“ათი ამბავი საქართველოდან”- ადამ მორგანსტერნის  ნამუშევრები ნიუ იორკში

ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ცნობილი ამერიკელი ფოტოხელოვანის, ადამ მორგანსტერნის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “ათი ამბავი საქართველოდან” გაიმართა. ადამი ფოტოგრაფი და მწერალია, რომლის ნაშრომები ქვეყნდება გამოცემებში The New York Times, Forbs, Gotham Magazine, Huffington Post, New York Daily News, Food & Wine, CNN and Gothamist. დღეისათვის იგი Forbs – ისთვის მოგზაურობებზე, ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და კერძებზე წერს. ადამი მსოფლიოში მოგზაურობს, იღებს ყველაფერს ჰოლანდიაში ძაღლების მარხილიდან დაწყებული ვიდრე საქართველოს ღვინისმწარმოებელ რეგიონებამდე.

ადამ მორგანსტერნი ნიუ იორკელია, თუმცა 10 – დან 14 წლამდე იტალიაში ცხოვრობდა. სწავლობდა ნიუ იორკის უნივერსიტეტის კინოსკოლაში, შემდეგ კი გაემგზავრა ლოს ანჯელესში, სადაც სცენარისტად მუშაობდა. კალიფორნიაში ყოფნისას ღვინით დაინტერესდა, გაემგზავრა ამ შტატის მთავარ ღვინისმწარმოებელ რეგიონებში – ნაპასა და სონომაში, სადაც მისი ყურადღება ორგანულმა ღვინომ მიიპყრო. ეს ადამისთვის ონლაინ ჟურნალის შექმის სტიმული აღმოჩნდა, დაარსა კიდეც და მას “ორგანული ღვინის ჟურნალი” დაარქვა.

–  კინოსკოლაში წერასა და რეჟისურას ვსწავლობდი. – მიყვება ადამი. – მიყვარს ნუარის ჟანრის ფილმები უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე კონკრეტული რეჟისორები. ისეთი, როგორიცაა “მალტიური შევარდენი”, “დიდი ძილი”;  ისეთი მცირემეტრაჟიანი ფილმები, როგორიცაა “ადგილობრივი გმირი” და შვედური “ჩემი ცხოვრება ძაღლად ყოფნისას”; ისეთი თანამედროვე ფილმები, როგორიცაა “მომენტო” და “სავსე მთვარის სამეფო”. როცა ლოს ანჯელესიდან წამოვედი, ღვინოზე წერა დავიწყე, რამაც იმის საშუალება მომცა, რომ  მსოფლიოს გარშემო მემოგზაურა და ვენახები დამეთვალიერებინა. ისეთ ლამაზ პეიზაჟებს ვხედავდი, რომ უნებლიედ ფოტოგრაფირება დავიწყე და შემდეგ თავად ვისწავლე ფოტოგრაფია ანუ თვითნასწავლი ვარ. ჩემ ფოტოებს Forbs -ი იყენებდა, შემდეგ კი რედაქცია ახალ ავტორებს ეძებდა, ჰოდა, რადგანაც მე ვწერდი კიდეც, წერა მათთვისაც დავიწყე. ვწერდი კერძებზე, ღვინოსა და მოგზაურობაზე. ამან მე მთელ მსოფლიოში ფოტოგრაფირების საშუალება მომცა.

– შანსი რომ გქონდეთ,  ფილმს რომელ ღვინისმწარმოებელ ქვეყნაზე გადაიღებდით?

– ვფიქრობ, რომ საქართველო  ღვინოზე გადასაღები ფილმისთვის არაჩვეულებრივი ადგილი იქნებოდა. იქაა ისტორია, კერძები და არაჩვეულებრივი ადამიანები. გარდა ამისა, ამერიკელების უმრავლესობა ქართულ ღვინოს არ იცნობს, რაც ფილმს კიდევ უფრო საინტერესოს გახდიდა.

– რაა თქვენთვის უფრო სახალისო – საჭმელი, ღვინო თუ ფოტოგრაფია?

– მე ჯერ ღვინის დალევა და  მერე ფოტოგრაფირება მსიამოვნებს. ამიტომაცაა, რომ კამერებზე ავტოფოკუსია დაყენებული.

–  საქართველო როგორ აღმოაჩინეთ?

–  ჩემმა მეგობარმა ალის ფირიგმა, რომელიც ღვინოზე წერს, ქართულ ღვინოზე  ჩამომიგდო სიტყვა. შემდეგ მე მივიღე მიწვევა ტურიზმის სააგენტოდან, რათა საქართველოს ვწვეოდი. ორჯერ ვიყავი საქართველოში. ერთხელ 2016 – ში და ერთხელაც 2018 –ში. ჩემი მოგზაურობა საქართველოში კარგ იღბალს უნდა დავაბრალო. თბილისი, კახეთი, ქართლი, რაჭა, იმერეთი, ქუთაისი, ბორჯომი, ვარძია. მე ათი ათასი ფოტო გადავიღე, რომელთაგან უმეტესობა არის საქართველოს გზებზე მოსეირნე ძროხები.

–  თქვენთვის საქართველო რომელ ღვინოსთან/კერძთან ასოცირდება ?

–  საქართველო იმდენად მრავალფეროვანია, რომ ძნელია თქვა, რომ არსებობს მისი ღვინის ან კერძის ერთი გემო. იქ ყველაფერს კარგად აკეთებენ – ხორცს, თევზს, ბოსტნეულს. პურს. ეს ყველაფერი მე იტალიას მაგონებს; ზოგად საკვებს, რომელსაც რეგიონების შტრიხები ემატება. ეს კი იტალიურს, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ოდნავ განსხვავებულს ხდის.

–  რა იყო თქვენთვის ყველაზე ემოციური საქართველოში?

– ქართველების სტუმართმოყვარეობა ყოველთვის ჩემთან ერთად დარჩება. იქნება ეს თბილისის ბაზარში პომიდვრის გამყიდველთან ერთად სადილობა თუ შეხვედრები უამრავ ღვინისმწარმოებელთან. ისინი გულახდილი ადამიანები არიან. ასე ჩანს, რომ მართლაც ტკბებიან თავიანთი სტუმრების კომპანიით და მერე კი ყველანი პოეტები  ხდებიან, როგორც კი სადღეგრძელოები იწყება. მიყვარს ქართული საჭმელი, ღვინო და სტუმართმოყვარეობა. მე მიყვარს ძველ მონასტრებსა და ეკლესიებში სიარული, რადგანაც ისინი მოქმედია და ხელშეუხებელი ძეგლებით გარშემორტყმულნი.

– და რა არ მოგეწონათ?

არაფერი ისეთი, რაც დამაფიქრდება ანდა რისი აღნიშვნაც არ მომინდებოდა.

–  საკონსულოში გამოფენისთვის სწორედ ეს ფოტოები რატომ შეარჩიეთ?

შევარჩიე ათი ფოტო, რომელზეც ვფიქრობ, რომ ისინი კარგ, ინდივიდუალურ ისტორიებს ყვებიან თან ისინი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს ფოტოებია, რომელსაც თქვენ ვერ ნახავთ ჩვეულებრივ ტურისტულ ბროშურებში – რადგანაც ასეთ იმიჯებს ყველგან ნახავთ. ზოგიერთი იმ ადამიანების პორტრეტებია, რომელსაც შევხვდი – ღვინის მწარმოებლები, ხალხი თბილისის ბაზარში, ქვევრის ოსტატები.

ცხოველები საქართველოში სასაცილოები არიან. მე მაქვს ფოტოები ავტობუსის გაჩერებაზე ცხენების ჯგუფის. ისინი ისე გამოიყურებიან, თითქოს ავტობუსს ელოდებიან. იყო ერთი ფოტო, რომელიც მე არსად მიჩვენებია: ძროხების ბანდა, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს ისინი ხიდს დარაჯობდნენ. მაგრამ მე არ მინდოდა  ისეთი შთაბეჭდილება შემემქნა, თითქოს ეს ყველაფერია, რაც საქართველოში არსებობს. ვფიქრობ, რომ მე აღვბეჭდე ყველაზე მნიშვნელოვანი რამეები: ადამიანები, ღვინო, საკვები და რელიგია.

–  რომელია თქვენი საყვარელი ღვინო/კერძი?

–  არა მაქვს საყვარელი ღვინო ან კერძი. ვცდილობ, რომ ვისიამოვნო იმ ღვინით, კერძითა და კულტურით, სადაც იმ მომენტში ვარ.

– თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.

–  ხუთი წელია ვმოგზაურობ. მინდა ცოტა ტემპი შევანელო და დაკარგული ავინაზღაურო. ისევ მინდა გავემგზავრო იმ ადგილებში, სადაც არ ვყოფლივარ და ასევე მინდა დავგეგმო ჩემი ფოტოგრაფიული მოგზაურობები. ამჟამად მე ვმოგზაურობ უპირველესად მოთხრობების დასაწერად და ფოტოგრაფიისთვისაც.

ადამ მორგანსტერნი, ფოტო: ია მერკვილაძე

სერიიდან “ათი ამბავი საქართველოდან”. ფოტო: ადამ მორგანსტერნი

სერიიდან “ათი ამბავი საქართველოდან”. ფოტო: ადამ მორგანსტერნი

სერიიდან “ათი ამბავი საქართველოდან”. ფოტო: ადამ მორგანსტერნი

სერიიდან “ათი ამბავი საქართველოდან”. ფოტო: ადამ მორგანსტერნი

სერიიდან “ათი ამბავი საქართველოდან”. ფოტო: ადამ მორგანსტერნი

სერიიდან “ათი ამბავი საქართველოდან”. ფოტო: ადამ მორგანსტერნი

სერიიდან “ათი ამბავი საქართველოდან”. ფოტო: ადამ მორგანსტერნი

სერიიდან “ათი ამბავი საქართველოდან”. ფოტო: ადამ მორგანსტერნი

სერიიდან “ათი ამბავი საქართველოდან”. ფოტო: ადამ მორგანსტერნი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი