ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

როცა „ორმხრივი კომფორტია” და თან “სიბნელეც საუბრობს” – ნიდერლანდების ცეკვის თეატრი

როცა „ორმხრივი კომფორტია” და თან “სიბნელეც საუბრობს” – ნიდერლანდების ცეკვის თეატრი

“კარნეგი ჰოლთან” ახლოს, მის სამხრეთით მავრიტანული რენესანსის არქიტექტურული სტილის შენობაში განლაგებულია “ნიუ იორკის ქალაქის ცენტრი” (1923), რომელსაც “ტაძარს მექაში” და “ქალაქის ცეკვისა და დრამის ცენტრს” უწოდებენ. გაკოტრების გამო ეს შენობა ნიუ იორკის მესვეურებისა და ხელოვნების მოყვარულთა მეშვეობით დანგრევას რამდენჯერმე გადაურჩა, მის დარბაზებს კი მას მერე “ტონის პრიზის” მფლობელი არაერთი არტისტისთვის და ცნობილი ბროდვეის შოუსთვის უმასპინძლია. აქ სცენაზე იდგნენ ჰელენ ჰეისი, ორსონ უელსი, ბობ ფოსი, ჯესიკა ტენდი, ქრისტოფერ უოლკენი; აქ მაყურებელს წარუდგენდნენ სახელგანთქმულ კლასიკურ და ბროდვეის მიუზიკლებს, საკონცერტო სერიებსა თუ საბალეტო ფესტივალებს და სხვადასხვა საბალეტო სკოლების ნამუშევრებს. 2018–2019-ის სეზონზე ცენტრმა თავისი თეატრალური კარიერის 75–ე  წლისთავი აღნიშნა და ამასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში წარადგინა ჰააგაში ბაზირებული თანამედროვე საბალეტო კომპანიის, “ნიდერლანდების ცეკვის თეატრის” (NDT, 1959) რამდენიმე დადგმა: ედუარდ კლაგის “ორმხრივი კომფორტი”, სოლ ლეონისა და პოლ ლაიტფუტის “სევდიანი ამბავი”, “შ–ბუმ!” და მარკო გოიკის “სიბნელე საუბრობს”. ეს იდიოსინკრაზიული, გამბედავი და ამბიციური თეატრი თანამედროვე ბალეტის ერთ–ერთი განსაკუთრებული ფენომენია. სხვათა შორის, მისი დამაარსებელია ნიუ იორკელი ბენჯამინ ჰარკარვი თავის ორ ჰოლანდიელ კოლეგასთან, აარტ ვერსტეგენთან, კარელ ბირნთან და 18 მოცეკვავესთან ერთად. პირველივე სპექტაკლებიდან წარმატების შემდგომ ამ თეატრისთვის საერთაშორისოდ ცნობილი ქორეოგრაფები მუშაობენ, მოცეკვავეები კი თავიანთი ენის მრავალფეროვანი “ლექსიკონით” გამოირჩევიან. როცა 2016 წელს NTD მსოფლიო დედაქალაქს ესტუმრა, “ნიუ იორკ თაიმსმა”  მასზე ასე დაწერა: “თუ თქვენ წელს მხოლოდ ერთი პერფორმანსის ნახვას აპირებთ, მაშინ “ნიდერლანდების ცეკვის თეატრი” სწორედ ის ერთადერთია”…

“ორმხრივი კომფორტი”

ნიდერლანდების ცეკვის თეატრის დასი ორი ასაკობრივი ჯგუფის არტისტებს აერთიანებს. ამჯერად სცენაზე NDT-2 – ის (1978) ანუ 18 – დან 25 წლამდე მოცეკვავეები წარდგნენ, რაც ორმაგად საინტერესო იყო. თუნდაც იმიტომ, რომ კომპანია მთელი მსოფლიოდან აგროვებს ამ ასაკობრივი კატეგორიის ქორეოგრაფებსა და სხვა არტისტებს, მათ სახელოვნებო ზრდას უწყობს ხელს და მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე გამოჰყავს.

სახელგანთქმული რუმინელი ედვარდ კლაგის (1973) ქორეოგრაფია (“ორმხრივი კომფორტი”, 2015) საოცრად დეტალიზირებულად, სწორხაზოვნად, მკვეთრად კუთხოვანი და, ასე ვთქვათ, კუნთოვანია – შემოტკეცილ კოსტიუმზე  ანატომიურად ჩანს თითოეული კუნთის მოძრაობა.  აი, თითქოს ისეთი – “ხიხინა” სიტყვებს, რომელიც მხოლოდ გარკვეული ეთნოსის ენაშია, დამარცვლითა და “ხ”–სა და “ძ” – ზე აქცენტით რომ გამოთქვამ, აი, ასეთი კუთხოვანი. თითოეული მოძრაობა პერსონალიზირებულია და პარტნიორისგან “სარკისებური ანარეკლით” ისეთივე ინტენსივობის, მაგრამ განსხავვებულ მოძრაობებს მოითხოვს. მილკო ლაზარის სინკოპირებული მუსიკის ფონზე არა მხოლოდ მოძრაობები, არამედ არტისტების მზერაც იმდენად დეტალიზირებული ორნამენტისგან შედგებოდა, რომ მათზე ჰერმენევტიკულმა დაკვირვებამ დამღალა და მივხვდი, რომ სხვა დანარჩენი წარმოდგენებისთვის ენერგია უბრალოდ აღარ დამრჩებოდა. ამიტომ სხეულის ენის გაშიფვრას თავი დავანებე და “ნიშნების” ამოცნობის მაგივრად უბრალოდ ცეკვას თვალი და არა გონება მივადევნე.

პოლ ლაიტფუტი და სოლ ლეონი

ოდესღაც შეყვარებულებისა და მეუღლეების, ესპანელი სოლ ლეონისა (1968) და ბრიტანელი პოლ ლაიტფუტის (1966) საბალეტო დუეტი იშვიათად წარმატებული ტანდემი აღმოჩნდა და არა მარტო მათი ჯილდოების რაოდენობის მხრივ. ცეკვის გარდა მათ ქველმოქმედებაც აკავშირებთ – ისინი ბანგლადეშში მაწანწალა ბავშვებისთვის საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებენ. ამ წყვილს ორმოცდაათზე მეტი ერთობლივი ნაწარმოები აქვს შექმნილი. როგორც წესი, ცეკვა ერთი ქორეოგრაფის მონოლოგია, მაგრამ სოლმა და პოლმა, ცხადია, განსხვავებული გემოვნების მიუხედავად, ძალიან საინტერესო ჰარმონიის შექმნა შესძლეს. შეიძლება სჯობდა კიდეც არ მცოდნოდა, რომ ის, რასაც ვხედავდი, ორის “პროდუქტი” იყო. რადგანაც  ყურადღება მიჰქონდა იმაზე ფიქრს, თუ რომელი ჟესტი დედისაა და რომელი – მამის. სოლმა და პოლმა ძალიან განსხვავებული ენა შექმნეს თავისი დრამატული, სწრაფი ჟესტებით, საცეკვაო ირონიითა და მხატვრული ლაკონურობით. მათ “სევდიან შემთხვევას” (1998) იმდენად ბევრი კომპოზიტორი ჰყავს, რომ მუსიკის ამპლიტუდა კლაზმერული მუსიკიდან ვიდრე მექსიკურ მამბომდე მერყეობს. პოლ ლაიტფუტი ამბობს, რომ როცა წარსულს გადახედა, მიხვდა, რომ ენერგიაა ყველაფერი:

“როცა მე და სოლმა ეს ბალეტი შევქმენით, მაშინ სოლი ფეხმძიმედ იყო, მისი ჰორმონები დახტოდნენ და ემოციური დაძაბულობაც მაღალი იყო. ეს ჰორმონები იცინოდნენ, ბრაზდებოდნენ, შფოთავდნენ იმაზე თუ რა იქნება მომავალში და სწორედ ეს იყო ამ ნაწარმოების “ჭიპლარი”…. მე ნახევარი ადამიანი ვიქნებოდი, რომ არა  სოლთან ჩემი ამდაგვარი კავშირი”…

“სევდიანი შემთხევა “

“სევდიანი შემთხვევა “

ლეონმა და ლაიტფუტმა 1994-ში შექმნეს დადგმა “შ – ბუმ!”, რომლის მუსიკაც რამდენიმე კომპოზიტორის ნაზავია და რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის კავშირებს  იუმორითა და ირონიით, გლამურითა და არაგლამურით გვიჩვენებს. ნაწარმოები  ფრანციკსო გოიას სატირული შავ–თეთრი სკეჩებითაა შთაგონებული: იშვიათი ოსტატობით იხლართება შავი (ცინიზმამზე მიყვანილი ირონია)  და ნათელი მხარე (იუმორი). რაღაც მომენტში წარმოვიდგინე “მეტროპოლიტენ მუზეუში” იქ, სადაც გოიას “ალტამირას ოჯახია” წარმოდგენილი, ამ არისტოკრატების პორტრეტების წინ “შ–ბუმი!” იმართება და ეს იდეა ფრიკულად სულაც არ მომეჩვენა:  ლურჯ–შავი კაბებიანი ქალებისა და თეთრსაცველბიანი, გეტრებიანი კაცების “ვალსი”. ორონიული იყო მოცეკვავე მამაკაცის “კორექტული” სიშიშვლეც, როცა 15-წუთიანი ეპიზოდის განმავლობაში სრულიად შიშველი იგი ხუთი პარტნიორის ფარნების შუქის თამაშით ცეკვავს ისე, რომ მის “ადამის ტანსაცმელს” თითქოს ვერ ამჩნევ. ამავე დროს გიჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი “არაკორექტული” ფინალისთვის მზადებაა. ასეც ხდება და ბოლოსკენ სულ მცირე, ღიმილიან “შემზადებულ შოკს” მაინც იღებ.

“შ–ბუმ!”

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია  ქორეოგრაფის მარკო გოეკის (1972) “სიბნელე საუბრობს” (2017), რომელიც ასევე მუსიკალური ავტორების ნაკრებია, ხოლო მოძრაობები ქვეცნობიერის ნაკადებივითაა, რომელსაც ემატება ინტიმური, გამოუთქმელი ენა, აუტო–ჰეტერო და ჰომოეროტიზმი. შარვლებზე დამაგრებული ბახრამის ლივლივი იმის განცდას ბადებს, რომ ცეკვავენ დეზებიანი, ფრთებიანი, ბუმბულებიანი “ფრინველები”, ოღონდ ძალიან მსუბუქი, მაგრამ მტკიცე, პნევმატური ჩონჩხით… წელზევით შიშვლები, ძალიან თხელი კანით, რომელიც სადაცაა შემოასკდებათ, გადაეხლიჩებათ. ერთგვარი ბრონქებიანი, ჯიუტი, ვერხლისწყალივით მოუსვენარი ფრინველების სიმულაცია, რომლებიც ხმამაღლა სუნთქავენ და ამ ერთ ამოსუნთქვა–ჩასუნთქვაში ატევენ ერთმანეთთან დაახლოვების უიმედო მცდელობებსა და პატარა თუ დიდ გაწბილებებს. ამ საბალეტო კომპოზიციის ავტორების – შუბერტსა და შნიტკეს “საუნდთრეკს” დაემატა ბრიტანული ალტერნატიული როკ – ჯგუფის “პლაცებო” სინგლებიც, მაგალითად: “გამოსამშვიდობებელი სიმღერა” და “ხელფასის მონა”. ეს ფრინველები თავისი ულიმიტო მოძრაობებით, სოლო და Pas de Deux  (კაცისა და ქალის ცეკვა)  პარტიებით სულაც არ იყო გამოუთქმელობის უიმედო სიბნელე, თითქოსდა პირიქით…

“სიბნელე საუბრობს”

სპექტაკლის ბოლოს კი უეცრად ნიუ იორკში ჯერარმოსული თოვლის ნაცვლად დარბაზის თაღიდან ჩამოცვივდა პატარა, მართკუთხა, თეთრი ფურცელი–ფანტელები და თავზე დაგვეყარა. მათზე კიდევ ერთი საბალეტო ჭეშმარიტება ეწერა: “სიცოცხლე შეიძლება სიზმარი იყოს” (Life Could Be a Dream) და რახან ინგლისურად Dream – ოცნებასაც ნიშნავს, ასედაც შეიძლება ვთარგმნოთ. რატომღაც ავიღე ერთი ცალი და აიფონის ბუდეში სავიზიტო ბარათებსა და მეგამილიონის ლატარეისთვის გამზადებულ ერთდოლარიანებს შორის შევინახე.

ია მერკვილაძის ფოტო