ია მერკვილაძე, ბლოგი ნიუ იორკიდან

ქართველი აშშ-ის საზღვაო ძალებში

ქართველი აშშ-ის საზღვაო ძალებში

გიორგი სებისკო ერთადერთი ჩემი ნაცნობი ქართველია, რომელიც აშშ–ის საზღვაო ძალებში მსახურობს. იგი თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, ბაკალავრის ხარისხით. გიორგი იმ სტუდენტთაგანია, ვინც საქართველოში სწავლის პარალელურად იმისთვის მუშაობდა, რომ საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა. მუშაობდა მიმტანად სხვადასხვა რესტორნებში, სასტუმროებში, ბარებში და ჰოსტელის მისაღებშიც. ამბობს, რომ მისი საყვარელი სამსახური არასამთავრობო ორგანიზაცია, სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრი „თანადგომა“ იყო, რომელთანაც იგი პირადი და ონლაინ კონსულტანტის რანგში აივ-შიდსისა და C ჰეპატიტის პრევენციის კუთხით თანამშრომლობდა. მუშაობა უწევდა უმეტესად სექს – მუშაკებთან და სხვა დაუცველ ჯგუფებთან, რომლებიც სოციუმის მხრიდან სტიგმასა და დისკრიმინაციას დღემდე განიცდიან. ამბობს, რომ ამ ორგანიზაციამ მას კარგი ცოდნა და გამოცდილება შესძინა.

  • გიორგი, გაქვთ თუ არა კავშირი სამშობლოსთან?

მშობლები და მეგობრები კვლავ საქართველოში არიან. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს საცხოვრებლად აშშ–ში გადმოვედი, ხუთი წელი ნამდვილად არაა დროის ის მონაკვეთი, რომ ჩემ მეხსიერებაში საქართველო წარსულს ჩაბარდეს. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოსთან ან ქართველებთან კავშირი გავწყვიტე. ნამდვილად მენატრება ჩემი მეგობრები და მათთან ერთად გატარებული დრო. ვხედავ, რომ რამდენიმე მათგანი და ზოგადად, ახალგაზრდების რაღაც ნაწილი, საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა და არა მხოლოდ ევროპაში.  ცხადია, მათ არ ვამტყუნებ.

  • როგორ ფიქრობთ, ისინი უკან დაბრუნებას დააპირებენ?

სხვა ქვეყანაში გადასახლების გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი უმეტესად ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. განსაკუთრებით ეს ითქმის იმ ახალგაზრდებზე, რომელთაც განვითარება სურთ და ამას საქართველოში ვერ ახერხებენ. ხოლო მათზე, ვინც საზღვარგარეთ სხვის სახლში ცხოვრობს და მოხუცს უვლის იმისთვის, რომ თავისიანებს საჭმლის, სწავლის და სხვა საჭიროებისთვის ფული გაუგზავნოს, როგორ უნდა ვთქვა, რომ ამ ადამიანებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და აუცილებლად საქართველოში უნდა დარჩენილიყვნენ? ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და თუ ვინმეს პასუხი აინტერესებს იმ ხალხისგან, ვინც სხვა ქვეყანაში გადასახლდა სხვადასხვა მიზეზთა გამო, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, თუ რას აძლევდა, ან მისცემს საქართველო მათ, თუ ისინი უკან დაბრუნდებიან? ახალგაზრდების ნაწილს რაც შეეხება, ჩემი აზრით, უმეტესობა დარჩება იქ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს და თუ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ოდესმე უკეთესობისკენ შეიცვლება, ალბათ, დაბრუნდებიან დროებით ან სამუდამოდ ისე, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას შეინარჩუნებენ, რომელიც, ცხადია, იმ დროისთვის უკვე მიღებული ექნებათ.

გიორგი სებისკო

  • როდის მიიღეთ აშშ-ის სამხედრო ძალებში მსახურობის გადაწყვეტილება?

2014 წლის იანვრის თვე იყო, როცა ნიუ იორკში ჩამოვედი. იმ წელს სუსხიანი ზამთარი იყო, საკმაოდ რთული იყო რაიმე სამსახურის შოვნა საბუთების, გამოცდილებისა და ენის ცოდნის გარეშე. ძალიან ცუდად ვიცოდი ინგლისური, პრაქტიკულად არ ვიცოდი; დღემდე ვცდილობ მის გაუმჯობესებას და ჩემ თავზე ყოველდღე ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მომსახურეობის სფეროში კარგი გამოცდილება მქონდა, აქაური სისტემა და მომსახურების სტილი განსხვავებულია და გამოცდილების გარეშე მიმტანად მუშაობის დაწყება ძნელი იყო. ამას ემატებოდა ენის არცოდნაც. ჩამოსვლიდან ექვსი თვის შემდეგ, ბოლო სამოცი დოლარი მქონდა დარჩენილი, როცა ჩემმა ქართველმა მეგობარმა დავით პაულ კეიმ სამსახური ღამის კლუბში მიშოვა. იქ მუშაობა დამლაგებლად დავიწყე. მომდევნო სამსახური კი იყო სახლში პაციენტის მოვლა – მოხუცს ვუვლიდი. სწორედ ამ სამსახურების გამოცვლის პროცესში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბედი აშშ-ის სამხედრო ძალებში მეცადა.

  • რატომ გადაწყვიტეთ აშშ–ის საზღვაო ძალებში სამსახური?

ჩემი აზრით, აშშ-ში, ისევე როგორც სხვაგან, იმისთვის, რომ მუდამ არ ისტრესებოდე  ფიქრით, თუ საიდან მოიტანო საარსებო ფული, რაიმე პროფესია აუცილებლად უნდა გქონდეს. ეს ნაბიჯი ჩემი მომავლისთვის და კარიერისთვის გადავდგი და თან ვფიქრობდი, რომ დიდ გამოცდილებასა და ცოდნას მომცემდა. მინდა გითხრათ, რომ არ შევმცდარვარ. აშშ–ში ხუთი წელი რომ სამოქალაქო ცხოვრებით მეცხოვრა, დარწმუნებული ვარ, იმდენ ცოდნას ვერ მივიღებდი, რაც ამერიკულმა ჯარმა, კერძოდ კი, საზღვაო ფლოტმა მომცა.

როცა მოხუცთან ვმუშაობდი, სპეციალური ტესტებისთვის ვემზადებოდი, რაც ჯარში ჩასარიცხადაა საჭირო. ესენია: ინგლისური, ზოგადი მეცნიერება, ფიზიკა, მათემატიკა და სხვა საგნები. აშშ-ის სამხედრო ძალების ნებისმიერ განყოფილებაში წვევამდელად რომ ჩაირიცხო, უნდა ჩააბარო ე.წ. ASVAB (Armed Services Vocational Aptitude Battery) ტესტი, ხოლო სისტემა სხვადასხვა საგანში მიღებული ქულებით შენს ზოგად ცოდნას აფასებს. ეს ტესტი ბარდება MEPS-ში (Military Entrance Processing Station), სადაც  რეკრუტერს მიჰყავხარ და ამ გამოცდას (რომელიც 2,5 საათი გრძელდება) აბარებ. ჯარის ყველა განყოფილებას – საჰაეროს, სახმელეთოსა, საზღვაოსა და სასაზღვროს თავისი ასაკობრივი ლიმიტი და მინიმალური ქულა აქვს დაწესებული.

  • სად მსახურობდით?

საწრთვნელი ბაზა ილინოისის შტატშია, ჩიკაგოსთან ახლოს. Boot Camp–ის (წვევამდელების საწვრთნელი ბაზა) დასრულების შემდეგ სამედიცინო და დანტისტის ასისტენტის საბაზისო კურსები სან ანტონიოში, ტექსასის შტატში გავიარე. ამჟამად კალიფორნიაში, სან კლემენტეში ვცხოვრობ და ერთ-ერთ ბაზაზე დანტისტის თანაშემწედ ვმსახურობ.

  •  რა სახის სამხედრო წვრთნები გაიარეთ?

ამ ინფორმაციას ვერ განვავრცობ რიგი მიზეზების გამო. ნებისმიერ საჯარისო განყოფილებაში გადამზადებას ყველა გადის. განყოფილებების მიხედვით გადამზადების ხანგრძლივობაცა და წვრთების ხასიათიც განსხვავებულია. გადამზადებაში იგულისხმება ფიზიკური და მენტალური მომზადება. ე.წ. Transition ანუ სამოქალაქოდან ცხოვრებიდან სამხედრო რეჟიმზე გადასვლა.

  • ჯარმა თქვენს დღის წესრიგში რა შეცვალა?

სამხედრო ცხოვრებამ, უპირველესად, ჩემი ძილის განრიგი შეცვალა. კვირის სამუშაო დღეებში ვდგები დილის ხუთზე და სამსახურს შუადღის ოთხ საათზე ვასრულებ. ჩვეულებრივი რვასაათიანი სამუშაო გრაფიკი მაქვს, პლუს ერთი საათი ხემსისთვის არის გამოყოფილი. ჯარის დანტისტის თანაშემწეობა ძალიან მომწონს. თავიდანვე ამ სამსახურზე ვფიქრობდი და შესაბამისი ქულაც ავიღე ჯარში ჩასარიცხი ტესტებიდან იმისთვის, რომ ამ პოზიციისთვის გარანტირებული კონტრაქტი მომეპოვებინა.

  • რამდენად პრობლემური იყო “ტრანზიციის” პერიოდი?

პრობლემური იმდენად არა, რამდენადაც რთული. რთული იყო ჩემთვის, რადგანაც ენის ბარიერი მქონდა. მით უფრო ორი წლის წინ ბევრი სამხედრო ტერმინი ჩემთვის გაუგებარი იყო, თან წვევამდელები და Petty Officer-ები (რანგით უფროსი)  სხვადასხვა შტატებიდან იყვნენ და მათი აქცენტი, თუ სლენგი ჩემთვის უცხო იყო.

“ბუტ კემპში”, რომელიც რვა კვირას გრძელდება, პირველი დღიდან Petty Officer-ები გიყვირიან. ეს წვევამდელისადმი დამოკიდებულების მიღებული ფორმაა და ამასთან მიჩვევა პირველი რამდენიმე კვირა მართლაც რთულია. აქ არავინ შეგეხება ხელით, ცემა გამორიცხულია. ტრენერს შეუძლია ცხვირი–ცხვირთან მოიტანოს და გიყვიროს, მაგრამ შეხების უფლება არ აქვთ. სტრესია, ცხადია, მაგრამ თვლიან, რომ ასე უფრო გეხმარებიან მიხვდე სად ხარ და მოერგო სამხედრო სისტემას. “ბუტ კემპში” ბიბლიოთეკა არაა, არც ტელევიზორი, არც ინტერნეტი, ტელეფონით კომინუკაციის საშუალება ძალიან შეზღუდულია. ზოგს ფსიქოლოგიური პროლემები ეწყება – ნევროზი, დეპრესია, ე.წ. Home Sick, როდესაც ოჯახი გენატრება, რომელიც ნორმალურია წვრთნის პროცესის დროს. ბოლო კვირას, მწვრთნელები ცდილობენ მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეთ წვევამდელებთან, რათა მათ აგრესიის განცდა არ დარჩეთ. “ბუტ კემპს”  კი დღემდე იუმორითა და სიცილით ვიხსენებთ.

  • რა იყო ყველაზე რთული?

პირველი 54 საათი არ გაძინებენ. თუ ჩაგვთლიმა, რომელიმე ოფიცერი გიღრიალებს ისე, რომ ძილის სურვილი საერთოდ დაგეკარგება. ტრენინგის პერიოდი ძალიან დამღლელი და სტრესულია, ამიტომაც, როგორც წესი, წვევამდელებს თვალები სულ ეხუჭებათ, მითუმეტეს, როცა დილის სამ საათზე დგები. წვრთვნები საღამოს შვიდზე მთავრდება, ათზე კი წვები. “ბუტ კემპში” ნარკოტიკების, მარიხუანის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობაა. როგორც კი ავტობუსიდან ჩამოდიხარ, მაშინვე შარდის ანალიზის ასაღებად მიჰყავხარ. მოკლედ, საწვრთნელ ბაზაზე არა სიგარეტი, არა ალკოჰოლი და არა სექსი.

  • უქმეებზე რით ერთობით?

დასვენების დღეებზე პლაჟზე გავდივარ და ვსეირნობ, ჩემებს ვეკონტაქტები, სხვა შიდა სამხედრო ტესტებს ვსწავლობ. ფილმის ყურებისთვის, ან წიგნის წასაკითხი დრო ნამდვილად ცოტა მაქვს. ვისურვებდი უფრო მეტი დრო მქონოდა დასასვენებლად, მაგრამ სამხედრო ცხოვრება საკმაოდ განსხვავდება სამოქალაქოსგან.

  • სამხედრო სამსახურისთვის როგორი უნდა იყოს ლეგალური სტატუსი და როგორი ასაკობრივი ზღვარი?

პირს, რომელიც გადაწყვეტს ნებისმიერ სამხედრო სამსახურში განაცხადის გაკეთებას, სამკარისია მწვანე ბარათი ჰქონდეს და არ არის აუცილებელი იყოს ამერიკის მოქალაქე. როცა მე ვემზადებოდი “ბუტ კემპისთვის”, მაშინ ასაკობრივი ზღვარი 17–დან 34 წლამდე იყო. ვჩქარობდი, რადგანაც 33 – ის ვიყავი. მერე 39 – მდე გაზარდეს. თუ 17 წლისას გინდა, რომ ჯარში იმსახურო, მშობლების ნებართვაა საჭირო და აუცილებელია საშუალო სკოლა დამთავრებული გქონდეს. მათ ვისაც სურს ოფიცრობაზე განაცხადის გაკეთება, ასაკობრივი ზღვარი 19 – დან 42 წლამდეა. აქ აუცილებელია უმაღლესის, ანუ უნივერსიტეტის დიპლომი / ბაკალავრის ხარისხი გქონდეს და, რაც მთავარია,  აშშ–ის მოქალაქე უნდა იყო.

  • როგორია ქალების “ბუტ კემპი”?

ქალებისთვის დივიზია ცალკეა და იქაც ქალი Petty Officer-ბი წრთვნიან. ასევე კაცი Petty Officer-ბიც იღებენ მათ წრთვნებში მონაწილეობას. არის “ძმების დივიზია”, სადაც მხოლოდ ბიჭები არიან და არის ინტეგრირებული დივიზია, სადაც გოგოები და ბიჭები ერთად არიან, ხოლო ძილით სხვადასხვა ოთახებში სძინავთ. წრთვნები და სიმკაცრე იგივეა გოგოებზეც და ბიჭებზეც. არავითარი განსხვავება. ასევე ასაკობრივი ლიმიტიც იგივეა.

  • როგორია გენდერული ბალანსი იქ, სადაც მსახურობთ?

აშშ-ის ყველა საჯარისო ნაწილში უმეტესად მამრობითი სქესის არიან. კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, სასაზღვრო ჯარის მსახურნი რომ დააჯამოთ, კაცები უფრო მეტნი არიან და ასეა თითქმის ყველა ქვეყანაში.

  • ჯარში როგორი დამოკიდებილებაა  სხვადასხვა სექსუალური იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ?

კანონით ყველანი თანასწორია და დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია.

  • ჯარის პოლიტიზირების შანსი არსებობს?

ამერიკული ჯარი მოსახლეობის თითქმის ერთი პროცენტია მხოლოდ. ჯარში უმეტესობა პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავს, ყველა თავისი საქმითაა დაკავებული. თუმცა ცხადია, არჩევნებში მონაწილეობას იღებენ.

  • დასჯის რა მეთოდებია ბანაკსა და ზოგადად ჯარში?

თუ რაიმე სერიოზული დააშავე “მილიტარის” ამისთვის თავისი ციხე აქვს. “ბუტ კემპში” კი დასჯა ბუქნებითა და სხვა ფიზიკური ვარჯიშებით შემოიფარგლება.

  • კონტრაქტრის განმავლობაში, თუ საჭირო გახდა, საომარი მოქმედებების რეგიონში დანტისტის თანაშემწე შეიძლება გააგზავნონ?

კი, ჯარს თუ დაჭირდი, სადაც უნდა, იქ გაგაგზავნიან და უფლება არ გაქვს უარი თქვა. ბრძანებას უნდა დაემორჩილო.

  • რამდენად იყო თქვენთვის ამერიკული ჯარისკაცის არაბლოგბასტერული ან ბლოგბასტერული ჰოლივუდური იმიჯი უბრალო მითი?

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამერიკული ჯარი ჰოლივუდურ ფილმებში ნაჩვენები მითია. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი საქმის პროფესიონალები ვიყოთ. ყველა მათგანს თავისი მისია აკისრია და სამსახური აქვს. კონსტიტუციის წინაშე ვალდებულები ვართ პირნათლად ვემსახუროთ ქვეყანას და დავიცვათ იგი მტრისაგან.

  • საქართველოში სამხედრო სამსახურს გადაწყვეტდით?

არა, ქართულ ჯარში არ ვიმსახურებდი. ამერიკულ ჯარში შენზე მაღლა მდგომი ანუ ის, ვის დაქვემდებარების ქვეშ ხარ, თითოეულს გაკვირდება, თუ რამდენად იზრდები კარიერულად. გეხმარებიან და ხელს გიწყობენ პროფესიულ განვითარებაში, რაც ქართულ ჯარში არ არის,  სხვა საკითხებს რომ თავი დავანებოთ. აშშ–ის ჯარში მსახურება იმის საშუალებას გაძლევს, რომ ისწავლო სადაც გინდა და სწავლის ფულს აშშ-ს ვეტერანების დეპარტამენტი გიხდის.

ჩემი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ვგეგმავ პროფესიას დავეუფლო. მაქვს გეგმები, მაგრამ ამაზე ცოტა ნაადრევია საუბარი. იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც მაქვს ჩაფიქრებული.