ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

პუჩინის “ტრიპტიხი” და დომინგოს ნომერ პირველები

პუჩინის “ტრიპტიხი” და დომინგოს ნომერ პირველები

ქარიან, სუსხიან და გრძელი ღამეების ზამთრის ნიუ იორკში არაფერი არ გიქმნის ისეთ ზეიმს, რომელიც იშვიათად შენთანაა, როგორც “მეტროპოლიტენ ოპერა ჰაუსი”, რომელსაც პლასიდო დომინგო “ნომერ პირველ სახლს” უწოდებს. მისი უნიკალური სასცენო დეკორაციები, რომლის დიზაინ–არქიტექტურა ესთეტიურ შოკში გაგდებს, პირველ წუთებში მომღერლებსაც გავიწყებს და, ცხადია, წინა სავარძლის ზურგზე მბჟუტავი ინგლისურენოვანი თარგმანის წაკითხვაც გავიწყდება. და, რასაკვირველია, ტენორებისა თუ სოპრანოების ხავერდოვანი ტემბრი. ცხადია, ბარიტონებისაც და სხვებისაც. მაქსიმალურ სრულყოფილებას კი პუჩინის მუსიკა სჭირდება და იმ საღამოს იგი ჯაკომოს “ტრიპტიხით” იყო წარმოდგენილი: “მოსასხამი”, “მონაზონი ანჟელიკა”, “ჯანი სკიკი” (დირიჟორი ბერტრან დე ბილი) და მსოფლიო ვარსკვლავები მთავარ როლებში: გიორგი გაგნიძე, ამბერ ვაგნერი, კრისტინე ოპოლაისი , სტეფანი ბლითი და… პლასიდო დომინგო.

ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1918 ის 14 დეკემბერს  სწორედ ამ სცენაზე  შედგა ამ სამი ერთაქტიანი ოპერის მსოფლიო პრემიერა (დირიჟორი რობერტო მორანზონი) და ის საღამო ნიუ იორკის მთავარ კულტურულ მოვლენად მოინათლა.

„მოსასხამი“, გიორგი გაგნიძე

ასი წლის წინათ პუჩინი (1858–1924)  “ტრიპტიხის” ნიუ იორკულ პრემიერას თავად ვერ დაესწრო, რადგანაც მაშინ აშშ–ში მოქმედებდა საომარი დროის კანონი, ამერიკული პასპორტის გარეშე მოგზაურობა იკრძალებოდა და ისედაც, ტრანსპორტირება დიდ პრობლემას წარმოადგენდა. პრემიერა კლაუდიო მუზიოს (“მოსასხამი”), ჯერალდინა ფარერის (“მონაზონი ანჟელიკა”), ჯუზეპე დე ლუკასა და ფლორენს ისტონის (“ჯანი სკიკი”) მონაწილეობით “მეტოპერას” ძალიან ძვირი დაუჯდა და ამიტომ ოპერის დირექტორატმა პუჩინის ადრეულ ჰიტებთან შედარებით იგი სარისკო პროექტად მიიჩნია. 1926 წელს კი ყველაზე პოპულარულმა “ჯანი სკიკიმ” თავისი ორი “დედ–მამიშვილისგან” დამოუკიდებელი მოგზაურობა დაიწყო, მისი მეწყვილე კი  ლეონკავალოს “ჯამბაზები” გახდა. წლები გადის და “მოსასხამი” ნიუ იორკის სცენაზე მხოლოდ 1975 წელს ჩნდება. 2009 – ში კი “ტრიპტიხის” სამივე ოპერაში ერთი და იგივე სოპრანო მღერის, რაც, უდაოდ, მომღერლისთვის დიდი დატვირთვაა სამივე “ნოველის” ძალიან განსხვავებული შინაარსის, მოდუსისა და ტემპერამენტის გამო. 2009-ში ამ სამმაგ “წნეხს” შესანიშნავად გაართვა თავი მეცო – სოპრანომ სტეფანი ბლითიმ, რომლის მიერ ორი წლის წინათ “კარნეგი ჰოლში” გამართულ სოლო კონცერტზე ჟაკ ბრელის Ne Me Quitte Pas -ის („არ მიმატოვო“) აბსოლუტურად მეტყველებისწამრთმევი შესრულება სამუდამოდ დამამახსოვრდა. მეტსაც ვიტყვი, ჩემი აზრით, ამ ფრანგული კლასიკის (რომელსაც თავად ბრელი “ლაჩრების ჰიმნს” და არა “სიყვარულის ჰიმნს”  უწოდებდა) ყველაზე ზუსტი, ასე ვთქვათ, კონტექსტუალური შესრულება სწორედ საოპერო მომღერალმა შესძლო და კიდევ ერთხელ დაარღვია ის სტერეოტიპი, რომ ოპერის მომღერალი მხოლოდ არიებს უნდა მღეროდეს. 2018-ში კი სტეფანი ბლითი საიუბილეო “მონაზონ ანჟელიკასა” და  “ჯანი სკიკის” ეპიზოდურ როლებში მონაწილეობდა.  ერთი სიტყვით, იმ დღეს “მეტოპერაში” დავესწარი “მოსასხამის” 83–ე წარმოდგენას, “მონაზონი ანჟელიკას” – 77–ეს და “ჯანი სკიკის” –141–ეს.

1918 წლის ზაფხულში “მეტოპერის” დირიჟორი მორანზონი რომში გაემგზავრა, რათა “მოსასხამის” მსოფლიო პრემიერას დასწრებოდა, მაგრამ ომის გამო სპექტაკლის წარდგენა გაუქმდა. თუმცა მორანზონი და პუჩინი ქალაქ ვიარაჯიოში მაინც შეხვდნენ ერთმანეთს. პუჩინიმ სტუმართან ერთად თავისი მუსიკა დაუკრა, მორანზონიმ კი ჯაკომოს ასწავლა ამერიკული საყოველთაო გატაცება, ჯ. კოჰანის პატრიოტული სიმღერა “იქ” (1917), რომელსაც აშშ–ის ჯარი ორივე მსოფლიო ომის დროს მღეროდა. პუჩინის მოთხოვნა იყო, რომ ეს სამი ოპერა სცენაზე ყოველთვის ერთად წარედგინათ და “მეტოპერამაც” ორი სეზონის განმავლობაში კომპოზიტორის მოთხოვნას მისდია, მაგრამ თეატრები ხანდახან ცოცხალი კლასიკოსების მოსაზრებებს არ ითვალისწინებდნენ და ამიტომ “ტრიპტიხის” ნაწილები მალევე “დაიფანტნენ”.

ვერისტული (ეს ტერმინი დოკუმენტურ, სოციალურ დრამადაც შეიძლება განიმარტოს) ოპერა “მოსასხამი” (ჯუზეპე ადამის ლიბრეტო) ბარჟაზე განვითარებული ტრაგედიაა და იგი ფრანგი ღარიბი მშრომელების ნაცრისფერი ყოველდღიურობის ჩვენებით იწყება. 1910 წელია, პარიზის გარეუბანში მდინარე სენაზე დგას სატვირთო ხომალდი, რომელსაც მისი პატრონის, მიგელეს (გიორგი გაგნიძე) ცოლის, ჟორჟეტას (ამბერ ვაგნერი) სახელი ჰქვია. ქალს აღარ უყვარს ქმარი მას მერე, რაც მათი შვილი გარდაიცვალა… ჟორჟეტას ჰყავს საყვარელი, პორტის მტვირთავი ლუიჯი (მარსელო ალვარესი) და მას ხვდება, როცა მეუღლე დაღლილობისგან იძინებს. ეჭვიანი ქმარი ცოლის გულგრილობის მიზეზის ახსნას ითხოვს, მაგრამ ამაოდ… ერთხელაც ბანალური გაუგებრობის გამო ქალთან “გამოძახებულ” საყვარელს ხელში მიგელე შერჩება, რომელიც მას შეიპყრობს, ახრჩობს და სთავაზობს, თუ ის ჟორჟეტას საყვარლობას აღიარებს, არ მოკლავს. ლუიჯი აღიარებს, მაგრამ მიგელე მას მაინც კლავს და სხეულს თავის დიდ, შავ მოსასხამს აფარებს… ხმაურზე ჟორჟეტა გემბანზე გამოდის, ახსენებს ქმარს, რომ ერთხელ საუბრისას მან თქვა, რომ “ზოგი ადამიანი მოსასხამის ქვეშ სიხარულს მალავს, ზოგი – სევდას. “ხანდახან კი მოსასხამის ქვეშ დანაშაული იფარება!” – შესძახებს მიგელე, მოსასხამს მოიძრობს და გაოგნებულ ცოლს საყვარლის გვამზე დააგდებს.

ჩემ ცხოვრებაში, მგონი, ოპერაზე სულ ხუთჯერ ვიტირე და ხუთივეჯერ ეს “მეტოპერის” ბრალი იყო. და ახლაც…

„მოსასხამი“, გიორგი გაგნიძე

“მონაზონი ანჟელიკას” (ლიბრეტო ჯიოვაკინო ფორზანო) მოქმედება XVII საუკუნის იტალიაში ხდება. მდიდარი ოჯახის წევრს ანჟელიკას (ქრისტინე ოპოლაისი), რომელსაც “უკანონო შვილი”, ბიჭი გაუჩნდება, მონასტერში გაამწესებენ. შვიდი წლის შემდეგ მისი  დეიდა, ჰერცოგის ასული მონასტერში მოდის, რათა ნათესავს მემკვიდრეობაზე უარი ათქმევინოს და თან შვილის გარდაცვალება შეატყობინოს. თავზარდაცემული დედა საწამლავს სვამს, წინასასიკვდილო ზმანებაში კი თეთრებში გამოწყობილი ბავშვი ელანდება, ეჩვენება, რომ მადონამ მას სანატრელი შვილი დაუბრუნა… ეს სცენა, ალბათ, ყველაზე სევდიანი, სასოწარკვეთილი, ტრაგიკული და, როგორც იტყვიან, ძალიან სტრესული ეპიზოდია რაც კი რამ  საოპერო სცენაზე მინახავს. ბავშვის სიკვდილის ალუზორულ ჩვენებაზეც კი ერთგვარი ტაბუა სცენაზე… აქ კი ტრაგიზმი ისეთი სწორხაზოვნებითა და ამავე დროს – მეტაფორულადაა ნაჩვენები, რომ ოდნავ უწყრები კიდეც ავტორებს ამდაგვარი  დაუნდობლობისთვის. თეთრი მონასტერი, თეთრსამოსიანი მონაზვნები, თეთრებში ბავშვი, რომელიც დედას უახლოვდება და არია Senza Mamma (“დედის გარეშე”) … “ჩემი კოცნის გარეშე შენი ტუჩები გაფითრდება და გაიყინება… ახლა შენ სამოთხის ანგელოზი ხარ და ახლა შეგიძლია შენი დედა დაინახო. დამელაპარაკე, ჩემო საყვარელო…”

“მონაზონი ანჟელიკა” – ქრისტინე ოპოლაისი

თუ პირველ ორ ოპერაში გარდაცვლილი ბავშვები ფიგურირებენ, მესამეში – მოხუცი, ოღონდ “ტრიპტიხის” ამ ნაწილში მოქმედება არა ტრაგიკულ, არამედ კომედიურ ჟანრში ვითარდება. ამბობენ, რომ “ჯანი სკიკის” (ლიბრეტო ჯიოვაკინო ფორზანო) ამბავი ფლორენციაში მართლაც მოხდა, ზუსტ წელსაც უთითებენ – 1299 და მოქმედებაც ზუსტად ისე ვითარდებოდა, როგორც სცენარშია. იგი დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” ერთ–ერთი თავის, “ჯოჯოხეთის” მოტივებზეა დაწერილი. მდიდარი ბიძა ბუოზო დონატი კვდება. მისი საწოლის გარშემო შემოკრებილი ღარიბი ნათესავები პოულობენ ანდერძს, რომელშიც ეს კაცი მთელს თავის ქონებას ბერებს უანდერძებს. დაზაფრულები დასახმარებლად მიმართავენ ასაკოვან იტალიელ თაღლითსა და ცრუპენტელას ჯანი სკიკის (პლასიდო დომინგო), რომლის შვილს ლაურეტას  დონატის შორებელი ნათესავი, რუჩინო უყვარს, მაგრამ ვერ ქორწინდება მასზე, რადგანაც მზითევი არა აქვს. სკიკი გარდაცვლილის ნათესავებს გვამს გაატანინებს, საწოლში მის მაგივრად ჩაწვება, თავს მოიავადმყოფებს და ნოტარიუსს გარდაცვლილის ხმით ესაუბრება. ყველა ელოდება, რომ ცრუ ბუაზო დონატი თავის ფუნქციას შეასრულებს და ქონებას გარდაცვლილის ნათესავებზე გადაანაწილებს, მაგრამ ნურას უკაცრავად. ნოტარიუს “მომაკვდავისგან” ეს სიტყვები ესმის: “მთელს ჩემ ქონებას მე ვუანდერძებ… ვუანდერძებ… ვუანდერძებ ჩემს საყვარელ მეგობარს ჯანი სკიკის!”. ნათესავები შოკში არიან, გამდიდრებული სკიკის შვილი და მისი საქმრო კი – გახარებულნი. მამა მზითევს თავის შვილს გადასცემს და ეს ავანტიურა “ჰეფი ენდით” სრულდება, თუ არ ჩავთვლით გაოგნებული ნათესავების გაწბილებას. ამ ოპერის ყველაზე ცნობილი არია O, Mio Babbino Caro (ო, ჩემო საყვარელო მამავ), რომელსაც ლაურეტა მღერის, წლების განმავლობაში მარია კალასის, მონსერატ კაბალიეს, რენატა სკოტოსა და ელიზაბეთ შვარცკოფის რეპერტუარში იყო.

„ჯანი სკიკი” – პლასიდო დომინგო

“ჯანი სკაკის” პოსტერი – 14 დეკემბერი, 1918.

79 წლის ამერიკელი რეჟისორის, მწერლის, ოთხი “ტომის” ჯილდოს მფლობელის ჯეკ ო’ბრაინის ეს მართლაც ეპიკური ნაწარმოები – პუჩინის “ტრიპტიხი” მსმენელისგან გარკვეულ ძალისხმევას ითხოვს, რადგანაც დეკორაციების ჰიპერრეალისტური სრულყოფილება, კონსტრუქციების მასშტაბურობა (მაგალითად, “მოსასხამში” ლამის ჭერს მიახლოვებული, სენაზე გადებული გრძელი, კიბეებიანი ხიდი, რომელზეც ადამიანები დასეირნობენ), ყურადღებას სრულად “იპარავს” და ფოკუსი ინაცვლებს იმაზე, თუ როგორ აიგო ეს დეკორატიული ფერწერის შედევრები ასეთი სკრუპულოზური  დეტალიზირებული ორნამენტებით; რისგანაა ეს მყარი მასალა და როგორ ასწრებენ მუშები ოცწუთიანი შესვენების დროს ასე უხმაუროდ, ფაქტობრივად, ძველი “წაიღონ” და ახალი 3D  შენობები “ააგონ”. არ ვიცი, როგორი დეკორაცია იყო საუკუნის წინ “ტრიპტიხის” მსოფლიო პრემიერაზე. ასი წლის შემდეგ კი იგივე არიები თეატრალური დეკორაციის კინემატოგრაფიულამდე მაქსიმალურად მიახლოვებულის ფონზე ჟღერდა. ჩემი თავი იმაზე დავიჭირე, რომ რატომღაც ვფიქრობდი – სად შეინახებოდა ეს უზარმაზარი კონსტრუქციები და იყო თუ არა უსაფრთხო ხიდზე მიმოსვლა? მერე გამახსენდა, რომ გიორგი გაგნიძის მეშვეობით ერთხელ უკვე ვიმოგზაურე “მეტოპერის” მიწისქვეშა სართულებში, სადაც დეკორაციების უნიკალური კოლექციაა განლაგებული, მაგრამ მაინც გამიჭირდა მათი სპექტაკლისშემდგომი ადგილმდებარეობის წარმოდგენა. შესვენებაზე პროგრამაში იმ ადამიანების სახელ–გვარებს ვეძებდი, რომლებსაც ამგვარი  ხაზოვანი თუ სივრცული პერსპერტივის ხედვა  აქვთ, თუმცა იქ  მხოლოდ ის იყო მითითებული, რომ ეს დეკორაციები შეიქმნა და დაიხატა Metropolitan Opera Shops-ში… მერე ფიქრებში გადავინაცვლე ნაცნობ ისტორიულ გამოსახულებებში, რომლისგანაც ავეჯისა ხელოსნებმა  თუ ხიდმშენებლებმა მაკეტები დაამზადეს და ა.შ. ერთი კია, რომ “მეტროპოლიტენს” ყოველთვის შეეძლო დაეკვეხნა თავისი განსაკუთრებული ვიზუალური სანახაობრივი მხარით, იქნებოდა ეს  სცენაზე გამოსეირნებული სპილოები თუ ბატალური სცენების ჰოლივუდური სპეცეფეტები. ყოველ ჯერზე დეკორაციები, განათება თუ კოსტიუმები იმდენად რეალისტურია, რომ შეიძლება დეზორიენტაცია დაგემართოს, წარსულში “დაიკარგო” იმის განცდით, რომ აქ და ამჟამად შენი ადგილი განა მაყურებლის სკამია, არამედ XX საუკუნის დასაწყისის პარიზის პორტი…

***

პლასიდო დომინგოს სასცენო დებიუტი  1961 წელს  მექსიკაში,  “მარია ტერეზა მონრეას თეატრში” ალფრედოს (“ტრავიატა”) როლის შესრულებით შედგა. იმ პერიოდში მისი მშობლები, ესპანური ოპერეტას, “სარსუელის” მომღერლები იქ ცხოვრობდნენ.  სწორედ მაშინ გაიცნო თავისი მეორე მეუღლე, სოპრანო მართა ორნელასი, რომელიც წლის საუკეთესო მომღერლად  დასახელდა და რომელმაც, ფაქტობრივად, უარი თქვა თავის საშემსრულებლო კარიერაზე და ცხოვრება ქმარსა და ოჯახს მიუძღვნა. თუმცა მოგვიანებით თავისი ძალები დადგმების რეჟისურასა და დიზაინში (1991) სცადა და საკმაოდ წარმატებულადაც.

ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ, 1968 წელს ნიუ იორკის “მეტოპერაში” ჯერ არალეგენდარული პლასიდო დომინგოს დებიუტი ჩილეას ოპერაში, “ადრიანა ლეკოუვრორში”, მაურიციოს როლის შესრულებით შედგა. “მეტოპერაში” დომინგომ 52 როლი ითამაშა და 650  წარმოდგენაში იმღერა. 2018-ში მან “ჯანი სკიკის” გარდა ნიუ იორკში “ტრავიატაში” იმღერა და “აიდასაც” უდირიჟორა. დომინგომ “მეტოპერის” სეზონი 21 – ჯერ გახსნა და 150 წარმოდგენის დირიჟორი იყო. მისი საყვარელი როლებიც ცნობილია: ოტელო, დე გრივი, ზიგმუნდი, პასრიფალი… 77 წლის ტენორის ხმამ რამდენიმე წლის წინათ “კალაპოტი” შეიცვალა და  ბარიტონად გარდაიქმნა… თავად ამბობს, რომ მის ასაკში სცენას ძალიან ბევრი ემშვიდობება. წლების წინ, როცა ოპერაცია გადაიტანა, ძალიან ღელავდა – შეძლებდა თუ არა კარიერის გაგრძელებას. შეძლო და მოლოდინსაც გადააჭარბა. დომინგო არაა მხოლოდ საოპერო მომღერალი, იგი თეატრის, ოპერის ადამიანია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ აშშ–ში ორ თეატრს ხელმძღვანელობდა (ერთის დირექტორი დღესაცაა). მის მიერ დაარსებული საოპერო კონკურსი “ოპერალია” (რომელსაც “პლასიდონსაც” უწოდებენ) არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კლასიკური მუსიკის შეჯიბრი, სადაც გამარჯვებულ 200 ათას დოლარს იღებს. დომინგო თავისი პროექტებისთვის თანხის მოძიებაც ეხერხება და მსოფლიო ვარსკვლავების ძიებაც. მისი კონკურსის დამსახურებაა სონია იანჩევას, სტეფან პოპის, როლანდ ვილაზონსის, ჯოის დიდონატოსა და სხვა ახალი ვარსკვლავის აღმოჩენა.

ღამის 12 საათზე, გიორგი გაგნიძის დახმარებით “მეტოპერის” საგრიმიოროში მოვხვდი და პლასიდოს მეუღლესთან, მართა დომინგოსთან ერთად სანამ სტუმრებთან გასულ მომღერალს ველოდებოდით, ვისაუბრეთ “მონაზონ ანჟელიკაზე” და საუკუნეების წინ ქალთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასა და დღევანდელობაზე. მართამ აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე თვალზე ცრემლები ადგება, როცა პუჩინის ამ ოპერას უსმენს. “ძალიან დაღლილები ვართ, თან სამ საათში მექსიკაში მივფრინავთ და ორ დღეში უკან უნდა დავბრუნდეთ” – მითხრა მართამ. შევთავაზე, იქნებ ინტერვიუ გადავიტანოთ – მეთქი. არაო, ჩვენი გრაფიკის გადამკიდე, ვინ იცის დრო კიდე თუ გამოიძებნებაო. ამ დროს დომინგოც დაბრუნდა და ჩემი თავიც შევახსენე. ასი წლის წინ, როცა “მეტოპერაში” პუჩინის “ტრიპტიხი” თამაშდებოდა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტში ხუთი ქალი პარლამენტარი მოღვაწეობდა, ჰოდა, წელს თებერვალში, “ლუიზა მილერის” წარმოდგენის შემდეგ ამ ამბის აღმნიშვნელი ბარათები გაჩუქეთ – მეთქი. ჩემდა გასაკვირად გამიხსენა. ისიც შევახსენე, რომ ეს ქალები მომღერლები ეგონა. “როგორ, არ მღეროდნენო? ” – იხუმრა.

„ჯანი სკიკი” – პლასიდო დომინგო

–  დაღლილი ხართ, ცხადია. – მოვუბოდიშე.

 მერე რა. ჩემი დევიზი ისევ ისაა  “მე თუ ვისვენებ ე.ი. ვიჟანგები”. არ ვიცი რატომ, მაგრამ არასდროს ვიღლები და დროც არა მაქვს, რომ დავიღალო. სპექტაკლის მერე მაშინვე ადამიანებს ვხვდები, ფოტოებს ვიღებ, ზოგჯერ სადილზე მივდივარ მათთან ერთად. ადამიანებთან ურთიერთობა იმდენ ადრენალინს მაძლევს. ეს შეხვედრები რომ არა, ალბათ, აქ, “ოტელოსა” და “ჯამბაზების” შემდეგ საგრიმიოროში ტახტზე წამოვწვებოდი, დავიძინებდი და სიზმრებსაც არ ვნახავდი.

–  ხომ ვერ გაიხსენებთ ქართველ არტისტებს, ვისთანაც ერთად გიმუშავიათ?

– ბევრი შესანიშნავი ქართველი მომღერალი და მუსიკოსი გავიცანი, მათ შორის, არიან ისეთებიც, რომლებთან ერთად სცენაზეც ვიდექით. მაგალითად, ნინო მაჩაიძესთან ერთად ვიმღერე სპექტაკლებში “ტრავიატა”  და “ტაისი”, რომელთა რეჟისორი ჩემი მეუღლე იყო.  ვიცნობ შესანიშნავ ქართველ პროფესიონალებს ნინო და თამარა სანიკიძეებს. ნინო ჩემთან ვაშინგტონში მუშაობდა, ასევე – ლოს ანჯელესში. იგი ჩემ მიერ დაარსებული კონკურსს, “ოპერალიას” ხელმძღვანელობს, რომელიც ყოველ წელს სხვადასხვა ადგილზე იმართება.

გიორგი გაგნიძეს ფანტასტიური ბარიტონი აქვს და ბევრი არაა, ვინც ასეთი დრამატული ხმის პატრონია. ლოს ანჯელესში მე “ჯამბაზებს” ვდირიჟორობდი, როცა იგი სცენაზე მღეროდა. რეალურად ჩემთვის გიორგი ნომერ პირველი დრამატული ბარიტონია. მას თავის ახალგაზრდა ასაკთან შედარებით ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვს და თან ყოველ წელს უკეთეს და უკეთეს ფორმაშია და დღესაც საუკეთესო ფორმაში გახლდათ.

მახსოვს პაატა ბურჭულაძეც, რომელსაც დიდი ხანია სცენაზე არ შევხვედრილვარ.

–  მან თავისი ძალები პოლიტიკაში სცადა.

– კეთილი… მახსოვს როგორ ვიმღერეთ ერთად ბათუმში ცნობილ ქართველ მომღერლებთან ერთად. აი, თბილისის სცენაზე კი არასდროს გამოვსულვარ.

ოპერის მცირეპოპულარობაზე, ცხადია, გსმენიათ, მაგრამ რისი მოწმეც მე  დღეს “მეტოპრაში” ვიყავი, ცხადია, ასე არაა…

– ოპერა განსხვავებული ფენომენია, შეუძლებელია ერთმანეთს შეადარო მუსიკალური შოუ, პოპმუსიკა და კლასიკური ოპერა. ოპერა ძალიან პოპულარულია, ოპერის წარმომადგენლები შეიძლება უმცირესობაში ვართ და პოპულარობით ვერასოდეს შევედრებით პოპს, მაგრამ ჩვენ გვყავს ფენომენალური მსმენელი, რომელსაც უყვარს კულტურა, კლასიკური მუსიკა.

ბავშვობიდან თქვენი ოცნება მომღერლობა იყო?

– მე არც კი წარმომედგენა არამუსიკოსობა. ჩემი მშობლები მუსიკოსები იყვნენ. მე თვითონაც ხომ მუსიკოსი ვიყავი და ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა დავიწყე, მერე ვდირიჟორობდი. თუმცა როგორც ყველა ესპანელი ბიჭი, ფეხბურთელობა ან ტორეროობა მინდოდა, რადგანაც ორივე მიყვარდა. მამაჩემს კი უნდოდა, რომ პიანისტი გამოვსულიყავი. მე მათ რჩევებს ვითვალისწინებდი, ისინი ხომ  ძალიან კარგი ესპანელი მომღერლები იყვნენ და აჰა, სიმღერა მეც დავიწყე.

კარგ ფორმაში ყოფნის საიდუმლო გაქვთ?

– ჩვენ იღბლიანები ვართ და დალოცვილებიც, რადგანაც იმას ვაკეთებთ, რაც გვიყვარს. ცხადია, მე ჩემ თავს უკვე ვეკითხები ხოლმე იმის თაობაზე, რომ როგორც წესი, ჩემ ასაკში ოპერას არც ისე ბევრი მღერის. მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ, უბრალოდ ტენორიდან ბარიტონზე გადავედი. მე  მაქვს ბარიტონის რეპერტუარი, თავს კომფორტულად ვგრძნობ და, რაც მთავარია, აუდიტორია გრძნობს თავს კომფორტულად. მას მოსწონს ის, რასაც მე ვმღერი, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ამას ვერ ვიტყვი. ცხადია, ჩემთვის კონტრასტული იქნება შემდეგი ექვსი წელი და ვიმედოვნებ, რომ კარიერას კარგი ვოკალური ჯანმრთელობით გავაგრძელებ. ფიზიკური ვარჯიშებისთვის, რადგანაც 2018-ში ახალ რაღაცებს ვსწავლობდი, არ მეცალა. ბევრი რამ მაქვს სასწავლი, გასაკეთებელი და მოხარული ვიქნები თუ ჩემ განრიგს ცოტა შევცვლი. მაგალითად, უფრო ადრე ავდგები, ვივარჯიშებ… არადა დილას მიყვარს ძილი და სანამ სამუშაოს დავიწყებ, საათნახევრით ადრე ვდგები და სწორედ ეს მინდა შევცვალო. იქნებ ახალი წლიდან უფრო ადრე გავიღვიძო, ვავარჯიშო და შემდეგში როცა მნახავთ, აუცილებლად უკეთეს ფორმაში ვიქნები.

– თქვენს მეუღლე თქვენი მხარდამჭერია აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი…

– რასაც ახლა ვიტყვი, განა იმიტომ, რომ ჩვენს საუბარს ესწრება. მე და მართას  მშვენიერი ერთობლივი ცხოვრება გვაქვს. ერთხელაც მან გადაწყვიტა აღარ ემღერა. მისთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. მას ჩემამდეც სერიოზული საშემსრულებლო კარიერა ჰქონდა. იგი მეუღლეა, დედა და მომღერალი… მან გადაწყვიტა მე დამხმარებოდა. ბევრი რამ მე მართასგან ვისწავლე. იგი შესანიშნავი რეჟისორია, მას აქვს განსაკუთრებული გემოვნება, ცოდნა და ესთეტიკა. იგი ყველაფერია ჩემთვის.

– თქვენი საუკეთესო მეგობარია…

– მართა მეტია, ვიდრე მეგობარი.

სამომავლო გეგმები?

– კვლავ ვიმღერებ, ვიდირიჟორებ. რთულია ყველაფერი ერთმანეთს შევუთავსო. აქ საოპერო თეატრები სპექტაკლებს ხუთი წლით წინასწარ გეგმავენ, მაგრამ მე სხვა დიდი საზრუნავიც ხომ მაქვს – ლოს ანჯელესის ოპერა, რომლისთვისაც უნდა მოვძებო ნომერ პირველი მომღერლები, რაც არაა მარტივი ამბავი. სცენაზე ხუთი წლის განმავლობაში ყოფნის მერე წამყვან სოლისტებს ყველაზე პრესტიჟულ ოპერებში უნდათ გადასვლა და ამიტომ ახლებია მოსაძებნი.

მოძიებაში თქვენ პირადად ხართ ჩართული?

– ცხადია. კარგად ვიცნობ ყველა მომღერალს და, რასაკვირველია, ყოველთვის ახლებსაც ვეძებ. თუ აღმოაჩენთ ასეთს, თქვენც მაცნობეთ.

–  აუცილებლად. როგორია თქვენი ესპანური ოცნება?

– ადამიანური ოცნებაა. მინდა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვამჟღავნო: შევუთავსო ერთმანეთს ჩემი კარიერა და ჩემი ოჯახი. ჩემი ოჯახის ყველა წევრმა იცის თუ რას ვაკეთებ და, შესაბამისად, ბევრ დათმობაზე მიდიან. ხშირად ჩამოდიან, რომ მნახონ. უყვართ ჩემთან ყოფნა. ერთად ყოფნისთვის მოგზაურობას ერთად ვგეგმავთ და მე ისიც ვიცი, როდის ვუთხრა მათ “ნახვამდის”. იციან, რომ ძალიან დაკავებული ვარ სცენით და ჯანმრთელი ხმა მჭირდება, რომ გავაგრძელო ჩემი ჩვეული საქმიანობა. ერთად ძალიან კარგად  ვართ.

– გინდოდათ ოდესმე, რომ კომპოზიტორი გამოსულიყავით?

– არ მინდოდა. ჩემი შვილი პლასიდოა კომპოზიტორი და მას ფენომენალური შთაგონების მოცემა შეუძლია. ხანდახან ფორტეპიანოს მივუჯდებოდი ხოლმე, ვთხზავდი მუსიკას, სხვათა შორის, ლამაზ მუსიკას, რომელიც თავად მომწონს, მაგრამ ნოტებად არასდროს ჩამიწერია. უნდა ჩავიწერო ხოლმე. მაგრამ მერე მგონია, რომ  ხან ერთი კომპოზიტორის მუსიკას ჰგავს, ხან – მეორესას და ვანებებ თავს. მე ხომ იმდენი მუსიკა მაქვს მოსმენილი და ნასწავლი.

***

2018-ში ბასტილიის ოპერაში “ტრავიატას” ჩვენების შემდეგ, რომელშიც ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე მღეროდა, ვენის სამუსიკო გამოცემა Der Neue Merker-მა აღნიშნა, რომ “ტრავიატაში” მამა ჟერმონის როლი ქართველი გიორგი გაგნიძის ხმისთვის შეიქმნაო.

“პირველი გამოსვლისთანავე, როგორც როლი მოითხოვს, იგი საოცრად შთამბეჭდავი იყო. მის ხმაში ვერდისეული ბარიტონის კეთილშობილებამ უფრო და უფრო იმატა.” – წერს გამოცემა. New York Times-მა (2018) გაგნიძის ხმას “მოსასხამში” უწოდა “პირქუში და დაღვრემილი”, ხოლო გაგნიძის შესრულება “სოფლის ღირსებასა” და “ჯამბაზებში” ასე დაახასიათა: “ჩაფიქრებული გიორგი გაგნიძე ორივე ოპერაში მღერის მჭიდროდ და კარგად”. იტალიურმა ჟურნალებმა ლა სკალას სცენაზე “აიდაში” ქართველი მომღერლის ხელოვნება აღმატებული სიტყვებით შეაფასეს, ხოლო გავლენიანმა Operaclick-მა (1918) დაწერა, რომ “გაგნიძის ხმის ხაზი ყოველთვის სწორი და პროდუქტიულია, ხმის სიძლიერე – მჟღერი”.

პლასიდო დომინგო და გიორგი გაგნიძე

„– ჩემი დებიუტი ნიუ იორკის “მეტოპერაში” “ტოსკაში” 2009 წელს შედგა, რომელშიც სკარპიას როლი შევასრულე. სხვათა შორის, პუჩინის სიკვდილის შემდეგ ნაპოვნ, მისი მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან ჩანს, რომ ავტორს უნდოდა ოპერისთვის “სკარპია” დაერქვა, იმდენად სახასიათო და გამორჩეული იყო  სკარპიას იმიჯი.  მას მერე ნიუ იორკის ლეგენდარულ სცენაზე ათზე მეტი როლი შევასრულე, ას სპექტაკლში ვიმღერე და 2019 – ში “მეტოპერის” სცენაზე “რიგოლეტოთი” ვბრუნდები,“– მითხრა გიორგი გაგნიძემ.

–  როგორ შეაჯამებდით თქვენს 2018 წელს?

მიგელეს როლი ერთ თვეში მოვამზადე. ვითამაშე 70 წლის ადამიანი, რომელსაც ახალგაზრდა ცოლი ჰყავს და რომელიც ცოლის საყვარელს ჰკლავს. ერთგვარი “ოტელოა”, ოღონდ იაგოს გარეშე. მიგელე ბოროტი ადამიანი არაა, უბრალოდ უიღბლოა, რომელსაც ცოლთან ურთიერთობა გაუცივდა და თან ასაკში შეძენილი შვილი დაეღუპათ.

2018 წელს “ოტელოზე” მუშაობისას კვლავ შევხვდი გენიალურ ვენესუელელ დირიჟორს აუგუსტო დუდამელს, რომელთანაც 2013-ში “რიგოლეტოში” ვითანამშრომლეთ და იაპონიაშიც გასტროლებზე ერთად ვიყავით. მქონდა დებიუტი პონკიელის “ჯოკონდაში” (ბარნაბას როლი), ვიმღერე “რიგოლეტოში” ლა სკალას სცენაზე; მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ცოცხალი მუსიკის ამფითეატრში – “ჰოლივუდის თასის” სცენაზე  ლოს ანჯელესის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად “ოტელოდან” იაგოს არია შევასრულე; 2018-ში თბილისის “ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის” სცენაზე “სიმონ ბოკანეგრაში” ვიმღერე, 2019-ში პარიზში მივემგზავრები, სადაც “ოტელოში” რობერტო ალანიასთან და მის მეუღლესთან, ალექსანდრა კურზაკთან ერთად ვიმღერებ და მოგვიანებით ისევ იაგოს როლი, ამჯერად – ბერლინში. ერთი სიტყვით, ჩემი განრიგი 2023 წლამდე უკვე გაწერილია…

–  დომინგომ თქვენ ნომერ პირველი ბარიტონი გიწოდათ…

– ლეგენდარული მომღერლისაგან ეს მართლაც განსაკუთრებული დახასიათებაა. კარგად მახსოვს 2015-ში ლოს ანჯელეს ოპერაში დომინგოსთან შეხვედრა. იქ  თავად მაესტრომ მიმიწვია. პლასიდო დომინგო დიდი არტისტია, რომელიც თავის ჩვეულ ფორმას ღირსეულად ინარჩუნებს.