგომ კი – ტენესიში ქ. ჩატანუგაში ტენესის უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – აქ უკვე შუმანის კონცერტი მამასთან ერთად შევასრულე. მამასთან ერთად კონცერტი მქონდა უკრაინაშიც, ხარკოვის ფილარმონიულ ორკესტრთან და სომხეთის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთადაც (დირიჟორი ჰ. არზუმანიანი). 2015 წელს კი, სასწავლებლის დამთავრების მერე, სწავლის გაგრძელება ნიუ იორკში, კერძოდ კი, “ჯულიარდში” გადავწყვიტე.

რატომჯულიარდი“?

„ჯულიარდი“ მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო სასწავლებლად ითვლება და, საბედნიეროდ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების საფუძველზე 50-პროცენტიანი გრანტით იქ ჩავირიცხე. მაშინ 18 წლის ვიყავი. აქვე დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ დანარჩენ თანხას საქართველოს კულტურის სამინისტრო მიხდის.

“ჯულიარდში” სწავლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მიხარია, რომ აქაც ძალიან კარგი პედაგოგი, ჯულიან მარტინი შემხვდა. გარემო, რასაკვირველია, რთულია და მოთხოვნებიც მკაცრია, მაგრამ “ჯულიარდის” დატვირთულ რეჟიმს მალევე შევეგუე და ვფიქრობ, რომ ამგვარი გამოცდილება არა მხოლოდ ყველა მუსიკოსისთვის, არამედ ზოგადად ხელოვანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარ სასწავლებელში სტუდენტს თავიდანვე ამზადებენ იმ სირთულეებისათვის, რასაც იგი პროფესიული კარიერის განმავლობაში შეხვდება. “ჯულიარდში” ჩემამდე რამდენიმე ქართველი სტუდენტი სწავლობდა. ჩემთან ერთად მაგისტრატურაზე ჩააბარა ნატალია ქუთათელაძემაც, რომელმაც შარშან უკვე დაამთავრა. დღესდღეობით საქართველოდან მხოლოდ მე ვარ და წელს ბაკალავრიატს მეც ვამთავრებ.

არ გქონდათ შანსი სხვა პროფესია აგერჩიათ?

მუსიკა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების უდიდესი ნაწილი იყო. სამი წლის რომ ვიყავი, მამა სიმღერებს გიტარის თანხლებით მასწავლიდა და მალევე აღმოაჩინეს, რომ კარგი სმენა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსებთან გავიზარდე, არავის არასდროს ჩემთვის სამუსიკო სასწავლებელში სწავლა არ დაუძალებია. ეს ჩემი დიდი სურვილი იყო, რაც ალბათ, იმ დიდი გავლენის შედეგი იყო, რომელიც მამასა და ბაბუაჩემის, ვახტან ჟორდანიას კონცერტებზე ბავშვობიდან სიარულმა გამოიწვია. თუმცა, ოჯახის გავლენის მიუხედავად, ფორტეპიანოსადმი განსაკუთრებული სიყვარული მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ჩემი პედაგოგი ნატალია ნაცვლიშვილი გახდა. უაღრესად გამიმართლა, რომ ჩემი სპეციალობის პედაგოგი პირველივე კლასიდან (სასწავლებელში ყოფნის 12 წლის განმავლობაში და ახლაც) ეს ბრწყინვალე მუსიკოსი და პიროვნებაა; ადამიანი, რომელთანაც სისტემატიური ურთიერთობა ინტერნეტის საშუალებით დღემდე მაქვს და მისგან ყოველთვის რაღაც ახალს ვსწავლობ, როგორც პროფესიულად, ისევე – პიროვნულად.

რითია გამორჩეული “ჯულიარდში” სწავლა და ქართველი სტუდენტებისთვის რა იქნებოდა საინტერესო?

ცნობილია, რომ “ჯულიარდში” სწავლა ძალიან მაღალ დონეზეა – სპეციალობის და მუსიკალური საგნების გარდა, გვაქვს ჰუმანიტარული საგნებიც: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ეთიკა, პოლიტიკა, ხელოვნების სხვადასხვა დარგები, აკადემიური წერა და სხვა. ზოგადად მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მუსიკოსის ზოგად განვითარებასაც მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ვინაიდან ვთვლი, რომ ინტელექტი შესრულებაში ყოველთვის ჩანს.

ვერ გეტყვით ამჟამად თბილისის კონსერვატორიაში როგორი პროგრამით მიმდინარეობს სწავლა, მაგრამ ჩემი მხრიდან შევეცდები ის საუკეთესო ჩამოვთვალო, რაც აქ ისწავლება და ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს ყველასთვის. აქ სწავლა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. მაგალითისთვის ვიტყოდი, რომ გვაქვს სხვადასხვა სახის ერთობლივი ნამუშევრები მსახიობებთან, მოცეკვავეებთან – პერიოდულად კი ერთობლივ კონცერტებსაც ვმართავთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, აკადემიურ წერას დიდი ყურადღება ექცევა: მაგალითად, გვიშვებენ სხვადასხვა კონცერტზე, სიმფონიურსა თუ საოპერო წარმოდგენაზე და მერე გვთხოვენ ანალიზს და კრიტიკული სტატიის მომზადებას, თან ისე, როგორც ამას მუსიკათმცოდნე გააკეთებდა.

ცალკე საგნად გავიარეთ „ფურცლიდან კითხვის ტექნიკა“, ასევე ვსწავლობთ საგანს „კომპოზიციას“. მართალია არ ვართ და არ ვაპირებთ კომპოზიტორობას, მაგრამ საკმაოდ კარგად გვასწავლიან კომპოზიციის სხვადასხვა ასპექტებს. ხშირად გვიწევს მუსიკის წერა სხვადასხვა სტილში და სხვადასხვა ინსტრუმენტებისა თუ ანსამბლებისათვის, რაც თავისთავად საკმაოდ საინტერესო პროცესია.

ასევე ცალკე საგნად გავდივართ „იმპროვიზაციას“. ვთვლი, რომ ეს ნებისმიერი ხელოვანისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან სცენაზე ცოცხალი შესრულების დროს გარკვეული დოზით იმპროვიზაცია გარდაუვალია და, ცხადია, სასურველიც. ბოლო დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სცენიდან ხალხთან ურთიერთობას, მათთან საუბარს. საბოლოო ე.წ სადიპლომო სოლო კონცერტის ჩატარების დროს ვალდებული ვართ დარბაზს სიტყვითაც მივმართოთ და მიუხედავად დაბეჭდილი პროგრამის არსებობისა, შენი ინდივიდუალური განცდა მაყურებელს უნდა გაუზიარო, რაშიც ცალკე შეფასებას გიწერენ. ძალიან მნიშვნელოვნად თვლიან იმას, რომ სტუდენტები დადიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან სხვადასხვა დაწესებულებაში თუ მოხუცებულთა თავშესაფრებში, ესაუბრებიან და მათთვის საქველმოქმედო კონცერტებს მართავენ. ეს არა მარტო პროფესიული, არამედ ეთიკური აღზრდისათვისაც კეთდება და მხოლოდ მისასალმებელია. ალბათ, ვერც კი დავითვლი წლის განმავლობაში რამდენი ასეთი კონცერტი ჩავატარე.

რომელი კომპოზიტორი შეგისრბიათ ყველაზე ხშირად?ჯულიარდში” თქვენ პროგრამაში ქართველი კომპოზიტორები არიან?

ბევრი კომპოზიტორი მიყვარს და გამიჭირდებოდა რომელიმეს გამოყოფა. ალბათ, როგორც ყველას, მაქვს პერიოდები, როცა რომელიმე ნაწარმოებით ვარ გატაცებული და მასზე ბევრს ვმუშაობ. ბავშვობაში საკმაოდ დიდი რეპერტუარი გავიარე ნატა მასწავლებელთან ერთად და აღმოვაჩინე, რომ შუმანის საკმაოდ ბევრი ნაწარმოები დამგროვებია. ჩემთვის მისი ესთეტიკა ყოველთვის ყველაზე ახლოს იყო. დღესაც კი ვსწავლობ მის „ფანტაზიას“, რომელსაც “ჯულიარდში” გაზაფხულზე შევასრულებ. შუმანის გარდა ამჟამად ჩემთვის ახლა ყველაზე „ახლობელი“ ლისტის “სონატა სი მინორია”, რომელზეც დიდი ხანი ვიმუშავე და ამერიკასა და ისრაელში გამართულ რამდენიმე სოლო კონცერტზე შევასრულე. დიდი სურვილი მაქვს იგი თბილისშიც დავუკრა. რაც შეეხება ქართულ მუსიკას, ცხადია, რამდენიმე ნაწარმოები შევასრულე და მომავალში მეტსაც ვაპირებ – სურვილი დიდი მაქვს და დროც, იმედია, მეტი მექნება.

როგორი იყო თქვენთვის 2018 წელი და სამომავლოდ რას გეგმავთ?

2018 საკმაოდ პროდუქტიული წელი იყო, „წვრილ-წვრილ“კონცერტებსა და ანსამბლებს თუ არ ჩავთვლით, იყო რვა სოლო კონცერტი ტექსასში, კონექტიკუტში, ნიუ იორკში და ასევე – მექსიკაში, სადაც სოლო კონცერტის გარდა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის კონცერტი დავუკარი. ამასთანავე ჩვენი სკოლის პროგრამის ფარგლებში არაერთი კონცერტი მქონდა როგორც სოლო, ასევე კამერული და ორკესტრთან ერთადაც, რაც ძალიან მახარებს. სამომავლოდაც დიდი გეგმა მაქვს: წელსვე ვაპირებ მაგისტრატურაზე ჩავაბარო, რამდენიმე კონკურსში მივიღო მონაწილეობა და ა.შ. კონცერტების გამართვას ვაპირებ არა მარტო ამერიკაში, არამედ – თბილისშიც, სადაც თითქმის ორი წელია მსმენელის წინაშე არ წარვმსდგარვარ. სოლო კონცერტის გამართვას მოუთმენლად ველი, ოღონდ ვერ გეტყვით რომელ დარბაზში, რადგან საბოლოო თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი